საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100121005170508
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №180აპ-25 16 მაისი, 2025 წელი
დ–ე ნ., №180აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. დ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის, მოსამართლის შეურაცხყოფაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 25 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავდა მსჯავრდებულ ნ. დ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე. სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვ. დ–ე, ხოლო კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსამართლეები - ლ. თ–ე და მ. ს–ე, სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ. ნ–ე. სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე ვ. დ–ემ გამოაცხადა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმადაც არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ ნ. დ–ის სააპელაციო საჩივარი, რის გამოც აღნიშნულზე განაწყენებულმა ნ. დ–მ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხდომის თავმჯდომარე – ვ. დ–ს, ასევე მოსამართლეებს – ლ. თ–სა და მ. ს–ს – მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, ნ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. ნ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2023 წლის 31 ოქტომბრიდან.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ბ–მ და მოითხოვა ნ. დ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ნ. დ–ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვარის განჩინებით, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ნ. დ–ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე გაცდენილი საკასაციო საჩივრის ვადის აღდგენის თაობაზე და აღდგენილ იქნა საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა.
3.4. მსჯავრდებულმა ნ. დ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, რადგან ნ. დ–ისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გარდა ითვალისწინებს სხვა უფრო მსუბუქი სახის ალტერნატიულ სასჯელებს. სააპელაციო სასამართლომ კი, მას დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მძიმე სახე. ამასთან, დაუსაბუთებლად განუსაზღვრა მაქსიმალურ ვადასთან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი შეუკრიბა ნაწილობრივ. კასატორს, ასევე უკანონოდ მიაჩნია სასჯელის მოხდის ვადის ათვლის დაწყება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 31 ოქტომბრიდან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
5.4. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უცვლელად დატოვა ნ. დ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.6. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოს უპატივცემულობა (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაშიც მსჯავრი დაედო ნ. დ–ეს ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
5.7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. დ–ეს განუსაზღვა სასჯელის ისეთი სახე, რომელიც ხელს შეუწობს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება დამაფიქრებული, რათა უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღდეგო ხასიათი. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლი ადგენს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულის რეციდივის დროს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.8. როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კი ადგენს, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა არის ექვსი თვე.
5.9. შესაბამისად, ვინაიდან ნ. დ–ე დანაშაულის ჩადენის დროს 2021 წლის 25 მაისს იყო მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელი კანონიერად იქნა დანიშნული დანაშაულის რეციდვის მხედველობაში მიღებით, კერძოდ, მინიმალურ სასჯელზე ერთი წლით მეტი ვადით.
5.10. რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.11. განაჩენთა ერთბლიობით სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მხოლოდ მაშინ უნდა აშთანთქინოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, როდესაც ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადა აღემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. სხვა ყველა შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიყენოს სასჯელთა შეკრების პრინციპი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა მიუმატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1060აპ-23 განჩინება).
5.12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენის გამოტანისას ვალდებული იყო, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოეყენებინა არა სასჯელთა შთანთქმის, არამედ – შეკრების პრინციპი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან და, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს წინა განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული ჰქონდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, მის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის ათვლის დაწყება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან (პირველი ინსტანციის სასამართლო) – არის კანონიერი.
5.13. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. დ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას), ისე – საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესს.
5.14. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს, რომ მართალია, ნ. დ–ემ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, რაც მის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების პირობაა, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ნ. დ–ის მიერ საკასაციო წესით განაჩენის გასაჩივრება მოხდა საკასაციო ვადის გასვლიდან რამოდენიმე თვეში (გასაჩივრების ვადა აღდგენილი იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვარის განჩინებით). გასაჩივრების ვადის აღდგენამდე კი, მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი გავრცელებული იქნა. შესაბამისად, ვერც აღნიშნული გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. დ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე