საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002330603
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1370აპ-24 ქ. თბილისი
ნ. ზ. 1370აპ-24 13 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძისა და მსჯავრდებულ ზ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ზ. ნ–ს – პ/ნ .......... – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზ. ნ–მა განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის, (ქ. მ–ში, ჯ–ს დასახლებაში არსებული №.........., საკადასტრო კოდის მქონე, 3000 კვ. მ) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება. ამ მიზნით 2012 წლის 15 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. მ–ს 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერების ყალბი სია და 2012 წლის 4 ივნისით დათარიღებული მ–ს მუნიციპალიტეტის ქალაქ მ–ს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს №... ყალბი ცნობა, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოს ზ. ნ–ს 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის N...-ე ჩანაწერის თანახმად, ერიცხებოდა 3000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მ–ში, ჯ–ს დასახლებაში, რის საფუძველზეც, 2012 წლის 21 ივნისს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ზ. ნ–ის სახელზე. აღნიშნული ქმედებით ზ. ნ–მა სახელმწიფოს მიაყენა 57 967 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით:
2.1. ზ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 500 ლარი;
2.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ზ. ნ–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით), დანიშნული ჯარიმა შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენში ცვლილება სასჯელის ნაწილში და ზ. ნ–ისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება;
3.2. მსჯავრდებულ ზ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. რ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ზ. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ქეთევან სონიძე ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში და ზ. ნ–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას;
5.2. მსჯავრდებულ ზ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. რ–ი ითხოვს ზ. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
6.1. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ზ. ნ–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე – ზ. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ცვლილების/გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა არგუმენტზე.
9. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ზ. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა – ე. ჰ–ს, ე. ჯ–ს, რ. ბ–ს, თ. ე–ს, მ. გ–ს, ი. გ–ს, ე. ე–ს, რ. მ–ს, მ. გ–ს, თ. გ–ს, მ. ნ–ს ჩვენებებით, დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზის N........ დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის N........ დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. ნ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – დიდი ოდენობით თაღლითობის – ჩადენა.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან ამოღებულ ინფორმაციას, რომლითაც დგინდება, რომ 2012 წლის 15 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ზ. ნ–მა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. მ–ი, ჯ–ს დასახლება. განცხადებას თან ერთოვდა 2012 წლის 4 ივნისის N... ცნობა (რომელიც გაცემული იყო ზონარგაყრილი წიგნის საფუძველზე, საჯარო რეესტრში წარსადგენად), მიწის განაწილების სია, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი და დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მითითებული მიწის ნაკვეთი (რომლის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად 2012 წლის 21 ივნისის მდგომარეობით იყო 57 967 ლარი), 2012 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა ზ. ნ–ის სახელზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, მ. გ–ის ჩვენებასა (მოწმის განმარტებით, 2017 წელს მუშაობდა ...... რეგიონულ არქივში. 2015 წელს ეროვნულ არქივს გადაეცა მ–ს არქივი და ასევე ზონარგაყრილი წიგნი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს იუსტიციის სახლს და მოითხოვოს ინფორმაცია, ზონარგაყრილ წიგნში იძებნება თუ არა მის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მოთხოვნა იუსტიციის სახლიდან ელექტრონული ფორმით გადაეცემა ........ის რეგიონულ არქივს. რაც შეეხება ზ. ნ–ს, მისი სახელი ზონარგაყრილ წიგნში არ იძებნება. აღნიშნული წიგნი არის დაცული და მოქალაქის ხელში არ შეიძლება მოხვდეს) და 2018 წლის 24 თებერვლის დათვალიერების ოქმს (რომლის თანახმად, დათვალიერდა საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს, .........ის რეგიონალური არქივიდან ამოღებული ქ. მ–ს 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნი, რომლის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ N...-ე ჩანაწერში ზ. ნ–ი არ ფიქსირდება (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 331-341)).
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმის სახით დაკითხული მ–ს საკრებულოს წარმომადგენლების – ე. ჰ–სა და ე. ჯ–ს ჩვენებებს, რომლითაც დადასტურებულია, რომ ზ. ნ–ისთვის ცნობა და ზონარგაყრილი ჟურნალის ასლი ნაკვეთის ადგილმდებარეობის თაობაზე არ გაუციათ. მათ ასევე არ დაადასტურეს სადავო ცნობასა და ზონარგაყრილი ჟურნალის ასლებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა. ე. ჯ-ს განმარტებით, ბლანკებზე არსებული მონაცემები მის მიერ არ არის შევსებული. ზ. ნ–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ცნობა და ზონარგაყრილი წიგნის ასლი რომ ყალბია, დასტურდება დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზის N...... დასკვნით, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებებზე, გრაფაში „დაინტერესებული პირი“ ხელმოწერა შესრულებულია საწერი საშუალებით, ბურთულიანი კალმით (კალმებით), შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ; ხოლო გრაფაში – „მ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობა ქ. მ–ს ტერიტორიული ორგანო“ „ასლი დედანთან სწორია“, თარიღები და მის გასწვრივ არსებული ხელმოწერები არ არის შესრულებული საწერი საშუალებებით, არამედ შესრულებულია კომპიუტერზე, სკანერისა და ჭავლური ტიპის პრინტერის გამოყენებით.
13. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს მსჯავრდებულ ზ. ნ–ის განმარტებას, რომ ე. ე–ი მოტყუებით, მისი პირადობის მოწმობის გამოყენებით დაეუფლა მიწის ნაკვეთს თაღლითური გზით, ისე, რომ არ იცოდა, ხელს რაზე აწერინებდა. სასამართლო ითვალისწინებს მიწის ამზომველის – რ. ბ–ის ჩვენებას, რომლითაც დგინდება, რომ უშუალოდ ზ. ნ–მა შეუკვეთა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა, გავიდა ადგილზე მიწის ნაკვეთის სანახავად, ზ. ნ–მა მიუთითა ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, შეამოწმა ზ. ნ–ის პირადობის მოწმობა (ყოველთვის ამოწმებდა დამკვეთის პირადობის მოწმობას), შეადგინა ნახაზი, რომელსაც ხელი მოაწერეს თავად და მეპატრონემ - ზ. ნ–მა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:07:15-17:09:30; 17:13:20-17:16:05). მოწმემ ასევე განმარტა, რომ მასთან ყოველდღე აზომვითი ნახაზის გასაკეთებლად მიდის 20-30 ადამიანი, ფაქტიდან გასულია 5 წელი და მას არ ახსოვს ზ. ნ–ის გარეგნობა, თუმცა იცნობს ე. ე–ს და მას ე. ე–ისათვის აზომვითი ნახაზი არ შეუსრულებია, რადგან მას თავად ჰქონდა საამზომველო კომპანია (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:07:15-17:09:30; 17:13:20-17:16:05).
14. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ. ნ–მა 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერების ყალბი სიის, 2012 წლის 4 ივნისით დათარიღებული მ–ს მუნიციპალიტეტის ქალაქ მ–ს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს N... ყალბი ცნობისა და აზომვითი ნახაზის წარდგენით 2012 წლის 21 ივნისს დაირეგისტრირა ქ. მ–ში, ჯ–ს დასახლებაში არსებული №......, საკადასტრო კოდის მქონე, 3000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2014 წლის 10 ივლისს (500 კვ.მ) და 2014 წლის 1 სექტემბერს (2500 კვ.მ) გაყიდა.
15. რაც შეეხება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ მოცემული მიწის ნაკვეთების გაყიდვის გარემოებები (თ. ე–ის ჩართულობა 500 და 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთების გაყოფასა და გაყიდვაში, ასევე ე. ე–ის ჩართულობა 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაყიდვაში) ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი ფორმალურად იყო გაფორმებული ზ. ნ–ზე და მას არ ეკუთვნოდა, არამედ ეკუთვნოდა ე. ე–ს - დაუსაბუთებელია.
16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ მოითხოვს მათ იდენტურობას; მთავარია ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით...... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17). ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზ. ნ–ის მიერ მიწის ნაკვეთების გაყიდვიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასული დროის ხანგრძლივობას, და აღნიშნავს რომ არ არის გამორიცხული, მოწმეებს არ ახსოვდეთ ცალკეული დეტალები. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაკითხული მოწმეები საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. კერძოდ,16.1. სასამართლო ითვალისწინებს მოწმე რ. მ–ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთის ყიდვასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა ზ. ნ–ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ მიწის ნაკვეთი ნამდვილად მას ეკუთვნოდა, რის შემდეგაც შეთანხმდნენ მიწის ნაკვეთის ყიდვაზე და მიწის ნაკვეთი უშუალოდ ზ. ნ–ისაგან გადაიფორმა, თანხაც მას გადაუხადა (იხ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის სხდომის ოქმი 18:20:22-18:24:23; 18:31:10-18:32:25).
16.1.1. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვინაიდან რ. მ–ს არ ახსოვს თანხის ზუსტი ოდენობდა, კუპიურები და ზუსტად ადგილი, სადაც გადასცა ზ. ნ–ს თანხა, მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული . სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმემ ჩვენების მიცემისას სასამართლოში არაერთხელ მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტიდან გასული დროის გათვალისწინებით არ ახსოვს ზუსტად კუპიურები და თანხის ოდენობა, თუმცა მიუთითა, რომ თანხა ზ. ნ–ს გადაუხადა გარეთ, იუსტიციის სახლთან, მანქანაში და არა იუსტიციის სახლში. ამასთან, მოწმემ ჩვენების მიცემისას არაერთხელ დაადასტურა, რომ მიწა შეიძინა სწორედ ზ. ნ–ისაგან, რადგან მას ეკუთვნოდა და თანხაც მას გადაუხადა.
16.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ი. გ–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ დაკავებული იყო მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით, 2014 წელს ზ. ნ–ისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი, რისთვისაც დაუკავშირდა ე–ს (გვარი არ ახსოვს), რომლის კომპანიაც ჰყიდდა მიწის ნაკვეთებს. ე–მა მას შესთავაზა სამი გასაყიდი მიწის ნაკვეთი (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:13:15-16:16:20), აჩვენა თითოეული, თუმცა მოეწონა ზ. ნ–ის მიწის ნაკვეთის ფასი (რომელიც ახლა ზუსტად არ ახსოვს) და ადგილმდებარეობა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:16:30-16:17:30), ე–ს მისთვის არ უთქვამს მიწის ნაკვეთები ვის ეკუთვნოდა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:17:31-16:17:40), რამდენიმე დღის შემდეგ შეთანხმდნენ, დათქვეს დრო და შეხვდნენ იუსტიციის სახლში, სადაც იყვნენ ზ–ი, ე–ს ძმა (რომლის შედგენილიც იყო დოკუმენტები, ასრულებდა თარჯიმნის მოვალეობას), ყიდვა-გაყიდვა შედგა, მოაწერეს ხელი, მიწის შესაძენი თანხა, როგორც ახსოვს, მისცა ე–ის ძმას (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:17:50-16:19:44), მან იუსტიციის სახლში შეიტყო, რომ მიწა ზ. ნ–ს ეკუთვნოდა, მანამდე არ იცოდა. თუ ეცოდინებოდა, თავად ზ. ნ–ს დაუკავშირდებოდა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:19:50-16:21:01).
16.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ისლამ გადიმოვმა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება, რომ მიწა ე. ე–ის იყო, ფორმალურად კი ირიცხებოდა სხვის სახელზე და მიუთითა, რომ ე–ს არ უთქვამს ვისი იყო ის მიწა, რომელიც აჩვენა, არც მას უკითხავს, რადგან მისთვის ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:42:15-16:43:30). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ე. ე–ისა და თ. ე–ის ჩვენებებს, რომელთა საქმიანობაში ასევე შედიოდა სამაკლერო საქმიანობა. ე. ე–მა დაადასტურა, რომ მასთან მივიდა ზ. ნ–ი, რომელსაც სურდა მიწის ნაკვეთის გაყიდვა, მისთვის ცნობილი იყო ვისაც ჰქონდა მიწის ნაკვეთის ყიდვის სურვილი და აჩვენა მიწა ისე, რომ მეპატრონე არ უთქვამს, რადგან რაიონი პატარაა და ისინი მის გარეშეც შეთანხმდებოდნენ (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:59:28-17:00:15) და მისი ინტერესი აღარ იქნებოდა, მათ გაამზადეს ნასყიდობის ხელშეკრულებები, თარჯიმანი იყო მისი ძმა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:58:15-17:00:15).
16.2.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ე. ე–ის განმარტებას, რომ მიწის ყიდვა-გაყიდვისას საჯარო რეესტრში თავად არ იმყოფებოდა, არ დასწრებია ამ პროცესს და შესაბამისად არც მიწის ნაკვეთის საფასური აუღია (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:05:05-16:06:30), ამასთან მიუთითა, რომ ზოგადად მსგავს შემთხვევებში ყოფილა, რომ თანხა თვითონ აუღია, როდესაც უნდობლობის ფაქტორი იყო, სანამ რეგისტრაცია მოხდებოდა, გაფორმების პროცესის დასრულებამდე თანხა მას ჰქონდა, როდესაც მიწა გაფორმდებოდა და ორივე მხარე კმაყოფილი იყო მაშინ გადასცემდა თანხას (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:56:40-16:57:35), ანალოგიურად მიუთითა მათი მუშაობის სტილზე თ. ე–მა და განმარტა, რომ ყოფილა შემთხვევები როდესაც მასაც გამოურთმევია ფული, თუ ერთმანეთს არ ენდობოდნენ, რადგან მის მიერ დაკავშირებული პირები იყვნენ, რეგისტრაციამდე ფულს აძლევდნენ მას (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:09:20-16:13:48), თუმცა მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში გაყიდვის ფაქტს არ ესწრებოდა და ფული მას არ აუღია (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:09:20-16:13:48).
16.2.3. სასამართლო ითვალისწინებს ისლამ გადიმოვის ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც მოწმემ მიუთითა, რომ მიწის საფასური ორი ძმიდან ერთ-ერთს გადაუხადა, ზუსტად არ ახსოვს რომელს (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:38:45-16:39:11), თუ სწორად ახსოვს თანხა ე–ის ძმას მისცა (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 16:19:50-16:21:01), იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთის 2500 კვ.მ გადაფორმებას ზ. ნ–თან ერთად თ. ე–იც ესწრებოდა და მიუთითებს, რომ მოცემულ ნაწილში მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, გასული დროისა და მოწმეთა არაერთი განმარტების გათვალისწინებით, რომ არ ახსოვთ გარკვეული დეტალები, ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მოწმეთა ჩვენებებს იმ ნაწილში, რომლითაც დასტურდება ზ. ნ–ის მიერ ქ. მ–ში, ჯ–ს დასახლებაში არსებული №......, საკადასტრო კოდის მქონე, 3000 კვ. მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და შემდგომში გაყიდვის ფაქტები.
17. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ზ. ნ–ს არ გააჩნია შესაბამისი უნარები, რომ გაეყალბებინა დოკუმენტები და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე ზ. ნ–ს არ ედავება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას, სასამართლო კი სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი საქმეზე N426აპ-23, II-9.1.).
18. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
19. რაც შეეხება კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
19.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისთვის, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
19.2. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). ამდენად, პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება N 886აპ-23).
19.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22 განჩინება).
19.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას, რომ ზ. ნ–ის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია, იგი ნაწილობრივ აღიარებს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას, არ არის ნასამართლევი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის სახის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების დებულებათა, ასევე პატიმრობის ultima racio ხასიათის გათვალისწინებით, არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
20. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ზ. ნ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმა 10 000 ლარზე, გაავრცელოს ამნისტია.
21. გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, §69, ECtHR, 27/02/2020).
22. იმავდროულად, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს სასამართლო პრაქტიკას აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025წლის 8 მაისის განაჩენი 1216აპ-24; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025წლის 17 აპრილის განაჩენი 1130აპ-24, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის №262აპ-23 განჩინება) და მეორე მხრივ იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე არ ედავება ზ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
23. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
24. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძისა და მსჯავრდებულ ზ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე