შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 02.10.2025
საქმის ნომერი
2კ-393აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100123008021251

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №393აპ-25 2 ოქტომბერი, 2025 წელი

დ-ი ნ., №393აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე, მსჯავრდებულ ნ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. გ–ის საკასაციო საჩივარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. დ–ი (დაბადებული: ........, პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 8 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქალაქ ბ– რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, 2023 წლის 10 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ნ. დ–მა ვ. ჭ–ე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ, 40 ლარის სანაცვლოდ გადასცა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0046 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ხსნარი.

1.3. 2023 წლის 12 სექტემბერს, დღის საათებში, ქალაქ ბ– რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, 2023 წლის 10 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ნ. დ–მა ვ. ჭ–ე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ, 60 ლარის სანაცვლოდ გადასცა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0026 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ხსნარი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენით, ნ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. დ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის - 20000 ლარის ოდენობით ჯარიმის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 12000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ნ. დ–ს ძირითად სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 12000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ნ. დ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მსჯავრდებულ ნ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 12 სექტემბრიდან.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ხატია ჩხენკელმა, და მოითხოვა ნ. დ–ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ლ. გ–ემ, რომელმაც მოითხოვა ნ. დ–ის გამართლება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელისა და მსჯავრდებულ ნ. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ნ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2023 წლის 8 სექტემბრისა და 2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. დ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ნ. დ–ისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნ. დ–ს ორი მესამედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული ძირითადი და დამატებითი სასჯელების მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 12000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 12000 ლარი.

მსჯავრდებულ ნ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2023 წლის 12 სექტემბრიდან.

მსჯავრდებულ ნ. დ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3.2. 2024 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. გ–ემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა ნ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ეპიზოდებში და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი, ნ. დ–ის ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ეპიზოდებში დამნაშავედ ცნობის ნაწილში უკანონოა. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ნ. დ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენის ფაქტი, თუმცა მისი მიზანი არ ყოფილა ნარკოტიკული საშუალების გასაღება. შესაბამისად, იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი გასაღების ეპიზოდებში და უფრო მსუბუქი სასჯელი უნდა დაენიშნოს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. გ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

5.2. საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ნ. დ–ის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს და 12 სექტემბერს ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ, არაერთგზის შეძენის ფაქტი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი შეეხება 2023 წლის 8 სექტემბერსა და 12 სექტემბერს ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ეპიზოდებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია: სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვებოდა თუ არა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ეპიზოდებთან მიმართებით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას დაედებოდა საფუძვლად.

5.3. ამასთან, სადავო ფაქტობრივ გარემოებას, ასევე არ წარმოადგენს, რომ ნ. დ–ი წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისათვის. შესაბამისად, იგი ბრალადწარდგენილი ქმედებების დროს ითვლებოდა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირად, რაც სადავო არ გამხდარა სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე.

5.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ნ. დ–ს არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზანი და სახეზეა მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა/შენახვის ფაქტები. პალატა თავდაპირველად განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, არაერთგზის, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, არაერთგზის. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. ჭ–სა და ა. რ–ს ჩვენებებიდან ცალსახად დგინდება 2023 წლის 8 და 12 სექტემბერს ნ. დ–ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის დეტალები. ვ. ჭ–იამ დეტალურად განმარტა მისი ნ. დ–თან ურთიერთობის შესახებ, დაადასტურა, რომ ნებაყოფლობით ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადაეცა თანხა. ვ. ჭ–მ, ასევე დაადასტურა, რომ ნ. დ–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები ორივე შემთხვევაში წარუდგინა გამომძიებელს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამომძიებელმა ა. რ–მ. ფულადი თანხის გადაცემის ოქმების თანახმად, 2023 წლის 8 სექტემბერს, ვ. ჭ–ს გადაეცა 40 ლარი, ხოლო 2023 წლის 12 სექტემბერს – 60 ლარი ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენის მიზნით. სწორედ აღნიშნული თანხით მოხდა ნ. დ–ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა. შეძენილი ნარკოტიკული საშუალება კი, ვ. ჭ–მ მიიტანა იქვე მყოფ სამართალდამცავთან, რაც დადასტურებულია ამოღების ოქმებით.

5.6. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, ნ. დ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენის ფაქტები, ასევე დადასტურებულია ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებებით, როგორიცაა: ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერები, ქიმიური ექსპერტიზის N.... და .... დასკვნები, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, მოწმეების ი. ე-სა და დ. ხ-ს გამოკითხვის ოქმები და სხვა. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსის დეტალური და გონივრული ანალიზის შედეგად უტყუარად დგინდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომელშიც გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ცალსახად აქარწყლებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას ნ. დ–ის უდანაშაულობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით ნათელია, რომ ნ. დ–ის ერთადერთი ინტერესია, გაასაღოს ნარკოტიკული საშუალება.

5.7. 2023 წლის 8 სექტემბერს, ბ. რ– მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 19:46 საათიდან 19:52 საათამდე განხორციელებული ვ. ჭ–ს და ნ. დ–ის შეხვედრისა და საუბრის ფარული ვიდეო/აუდიო ჩანაწერით დადასტურებულია, რომ ვ. ჭ–ია და ნ. დ–ი შეხვდნენ ერთმანეთს. ვ. ჭ–ა ნ. დ–ს გაწვდილ ხელში უდებს თანხას, რასაც ნ... ინახავს საფულეში. ნ. დ–ი ეუბნება ვ. ჭ–ს: „გადაჭრილ ხეს ხედავ აგერ, გადაჭრილი რომ დგას, იმის ქვეშაა, ხედავ, თეთრი შეკვრა... მანქანა მოდის...“ „მიდი აიღე. შეკვრა იგერ დევს ქვემოთ. აგერ ხის ქვეშ, ბუჩქებში, მიდი ნახე. ვ. ჭ–ა იღებს ხის ძირიდან თეთრ შეკვრას და კითხულობს - „ეს“? ნ. დ–ი ეუბნება - არ დაგივარდეს, მანდ ორია“. 2023 წლის 12 სექტემბერს, ბ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:48 საათიდან 12:29 საათამდე განხორციელებული ვ. ჭ–იას და ნ. დ–ის შეხვედრისა და საუბრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით დადასტურებულია, რომ ვ. ჭ–ია და ნ. დ–ი შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრამდე ვ. ჭ–ია ტელეფონზე ესაუბრება ნ. დ–ს და ეუბნება, რომ ის უკვე იქ ადგილზეა. ნ. დ–ი ეუბნება ვ. ჭ–იას: „ეს მაქვს 60 ლარად“; „ახლა მე გავალ სახლისკენ ... აქ ნუ იდგები, აქ არ დაჯდე .. სადმე იქეთ, ტუმბოზე ან აქ და ათვალიერე...“ ვ–ის კითხვაზე - „მალე მოვა თუ არა, ტ– პასუხობს, რომ მალე მოვა“. გარკვეული დროის შემდეგ ბრუნდება ტ–, იგი ეუბნება ვ–ს „უყურე, მე უფრო მეტი ჩავასხი, არც დამიხურია.“ ვ–ი ეკითხება - რამდენია აქ, 3?“ ტ– პასუხობს - „სამი, ხო, მეტიც, მეტი ჩავასხი; დაიწყებენ ყვირილს როგორც ყოველთვის, ... არ ყოფნის...“.

5.8. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული ვ. ჭ–ს ჩვენება არ არის სანდო და რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიდან არ დგინდება ნ. დ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები და სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით ნ. დ–ს თითოეული ეპიზოდისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი – სასჯელები განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

6.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. დ–ი არის ნასამართლევი, შესაბამისად, მის მიმართ სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს, რომ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

6.5. ამასთან, ვინაიდან ნ. დ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის ქვეშ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.

6.6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის, როგორც თანაზომიერი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ. ასევე, გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის წესს, სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

6.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

6.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა განაჩენთა ერთობლიობით, ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის სამ ალტერნატიულ წესს, კერძოდ: ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ/მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ ზემოხსენებული სამი წესიდან არჩეული იქნეს ერთი და ამ პრინციპის საფუძველზე მოხდეს, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სახის სასჯელის დანიშვნა.

6.9. მართალია, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი განაჩენთა ერთობლიობის დროს იძლევა სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების შესაძლებლობას, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან არ იკვეთება, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, მოსამართლემ სასჯელის ნაწილობრივი შეკრების პრინციპით იხელმძღვანელა. აშკარაა, რომ ძირითად სასჯელთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი, ხოლო დამატებით სასჯელთან მიმართებით – შეკრების.

6.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა დანიშვნის წესი მიემართება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბერი 642აპ-21 განაჩენი). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ ხელმძღვანელობს სასჯელთა ნაწილობრივ ან სრულად შეკრების წესით და მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა შთანქთქმის პრინციპის გამოყენებას, ეს უკანასკნელი უნდა გაავრცელოს როგორც ძირითადი, ისე – დამატებითი სასჯელის მიმართ.

6.11. საკასაციო პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა განპირობებულია წინა განაჩენით აღუსრულებელი სასჯელის არსებობით. ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა მიემართება არა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრას, არამედ აღსასრულებელ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო – ერთიანი სასჯელის დანიშვნას შთანთქმის ან შეკრების/ნაწილობრივ შეკრების პრინციპების გამოყენებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 706აპ-22 გადაწყვეტილება).

6.12. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ნ. დ–ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა – 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ვინაიდან ნ. დ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი განზრახი დანაშაულები ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაზეც უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება და სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ. დ–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

6.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენში;

3. ნ. დ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 სექტემბრისა და 2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. დ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;

7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნ. დ–ს ორი მესამედით შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით) და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

9. მასვე, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ორი მესამედით შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით) და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო ამავე განაჩენით განსაზღვრულ დამატებით სასჯელზე - არ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 12000 ლარი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

11. ნ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 12 სექტემბრიდან.

12. მსჯავრდებულ ნ. დ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

13. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ. დ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

14. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

სიგარეტის კოლოფი, ერთჯერადი შპრიცები მათში არსებული ნარკოტიკული ნივთიერებებით და ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;

ფულადი თანხა და ჩანთა მასში არსებული მობილური ტელეფონით და პირადი ნივთებით – დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

15. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

16. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე