საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.10.2025
საქმის ნომერი
2კ-490აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№490აპ-25 თბილისი

ა. ი., 490აპ-25 27 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 იანვრის განაჩენით ი. ა. ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი და ი. ა-ს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 4 თვე. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5500 ლარი. ი. ა-ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2023 წლის 16 თებერვლიდან იმავე წლის 24 თებერვლის ჩათვლით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. გაუქმდა ი. ა.ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – და გირაოს სახით გადახდილი თანხა – 3000 ლარი – გირაოს პირობების დარღვევის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით, 14:00 საათზე, თ-ში, ზ-ში, მე-- კვარტალში, N- კორპუსის ბინა N--ში, ი. ა-მა, რომელსაც დ. ჯ-ის, როგორც ქალისა და მეუღლის, მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე და აკონტროლებდა მის კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. ჯ-ეზე, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის მარჯვენა მხარეს და ძლიერად მოქაჩა თმა. ი. ა.ს ქმედების შედეგად დ. ჯ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით, 14:00 საათზე, თ-ში, ზ-ში, მე-- კვარტალში, N- კორპუსის ბინა N--ში, ი. ა-მა, რომელსაც დ. ჯ-ის, როგორც ქალისა და მეუღლის, მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე და აკონტროლებდა მის კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. ჯ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ ცოცხალს არ დატოვებდა და მოკლავდა. ი. ა.ს მხრიდან ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა დ. ჯ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიანა ონიანი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ი. ა.სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას სრულად თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

9. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, ან ორ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს, ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან – უამისოდ.

11. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (2025 წლის 4 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი შესაბამისად, სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ხოლო თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

12. განსახილველ შემთხვევაში, ასმარ ოსმანოვს მსჯავრად შეერაცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რომელზე დაყრდნობითაც და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლითა და 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილი წესის გამოყენებით, განუსაზღვრა სასჯელი ქვედა ინსტანციის სასამართლომ.

13. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. ა-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რეციდივი) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) გარემოებების, დაზარალებულის შემრიგებლური პოზიციის, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებით, განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგებიდან გამომდინარე, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ა.სთვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერია, სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე