საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.10.2025
საქმის ნომერი
2კ-574აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124010453082

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №574აპ-25 21 ოქტომბერი, 2025 წელი

გ–ი გ.,№574აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2020 წლის 7 დეკემბერს, შპს ,,მ–სა“ და ზ. კ–ეს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,მ–მ“ ზ. კ–ისაგან შეიძინა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომით: .........), რაც სარგებლობისა და გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ზ. კ–ეს. ამავე დღეს სოლიდარულ თავდებად განისაზღვრა გ. გ–ი და გადაეცა აღნიშნულ ავტომობილზე მართვის უფლება. გ. გ–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის კუთვნილი ავტომობილი, რაც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა და განკარგა პირადი შეხედულებისამებრ. ვინაიდან, 2024 წლის 26 ივლისს შპს ,,მ–ს“ პრობლემური აქტივები გადაეცა შპს ,,... .....ს“, გ. გ–ის დანაშაულებრივი ქმედებით კომპანია შპს ფ..... ...ს“ მიადგა 6500 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განაჩენით, გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება 1 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჯიქურაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გიორგი გოგალაშვილისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჯიქურაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 8 მაისს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. გ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე – ჯარიმა ზედმეტად ლმობიერია, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. გ. გ–მა ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელმაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია. მას მხოლოდ მიყენებული ზიანის უმნიშვნელო ოდენობა აქვს ანაზღაურებული და დაზარალებულს სამართლიანი პრეტენზია გააჩნია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, სასამართლოს მხრიდან სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება წარმოადგენს მსგავსი დანაშაულის წახალისებასა და დაზარალებულის ინტერესის უგულვებელყოფას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, მისი განხორციელებისას გამოყენებული ხერხი, დამდგარი მძიმე შედეგი, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა დაენიშნა უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას.

5.3. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით გ. გ–ს, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებსა (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის N1264აპ-24 და 2025 წლის 11 ივნისის N203აპ-25 განჩინებები).

5.5. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.6. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, ზიანის უმნიშვნელო ოდენობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ–ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა 6500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმე – მ. თ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ნაწილ-ნაწილ ანაზღაურებულია 5863 ლარი.

5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. ამასთან, ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხოლოდ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად, ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის N 390აპ-14 განაჩენი).

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე