დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.05.2025
საქმის ნომერი
2კ-71-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№71I-25 თბილისი

ტ. ს. ტ., 71I-25 1 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ტ. ტ-ას (S. T. T.) – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. წ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პოლონეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2016 წლის 7 ნოემბერს ს. ტ. ტ-ა პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების (XIV K 82/15) განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 11 (2), 13 (1) და 294 (1) მუხლებთან ერთობლივად, იმავე კოდექსის 239-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია), 286-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა), 270-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით;

2. იმავე განაჩენით ს. ტ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 11(2), 12, 65(1) მუხლებთან ერთობლივად 228-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით (ქრთამის აღება დიდი ოდენობით), 266-ე მუხლის მე-2 ნაწილით (კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება), 231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 239-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის, 3 წლისა და 6 თვის ვადით;

3. იმავე განაჩენით ზემოთ მითითებული სასჯელები შეიკრიბა და ს. ტ. ტ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, მათ შორის, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. გდანსკის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 განყოფილების (II Aka 169/17) 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების (XIV K 82/15 ) განაჩენი და ს. ტ. ტ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, მათ შორის, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. 2019 წლის 23 აგვისტოს პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის საოლქო სასამართლოს მე-11 აღმასრულებელი განყოფილების (XI Ko 1014/19) გადაწყვეტილებით გამოცხადდა ს. ტ. ტ.ს ძებნა, ზემოთ აღნიშნული სასჯელის მოხდის მიზნით;

6. 2024 წლის 26 თებერვლიდან ს. ტ. ტ. პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის საერთაშორისო არხებით.

7. პოლონეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ს. ტ. ტ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2016 წლის 7 ნოემბრის გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების განაჩენის თანახმად:

2000 წლის მეორე ნახევრიდან 2002 წლის ივნისამდე და 2002 წლის სექტემბრიდან 2004 წლის ივნისამდე პერიოდში, შტუმსა და მ-ში, მ-ის პ-ის პოლიციის შტაბში პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ს. ტ. ტ-ამ, მალბორკის რაიონული პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეფერხების მიზნით, გაამჟღავნა გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ზეგავლენა მოახდინა პოლიციის ოფიცრებზე, რათა მფარველობა გაეწია პ. კ-ის ბიზნესისთვის, რომელიც ეხებოდა საწვავის არალეგალურ წარმოებასა და ვაჭრობას. სანაცვლოდ, ს. ტ. ტ.მ მიიღო, სულ მცირე, 245000 პოლონური ზლოტის ოდენობის უკანონო ფინანსური სარგებელი და არამართლზომიერი უპირატესობა პ. კ-ის კომპანიების საკუთრებაში არსებული მანქანებით უფასოდ სარგებლობით.

2001 წლის 29 მაისს პ-ის ს-ოს რაიონში, სტანოვის დასახლებაში, ს. ტ. ტ-ამ, სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონო ფინანსური სარგებლის მიღებისა და მალბორკის საოლქო პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის (ნომერი: Ds. 3177/00) საქმეზე დაწყებული გამოძიების შეფერხების მიზნით, ქონების მფლობელს წარუდგინა მალბორკის რაიონული პროკურატურის გაყალბებული გადაწყვეტილება, რომლითაც ნებადართული იყო ნივთმტკიცებად ამოღებული, 351,880.20 პოლონურ ზლოტად ღირებული, 481,500 ლიტრი თხევადი საწვავის მიყიდვა ერთ-ერთი შპს-სთვის. სინამდვილეში, ს. ტ. ტ.ს მიზანი იყო თხევადი საწვავის არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემა, თუმც,ა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩარევის შედეგად, დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

8. ზემოაღნიშნული ქმედებები ისჯება პოლონეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სულ მცირე, 1 წლის ვადით. ამასთან, ს. ტ. ტ.ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, საიდანაც, ფაქტობრივად, უნდა მოიხადოს 3 წელი და 1 დღე.

9. 2024 წლის 12 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ტ. ტ-ა.

10. 2024 წლის 18 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ს. ტ. ტ-ას ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

11. 2024 წლის 14 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ს. ტ. ტ.ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო საექსტრადიციო გირაო – 15 000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.

12. იმავე დღეს, ს. ტ. ტ.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს – უზრუნველსაყოფად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპოზიტზე მისი სახელით შეტანილ იქნა შეფარდებული გირაო – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი და ს. ტ. ტ. გათავისუფლდა პატიმრობიდან;

13. 2024 წლის 15 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რაც მიიღო 2025 წლის 4 თებერვალს.

14. 2025 წლის 11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორმა პროკურორმა მეგი გურჩიანმა და ითხოვა ს. ტ. ტ-ას პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, გდანსკის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 განყოფილების 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ტ. ტ-ას პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, გდანსკის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 განყოფილების 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

16. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ტ. ტ-ას – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. წ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განჩინების, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებას შემდეგი მოტივებით: სლავომირ ტ. ხელისუფლების დევნის მსხვერპლია; მის მიმართ ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას, რომელიც თვითონაა ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და რომელმაც, გარკვეული შეღავათების მიღების სანაცვლოდ, მას დააბრალა დანაშაულების ჩადენა; ს. ტ. ტ.მ სასჯელი უნდა მოიხადოს არარსებული დანაშაულებისათვის. წლებია, იგი საქართველოში ცხოვრობს, აქ არ არის ნასამართლევი; არავისთვის შეუქმნია საფრთხე, დააფუძნა კომპანია და იხდის გადასახადებს, აწუხებს სხვადასხვა დაავადება, ამიტომ მის მიერ დანაშაულის მოხდა გაუტოლდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

17. სტაჟიორმა პროკურორმა მეგი გურჩიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ს. ტ. ტ-ას პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ს. ტ. ტ-ა საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2024 წლის 12 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება გარემოებები, რომ ს. ტ. ტ-ას მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ პოლონეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ, პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ს. ტ. ტ-ას მიერ სასჯელის მოხდა გაუტოლდება წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ს. ტ. ტ.ს ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის არსებობის შესახებ.

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005, „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v. Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

8. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლონეთის რესპუბლიკა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები. კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამასთან, პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, პოლონეთის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.

9. ამასთან, პოლონეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

10. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ს. ტ. ტ.ს მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის რისკი.

11. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ს. ტ. ტ-ას საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები. ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღნიშნული კუთხით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ ვერ მოიძია კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგად. გარდა ს. ტ. ტ.ს მიერ გაცხადებული ჰიპოთეზური ხასიათის მოსაზრებისა და ინფორმაციისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა, რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ, ს. ტ. ტ.ს პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ წარსულში, პოლონეთის რესპუბლიკაში ს. ტ. ტ.ს მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას, მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

12. გარდა აღნიშნულისა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ს. ტ. ტ.ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com) და ს. ტ. ტ.ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მეთოდით ძიებისას სხვა შემთხვევებში წარმატებით მოუპოვებია ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის შესახებ. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს.

14. პოლონეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან ცხადია, რომ ს. ტ. ტ-ას საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადგილი ექნება მისი უფლებების დარღვევას. ს. ტ. ტ. თავად მონაწილეობდა მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და ისარგებლა სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გასაჩივრების უფლებით.

15. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ პოლონეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.

16. ასევე, გასათვალისწინებელია პოლონეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში პოლონეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან პოლონეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ პოლონეთს რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ს. ტ. ტ-ას ექსტრადიცია პოლონეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

17. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ს. ტ. ტ-ა არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

18. გარდა აღნიშნულისა, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.

19. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ს. ტ. ტ.ს სარჩელი მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი და იგი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში. შესაბამისად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.

20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში („non bis in idem“).

21. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთათვისაც მოითხოვება ს. ტ. ტ-ას ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან მიღებული იყოს საბოლოო გადაწყვეტილება ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ს. ტ. ტ.ს ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და „non bis in idem“ პრინციპის დარღვევა.

22. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო, ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით. ამასთან, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტისა და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი 1-ელი პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია პირის ექსტრადიცია მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების მიზნით, აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, 4 თვით თავისუფლების აღკვეთას.

23. ს. ტ. ტ-ას მიერ ჩადენილი და მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, შემდეგი მუხლებით:

ზემოთ მითითებული პირველი ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რომლითაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით, და 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რომლითაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით;

ზემოთ მითითებული მეორე ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა), რომლითაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ვადით – ექვსიდან ცხრა წლამდე, და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რომლითაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით.

24. ამრიგად, დანაშაულები, რომელთათვისაც მოითხოვება ს. ტ. ტ.ს ექსტრადიცია, დანაშაულად ითვლება და ისჯება როგორც საქართველოს, ისე – პოლონეთის რესპუბლიკის – კანონმდებლობით და, ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ვადით.

25. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

26. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ს. ტ. ტ-ა მსჯავრდებულია პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში – ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, 10 წელში – მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 15 წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

27. ს. ტ. ტ-ას გამამტყუნებელი განაჩენი გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების მიერ გამოტანილია 2016 წელს, დაკავების ბრძანება კი გამოიცა 2019 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალისა და პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის ხანდაზმულობის ვადა იწურება 2033 წელს.

28. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად, შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში იქცეს.

29. ს. ტ. ტ-ას ექსტრადიცია მოითხოვება, მათ შორის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისათვის, რომელთა ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ს. ტ. ტ.ს საქართველოში ეყოლებოდა მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები, დანაშაულის სიმძიმისა და უფლების პოტენციური შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, მისი ექსტრადიცია სრულ შესაბამისობაში იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ

ვალდებულებებთან. ასეთ ვითარებაში, ს. ტ. ტ.ს ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

30. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ტ. ტ-ას პოლონეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, გდანსკის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მე-2 განყოფილების 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ტ. ტ-ას – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. წ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე