საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.04.2025
საქმის ნომერი
2კ-67-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802225011314528

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№67I-25 ქ. თბილისი

ა. შ. 67I-25 29 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. ა–ის (S. A.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ. ა–ის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2023 წლის 4 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება შ. ა–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული განჩინების თანახმად, შ. ა–ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193-1.2.1 და 193–1.3.2 მუხლებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მასვე ბრალი ედება იმავე კოდექსის 244-1.2.2, 244-1.2.4 და 244-1.2.5 მუხლებით (აზარტული თამაშების ორგანიზება ან ჩატარება, ჩადენილი ინტერნეტ საინფორმაციო რესურსის ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი შემოსავალი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

1.2.2024 წლის 29 თებერვლიდან შ. ა–ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. შ. ა–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2024 წლის 6 აპრილს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ. ა–ი;

2.2. 2024 წლის 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, შ. ა–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 10 000 ლარი და საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლდა იმავე დღეს;

2.3. 2024 წლის 30 აპრილს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა შ. ა–ის ექსტრადიციის თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. შ. ა–ს ბრალი ედება იმაში, რომ 2022-2023 წლებში, შ. ა–მა ა. ა–თან და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, ყოველგვარი ლიცენზიის, ნებართვისა და სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, განახორციელა აზარტული თამაშების ორგანიზება, მათ შორის, ინტერნეტ-საინფორმაციო რესურსების/საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით, რითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მიიღეს 111 772 აზერბაიჯანული მანათის (დაახლოებით, 178 000 ლარი) დიდი ოდენობით შემოსავალი.

3.2. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი კანონიერ სამოქალაქო ბრუნვაში ინტეგრაციის მიზნით, შ. ა–მა და მისმა თანამზრახველებმა 2022-2023 წლებში განახორციელეს კონკრეტული ფინანსური და სხვა სახის ტრანზაქციები.

4. 2025 წლის 7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი შ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია შ. ა–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 დეკემბერს გამოტანილ განჩინებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193-1.2.1 და 193–1.3.2 მუხლებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და იმავე კოდექსის 244-1.2.2, 244-1.2.4 და 244-1.2.5 მუხლებით (აზარტული თამაშების ორგანიზება ან ჩატარება, ჩადენილი ინტერნეტ-საინფორმაციო რესურსის ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი შემოსავალი).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი შ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია შ. ა–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 დეკემბერს გამოტანილ განჩინებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193-1.2.1 და 193–1.3.2 მუხლებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და იმავე კოდექსის 244-1.2.2, 244-1.2.4 და 244-1.2.5 მუხლებით (აზარტული თამაშების ორგანიზება ან ჩატარება, ჩადენილი ინტერნეტ-საინფორმაციო რესურსის ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი შემოსავალი).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – გ. ბ–ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმებას. ადვოკატის მტკიცებით:

6.1. შ. ა–ს ცხოვრების დიდი ნაწილი გატარებული აქვს ს–ში. ამასთან, მჭიდრო სოციალური კავშირები აქვს ს–სთან, ჰყავს ქ–ი მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან.

6.2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გარანტია, შ. ა–ის უფლებები დაცვასთან (არ დარღვევასთან) დაკავშირებით, არის შაბლონური, ზოგადი და ბუნდოვანი შინაარსის წერილი, მაშინ, როცა საფრთხის რეალურობას ადასტურებენ ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები. კერძოდ, დარღვევებზე უთითებენ: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში; ევრო საბჭოს წამების, ადაარამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ანგარიში; ,,Freedom house-ის“ 2024 წლის ანგარიში და სხვა;

6.3. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანო შ. ა–ს ედავება, მათ შორის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. აღნიშნული შესაძლო დანაშაულის ფაბულაში მითითებულია, რომ თამაშების ჩატარების და მოთამაშეებისათვის პრიზების დაბრუნების შემდეგ მათ მიიღეს, ჯამურად – 111 772 აზერბაიჯანული მანათი და დიდი ოდენობით თანხა გამოიტანეს აზერბაიჯანსა და საქართველოში სხვადასხვა ბანკის კუთვნილი ბანკომატებიდან. აღნიშნული უთითებს, რომ დანაშაული, რომლის ჩადენასაც ედავებიან შ. ა–ს, ნაწილობრივ ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის 28-ე მუხლის თანახმად კი, საქართველოს უფლება აქვს, უარი თქვას პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებაზე, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა შ. ა–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება. პროკურორის პოზიციით, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება საქართველოში მცხოვრებ შ. ა–ის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ხოლო იმ შემთხვევაშიც თუ მას საქართველოსთან აქვს მუდმივი კავშირები, დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, მისი ექსტრადიცია შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ შ. ა–ის ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი არ დაექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობა) საწინააღმდეგო მოპყრობას. ასევე, წარმოდგენილ იქნა გარანტია, რომ შ. ა–ი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებებით, მათ შორის, ადვოკატის მომსახურებით. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მითითებით, შ. ა–ის ექსტრადიცია არ მოითხოვება მისი დევნის მიზნით. იმავდროულად, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია და მტკიცებულება, რაც მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები; უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია დავის მხარის პოზიცია, რომ საქართველოს აქვს იურისდიქცია ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს შემდეგს:

3. 2025 წლის 7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა - თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი შ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია შ. ა–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 დეკემბერს გამოტანილ განჩინებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193-1.2.1 და 193–1.3.2 მუხლებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და იმავე კოდექსის 244-1.2.2, 244-1.2.4 და 244-1.2.5 მუხლებით (აზარტული თამაშების ორგანიზება ან ჩატარება, ჩადენილი ინტერნეტ-საინფორმაციო რესურსის ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი შემოსავალი).

4. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ. ა–ი 2024 წლის 6 აპრილს დააკავეს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

6. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

6.1. შუამდგომლობის მე-13-მე-14 პუნქტებში აღწერილი ქმედებები დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი ბრალდებულია. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

6.2. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მითითებული ქმედებების ჩადენა დაისჯებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

7. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

7.1. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული ინფორმაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

7.2. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება შ. ა–ს განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებითაც ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

7.3. შესაბამისად, დაცულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობისადმი კონვენციით დადგენილი მოთხოვნები.

8. შ. ა–ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

9. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

9.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ შ. ა–ი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე.

9.2. იმავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შ. ა–ის საქმის განხილვა სასამართლოში დასრულებულია. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შ. ა–ი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.

10. შ. ა–ის ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევის შესახებ კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორსაც არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საქართველოში შ. ა–ის ოჯახური კავშირების არსებობას (არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი/მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შ. ა–ს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი საქართველოში).

10.1. ამასთან, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადასწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის 28-ე მუხლის დანაწესს (საქართველოს უფლება აქვს, უარი თქვას პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებაზე, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე) და აღნიშნავს, რომ 28-ე მუხლი ადგენს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. აღნიშნული (საქართველოს ტერიტორიაზე ბანკომატებიდან თანხის გამოტანა) არ წარმოადგენს ექსტრადიციის გამომრიცხველ გარემოებას.

12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს გარანტიები (შ. ა–ი არ დაექვემდებარება დევნას, წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას), აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების გათვალისწინებით, არადამაჯერებელია.

12.1. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოპოვებული რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა უშუალოდ შ. ა–ის მიმართ ზემოაღნიშნული საფრთხის არსებობაზე.

12.2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

12.3. აგრეთვე, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შ. ა–მა კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ანდა განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და ამ უკანასკნელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეფექტურ რეაგირებას.

12.4. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

13. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი შ. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. ა–ის (S. A.)– ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ–ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი