საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.03.2025
საქმის ნომერი
2კ-117აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120004006473

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №117აპ-25 ქ. თბილისი

ქ. გ. 117აპ-25 13 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისა–ი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. ქ–ს - პ/ნ .........., - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის მარტში, ქ. თ–ში, ვ–ში, ს–ს ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გ. ქ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. რ–ს, კერძოდ: სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, სამჯერ დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა ა. რ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

- 2020 წლის ივლისში, ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მასივში, შ–ს ქუჩაზე, მაღაზია „.....ს“ წინ, ავტომობილში, გ. ქ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. რ–ს, კერძოდ: სახეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც კვლავ ერთხელ დაარტყა ხელი მარცხენა მხარზე. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა ა. რ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

- 2020 წლის თებერვალში, დ–ს რაიონში მდებარე ქ–ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანაში, გ. ქ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. რ–ს, კერძოდ: მარცხენა ხელი ორჯერ გაარტყა სახის არეში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა ა. რ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

- 2020 წლის აპრილში, დ–ში, .......ის ქუჩაზე, გ. ქ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. რ–ს, კერძოდ: ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა ა. რ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 17 აგვისტოს, საღამოს საათებში, გ. ქ–ი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. რ–ს, რომელიც იმყოფებოდა თ–ში, ვ–ს მე-.. მასივში, მე-..კვარტალში, N..კორპუსის, ბინა №..-ში, კერძოდ: უთხრა, რომ მივიდოდა მის საცხოვრებელ სახლში და მოკლავდა. ზემოაღნიშნული მუქარა დაზარალებულმა ა. რ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 17 აგვისტოს, საღამოს საათებში, გ. ქ–ი მობილური ტელეფონის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ჯ–ს, კერძოდ: უთხრა, რომ მივიდოდა და მოკლავდა, ვერ მოისვენებდა, სანამ თავს არ წააცლიდა. ზემოაღნიშნული მუქარა დაზარალებულმა ნ. ჯ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით:

2.1. გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.4. გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.5. გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.6. გ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.7. გ. ქ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ქ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ბარამია ითხოვს გ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

8. ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ გ. ქ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

11. დაზარალებულმა ა. რ–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე.

12. 2020 წლის 18 აგვისტოს განცხადების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული განცხადება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის განცხადება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.

13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა: ნ. ჯ–ისა და ე. ღ–ის გამოკითხვის ოქმებით (რომლებიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ) დგინდება, რომ გ. ქ–ის მიერ ა. რ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ინფორმაცია იციან დაზარალებულ ა. რ–სგან, შესაბამისად, არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52), ამასთან, მოწმეებმა დაცვის მხარისათვის ინფორმაციის მიწოდებისას (რაც ასევე ცნობილია უდავოდ) არ დაადასტურეს ძალადობის ფაქტებთან მიმართებით მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, ნ. ჯ–მა მიუთითა, რომ გ. ქ–ის მიერ ა. რ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გაიგო პოლიციაში, როდესაც დაზარალებული ამაზე საუბრობდა, წარსულში ა. რ–ისაგან არ სმენია გ. ქ–ის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე (იხ.: ტ.2, ს.ფ. 36-41). ე. ღ–ეს კი ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე საერთოდ არ მიუთითებია (იხ.: ტ.2, ს.ფ. 64-68).

14. N...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში გ. ქ–ის მიერ ა. რ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტებზე მითითებულია ზოგადად. შემაკავებელი ორდერით არ დგინდება თუ რაში გამოიხატა გ. ქ–ის მიერ 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და აგვისტოში ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ამასთან, შემაკავებელი ორდერი მხარეთა მიერ არ არის უდავოდ ცნობილი, ხელმოწერილია მხოლოდ დაზარალებულისა და ოქმის შემდგენი პირის მიერ და არ არის ხელმოწერილი გ. ქ–ის მიერ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 3-6).

15. გ. ქ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს დაცვის მხარის მოწმეთა: მ. უ–ს, ნ. ხ–ს, ნ. პ–სა და დ. თ–ს მიერ ჩვენების მიცემისას სასამართლოში გაკეთებულ განმარტებებს, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს, გ. ქ–ი მათთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს მობილურ ტელეფონზე. აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს ესაუბრებოდა ვინმე „ხ–ა“, რომელსაც გ. ქ–ის გაცნობა უნდოდა. სხვა რაიმე საუბარი მათ არ მოუსმენიათ. ბრალდებულს აგრესიული სიტყვები არ უთქვამს. ვინმესთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია. მოწმეთა ჩვენებით, გ. ქ–ი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში მათთან ერთად იყო და არსად წასულა. მოწმე დ. თ–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ა. რ–ი მისი მეგობარია. სწორედ დაზარალებულისგან შეიტყო, რომ გ. ქ–ს სურდა ა. რ–თან დაშორება. ამის გამო, დაზარალებული ცდილობდა ბრალდებულის გამწარებას და მის შესახებ საჩივარი შეიტანა პოლიციაში. გ. ქ–ის დაკავების შემდეგ ა. რ–ი ნანობდა თავის საქციელს და უნდოდა გამოსწორება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. ჯ–ი და ე. ღ–ე არაერთხელ გამოიკითხნენ გამოძიების მიმდინარეობისას, მათ შორის დაცვის მხარის მიერ. მათ მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულია განსხვავებული ინფორმაციები. დაზარალებული ნ. ჯ–ი და მოწმე ე. ღ–ე სხვადასხვაგვარად განმარტავენ დეტალებს და შეუძლებელია დადგინდეს გ. ქ–ი ნამდვილად დაემუქრა თუ არა ა. რ–ს ან ნ. ჯ–ს.

16.1. 2020 წლის 18 აგვისტოს გამოკითხვის ოქმში ნ. ჯ–ი მიუთითებს, რომ ესმოდა გ. ქ–ი როგორ ემუქრებოდა ა. რ–ს, რის გამოც გაუჩნდა შიში (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 14-17), ხოლო მეორე შემთხვევაში, 2020 წლის 13 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს, ა. რ–ის და გ. ქ–ის ტელეფონზე საუბრის სრული შინაარსის აღქმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ამიტომ ამოკრეფილი ფრაზებით ვერ არკვევდნენ კონკრეტულად რას საუბრობდა და იმუქრებოდა თუ არა საერთოდ გ. ქ–ი (იხ.: ნ. ჯ–ის გამოკითხვის ოქმი (ტ.2, ს.ფ.36-41)).

16.2. 2020 წლის 18 აგვისტოს ე. ღ–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მან გაიგო როგორ ეჩხუბებოდა ა. რ–ი ტელეფონზე შეყვარებულს. როდესაც საუბარს მორჩა ა–ი იყო განერვიულებული და უთხრა რომ შეყვარებული ემუქრებოდა და აპირებდა ჩამოსვლას მათ საცხოვრებელ ბინაში. ა–ის ნათქვამზე ცოტა შეშინდნენ, თუმცა ა–იმ დაამშვიდა და უთხრა, რომ იქ არავინ მივიდოდა (იხ.: ტ.1, ს.ფ.31-33). 2020 წლის 14 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმში კი მოწმემ განმარტა, რომ სრულად შეესწრო ა. რ–ისა და მისი შეყვარებულის – გ–ას - სატელეფონო საუბარს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებსაც, რა დროსაც ა. რ–ს ტელეფონზე საუბრიდან სახლიდან წასვლამდე პერიოდში საერთოდ არ უხსენებია, რომ ვინმე მას ან ნ. ჯ–ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით. ა–ი რ-მ თქვა, რომ „ჩემი შეყვარებული ჩამოსვლით მემუქრებაო“, სხვა რაიმე ფორმით გამოხატული მუქარა მას არ გაუგია. ა. რ–ის სიტყვებზე – რომ მისი შეყვარებული ჩამოსვლით და სახლში მოსვლით მემუქრება, მას და ნ–ს შეეშინდათ, სხვა მხრივ მას და ნ–ს შიში არავის სიტყვების გამო არ გასჩენიათ, შემდგომ კი ა–იმ დაამშვიდა და უთხრა, რომ მისი შეყვარებული იყო დ–ში, და მხოლოდ იმუქრებოდა ჩამოსვლით. (ტ.2. 64-68)).

16.3. დაზარალებულმა ნ. ჯ–მა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას 2020 წლის 18 აგვისტოს მიუთითა, რომ გ. ქ–ი დაემუქრა მოვდივარ და უნდა მოგკლაო, რისიც მას შეეშინდა, თუმცა 2020 წლის 13 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ იმ მომენტში როდესაც პირადად ესაუბრა გ. ქ–ს მუქარა რეალურად არ აღუქვამს, ვინაიდან ა–ის მხრიდან იცოდა, რომ გ. ქ–ი იმყოფებოდა ქალაქგარეთ (დ–ში) და დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო მხოლოდ გასროლილი სიტყვები და „ბაქიბუქი“ (იხ.: ტ.2, ს.ფ.36-41).

16.4. რაც შეეხება 2020 წლის 18 აგვისტოს, ღამის საათებში, გ. ქ–ის მიერ, დაზარალებულების ბინისკენ ქვის სავარაუდო სროლის ფაქტს, ამ მიმართებითაც, ნ. ჯ–ის გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციები წინააღმდეგობრივია. ერთ შემთხვევაში ადასტურებს, რომ ქვა გ. ქ–მა ისროლა(იხ.: 2020 წლის 18 აგვისტოს სხდომის ოქმი – ტ.1, ს.ფ.14-17), ხოლო შემდეგ განმარტავს, რომ ქვის მსროლელის ვინაობა არ იცის ვინაიდან სახეზე არ დაუნახავს (იხ.: 2020 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი – ტ.2, ს.ფ. 36-41); ე. ღ–ემ 2020 წლის 18 აგვისტოს გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ მას არ დაუნახავს პირი, ვინც მათი სახლის მიმართულებით ისროლა ქვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 31-33), ხოლო 2020 წლის 14 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ იმ ღამით მისთვის უცნობმა პირმა ჩაამტვრია მათი საცხოვრებელი სახლის ფანჯარა. ამ ფაქტის შემდგომ ის და ნ–ა ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ ვინ ჩაამტვრია მათი სახლის ფანჯარა, ნ–ა გამოთქვამდა ვარაუდებს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო გ. ქ–ი, თუმცა ნ–ს არ დაუნახავს ვინ ისროლა ქვა, წარმოუდგენლად მიაჩნია ნ–ს დაენახა ის პირი, ვინც ჩაამტვრია ფანჯარა, ვინაიდან როგორც გაიგეს მტვრევის ხმა ნ–ა უმალვე მის საწოლთან მივიდა და საუბრისას არ უთქვამს, რომ დაინახა ვინმეს ლანდი ან კონკრეტულად გ–ა (იხ.: ტ.2, ს.ფ.64-68)

17. 2020 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ გამომძიებელმა დაათვალიერა ა. რ–ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოიღო საშუალო ზომის ქვა, თუმცა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ აღნიშნული ქვა სწორედ გ. ქ–მა ისროლა დაზარალებულის ფანჯრის მიმართულებით. ქვის სროლის დროს სახლში იმყოფებოდნენ დაზარალებულ ა. რ–ის მეგობრები - ნ. ჯ–ი და ე. ღ–ე, თუმცა მათ არ დაუნახავთ ვინ ისროლა ქვა და დააზიანა ფანჯარა.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ N...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებულია გ. ქ–ის მიერ ა. რ–ის მიმართ მუქარის ფაქტზე, რაც რეალურად აღიქვა დაზარალებულმა და გაუჩნდა შიში, თუმცა მითითებული შემაკავებელი ორდერი მხარეთა მიერ არ არის ცნობილი უდავოდ. ამასთან მასზე არ ფიქსირდება გ. ქ–ის ხელმოწერა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 3-6).

19. შესაბამისად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა გ. ქ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისა–ი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე