დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802225011252247
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№58I-25 10 აპრილი, 2025 წელი
გ–ი ა. №58I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ–ის (A. G.) ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. გ–ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2018 წლის 30 მაისს თურქეთის რესპუბლიკის თოქათის პირველი უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით (კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 19 სექტემბერს) ა. გ–ი (A. G.) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის №103/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობა (ორი ეპიზოდი)) ჩადენაში და თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 109/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თავისუფლების უკანონო აღკვეთა (ორი ეპიზოდი)) ჩადენაში და თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. 2023 წლის 16 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის თოქათის აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. გ–ისთვის (A. G.) დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 წლით, 10 თვითა და 30 დღით, საიდანაც მას მოსახდელად დარჩენილი აქვს 12 წლითა და 178 დღით თავისუფლების აღკვეთა.
1.3. 2023 წლის 28 ნოემბერს გაიცა ა. გ–ის (A. G.) დაკავების ბრძანება.
1.4. 2024 წლის 23 აპრილიდან ა. გ–ი (A. G.) იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ა. გ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2024 წლის 30 სექტემბერს ა. გ–ი (A. G.) ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2.2. 2024 წლის 2 ოქტომბერს ა. გ–ს (A. G.) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.3. 2024 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. გ–ის (A. G.) ექსტრადიციის თაობაზე.
2.4. 2024 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. გ–ის (A. G.) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე - 2025 წლის 30 მარტამდე.
2.5. 2025 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. გ–ის (A. G.) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 9 თვემდე 2025 წლის 30 მარტიდან - 2025 წლის 30 ივნისამდე.
2.6. ამჟამად, ა. გ–ი (A. G.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი 2023 წლის 16 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის თოქათის აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის (22 წლის, 10 თვისა და 30 დღის ვადით (მოუხდელი ნაწილი - 12 წლისა და 178 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა)) მოსახდელად ა. გ–ის (A. G.) ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ ა. გ–ი წარმოშობის ქვეყანაში შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას, რის გამოც მის სიცოცხლეს და ჯანმრთლობას ემუქრება საფრთხე, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლისა და გაეროს წამების კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის რეალურ საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, ვინაიდან, საქართველოს აკისრია ვალდებულება მომთხოვნ სახელწიფოს არ გადასცეს პირი, რომელიც შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაჰუმანურ ან პიროვნების ღირსების შემლახველ მოპყრობას უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ა. გ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ა. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ა. გ–ი 2024 წლის 30 სექტემბერს ს–ს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ა. გ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ა. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
8. 2018 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის აგვისტომდე პერიოდში, თ–ს რესპუბლიკაში, ქ. თ–ში, ა. გ–მა (A. G.) ორ სხვადასხვა დროს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ორ არასრულწლოვანს ბ. ჩ–ს და თ. ქ–ს, წაიყვანა ისინი იზოლირებულ ადგილას და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით სხვადასხვა ფორმით დაამყარა მათთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვნებს მიადგათ ფსიქოლოგიური ზიანი.
9. აღწერილი ქმედებების საქართველოში ჩადენის შემთხვევაში, მათი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით ან უვადოდ, ასევე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არასრულწლოვნის მიმართ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ვადით.
10. აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის №103/2 მუხლით (არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 18 წელზე მეტი ვადით. ქმედებები ასევე დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 109/1 მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.
11. ამდენად, მოცემულ საქმეში ა. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
12. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
13. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
14. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ა. გ–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
15. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს ან/და თავი აარიდა სასჯელის მოხდას. საექსტრადიციო მასალებით დასტურდება, რომ ა. გ–მა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
16. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
17. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ა. გ–ის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
21. ამასთან, ა. გ–ის არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
22. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ა. გ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
24. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ა. გ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
25. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ–ის (A. G.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე