საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№196აპ-25 თბილისი
ქ. ზ., 196აპ-25 16 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ქ-ეს ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია)); ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით); საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ზ. ქ-ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2019 წლის პირველ თებერვალს, თ-ში, ფ-ის ქუჩის N--ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შ. ც-მა და ზ. ქ-ემ, შურისძიების მოტივით, განიზრახეს ჯ. ბ-ის (შ-ას) მკვლელობა, რის შემდეგაც, ზემოაღნიშნული მიზნით, ზ. ქ-ემ, მითითებულ ადგილზე მყოფ თავისივე თანამზრახველ შ. ც-ს გადასცა ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი მასში მოთავსებულ საბრძოლო მასალასთან ერთად, რომელთაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
· ზემოხსენებულ ადგილას შ. ც-მა, მოქმედებდა რა ჯ. ბ-ის მოკვლის განზრახვით, დაახლოებით, 60 მეტრის მანძილიდან, იმ მომენტში, როდესაც ჯ. ბ-ის ახლოს, შესამჩნევად იდგნენ, მათ შორის – გ. ბ-ი, ს. შ-ა, ა. ბ-ი, ქ. კ. და გ. ფ., გაისროლა მისი მიმართულებით. გასროლების მომენტში გ. ბ-ი, რომელიც კეთილდამოკიდებულებაში იმყოფებოდა შ. ც-თან, მისი შეჩერებისა და ჯ. ბ-ის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გაემართა შ. ც-ის მიმართულებით, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებულმა შ. ც-მა, ჯ. ბ-ის მკვლელობის გაადვილების მიზნით, განიზრახა გ. ბ-ის მკვლელობაც და მისი მიმართულებით ახლო მანძილიდან დამიზნებით გაისროლა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
· აღნიშნულის შედეგად, ზ. ქ-ისა და მისი თანამონაწილის – შ. ც-ის – მიერ ჯ. ბ-ის განზრახ მკვლელობა ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, ვინაიდან, ამ უკანასკნელმა შეძლო შემთხვევის ადგილის დატოვება. მოგვიანებით ზ. ქ-ემ, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა სომხეთის ტერიტორიაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით ზ. ქ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედ.) წარდგენილ ბრალდებებში. ზ. ქ-ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 27 აპრილიდან; მასვე მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2022 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· ზ. ქ-ემ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა სომხეთის ტერიტორიაზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ იაკობიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად, ზ. ქ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედ.), 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია ზ. ქ-ის ბრალეულობა ბრალდების ყველა ეპიზოდში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების სადაო ეპიზოდებში ზ. ქ-ის ბრალეულობა. კერძოდ:
9.1. მოწმე ს. შ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ფ-ის ქუჩის №--ის „ნ-ში“, ოჯახთან – მეუღლე გ. ბ-თან, შვილებთან: ა. ბ-სა და ჯ. შ-ასთან, ამ უკანასკნელის მეუღლე ლ. კ-სა და მათ ორ არასრულწლოვან შვილთან – ერთად. 2019 წლის 1 თებერვალს, მაღაზიიდან დაბრუნებულს, ფარეხებთან შემოხვდა შ. ლ. (იმ დროს უკვე მეუღლის გვარი ჰქონდა – ც.), რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – „შემოაგინა“. მოწმის განცხადებით, შ. ც-ს ბავშვობის ასაკიდან იცნობდა და ჰქონდათ ახლო ურთიერთობა ოჯახებითურთ. მოგვიანებით შ. ც-ს მათ ოჯახთან ჰქონდა კონფლიქტი, რომლის მიზეზიც გახდა ქ-ების ოჯახი. მოწმის განცხადებით, შ. ც-ი იყო ძალიან ნასვამი. მასთან ერთად იყვნენ სხვა პირები. მეზობელ ქალებთან გამოსალაპარკებლად იქვე, სკამზე ჩამოჯდა, რა დროსაც დაინახა, როგორ აყრიდა შ. ც-ი ასფალტის ნატეხებს მათი სახლის სახურავს. მან არ იცოდა, რა ხდებოდა, მხოლოდ ხმაურის ხმა ესმოდა. ამ დროისათვის მათთან სახლში იმყოფებოდა მისი მეუღლე, გ. ბ-ი და შვილიშვილი – ქ. კ.. გ. მ-ემ შ. ც-ი განარიდა იმ ადგილს. მოწმის სახლში ჩასვლისას ჯ. ბ-იც დაბრუნდა. ეს დაინახა შ. ც-მა და ყვირილით მოუწოდებდა ჯ-ს, ასულიყო მაღლა, ამავე დროს აგინებდა დედის მისამართით. მოწმის თქმით, სანამ ჯ. ავიდოდა, „დაავლო ხელი რაღაცას, „სტარტოვკასავით“ რაღაც ჰქონია, ამოიტანა ესა“. შ. ც-ი გავარდა კორპუსის უკან, „იქიდან გამოიტანა, ვინ მიაწოდა, რა მიაწოდა“, ეგ მას არ უნახავს. მოწმის განცხადებით, შ.მ მოიტანა „იქიდან სასროლი“. დაიწყო სროლა, რა დროსაც ჯ. ს მიმართულებით ორჯერ გაისროლა. ტყვიები მოხვდა სხვადასხვა საგანს. ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას მისი მეუღლე – გ. ბ-იც – ავიდა მაღლა და იდგა მისი გვერდით, ხოლო თვითონ ცდილობდა ჯ-ას დამშვიდებას და სახლში დაბრუნებას. მოწმის განცხადებით, ზ. ქ-ე შემთხვევის ადგილზე არ უნახავს, მაგრამ ნახა მისთვის უცხო ადამიანები. იმ მომენტში, როდესაც შ. ც-ი იარაღს ისროდა, მას გვერდით არავინ არ ედგა. როდესაც შ. ისროდა, გ. მ-ემ გასაჩერებლად სცადა მიახლოება, რა დროსაც მასაც მოხვდა ტყვია. დაახლოებით, სამჯერ ან ოთხჯერ ისროლა იარაღიდან შ.მ, ერთი ტყვია იქვე მდგომ მაცივარსაც კი მოხვდა. მოწმის განცხადებით, მის ოჯახსა და ბრალდებულის ოჯახს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. დაადასტურა, რომ ბრალდებული შ. ც-თან მეგობრობდა და ამ შემთხვევის შემდეგ სწორედ მას გაჰყვა თან, მაგრამ უცნობია მისი მიმალვის მიზეზი. მოწმის განცხადებით, დაჭრიდან რამდენიმე წუთში მისმა მეუღლემ დაკარგა გონება და ამ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომელშიც გარდაიცვალა. მოწმემ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც შ. ც-მა დაიწყო ქვების სროლა მათი სახლის მიმართულებით, გარეთ გამოვიდა მეუღლესთან ერთად და დაინახა შ. ც-ი, გ. მ-ე და მანქანასთან მყოფი გივი ფაშურიშვილი. ასევე დაადასტურა, რომ ხმაურზე გამოვიდა მათი მეზობელი გ. კ., რომელიც ჯ. ბ-ს ამშვიდებდა და რომელმაც შ-ას დაუძახა, რომ დალოდებოდა ადგილზე, აიღო „სტარტოვკა“ და წავიდა მისკენ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, შ. იდგა მათგან მოშორებით, ხოლო თავად და ჯ. – იდგნენ იქვე, ფარეხებთან. არ იცის, შ.მ საიდან მოიტანა იარაღი, „გავარდა, მე მგონი, საქამრეში ჰქონდა“. მ-ეს ტყვია მოხვდა ხელში, როდესაც შ. ც-ისკენ შესაჩერებლად წავიდა. მოწმის განცხადებით, ტყვია მოხვდა ჯერ მ-ეს, რომელიც მათგან მოშორებით იყო, სადღაც შუაში მათსა და შ.ს შორის, უკვე ამის შემდგომ – მის მეუღლეს. ს. შ-ამ დაადასტურა, რომ ა. ბ-ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ინვალიდია და შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, იყო ქვევით, სახლში, ხოლო შვილიშვილი – ქ. კ. – იმყოფებოდა ფარეხთან და წამოსვლას ეხვეწებოდა ბაბუას, რომელმაც არ დაუჯერა შვილიშვილს და გაემართა შ. ც-ისკენ, რა დროსაც მოხვდა ტყვია. კორპუსის სადარბაზოს ვერ ხედავდა, ვინაიდან იდგა ფარეხებთან. მოწმის განცხადებით, ასევე ისროდა თავისი შვილი – ჯ. – ე.წ „სტარტოვკიდან“. ასევე, მისი განცხადებით, გ. ფ-ზე პოლიციის განყოფილებაში იძალადეს, რის შემდეგაც იგი გარკვეული პერიოდი, დაახლოებით, ერთი კვირა, მკურნალობდა საავადმყოფოში. გამოძიების მხრიდან დაინტერესება იყო, რომელი იარაღიდან ისროდა მისი შვილი და სწორედ ამის გამო ჩაატარეს ჩხრეკა მათ სახლში. ხალხისგან შეიტყო, რომ იმ დღეს ქ. და ც. ერთად ჩასხდნენ ავტომობილში და მიიმალნენ.
9.2. მოწმე ქ. კ-ამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ცხოვრობს კერძო სახლში, მდებარე ფ-ის №--ში. გარდაცვლილი გ. ბ-ი იყო მისი ბაბუა, ხოლო ზ. ქ-ე – მისი მეზობელი და ოჯახის ახლობელი. 2019 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, მშობლები საყიდლებზე იყვნენ გასულები, ხოლო ბიძა, ა. ბ-ი, ბაბუა და ბებია სახლში იმყოფებოდნენ. ბებიასგან შეიტყო, რომ ნასვამი შ. ც-ი ითხოვდა მამამისის – ჯ. შ-ას – უბანში ასვლას. სახლში ყოფნისას გაიგო სახურავზე ქვების დაცემის ხმა, რასაც მოჰყვა გინება მამამისის – ჯ. შ-ას – მისამართით. შეშინებული გავიდა ეზოში სიტუაციაში გარკვევის მიზნით, არ დაუნახავს, მაგრამ ივარაუდა, ხმიდან გამომდინარე, რომ შ. ც. ზემოდან ისროდა ქვებს მათი სახლის მიმართულებით, ხოლო ბაბუა, გ. ბ-ი, იცვამდა და ემზადებოდა ზემოთ, კორპუსებთან, ასასვლელად. პირველად თვითონ ავიდა კორპუსთან, რათა სიტუაცია განემუხტა და არ დაეშვა ბაბუამისის ადგილზე ასვლა, საფრთხის თავიდან არიდების მიზნით. მოწმის განცხადებით, ზევით დახვდა შ. ც-ი, რომელიც მამამისის მისამართით იგინებოდა. იმ დროისთვის უკვე ბაბუაც ავიდა მასთან. სწორედ ამ მომენტში ჯ. შ-აც დაბრუნდა სახლში, რომელსაც დაუძახა შ.მ, „ამოდიო“ და მამამაც უპასუხა – „ამოვდივარო“. მამის ამოსვლამდე ცდილობდა გ. ბ-ის შეკავებას, მაგრამ ჯ. ს ასვლის შემდგომ მან გვერდით გასწია, „გადამაგდო უფრო“ და გაემართა შ. ც-ისკენ. მოწმის განცხადებით, წინ მიდიოდა გ. ბ-ი, მას უკან მიჰყვებოდა ჯ. შ-ა, ხოლო ბოლოს – თვითონ მისდევდა მამას და ბაბუას. მოწმემ განაცხადა, რომ სახლთან არსებული კიბის ბოლოში იდგა დედამისი – ლ. კ.; ბებია იმ ტერიტორიაზე არ დაუნახავს და ასევე არ იცის, იმყოფებოდა თუ არა იმ დროს იქ. მოწმის განცხადებით, დაინახა, კორპუსის მეორე სადარბაზოს სარდაფიდან „როგორ მიაწოდა იარაღი ზ. ქ-ემ და როგორ გამოიშვირა ხელი შ-ომ მამამისის წინააღმდეგ“. ყველამ გვერდით გადაიწია, რა დროსაც მამამისმა, ჯ. შ-ამ, ხელი მოჰკიდა მოწმეს და მოუწოდა, სახლში წასულიყო. ამის შემდეგ გ. ფ-მა მოჰკიდა ხელი და ჩაიყვანა სახლში. მოწმის განცხადებით, ზ. ქ-ემ მიაწოდა ფარდულიდან იარაღი შოთიკოს, რომელმაც შემდეგ ის ისროლა. მოწმის განცხადებით, დაინახა, როგორ გამოვიდა სადარბაზოდან ზ. ქ-ე, მიწოდა იარაღი ხელში შ. ც-ს, რომელიც ისროლა ჯ. შ-ას მიმართულებით. მიაწოდა თუ არა იარაღი, სწორედ იმ წამს გაისროლა ამ იარაღიდან შ.მ. ჩამოთვლილი პირების გარდა, იდგა ასევე მათი მეზობელიც, რომელსაც თეთრი თმა ჰქონდა, მაგრამ სახელი არ ახსოვს. მას შემდეგ, რაც ის სახლში ჩაიყვანეს, მალევე ჩავიდა სახლში მამა, რომლის ჩასვლიდან, დაახლოებით, 5 ან 3 წუთში ჩავიდა ბაბუაც. მოწმემ დაინახა ბაბუა, რომელსაც გულმკერდის არე ჰქონდა სულ სისხლიანი.იგი მის ფეხებთან ჩაიკეცა და დაკარგა გონება. არ ახსოვს, რამე თქვა თუ არა ბაბუამ, მაგრამ მოგვიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 5 თებერვალს გარდაიცვალა. პირველი გასროლის ხმა სწორედ მაშინ გაიგო, როდესაც ქ-ემ იარაღი გადასცა შ. ც-ს და მან გაისროლა. გ. ფ-მა მიიყვანა სახლთან ჩასასვლელ კიბემდე და შემდეგ წავიდა უკან. მოწმის განცხადებით, სროლების შემდეგ სახლში დაბრუნებული მამამისი არ წასულა მდინარე მტკვრისკენ. ასევე არ დაუნახავს მამამისისთვის რაიმე ყუთის მიწოდების მომენტი. მოწმის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ბებია არ უნახავს. მოწმის განცხადებით, იმ მომენტში, როდესაც ცდილობდა ბაბუამისის დამშვიდებას და მამამისმა გვერდით ჩაუარა, გაიგონა რაღაც ხმა, მაგრამ იყო თუ არა ეს გასროლის ხმა, დღეს არ შეუძლია დააზუსტოს. ამ ხმას მოჰყვა უკვე ძლიერი გასროლების ხმა.
9.3. მოწმე გ. ფ-ის ჩვენების მიხედვით, 2019 წელს მუშაობდა ფ-ის ქუჩაზე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანების სახელოსნოში. აღნიშნული სახელოსნო მდებარეობს შ-ების სახლიდან ამომავალი ბილიკიდან, დაახლოებით, 10 მეტრში. არ ახსოვს დრო, მაგრამ მუშაობის პროცესში შემოესმა გინებისა და ქვების სროლის ხმა. გამოიხედა და დაინახა, რომ შ. ც-ი იგინებოდა და ქვებს ისროდა ჯ. შ-ას სახლის მიმართულებით. ცოტა ხანში შ. შემობრუნდა და გავიდა კორპუსის მხარეს. მალევე შემოესმა თოფის გასროლის ხმა. გაემართა ჯ. შ-ას შესაკავებლად, რა დროსაც ჯ. ს გადმოასწრო წინ მამამ – გ. ბ-მა – და გაემართა კორპუსის მიმართულებით. თვითონ როდესაც ცდილობდა ჯ. ს შეკავებას, ამ უკანასაკნელმა ფეხების მიმართულებით ესროლა ე.წ „სტარტოვკა“. ჯ. მიერ გასროლას წინ უსწრებდა ერთი გასროლის ხმა. ორივე მხარე ერთმანეთის მიმართულებით იგინებოდა. მოწმის განცხადებით, ჯ. ს და გ. ბ-ის გარდა, ადგილზე იმყოფებოდა ასევე ს. შ-ა, ბოლოს კიბეზე ამოდიოდა ქ. კ-ა, რომელიც კიბეებზე არც იყო ამოსული. ს. შ-ა ამოსული იყო და მასა და ჯ. შ-ასთან ახლოს იდგა, ხოლო გივი მათ გასცდა და წავიდა კორპუსის მიმართულებით. კვლავ გაიგონა სროლის ხმა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, უნდოდა, გასცლოდა აღნიშნულ ადგილს. გაისროლა თუ არა ჯ. მ, ზუსტად არ იცის. მოსცილდა ჯ. შ-ას და სცადა იქვე არსებული ფარეხებისთვის თავის შეფარება. ფარეხთან მისულს დახვდა იქვე მდგომი გ. ბ-ი, რომელმაც უთხრა: „– გაერიდე, შვილო, მე უკვე მოხვედრილი მაქვს, შენ რატო უნდა მოგხვდესო“. თავზე დაიფარა ხელები, დახარა თავი და გარკვეული პერიოდი აღარ ამოუწევია. მოწმის განცხადებით, იმ დღეს იმ ტერიტორიაზე ზ. ქ-ე არსად დაუნახავს. იმავე დღეს გამოკითხვის მიზნით მიიყვანეს პოლიციაში, რა დროსაც მასზე ფიზიკურად იძალადეს პოლიციის თანამშრომელებმა, რის გამოც მოხვდა საავადმყოფოში სამკურნალოდ. მიუხედავად ძალადობისა, მაინც ის ინფორმაცია აისახა გამოკითხვის ოქმში, რაც მას სურდა. საავადმყოფოში მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა და დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, თუკი არ მისცემდა იმ ჩვენებას, რაც მათ სურდათ. არ შეუძლია სამართალდამცავების სახელებისა და გვარების დასახლება, რადგან არ იცნობს მათ, მაგრამ პოლიციელები აიძულებდნენ, დაედასტურებინა, რომ, თითქოსდა შემთხვევის ადგილზე ნახა ზ. ქ-ე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამის შემდეგ გამოიკითხა მესამედ და მეოთხედ, მაგრამ არ ახსოვს დეტალები, ამ დაკითხვების დროს ჰქონდა თუ არა ძალადობას ადგილი. მოწმის განმარტებით, პირველი ჩვენების დროს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას. გამოძიებაში მიცემულ და პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებებს მოწმე გ. ფ. არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ზ. ქ-ე შემთხვევის დღეს არ უნახავს და ადგილზეც არ ყოფილა, ხოლო გ. მ. არა შ.ს, არამედ მის გვერდით იმყოფებოდა. არ დაუნახავს, როგორ მოხვდა შ. ც-ის ხელში იარაღი; ც-ს იარაღი თან ჰქონდა. მოწმემ მოახდინა მოძრაობის დემონსტრირება, რითაც მიუთითა, რომ შ. ც-ს იარაღი ჰქონდა საქამრეში. მოწმის განცხადებით, მან დაინახა, როგორ ამოიღო საქამრიდან შ. ც-მა იარაღი და გაისროლა ჯ. შ-ას მიმართულებით, რა დროსაც ზ. ქ-ე იქ არ ყოფილა. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჯ. ს მიმართულებით მოძრაობდა, დაინახა, როგორ ამოიღო საქამრიდან შ.მ იარაღი და გაისროლა ჯ. ს მიმართულებით. მოწმის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა ჯონი შ-ა, იგივე – ა. ბ-ი. მას აქვს ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემა, რომლის გამოც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. გ. მ-ესთან ერთად ცდილობდა ჯ. შ-ას შეჩერებას. მოწმის განცხადებით, სახლიდან მაღლა ამოსული არ უნახავს ქ. კ-ა და არც ის ფაქტი შეუნიშნავს, თუ როგორ ამშვიდებდა იგი ბაბუას. ქ. კ-ასთვის მას არ მოუკიდია ხელი და არ ჩაუყვანია სახლში. მას შემდეგ, რაც გ-იმ ხელი ჰკრა მას და მანქანებთან თავი დახარა, სანამ სროლა არ დასრულდა, არ აუწევია თავი. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც შ. ც-მა გინება დაიწყო, შემდეგ კი იარაღი გაისროლა, მასთან არავინ მისულა და იარაღი არავის მიუწოდებია.
9.4. მოწმე გ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თ-ში, ფ-ის №--ში. 2019 წლის 1 თებერვალს ბრუნდებოდა სამუშაოდან, როდესაც შ-ების სახლის მხრიდან გინების ხმა ისმოდა. როდესაც იმ მხარეს გადაიხედა, ამოსასვლელში ამოდიოდნენ გ. ბ-ი და ს. შ-ა. გ. იყო ძალიან ანერვიულებული, შესაბამისად, სცადა მისი დამშვიდება; იქვე ჩამოსხდნენ, რა დროსაც გ. ბ-ი იმეორებდა – „რა უნდაო“, მაგრამ თვითონ არ იცის, გ. ამ სიტყვებს ვისთან დაკავშირებით ამბობდა. სწორედ ამ მომენტში ამოვიდა სახლის მხრიდან ჯ. (ჯ.) შ-ა, რომელსაც ჰკითხა, საით მიდიოდა და სცადა მისი შეკავება. რაღაც მომენტში ვეღარ შეძლო ჯ. შ-ას გაკავება, ჯ. მ მისგან გაითავისუფლა თავი და წავიდა კორპუსის მიმართულებით, ფარეხების წინა მხარეს. მოწმის განცხადებით, ჯ. ს შეკავების მომენტში გ. ბ-ი წავიდა ფარეხების მიმართულებით, რომელსაც შემდეგ უკან მიჰყვა ჯ. . ს. შ-ა თავიდან გ-სთან ერთად იყო, ხოლო შემდეგ, როდესაც იგი ჯ. ს გაკავებას ცდილობდა, არ დაუნახავს, სად წავიდა. თვითონაც მათი მიმართულებით წავიდა. როდესაც ფარეხებთან მივიდა, ხელის არეში მოხვდა ტყვია და დაიჭრა. იქვე მდგარი მანქანის უკან შეაფარა თავი, რა დროსაც მას გ. ბ-მა ჰკითხა, დაიჭრა თუ არა. სხვა დეტალები არ ახსოვს, ვინაიდან, დიაბეტის გამო ცუდად გახდა და იმყოფებოდა საავადმყოფოში. მოწმის განცხადებით, იცნობს ასევე შ. ც-ს, მაგრამ იმ დღეს, იმ ადგილას შ. ც-ი მას არ დაუნახავს, არც ის იცის, ფარეხების მხარეს ვინ იმყოფებოდა. ასევე არ უნახავს ზ. ქ-ე 2019 წლის 1 თებერვალს. არ იცის, ვინ დაჭრა ან ვინ ისროლა მისი მიმართულებით. არ დაუნახავს გ. ბ-ის დაჭრის ფაქტი, ასევე – დამჭრელი. მოწმის განცხადებით, გამოძიების ეტაპზე არ გამოუკითხავთ, ასევე ვერ ადასტურებს, მისი ხელმოწერაა თუ არაა დატანილი გამოკითხვის ოქმზე. პროკურორმა გამოაქვეყნა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელიც მოწმემ დაადასტურა. მოწმის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს არც ქ. კ-ა, არც – ზ. ქ-ე და არც – შ. ც-ი. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯ. შ-ას ხელში ეჭირა იარაღისმაგვარი საგანი და სწორედ ამიტომ ცდილობდა მის შეჩერებას. მას შემდეგ, რაც ჯ. წავიდა მისგან, მალევე გაიგო სროლის ხმა და გაემართა იმ მიმართულებით, რა დროსაც თავადაც დაიჭრა.
9.5. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმე გ. კ-ის ჩვენებით გაირკვა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს თ-ში, ფ-ის ქუჩის №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი ეზოდან, დაახლოებით, 15-20 მეტრში, ფ-ის ქუჩის №--ს მიმდებარედ, განთავსებულია სახლ-კარი, რომელშიც ცხოვრობს მეზობელი – გ. ბ-ი, თავის მეუღლესთან – ს. შ-ასთან, ორ შვილთან: ჯ. ბ-სა (რომელსაც იცნობს „ჯ.ს“ სახელით) და ჯ. (ა.) ბ-თან ერთად. 2019 წლის 1 თებერვალს, დღის მანძილზე მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოს მხრიდან შემოესმათ ადამიანების ყვირილისა და გინების ხმა, თუმცა კონკრეტულად ვინ ყვიროდა და იგინებოდა, ვერ მიხვდა. გარეთ გასვლისას დაინახა, რომ ბ-ების სახლის უკანა მხარეს, შემაღლებულ გორაკზე, ფ-ის ქუჩის №--ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის მხრიდან, იდგა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომლის ვიზუალი, მანძილის სიშორის გამო, ვერ გაარჩია, მამაკაცი იგინებოდა, შემდეგ კი ზემოდან ისროლა ქვა, რომელიც ძალიან მცირე მანძილით ასცდა ჯ.ს ქალიშვილს. ამ დროს ბ-ების ეზოში იდგნენ: გ., მისი მეუღლე – ს., ჯ., ჯ.ს მეუღლე და ჯ.ს ქალიშვილი. ქვის სროლის შემდეგ მისკენ გაიქცა გ. ბ-ი, შემდეგ – ს. შ-ა, შემდეგ კი – ჯ.. იმ მომენტში ისევ თავის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც გ., ს. და ჯ. ავიდნენ გორაზე, შესაბამისად, დაშორდნენ საკმაო მანძილით და მოეფარნენ თვალს. მოწმემ გაიგო ერთი, სავარაუდოდ, გასროლის ხმა. მისი გაგონების შემდეგ ინსტიქტურად გაიქცა მათი მიმართულებით. გორაზე ასვლისას კიდევ ორი გასროლის ხმა გაიგო და ამ მომენტში მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. იყო არეულობა, კონკრეტულად, რა ხდებოდა, ვერ მიხვდა და ვერც ვერავის ჰკითხა. გორაზე ასვლის შემდეგ, გ-ს, ჯ.ს და ს-ას გარდა, იქ შეკრებილი იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა მათი ვინაობა არ იცის. მისი ზემოთ ასვლიდან 15-20 წამში ჯ. და ს. მოდიოდნენ უკან, ამიტომ ჩათვალა, რომ აღარაფერი ხდებოდა და გადაწყვიტა, მათ გაჰყოლოდა. გორაკიდან ჩასვლის შემდეგ ჯ. სახლში არ შესულა და წავიდა სახლის პირდაპირ, მინდვრისკენ, მდინარე მტკვრის მიმართულებით, კონკრეტულად, სად ან რა მიზნით, მისთვის უცნობია. გორაკიდან ჩამოსვლის შემდეგ შეჩერდა ბ-ების საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ, რა დროსაც მასთან მივიდა ჯ.ს მეუღლე და მომაწოდა რაღაც მომცრო ზომის, შავი ფერის ყუთი, რომელსაც ჰქონდა ტარი, და უთხრა, რომ აღნიშნული ყუთი გადაეგდო. მოწმემ ყუთი ინსტინქტურად გამოართვა, წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლისკენ და ყუთი დააგდო თავისი სახლის აივანზე. ამ დროს გაიგო მამაკაცის ხმა, რომელმაც დაიყვირა, მიშველეთო; ამავდროულად გაიგო ქალების ყვირილის ხმაც. გ. კ. მიბრუნდა ბ-ების ეზოსკენ და დაინახა, რომ გ. უკვე ჩამოსული იყო საცხოვრებელი სახლის ეზოში და სახეზე ჰქონდა ცუდი ფერი; მან დაიძახა სიტყვა „დამჭრა“. ჩემის მისვლის შემდეგ გ-ის ოჯახის წევრებმა, კონკრეტულად არ ახსოვს – ვინ, სახლიდან გამოიტანა სკამი, რომელზეც დასვეს გ.. გივის ეცვა მონაცრისფრო პერანგი, თუმცა იმ მომენტში მისთვის რაიმე დაზიანება ან წითელი ფერის ლაქები არ შეუმჩნევია. ჯ.მ უთხრა, რომ დაერეკა სასწრაფოში, რაც მაშინათვე გააკეთა. სწორედ მოწმემ უზრუნველყო საკუთარი ავტომანქანით მოგვიანებით დაჭრილი გ. ბ-ის საავადმყოფოში გადაყვანა.
9.6. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 თებერვალს, თ-ში, ფ-ის ქუჩის №-თან, ჯ. შ-ას „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანის (სახ. ნომრით -) ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 1 ცალი, შავი ფერის პიტოლეტის მსგავსი საგანი, ზედა მარცხენა და წინა კუთხეში წარწერით – „STALKER 014 UK“, ქვემოთ, ცალკე – -, ზედა მარჯვენა და წინა კუთხეში – „MADE BY ATALK“, 1 ცალ მჭიდისმაგვარ საგანსა და 3 ცალ ვაზნისმაგვარ საგანთან ერთად.
9.7. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 თებერვალს, თ-ში, ფ-ის ქუჩის №--თან, ჯ. შ-ას კუთვნილი, „ტოიოტას“ ფირმის მარკის ავტომანქანის „სახ. ნომრით -) ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ერთი ცალი, შავი ფერის პისტოლეტისმაგვარი საგანი, ზედა მარჯვენა და წინა მარცხენა კუთხეში წარწერით – „MADE IN TURKEY“, ზედა მარცხენა და წინა კუთხეში წარწერით – „EKOL BO TAN“, CAL. 9 mm Pak., 1 ცალი მჭიდისმაგვარი საგნით და 5 ცალ ვაზნისმაგვარ საგანთან ერთად.
9.8. ბალისტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 20 მარტის - დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, „STALKER 014-U“ მოდელის, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ხმოვანი პისტოლეტი. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „STALKER 014-UK“ მოდელის, პისტოლეტზე არსებული ნომერი „-“ მსგავსია დამამზადებელი საწარმოს მიერ შესრულებული მარკირებებისა. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 3 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ხმოვანი ვაზნა, განკუთვნილი იმავე კალიბრიანი პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „STALKER 014-UK“ მოდელის, - პისტოლეტისათვისაც) და სხვა. აღნიშნული ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, „EKOL Botan“ მოდელის, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ხმოვანი პისტოლეტი. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, „EKOL Botan“ მოდელის პისტოლეტზე არსებული ნომერი „-“ მსგავსია დამამზადებელი საწარმოს მიერ შესრულებული მარკირებებისა. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ-ნომინალურკალიბრიანი ხმოვანი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „EKOL Botan“ მოდელის, - პისტოლეტისათვისაც) და სხვა. აღნიშნული ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 7.8. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი, „PARABELLUM/ LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი-მასრა, განკუთვნილი 9 მმ (9X19 მმ) კალიბრიანი პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის, მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში და არ არის გასროლილი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - და - პისტოლეტებში. 3 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1900 წლის ნიმუშის (საბრძოლო მასალის) 7,65 მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი-მასრა, განკუთვნილი ამავე კალიბრიანი „ARIZAGA“, „ASTRA Mod,1915“, „Eibar“, „BAYARD Mod, 1909“, “BERETTA Mod, 1915“, „BROWNING Mod-1900“ პისტოლეტებისათვის და სხვა. მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 7,65 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში და არ არის გასროლილი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - და - პისტოლეტებში. 9.10.11. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, გივი ფაშურიშვილისაგან ამოღებული და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1900 წლის ნიმუშის (საბრძოლო მასალის), 7,65 მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი ამავე კალიბრის „ARIZAGA“, „ASTRA Mod,1915“, „Eibar“, „BAYARD Mod, 1909“, “BERETTA Mod, 1915“, „BROWNING Mod- 1900“ პისტოლეტებისათვის და სხვა. ტყვიები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 7,65 მმ კალიბრიანი ერთი და იმავე პისტოლეტის ლულიდან და არ არის გასროლილი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - და - პისტოლეტების ლულიდან. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 2 ცალ ტყვიასა და 5 ცალ მასრაზე ვერ იქნა აღმოჩენილი სათანადო რაოდენობა ინდივიდუალური კერძო ნიშნებისა, რომელთა ერთობლიობით ცალსახად დგინდება, შეადგენდა თუ არა გასროლამდე ერთ მთელს.
9.9. გარდა ზემოჩამოთვლილისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების უფროსის 2019 წლის 12 ივლისის წერილი მასზე დართული, საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ცხრილით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის 2023 წლის 4 სექტემბრის მომართვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის წერილი და სხვა მასალები.
10. მითითებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად პალატა ასკვნის, რომ, ქ. კ-ას გარდა, სასამართლოში დაკითხულ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ზ. ქ-ის ყოფნა დანაშაულის ადგილზე და შ. ც-ისთვის იარაღის გადაცემა. ს. შ-ას ჩვენების ის ნაწილი, რომლითაც ადასტურებს შ. ც-ისა და ზ. ქ-ის ავტომობილში ჩასხდომისა და მიმალვის ფაქტს, არის ირიბი, ვინაიდან ეფუძნება ხალხის მონათხრობს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქ. კ-ას ადგილმდებარეობაზე შემთხვევის მომენტში, რამეთუ აღნიშნულს ჭეშმარიტების დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევის მომენტში ქ. კ-ა არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
11. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ზ. ქ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება – ქ. კ-ას შეცვლილი ჩვენება, რომელიც არ იძლევა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, მის მონათხრობს არ ადასტურებს არცერთი სხვა მოწმე, პირიქით, ეწინააღმდეგება როგორც მის მიერ გამოძიებისას გამოკითხვების დროს მიწოდებულ ინფორმაციას, ისე – საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს. იმავდროულად, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ დაზარალებულების „აღშფოთება“ და ზემოხსენებულ მოვლენებთან ზ. ქ-ის დაკავშირება ამ უკანასკნელის სომხეთში წასვლამ განაპირობა, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები კი, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, კანონიერად გადაწყდა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა ქ. კ-ას ჩვენებას, აღნიშნული იქნებოდა ბრალდების მხარის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ვერ შექმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანტარტს.
12. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებით და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე