საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002584090
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №144აპ.-25 29 მაისი, 2025 წელი
ს–ი დ., №144აპ.-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლევან მარშავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ს–ი (ბ–ს მოქალაქე, პასპორტის ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. „უნიტარული საწარმო ბ–ს ნავთობის სავაჭრო სახლის“ (26%), „ღია სააქციო საზოგადოება ნაფტანის“ (5%), „ღია სააქციო საზოგადოება .......ის“ (15%), „ღია საზოგადოება ...........ის“ (5%) და ქართული კომპანია შპს „.......ის“ (49%) მიერ დაფუძნდა და 2014 წლის 25 მარტს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა შპს „... თ–ი“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბ–დან ს–ში ავტომანქანების საბურავებისა და ზეთების იმპორტი. 2015 წლის 20 იანვრიდან – 2017 წლის 30 მარტამდე პერიოდში შპს „... თ–ს“ დირექტორი და ერთპიროვნული ხელმძღვანელი იყო ბ–ს მოქალაქე დ. ს–ი, რომელიც უშუალოდ განაგებდა საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას. მის მიერვე ხდებოდა თ–ში, ....ს დასახლებაში მდებარე საზოგადოების საწყობიდან იქ არსებული საქონლის, მათ შორის საბურავების რეალიზაცია. დ. ს–მა გადაწყვიტა გამოეყენებინა აღნიშნული ვითარება და მიეთვისებინა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი შპს „... თ–ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით საქონელი. შედეგად მან საზოგადოების დირექტორად მუშაობის პერიოდში საწყობიდან გაიტანა და მიითვისა დიდი ოდენობით 519258 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საბურავი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენით, დ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლევან მარშავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ. ს–ის დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლევან მარშავამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, დ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
3.3. დაცვის მხარემ, გამართლებულ დ. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი. ბ–მა და ვ. კ–მ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ დ. ს–ის ბრალეულობას, კერძოდ დადგინდა, რომ „... თ–ს“ დირექტორი და ერთპიროვნული ხელმძღვანელი 2015 წლის 20 იანვრიდან, 2017 წლის 30 მარტამდე იყო დ. ს–ი. იგი უშუალოდ განაგებდა საზოგადოებას და მის მიერვე ხდებოდა საწყობში არსებული საქონლის რეალიზაცია. აღნიშნულით ისარგებლა დ. ს–მა და საზოგადოების დირექტორად მუშაობის პერიოდში მიითვისა 519258 ლარის საქონელი, რადგან შეეძლო პირველადი და ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების მანიპულირებით, დაემალა დანაკლისი. მისი შემდგომი ქმედებები კი, დაკავშირებული იყო დამფუძნებლების შეცდომაში შეყვანასთან. დ. ს–ი ცდილობდა ბუღალტრულად გაესწორებინა აღნიშნული გამოწერილი შიდა გადაზიდვის ზედნადებებით, თითქოსდა ცალკეულ მეწარმე სუბიექტებზე მიწოდებული ჰქონდა საქონელი საპასუხისმგებლო შენახვის ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც ეს სუბიექტები, რათქმაუნდა, ვერ დაინახავდნენ. ამავდროულად დანაშაულში მხილების შიშით მის მიერ მოხდა მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, რომელზეც ცდილობდა შანტაჟისა და მოტყუების გზით, ხელი მოეწერინებინა დისტრიბუტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ხოლო შემდგომ ამ დოკუმენტების საინვენტარიზაციო კომისიის წარდგენით მოჩვენებითობას ქმნიდა, რომ საბურავები ინახებოდა სხვადასხვა საწყობებში. აღნიშნული ფაქტები კი დადგინდა გამოკითხვის ოქმებითა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ჩატარებული ჩხრეკებითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ იკვეთება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
5.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არაჯეროვნად შეაფასა და გაამართლა დ. ს–ი, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა დ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.5. დ. ს–ის მსჯავრდების მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითვისების განხორციელების დროს პირი ქონებას, რომელიც მასთან მოხვდა ხელშეკრულების, სამსახურებრივი მოვალეობის თუ სხვა ვალდებულების საფუძველზე და კანონიერად იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, მესაკუთრის ქონებისგან განაცალკევებს და აქცევს თავის პირად ქონებად, რომელსაც შემდგომში საკუთარი სურვილისამებრ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით განკარგავს. წინააღმდეგ შემთხევაში ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება.
5.6. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ დ. ს–მა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „... თ–ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით 519258 ლარის ღირებულების საბურავები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. უფრო მეტიც, დგინდება, რომ 2015 წლის 20 იანვრიდან, 2017 წლის 30 მარტამდე შპს „... თ–ს“ დირექტორი დ. ს–ი კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ათანხმებდა დამფუძნებლებთან; იგი ზედმიწევნით ასრულებდა საერთო კრების მითითებებს; ამასთან, სს „ბ–ს“ მიერ დ. ს–ისთვის გაგზავნილი იქნა ელექტრონული შეტყობინება, რომელსაც თან ერთოდა საპასუხისმგებლო შენახვის ხელშეკრულებათა ნიმუშები, რის შესაბამისადაც იქნა გაფორმებული დ. ს–ის მიერ საპასუხისმგებლო შენახვის ხელშეკრულებები სადისტრიბუციო კომპანიებთან; დამფუძნებლების მხრიდან ყოველდღიურად კონტროლდებოდა კომპანიის საქმიანობა, მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კომპანიის ბუღალტერთან, რომელიც ყოველდღიურ რეპორტს უგზავნიდა; უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებდნენ „....... ბანკის“ ანგარიშებს ონლაინ, ამოწმებდნენ „....“-ზე ზედნადებების გაცემას, დასრულებას, ფასს; რაც ბუღალტერიაში ხდებოდა დამფუძნებლები, კერძოდ, ბ–ს მხარე ყველაფერის საქმის კურსში იყო; შპს „... თ–ს“ დამფუძნებელი ბ–ი კომპანიების წარმომადგენლები პერიოდულად ჩამოდიოდნენ ს–ში და ადგილზე ამოწმებდნენ სადისტრიბუციო კომპანიების საწყობებში განთავსებულ საბურავებსა და სხვა პროდუქციას.
5.7. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებას, (უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით), რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „.. თ–ს“ სარჩელი დ. ს–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და სადაც სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორი დ. ს–ი სათანადო გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით ახორციელებდა დაკისრებულ ვალდებულებებს და მისი ყოველი გადაწყვეტილება მომდინარეობდა დამფუძნებელთა ნების შესაბამისად; დირექტორი რეალურად მოკლებული იყო შესაძლებლობას, დამფუძნებელთა ნების საწინააღმდეგოდ მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება, რამეთუ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდებოდა საწარმოს საქმიანობის კონტროლი.
5.8. იმ პირობებში კი, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი შეთანხმებებისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელთა ჩვენებებით დადგინდა კომპანიების მიერ სხვადასხვა რაოდენობით საბურავებზე ვალდებულება, ამასთან, თემატური რევიზიის აქტის ავტორმა პ. დ–მ განმარტა, რომ მას საბურავების რაოდენობა მატერიალურად არ დაუთვლია, რომელი კომპანიის საწყობში რამდენი საბურავი ინახებოდა არ შეუმოწმებია და იხელმძღვანელა მხოლოდ ელექტრონული მონაცემებით. მან თანხობრივად დააჯამა და აქტში ასახა ის პროდუქტი, რომლის მოძრაობაც განხორციელდა საბუღალტრო პროგრამით და სასაქონლო ზედნადებებით.
5.9. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 17 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, 01.03.2017 წლის ინვენტარიზაციის აქტით დაფიქსირებული 4266 საბურავის დანაკლისიდან, 130 წარმოადგენდა წუნდებულ საბურავს, რაც ზემოაღნიშნულ ინვენტარიზაციის ჩამტარებელ კომისიას არ დაუთვლია, ხოლო დანარჩენი 4136 (4266 - 130) საბურავი საპასუხისმგებლო შენახვის ხელშეკრულებების და შიდა გადაზიდვის ზედნადებების საფუძველზე იმყოფებოდა სადისტრიბუციო კომპანიების საწყობებში შემდგომი რეალიზაციის მიზნით და იმ დროისთვის მათ მიერ არ იყო დაბრუნებული შპს „... თ–ს“ კუთვნილ ლ–ს საწყობში. წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 130 ერთეული იყო წუნდებული საბურავი, ხოლო სულ შპს „... თ–ს“ საწყობში დაუბრუნებელი საბურავების რაოდენობა იყო 4136, რაც განპირობებულია იმ კომპანიების მიზეზით, რომლებსაც შიდა გადაზიდვით მიეწოდათ შპს „ბნქ თბილისის“ კუთვნილი საბურავები და შპს „... თ–სთვის“ არ დაუბრუნებიათ. ეს კომპანიებია: შპს „პ.....ი“ - 1464 საბურავი; შპს „ა......... ....ია“ - 98 საბურავი; შპს „........“ - 454 საბურავი; შპს „ს..........“ - 45 საბურავი; შპს „ა–ი“ - 747 საბურავი; შპს „......... სახლი ...“ - 1197 საბურავი; შპს „ქ.......ი“ - 9 საბურავი; შპს „..........“ - 92 საბურავი; შპს „........“ - 30 საბურავი. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია თემატური რევიზიის აქტის ნაკლოვანებებზე, კერძოდ, იმაზე, რომ არც თემატური რევიზიის აქტით არის დათვლილი წუნდებული საბურავები, რომელთა რაოდენობაც შესაბამისი აქტის მიხედვით, შეადგენდა 130 ცალს; გარდა ამისა, თემატური რევიზიის აქტში არასწორად არის მითითებული იმპორტირებული საბურავების რაოდენობა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ო. გ–მ დაადასტურა, რომ გარდა წუნდებული და საწყობში დაუბრუნებელი საბურავებისა, ინვენტარიზაციის აქტში არ არის ნახსენები ის 52 საბურავი, რომელზეც მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი იყო შედგენილი; ინვენტარიზაციის აქტებით არ არის გათვალისწინებული ის საბურავები, რომლებიც ლ–ს საწყობის გარეშე, ჩამოიტვირთა ქ.ქ–ში, შპს „...... კომპანის“ საწყობში და ს–ს რ-ნის სოფ. ა–ში - შპს „ტ........ის“ საწყობში; ასევე არ არის დადგენილი ის, რომ შპს „... თ–ს“ ლ–ს საწყობში არსებული საბურავების დანაკლისი განპირობებული იყო იმ სადისტრიბუციო კომპანიების მიზეზით, რომლებმაც არ შეასრულეს შპს „... თ–ს“ მიმართ ნაკისრი ვალდებულება.
5.10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.11. ხაზგასასმელია, რომ აპელანტის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. აღსანიშნავია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. ს–ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლევან მარშავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე