საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.07.2025
საქმის ნომერი
2კ-251აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№251აპ-25 თბილისი

ლ-ი ფ., 251აპ-25 2 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჭ-ასა და ი. გ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ფ. ლ-ი, - ტაჯიკეთის მოქალაქე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 28 მარტიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ფ. ლ-მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 12 იანვარს, დილის საათებში, ტ-ის მოქალაქე ფ. ლ-მა, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, დაუდგენელ მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ფ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჭ-ა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ფ. ლ-ისათვის არასაპატიმრო სასჯელის ან ჯარიმის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი ი. გ. – მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატები ითხოვენ მსჯავრდებულ ფ. ლ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ფ. ლ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილია 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ფ. ლ-ისათვის განსაზღვრული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ზემოაღნიშნული მუხლის სასჯელის მინიმუმია. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა სასამართლოს შეუძლია, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

8. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. ლ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერია, სამართლიანია და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი შემსუბუქების ან სასჯელის სხვა სახის გამოყენების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, იმსჯელა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე, დაიცვა სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები და მიიჩნია, რომ, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მისგან მომდინარე საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი საფრთხეების გათვალისწინებით, მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს სასჯელის იმ სახეს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, ხოლო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრისას.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ფ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჭ-ასა და ი. გ-ის – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე