ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 22.11.2024
საქმის ნომერი
2კ-1193აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004634911

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1193აპ-24 ქ. თბილისი

ს.ნ. 1193აპ-24 22 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ფ. ს–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ს–ს, – პირადი ნომერი ..........), – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – ,,საქართველოს სსკ-ის“) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.2. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

1.3. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის თებერვალში, ქ. თ–ში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ნ. ს–მა ორსულ მეუღლეს – მ. ს–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. ნ. ს–სის ქმედებების შედეგად, მ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2020 წლის აპრილში, ქ.... .. კორპუსში მდებარე №..ში, უსაფუძვლო მიზეზით, თავიანთი მცირეწლოვანი შვილის – ლ. ს–ს თანდასწრებით, ნ. ს–მა მეუღლეს – მ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელი ყელში ძლიერად მოუჭირა, რის შედეგადაც მ. ს–ი საწოლზე წაიქცა, რა დროსაც ნ. ს–მა სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. ნ. ს–ს ქმედებების შედეგად, მ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2021 წლის 10 აპრილს, ქ.... .. კორპუსის მიმდებარედ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნ. ს–მა ყოფილ მეუღლეს – მ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში. ნ. ს–ს ქმედებების შედეგად, მ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2021 წლის 10 აპრილს, ქ. თ.............. მიმდებარედ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნ. ს–ი ყოფილ მეუღლეს – მ. ს–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დანის გამოყენებით ყელის გამოჭრითა და დაწვით, რის შედეგადაც, მ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენით ნ. ს–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.1. ნ. ს–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 45 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 15 დღით;

3.2. მსჯავრდებულ ნ. ს–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 11 აპრილიდან – 2021 წლის 13 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელმაც ითხოვა ნ. ს–სის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა დანაშაულისათვის და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ნ. ს–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. მ–მ. ადვოკატმა მოითხოვა, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მედეა ცირამუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2024 წლის 7 ივლისს დააკავეს ძებნილი ნ. ს–ი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ს–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ.- ძ–მა და ფ. ს–მ, რომლებმაც მოითხოვეს ნ. ს–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა.

7.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა ნ. ს–ს მიმართ სასჯელის შემსუბუქება – არასაპატიმრო სასჯელის შეფარდება ან შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა (26.09.2024 სხდომის ოქმი).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ს–სის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ძ–სა და ფ. ს–ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი (რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით) დარჩა უცვლელად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ფ. ს–მა, რომელიც ითხოვს ნ. ს–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლას.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N....... დაწესებულების წერილი ( რეგ. N.......), რომლითაც დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ნ. ს–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 22 დღით; ამასთან, წერილის თანახმად, სასჯელის დასაწყისია: 07.07.2024 წელი, ხოლო სასჯელის დასასრული: 29.03.2025 წელი.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 11 ნოემბერს ასევე შემოვიდა მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ძ–სა და ფ. ს–ს განცხადება, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი – მ. ს–ი – არ არის თანახმა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული შეღავათი. იმავდროულად, მსჯავრდებული ნ. ს–ი თანახმაა, რომ მის მიმართ გამოიცეს ამნისტიის კანონით განსაზღვრული შემაკავებელი ორდერი.

11.1. განცხადებას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება ნ. ს–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე და მსჯავრდებულ ნ. ს–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ძ–სა და ფ. ს–ს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა, ნ. ს–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ (მსჯავრდებული ნ. ს–ი თანხმობას აცხადებს მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე ამავე კანონით დადგენილი პირობებითა და წესით).

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

2.1. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის – მედეა ცირამუას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, საკასაციო წესით არ გაასაჩივრა ბრალდების მხარემ; ასევე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოში, პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებული – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენის, უცვლელად დატოვება, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ნ. ს–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების საკითხი;

2.1. იმავდროულად, კასატორი სადავოდ არ ხდის ნ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას და ითხოვს მხოლოდ მის მიმართ დანიშნულზე მსუბუქი სახის სასჯელის შეფარდებას;

2.2. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ნ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის კანონიერება.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ფ. ს–ს – საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთიას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ს–ს გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 45 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 15 დღით). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ნ. ს–სს განუსაზღვრა მინიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობის სასჯელი;

3.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დროსაც, სასჯელის სახის ან/და ხანგრძლივობის გამოყენების მიზანშეწონილობა შესაფასებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

3.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს შეეფარდა ზედმეტად მკაცრი სახის სასჯელი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას, ნ. ს–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენის ამ ნაწილში შეცვლის საფუძველი.

5. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტს (ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა), ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს (ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე), ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და ამავე მუხლის მე-4 პუნქტს (ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე).

6. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინების თანახმად, ნ. ს–ს მიმართ გავრცელდა ,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, თუმცა ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო) გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამნისტიის გავრცელება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან 2024 წლის 26 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ფ. ს–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე და ამ დრომდე (წინამდებარე განაჩენის მიღებამდე) საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვის სტადიაშია.

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ: საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულად ცნობილი პირის – მ. ს–ს თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე; მსჯავრდებული ნ. ს–ი თანახმაა, მის მიმართ გამოიცეს ამნისტიის კანონით განსაზღვრული შემაკავებელი ორდერი; ნ. ს–ს მსჯავრი ედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ვინაიდან დაზარალებულს თანხმობა არ განუცხადებია მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე; ნ. ს–სათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული არ არის მითითებული ამავე კანონის მე-7 მუხლში.

7.1. შესაბამისად, ნ. ს–ს მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო იღებს პირის მიერ მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში), ამავე მუხლის მე-7 პუნქტის (მსჯავრდებულზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განაჩენში/განჩინებაში) აღნიშნული უნდა იყოს დამცავი ორდერის გამოცემისა და ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგები. მოსამართლე, მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გამოსცემს დამცავ ორდერს ამ კანონით განსაზღვრული ვადით) საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 45 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 15 დღით – უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით და, იმავდროულად, მის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი, იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ფ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენში, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შევიდეს ცვლილება.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ფ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. ნ. ს–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 45 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 15 დღით;

2.2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 22 დღით;

2.3. ნ. ს–ს სასჯელის ვადა აეთვალოს – 2024 წლის 7 ივლისიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 11 აპრილიდან 2021 წლის 13 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ნ. ს–ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი – 1 თვითა და 23 დღით, შემდეგი პირობებით:

4.1. ნ. ს–სს (დ........., პირადი ნომერი ……, რეგისტრირებული: თ-ში, ფაქტობრივად მცხოვრები – თ-ში ) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მ. ს–ი (დაბადებული .... პირადი ნომერი ……., რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ-ში);

4.2. ნ. ს–ს აეკრძალოს მ. ს–სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;

4.3. ნ. ს–ს აეკრძალოს მ. ს–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ასევე, მესამე პირების მეშვეობით;

4.4. ნ. ს–ს აეკრძალოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

4.5. დამცავი ორდერის ვადის ათვლა დაიწყოს ნ. ს–ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან;

4.6. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4.7. ნ. ს–ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე