ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 15.11.2024
საქმის ნომერი
2კ-102-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141224010192662

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1021-24 15 ნოემბერი, 2024 წელი

ს. გ. 1021-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით:

1.1. გ. ს–ი, – პირადი N.........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და 6 თვე;

1.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა – 2 000 ლარი;

1.3. გ. ს–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

1.4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

1.5. გ. ს–ის ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2024 წლის 19 მარტიდან - 2024 წლის 21 მარტის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

1.6. მსჯავრდებულ გ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. 2024 წლის 10 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ს–ს პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით:

3.1. მსჯავრდებული გ. ს–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისაგან და გამოსაცდელი ვადისაგან;

3.2. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ს–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას;

4.1. მსჯავრდებულ გ. ს–ს საჩივარს ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 1 ნოემბრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით გ. ს–სათვის განსაზღვრული დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 2000 ლარი გადახდილია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (გ. ს–იმა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 19 მარტს).

3. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და 6 თვე, რომლის მოხდისაგანაც გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით.

5. სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულ გ. ს–ს მიერ წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 1 ნოემბრის წერილს, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით გ. ს–სათვის განსაზღვრული დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 2000 ლარი გადახდილია.

6. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

7. შესაბამისად, ვინაიდან გ. ს–ი ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა გადახილი აქვს მას უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ს–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ს–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ს–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის (1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და 6 თვე) მოხდისაგან; ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მასვე აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი