საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100115001174805
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1292აპ-24 10 აპრილი, 2025 წელი
გ–ი მ., №1292აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),გენადი მაკარიძე, გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე, მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. გ–ი (პირადი ნომერი: ………..) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2015 წლის ზაფხულში, შპს „ბ... ტ...ს“ საწყობის თანამშრომლებმა, კერძოდ კი გამგემ – მ. გ–მა და მუშებმა, გ. ბ–მა და დ. მ–მა, რომლებსაც პარალელურად იგივე პოზიციები ეკავათ შპს „გ... ქ...ს“ საწყობში, განიზრახეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ამავე საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით სიგარეტის მითვისება. აღნიშნულში დახმარების მიზნით ისინი დაუკავშირდნენ შპს ,,გ... ქ...ს“ დისტრიბუტორებს, გ. გ–სა და ო. გ–ს, რათა ამ უკანასკნელთა მართვის ქვეშ მყოფი სადისტრიბუციო მანქანების მეშვეობით მოეხდინათ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თამბაქოს საწყობის ტერიტორიიდან გატანა, რაზეც ისინი დათანხმდნენ. აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ კი, 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, მ. გ–მა, გ. ბ–მა და დ. მ–მა, გ. გ–ისა და ო. გ–ის დახმარებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს შპს ბ... ტ...ს“ კუთვნილი და საწყობში სარეალიზაციოდ განთავსებული, მათ მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, 208680 ლარის ღირებულების სიგარეტი „VIP“ და „X1“.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით, მ. გ–ი (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალური პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრი ასევე დაედოთ გ. ბ–სა და დ. მ–ს.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი, 2022 წლის 15 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. გ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ტ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ასევე 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გავრცელება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ტ–მა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, თუმცა დანიშნული სასჯელის გათვალისწინებით, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში დაცვის მხარეს სურს საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა არც მ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის ფაქტი და არც მის მიმართ დანიშნული სასჯელი. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება დაზარალებულთან ზიანის ანაზღაურების პირობებზე, რის შემდგომაც დაცვის მხარე სახელმწიფო ბრალდებას შესთავაზებდა თანამშრომლობას საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 26-ე თავით დადგენილი წესით. საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმის (28.03.2025) თანახმად, დაცვის მხარემ ვერ მოიძია შესაბამისი ქონება დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად, რისი გათვალისწინებითაც ბრალდების მხარესთან ვერ შედგება თანამშრომლობა საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით.
5.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, ასევე მხარეების მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი გახდებოდა.
5.5. ამასთან, მართალია მ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებები ჩადენილია 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. ტ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე
გოჩა ჯეირანაშვილი