საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1383აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100122005806563

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№1383აპ-24 2 მაისი, 2025 წელი

მ–ი ლ., №1383აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლ– თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანისა და მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. რ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ჩ–ა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით (კანონიერი ქურდობა), დ. ჯ–ი (პირადი ნომერი: ........) საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო ლ. მ–ი (პირადი ნომერი: .........) საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 10 თებერვალს, დ. უ–მა შპს „ა–ის“ („ა–ი“) ონლაინ სამორინეში მოიგო 216963 ლარი. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა სხვადასხვა პირისათვის, მათ შორის „ქურდული სამყაროს“ წევრ დ. ჯ–ისათვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების - ლ. მ–ისა და გ. ყ–ისათვის, ასევე, საზღვარგარეთ მყოფი, დ. უ–ის თანასოფლელის და მეგობრის გ. ხ–ისთვის. ამ უკანასკნელმა, იმ მოტივით, რომ დ. უ–მა თანხა მოიგო მისი მეუღლის - ა. ვ–ის მიერ ჩარიცხული თანხით, დ. უ–ისგან მოითხოვა მოგებული თანხის ნაწილის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც მათ შორის წარმოიშვა დავა. გ. ხ–მა არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, დ. უ–ზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ ლ. ჩ–ას და „ქურდული სამყაროს“ წევრს ზ. ხ–ას, რომლებსაც სთხოვა მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დავა მის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ. თავის მხრივ, „კანონიერი ქურდი“ ლ. ჩ–ა და „ქურდული სამყაროს“ წევრი ზ. ხ–ა დაუკავშირდნენ ს–ში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრს დ. ჯ–ს, რომელსაც დაავალეს დ. უ–ის მოძიება, რათა „ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ მისთვის. 2022 წლის 1 მარტს, ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ში მდებარე დ. ჯ–ის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელმა „ქურდული გარჩევის“ მოწყობის, „კანონიერ ქურდ“ ლ. ჩ–ასთან და „ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ხ–ასთან დაკავშირების მიზნით, დაიბარა დ. უ–ი. დ. ჯ–მა დ. უ–ი დაარიგა, თუ როგორ უნდა მოეხდინა „ქურდულ გარჩევაზე“ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აღნიშნულის შემდეგ, დ. ჯ–ი საკომუნიკაციო ინტერნეტ აპლიკაციით დაუკავშირდა ზ. ხ–ას და აცნობა, რომ დ. უ–ი მზად იყო მონაწილეობა მიეღო „ქურდულ გარჩევაში“. ხსენებულის შემდეგ, დ. უ–ი, დ. ჯ–ის მითითებისამებრ, დაუკავშირდა ზ. ხ–ას, რომელმაც საუბარში ჩართო „კანონიერი ქურდი“ ლ. ჩ–ა. ლ. ჩ–ამ და ზ. ხ–ამ, დ. უ–ისგან მოისმინეს ინფორმაცია მასსა და გ. ხ–ს შორის არსებული ფინანსური დავის შესახებ და თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლების და გავლენის განმტკიცების მიზნით, შეაფასეს მისი ქმედება. „კანონიერმა ქურდმა“ ლ. ჩ–ამ და „ქურდული სამყაროს“ წევრმა ზ. ხ–ამ დ. უ–ს გადაუწყვიტეს, რომ მის მიერ მოგებული თანხის ნაწილი – 15000 ლარი არ განეკარგა. 2022 წლის 5 მარტს, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩა N..-ში მდებარე რესტორან „მ–ში“, შედგა დ. უ–ისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების – ლ. მ–ისა და გ. ყ–ის შეხვედრა. ლ. მ–მა და გ. ყ–მა დ. უ–ისგან შეიტყვეს, რომ ამ უკანასკნელს „კანონიერმა ქურდმა“ ლ. ჩ–ამ და „ქურდული სამყაროს“ წევრმა ზ. ხ–ამ, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრის დ. ჯ–ის მეშვეობით მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“ და გადაუწყვიტეს, არ განეკარგა თანხა. მას შემდეგ, რაც ლ. მ–ისა და გ. ყ–ისთვის ცნობილი გახდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ, აქტიური ქმედებით მხარი დაუჭირეს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას და დ. უ–ს დაუდასტურეს, რომ აუცილებელი იყო „კანონიერ ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. 2022 წლის 7 მარტს, ქ. თ–ში მდებარე „.... ბარში“, დ. უ–ი კვლავ შეხვდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ გ. ყ–ს. გ. ყ–მა დ. უ–ს დეტალურად მოაყოლა მასა და „კანონიერ ქურდ“ ლ. ჩ–ას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ, განუცხადა, რომ კავშირი აქვს „კანონიერ ქურდებთან“ და შეეძლო „ქურდული გარჩევის“ მოწყობა მოდავე მხარეების მონაწილეობით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენით: ლ. ჩ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით;

დ. ჯ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

დ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ამავე, განაჩენით ასევე მსჯავრი დაედოთ ზ. ხ–ას (საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით), გ. ხ–სა (საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით) და გ. ყ–ს (საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 10 თებერვალს, დ. უ–მა შპს „ა–ის“ („ა–ი“) ონლაინ სამორინეში მოიგო 216 963 (ორას თექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარი. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა სხვადასხვა პირისათვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერებისთვის – დ. ჯ–ისათვის, ლ. მ–ისა და გ. ყ–ისათვის, ასევე, საზღვარგარეთ მყოფი, დ. უ–ის თანასოფლელი და მეგობარი გ. ხ–ისთვის. ამ უკანასკნელმა, იმ მოტივით, რომ დ. უ–მა თანხა მოიგო მისი მეუღლის – ა. ვ–ის მიერ ჩარიცხული თანხით, დ. უ–ისგან მოითხოვა მოგებული თანხის ნაწილის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც მათ შორის წარმოიშვა დავა. გ. ხ–მა არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, დ. უ–ზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრს ზ. ხ–ას, რომელსაც სთხოვა მისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დავა მის სასარგებლოდ გადაეწყვიტა. თავის მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრი ზ. ხ–ა დაუკავშირდა ს–ში მყოფ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერს დ. ჯ–ს, რომელსაც დაავალა დ. უ–ის მოძიება, რათა „ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ მისთვის. 2022 წლის 1 მარტს, ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ში მდებარე დ. ჯ–ის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელმა „ქურდული გარჩევის“ მოწყობის, „ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ხ–ასთან დაკავშირების მიზნით, დაიბარა დ. უ–ი. დ. ჯ–მა დ. უ–ი დაარიგა, თუ როგორ უნდა მოეხდინა „ქურდულ გარჩევაზე“ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აღნიშნულის შემდეგ, დ. ჯ–ი საკომუნიკაციო ინტერნეტაპლიკაციით დაუკავშირდა ზ. ხ–ას და აცნობა, რომ დ. უ–ი მზად იყო მონაწილეობა მიეღო „ქურდულ გარჩევაში“. ხსენებულის შემდეგ, დ. უ–ი, დ. ჯ–ის მითითებისამებრ დაუკავშირდა ზ. ხ–ას, რომელმაც საუბარში ჩართო ვინმე „ლ–ი“. ზ. ხ–ამ და ვინმე „ლ–მა“, დ. უ–ისგან მოისმინეს ინფორმაცია მასსა და გ. ხ–ს შორის არსებული ფინანსური დავის შესახებ და თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლების და გავლენის განმტკიცების მიზნით შეაფასეს მისი ქმედება. ვინმე „ლ–მა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრმა ზ. ხ–ამ დ. უ–ს გადაუწყვიტეს, რომ მის მიერ მოგებული თანხის ნაწილი - 15 000 ლარი არ განეკარგა. 2022 წლის 5 მარტს, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩა N..-ში მდებარე რესტორან „მ–ში“ შედგა დ. უ–ის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების ლ. მ–ის და გ. ყ–ის შეხვედრა. ლ. მ–მა და გ. ყ–მა დ. უ–ისგან შეიტყვეს, რომ ამ უკანასკნელს „ქურდული სამყაროს“ წევრმა ზ. ხ–ამ და ვინმე „ლ–მა“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ დ. ჯ–ის მეშვეობით, მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“ და გადაუწყვიტეს არ განეკარგა თანხა. მას შემდეგ, რაც ლ. მ–ისა და გ. ყ–ისთვის ცნობილი გახდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ, აქტიური ქმედებით მხარი დაუჭირეს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას და დ. უ–ს დაუდასტურეს, რომ აუცილებელი იყო „კანონიერ ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. 2022 წლის 7 მარტს, ქ. თ–ში მდებარე „........ ბარში“ დ. უ–ი კვლავ შეხვდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ გ. ყ–ს. გ. ყ–მა დ. უ–ს დეტალურად მოაყოლა მასსა და ვინმე „ლ–ს“ შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ, განუცხადა რომ კავშირი აქვს „კანონიერ ქურდებთან“ და შეეძლო „ქურდული გარჩევის“ მოწყობა მოდავე მხარეების მონაწილეობით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, ლ. ჩ–ას (ც–ს) მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით პირთა გარკვეული ჯგუფის მართვა და ორგანიზება, ასევე ნებისმიერი ფორმით „ქურდული სამყაროს“ მართვა და ორგანიზება.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა, რომელმაც მოითხოვა ლ. ჩ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ასევე დ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით (საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით); განაჩენი ასევე გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ–მა; მსჯავრდებულ გ. ყ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. ც–მა და ნ. ს–მა; მსჯავრდებულ დ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს–ამ და მსჯავრდებულ გ. ხ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ–მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ლ. ჩ–ას და მსჯავრდებულების - ლ. მ–ის, დ. ჯ–ის, გ. ყ–ისა და გ. ხ–ის მიმართ, დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა, რომელმაც მოითხოვა ლ. ჩ–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ასევე დ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3.3. 2024 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ–მა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, პროკურორ გიორგი მუკბანიანის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ლ. ჩ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის ნაწილში, ასევე დ. ჯ–ის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლის თვალსაზრისით უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაზარალებულ დ. უ–ის ჩვენებები, რომელიც შესაბამისობაშია ფარულ ვიდეო-აუდიო და სატელეფონო საუბრების მიყურადების და ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან. აღნიშნული ინფორმაციით, დასტურდება როგორც თანაბრალდებულების, ასევე ლ. ჩ–ასა და დ. ჯ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები. მოწმეებმა ნ. გ–მ, ი. ბ–მ, კ. კ–მ და გ. ი–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების კანონიერება. მოწმე დ. ბ–მა განმარტა, რომ მის მიერ დადგენილ იქნა, რომ ლ. ჩ–ა ნამდვილად არის „კანონიერი ქურდი“ და წარსულში ც–ს გვარს ატარებდა. ინფორმაცია მიიღო, როგორც კონფიდენტისგან, ასევე ვებგვერდიდან (http://www.primecrime.ru/), სადაც ასახულია ინფორმაცია „კანონიერი ქურდების“ შესახებ. ასევე დაიკითხნენ ექსპერტები: დ. გ–ი, ე. ა–ი, მ. ო–ი და თ. კ–ე, რომლებმაც დაადასუტურეს მათ მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, რომელთა თანახმადაც, სადავო ვიდეოჩანაწერებში და სატელეფონო ფონოგრამებში არსებული პიროვნებები არიან: დ. ჯ–ი, გ. ყ–ი, ლ. მ–ი და დ. უ–ი. ვებგვერდის http://www.primecrime.ru/-ს დათვალიერების ოქმის თანახმად, აღნიშნულ ვებგვერდზე მითითებული არის ლ– ცინცაძე, როგორც „კანონიერი ქურდი“. მითითებულ ვებგვერდზე, .... ენაზე მითითებულია კანონიერი ქურდები, თავისივე ქურდული ზედმეტსახელით, „ქურდად“ მონათვლის თარიღით და სასჯელის მოხდის წლების მითითებით. ის ფაქტი, რომ ლ. ჩ–ა „კანონიერი ქურდია“ დასტურდება არამხოლოდ ვებგვერდის დათვალიერების ოქმით, ასევე დაზარალებულისა და დ. ბ–ის ჩვენებებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული მტკიცებულებებით, სადაც ბრალდებულებიც და დაზარალებულიც ზემოაღნიშნულ პირს მოიხსენიებენ, როგორც ქურდს, სპორტსმენს, უფროს ძმას, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება დ. ჯ–ის, ზ. ხ–ას, ლ. მ–ისა და გ. ყ–ის კავშირები ქურდულ სამყაროსთან, ასევე, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ზემოხსენებულ „კანონიერ ქურდს“, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და მხარდამჭერებს დ. უ–ისგან თანხის მიღების მიზნით მიმართა ამ უკანასკნელის მეგობარმა და ნათლულის მამამ გ. ხ–მა, რომლის მეუღლის მიერ ჩარიცხული თანხით მოიგო დაზარალებულმა სოლიდური თანხა. უტყუარად დასტურდება, რომ ზ. ხ–ა და დ. ჯ–ი მათი ცხოვრების წესით აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“. ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ცალსახად დასტურდება, რომ ისინი აქტიურად მოქმედებენ „ქურდული სამყაროს“ მიზნებისთვის. დ. ჯ–ის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელმა „ქურდული გარჩევის“ მოწყობის „კანონიერ ქურდ“ ლ. ჩ–ასთან და „ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ხ–ასთან დაკავშირების მიზნით, დაიბარა დ. უ–ი. დ. ჯ–მა დ. უ–ი დაარიგა, თუ როგორ უნდა მოეხდინა „ქურდულ გარჩევაზე“ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ამის შემდეგ, დ. ჯ–ი საკომუნიკაციო ინტერნეტაპლიკაციით დაუკავშირდა ზ. ხ–ას და აცნობა, რომ დ. უ–ი მზად იყო მონაწილეობა მიეღო „ქურდულ გარჩევაში“. ხსენებულის შემდეგ, დ. უ–ი, დ. ჯ–ის მითითებისამბერ, დაუკავშირდა ზ. ხ–ას, რომელმაც საუბარში ჩართო „კანონიერი ქურდი“ ლ. ჩ–ა. ლ. ჩ–ამ და ზ. ხ–ამ დ. უ–ისგან მოისმინეს ინფორმაცია მასა და გ. ხ–ს შორის არსებული ფინანსური დავის შესახებ და თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული სამყაროს“ ძალაუფლების და გავლენის განმტკიცების მიზნით, შეაფასეს მისი ქმედება. „კანონიერმა ქურდმა“ ლ. ჩ–ამ და „ქურდული სამყაროს“ წევრმა ზ. ხ–ამ დ. უ–ს გადაუწყვიტეს, რომ მის მიერ მოგებული თანხის ნაწილი არ განეკარგა.

4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი უკანონოა ლ. მ–ის მსჯავრდების ნაწილში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ისე რომ არ იყო ამოწურული ყველა შესაძლებლობა გამოქვეყნდა დ. უ–ის გამოკითხვის ოქმები, რასაც დაეყრდნო სასამართლო და ასახა განაჩენში. დაცვის მხარეს არ მიეცა დ. უ–ის ჯვარედინი წესით დაკითხვის შესაძლებლობა და, შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი არ უნდა დაემყარებინა მისი გამოკითხვის ოქმებზე. გამოძიების მიმდინარეობის დროს დ. უ–ი იყო პრობაციონერი. დაცვის მხარის პოზიციით, საეჭვოა ის გარემოება, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ მიიყვანა და დაკითხა მოწმე, რომელიც თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში, ბრალდების მხარის მიერ აღიჭურვა სათანადო ტექნიკით და თანამშრომლობდა მათთან. მართალია ლ. მ–ი შეხვდა დ. უ–ს, თუმცა ამ საუბარში მას არ უხსენებია ფულის „ობშიაკში“ ჩარიცხვა. დ. უ–ი ლ. მ–ს დაჰპირდა, რომ მისცემდა 3000 ლარს. ფრაზა „ვიცნობ კანონიერ ქურდს“ დანაშაული არ არის, ასევე არ არის დანაშაული ფრაზა „დაველაპარაკებით კანონიერ ქურდს“. ლ. მ–ი არ იცნობს არც ზ. პ–ს და არც ლ. ც–ს. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ლ. მ–ი იცნობს მათ. გარდა ამისა, პროკურატურამ ვერ დაადასტურა, რომ ლ. მ–ს რაიმე ფორმით კონტაქტი ჰქონდა რომელიმე „კანონიერ ქურდთან“. დ. უ–ი აგენტ-პროვოკატორია, რაც აშკარად ჩანს მისი სატელეფონო საუბრებიდან და კრებსებიდან. ტელეფონზე საუბრისას, დ. უ–ი ლ. მ–ს ეუბნება – „ბიჭო, მე ჩამოვედი, თბილისისკენ ვარ და მინდოდა რო შევხვედროდით ერთი და გველაპარაკა რა, რავი უხერხულად არ გამოვიდე ან მე შენთან ან შენ რა ვიცი მე ვინმესთან“. ლ. მ–ს დ. უ–ისთვის არ უთქვამს, რომ ან თვითონ ან დ. უ–ი ვინმესთან უხერხულში ვარდება, ეს უკანასკნელი აშკარად ცდილობს ლ. მ–ი დაიყოლიოს და ვინმეზე აალაპარაკოს. მიუხედავად იმისა, რომ დ. უ–მა განცხადებით მიმართა შსს-ს, იგი მაინც ჰპირდება ლ. მ–ს, რომ 3000 ლარს აუცილებლად მისცემს. ამასთან, ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშულია, რომ მას შემდეგ, რაც ლ. მ–ისა და გ. ყ–ისთვის ცნობილი გახდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ, აქტიური ქმედებით მხარი დაუჭირეს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას და დ. უ–ს დაუდასტურეს, რომ აუცილებელი იყო „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღრსულება. აღნიშნული არ დასტურდება კრებსებით, პირიქით, როდესაც დ. უ–ი თვითონ იჩენს ინიციატივას და საუბრობს ლ. ც–ზე და ზ. ხ–აზე, ლ. მ–ი აწყვეტინებს და პასუხობს, რომ აღნიშნული მისი ინტერესის სფერო არაა. ლ. მ–მა ქურდული სამყაროს საქმიანობას მხარი კი არ დაუჭირა, არამედ უარყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა. 2022 წლის 21 თებერვალს, მოწმედ დაკითხვის დროს, დ. უ–ი განმარტავს, რომ, როგორც წინა დაკითხვის დროს აღნიშნა, ლ. მ–ი უკავშირდება ტელეფონის საშუალებით და სთხოვს ფულად თანხას, ასევე შეხვედრას ფულად თანხაზე სასაუბროდ. 2022 წლის 19 თებერვლის სატელეფონო საუბარში ლ. მ–ი ფულს არ სთხოვს დ. უ–ს. მას არც ერთ სატელეფონო საუბარსა ან კრებსში არ უხსენებია, რომ დ. უ–ს ფული მიეცა მისთვის ან/და ქურდებისთვის საზღვარგარეთ გასაგზავნად. ამდენად, დ. უ–მა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რომ, თითქოს, ლ. მ–ი სთხოვს ფულს, რომელიც საზღვარგარეთ ქურდებისთვის გასაგზავნად უნდა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა; გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია ლ. მ–ის მსჯავრდების ეპიზოდში, ხოლო ბრალდების მხარის მიერ ლ. ჩ–ას გამართლების და დ. ჯ–ისათვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მხარეთა მიერ საკასაციო საჩივრებში მითითებულ სადავო ასპექტებს.

5.4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულთა ქმედებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მხარეები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.5. მხარეები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძვლად წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში უთითებენ გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე.

5.6. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა გულისხმობს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევაში, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა.

5.7. მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის, სასამართლოების მიერ საქმის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განხილვის ფაქტი, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე, ამასთან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე წონადი არგუმენტი დაცვის მხარეს არ მიუთითებია და მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა. საკასაციო საჩივარში, აღნიშნულზე ასევე არ მიუთითებია ბრალდების მხარეს.

5.8. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის დ. უ–ის გამოკითხვის ოქმები, შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობას და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ისეთებთან, როგორიცაა მაგ.: ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რის გამოც, დაცვის მხარის პოზიციას მტკიცებულებათა ურთიერთსაწინააღმდეგობის თაობაზე სასამართლო ვერ გაიზიარებს.

5.9. ასევე, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ ლ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, თითქოსდა ემყარება მხოლოდ დ. უ–ის გამოკითხვის ოქმებს, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

5.10. პალატა კვლავაც განმარტავს, რომ დ. უ–ის გამოკითხვის ოქმები არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ლ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. ფარული აუდიო-ვიდეო და სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერები სარგებლობს მაღალი მტკიცებულებითი ძალით და მეტწილად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს №913აპ-23 გადაწყვეტილება). საგულისხმოა, რომ კომუნიკაციის მონაწილეები საუბრობენ ნებაყოფლობით, აჟღერებენ გარკვეულ ინფორმაციას, ხოლო აუდიო/ვიდეო ჩანაწერი ზუსტად ასახავს საუბრის შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ათეულობით აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც მსჯავრდებულები: ლ. მ–ი და დ. ჯ–ი დამოუკიდებლად ესაუბრებიან დ. უ–ს, ერთმანეთს და სხვა პირებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. მტკიცების საგანთან მიმართებით თითოეული მნიშვნელოვანი გარემოება დასტურდება არა, ერთი აუდიო ჩანაწერით, არამედ მონაწილეებს შორის არსებული სხვადასხვა აუდიო/ვიდეო ჩანაწერებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ფარული მიყურადება და ჩაწერა განხორციელებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე და კომუნიკაციის მონაწილე პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია, როგორც უშუალოდ აუდიო ჩანაწერების შინაარსით (სახელებისა და ზედმეტ სახელების მეშვეობით), ასევე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება ლ. მ–ის მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.

5.11. დ. უ–ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, იგი გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე მიუთითებდა ლ. მ–ზე, პირზე, რომელმაც მას მიუთითა მოგებული ფულადი თანხიდან, ნაწილის „ქურდულ ობშიაკში“ ჩარიცხვის თაობაზე, ასევე უთხრა, რომ მისით დაინტერესებულნი იყვნენ „კანონიერი ქურდები“ და თანხის ჩარიცხვის შემდეგ ჩაახუტებდა მათ. ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ ლ. მ–ი დაინტერესებულია დ. უ–ის მიერ მოგებული თანხით, მანამდე მომხდარ „ქურდული გარჩევაში“ მონაწილე პირებით, გადაწყვეტილების მიმღებით და ამ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებით, რის შემდგომაც გამოსავლის შესაძლო გზებსაც კი სთავაზობს დ. უ–ს. ამასთან, საყვედურობს დ. უ–ს და ეუბნება, რომ თავიდანვე მათთვის რომ ეთქვა სხვანაირად მოუგვარებდნენ ამ საკითხს. გ. ყ–ი: „...ტიპთან გააკეთებდი, დავრეკავდით პირდაპირ, ძმაო, გაიცნობდი კიდევაც, შენც გაგისწორდებოდა, იძმაკაცებდი კიდევაც, უფრო ქურდულად და მაგარ ბიჭურად ჩაგეთვლებოდა, ვიდრე თვითონ რო გირეკავენ, ბიჭო“. აგრძელებს ლ. მ–ი: „...თან მერე როგორი პონტია, იცი? ჩვენ განა ისე ვართ, რომ, აი, ქურდები და... იმენა ძმაკაცურ პონტში გაიჩითებოდი შენ ...კაროჩე, ...., 10-მდე ეგ თემა შენ მოაგვარე, რომ აღარ გახდეს სალაპარაკო... დალშე კიდევ ჩვენ მაგას დავალაგებთ, რა. ისე დავალაგებთ, რომ არ გამოჩნდე რა ის, გოიმი, რა. დ. უ–ის კითხვაზე: ,,...მანამდე რომ დაურეკონ, დღეს, ხვალ...“; ლ. მ–ი პასუხობს: „...ხო, მანამდე ჩვენ შევეხმიანებით“, ხოლო გ. ყ–ი:„ ... დარეკავენ ...“.

5.12. ზემოხსნებული გარემოებები დეტალურადაა აღწერილი 2022 წლის 5 მარტს ქ. თ–ში, .......... გამზირი №..-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯ–ს ქუჩაზე მოძრავ ავტომობილში, შემდეგ ჯ–ს ქუჩა №..-ში მდებარე რესტორან „მ–ში“ და 2022 წლის 7 მარტს, ქ. თ–ში, შ–ზე მდებარე ...... ბარში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებში. მათი დეტალური და შინაარსობრივი ანალიზი, ქმნის იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს მტკიცებულებების შეფასების მხოლოდ საკმარისად ძლიერი და შეთანხმებული დასკვნებიდან. მათში დეტალურად არის ასახული ლ. მ–ისა და გ. ყ–ის პოზიცია და ნათლად იკვეთება არამარტო მათი დაინტერესება არამედ მცდელობა, დ. უ–ის საკითხის მოსაგვარებლად მიმართონ სხვადასხვა პირებს, მათ შორის ავტორიტეტებს. ისინი არიგებენ დ. უ–ს, როგორ უნდა მოიქცეს ავტორიტეტებთან საუბრისას, საყვედურობენ მას და აღნიშნავენ, რომ დაზარალებულს თავიდანვე მათთვის რომ ეთქვა სხვანაირად მოუგვარებდნენ საკითხს, ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩებოდა.

5.13. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას დანაშაულის შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და იზიარებს მის მსჯელობას, რომ სწორედ აღნიშნული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები წარმოაჩენს ნათლად ლ. მ–ის და სხვათა აქტიურ როლს, დაინტერესებას ,,საქმიან“ და „მეგობრულ“ ურთიერთობაში, რაც მთლიანად გამორიცხავს დანაშაულის შესაძლო პროვოკაციის არსებობას. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის, დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ლ. მ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არსებობდა ლ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ლ. ჩ–ას მსჯავრდების და დ. ჯ–ისათვის შერაცხილი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.15. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – „კანონიერი ქურდობისთვის“, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – „ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის“ (ნებისმიერი ქმედება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას).

5.16. ,,ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“ ბლანკეტური ნორმაა, ამ ქმედებების არსი დგინდება ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.

5.17. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი აყალიბებს „კანონიერი ქურდის“ დეფინიციას – „კანონიერი ქურდი“ არის პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს. იმავდროულად, აღნიშნული კანონის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს „ქურდული გარჩევის“ დეფინიციას, რაც გულისხმობს, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასებას ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტას ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.

5.18. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, ობიექტური მხრივ, გამოხატულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მოქმედებს ამ სამყაროს მიზნების მისაღწევად. აქტიურ მოქმედებაში იგულისხმება: დაშინება, მუქარა, იძულება, ,,ქურდული გარჩევა“, დანაშაულის ჩადენა, პირების გამოძებნა დანაშაულის ჩასადენად და მათი წაქეზება დანაშაულის ჩადენისკენ, იმ ობიექტის მოძიება, საიდანაც შეიძლება ქონების ამოღება. დანაშაული დამთავრებულია „ქურდული სამყაროს“ აღიარებასთან ერთად, კონკრეტული ქმედების ჩადენისთანავე და მნიშვნელობა არა აქვს, მიაღწია თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრმა დასახულ მიზანს. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია „ქურდული სამყაროს“ წევრის მოქმედება მიმართული იყოს „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის ან სხვა პირებისთვის სარგებლის მიღებისკენ (იხ.: უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის №120აპ-20 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 5).

5.19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დ. ჯ–ი თავს მოიხსენიებს ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელი ტერმინებით, მას არც სხვები მოიხსენიებენ, ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელი ტერმინებით, ისევე როგორც ამას აკეთებენ სხვა პირებზე საუბრისას. აღნიშნულის საპირისპიროდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის დ. უ–ს, ლ. მ–სა და გ. ყ–ს შორის 2022 წლის 5 მარტს, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩა N..-ში მდებარე რესტორან „მ–ში“ შემდგარი საუბრითაც კი, არ დგინდება, რომ დ. ჯ–ს პირდაპირი კავშირი აქვს „კანონიერ ქურდთან“ და „ქურდული გარჩევის“ გზით წყვეტს ორ მოდავე მხარეს შორის საკითხს. მოცემულ შემთხვევაშიც, ამ და სხვა აუდიო/ვიდეო ჩანაწერებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულსა და გ. ხ–ს შორის არსებულ დავას არჩევს და აფასებს ქურდული სამყაროს წევრი – ზ. ხ–ა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ვინმე „ლ–ი“ – „კანონიერი ქურდი“, რომლის მიღებული გადაწყვეტილებაც შესასრულებლად სავალდებულოა. შესაბამისად, დ. ჯ–ი ერთგვარად დამაკავშირებელ როლს ასრულებს დ. უ–ს, ზ. ხ–ასა და ვინმე „ლ–ს“ შორის, თანაც იმ პირობებში, როდესაც ზუსტად იცის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ. ამასთან, არ დასტურდება, რომ ე.წ. „კონფერენციის“ რეჟიმში შემდგარი სატელეფონო საუბრებისას, დ. ჯ–მა რაიმე ფორმით თავისი დამოკიდებულება გამოხატა სადავო საკითხისადმი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და მიაჩნია, რომ დ. ჯ–ის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა, რამდენადაც, იგი მოდავე მხარეებს შორის ინფორმაციის გადაცემით, დ. უ–ის მოძიებით, ონლაინ შეხვედრების ორგანინიზებით/დასწრებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

5.20. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. ჩ–ას მიმართ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით) დასადასტურებლად, თუმცა საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.21. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

5.22. პალატა მიუთითებს, რომ ლ. ჩ–ას მიმართ წარდგენილი ბრალდება არ დასტურტება არც რომელიმე მოწმის ჩვენებით და არც რომელიმე წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი მოწმე – დ. უ–ი – განმარტავს, რომ მობილური ტელეფონით ესაუბრა ვინმე ლ–ს, რომელზეც უთხრეს რომ იყო „კანონიერი ქურდი“– ლ. ჩ–ა (ც-ე). სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისად ნათელი და არაორაზროვანი მტკიცებულება, მაგ., ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ლ–ის და ლ. ჩ–ას ხმის იდენტურობას დაადგენდა და შესაძლებელს გახდიდა ბრალდების მხარის მტკიცება დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან ყოფილიყო მომდინარე და არა ზოგადი ხასიათის მტკიცებულებათაგან, რომლებიც ასახულია საკასაციო საჩივარში. საგულისხმოა, რომ დ. უ–მა ვერ შეძლო, პირად საუბრებშიც კი, ამ ინფორმაციის დანამდვილებით დადასტურება, რადგან ამ პირთან კომუნიკაცია მანამდე არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით შეუძლებელია იმის კატეგორიულად თქმა, რომ კომუნიკაციის მეორე მხარეს ნამდვილად ლ. ჩ–ა იყო.

5.23. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რაზეც ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს, საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებები ლ. ჩ–ასთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ვერ გამოდგება. ამდენად, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება, რომ ლ–ი, რომელმაც გადაწყვიტა მოდავე მხარეებს შორის დავა იყო ლ. ჩ–ა. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ლ. ჩ–ას უდანაშაულოდ ცნობა სხვა მსჯავრდებულთა გამართლებას ვერ გამოიწვევს, რადგან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მსჯავრდებული პირების კავშირი „ქურდულ სამყაროსთან“, მათ შორის, ვინმე ლ–თან, რომელიც აძლევდა მათ უკანონო მითითებებს და აგვარებდა სადავო საკითხებს.

5.24. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.26. ამასთან, მართალია ლ. მ–მა და დ. ჯ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინეს 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, მე-7 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით ვერ გავრცელდება.

5.27. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მუკბანიანისა და მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. რ–ის საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლ– თევზაძე