საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100124009747293
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №592აპ-25 10 ოქტომბერი, 2025 წელი
ჯ. გ., №592აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ჯ–ა (პირადი ნომერი: …………) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 01:10 საათზე ზ–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კიბეზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ. ჯ–ამ არასრულწლოვანი შვილის.... წელს დაბადებულ მ. ჯ–ას თანდასწრებით, გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც უკავშირდებოდა მის სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ თ. პ–ას, როგორც ცოლსა და ქალს, არ ჰქონდა უფლება, მოსაზრება გამოეთქვა მის მიერ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით, მეუღლეს, თ. პ–ას, ხელი მოჰქაჩა თმაში, რის შედეგად თ. პ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა გ. ჯ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით გ. ჯ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შორენა გვილავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ჯ–ას წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 8 აპრილს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად – გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. მართალია დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა გ. ჯ–ას ბრალეულობა. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, გ. ჯ–ას მიმართ ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, რომელშიც უშუალოდ დაზარალებული აწვდის ინფორმაციას „112“- ის ოპერატორს მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაზარალებულებთან პირველად შემხებლობაში მყოფი პოლიციის თანამშრომლების – ნ. ს–ს და გ. ყ–ს – გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სამედიცინო ექსპერტიზისისას დაზარალებულის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაციით. კასატორმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა გ. ჯ–ას მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ გ. ჯ–ას ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებმა – თ. პ–ამ, მ. ჯ–ამ და მოწმე ლ. ც–მ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ. ჯ–ას მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – თ. თ–ს, გ. ყ–სა და ნ. ს–ს ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.8. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ მიუთითა საცხოვრებელ სახლზე მიდგმულ კიბესთან, სადაც მისი განმარტებით, გ. ჯ–ამ იძალადა მასზე. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც, შესაძლოა, არსებითი გავლენა ჰქონოდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ეს კი სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან – ამ შემთხვევაში, დაზარალებულთან.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.10. საქმეში არ მოიპოვება რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე, დამოუკიდებლად, დაადასტურებდა გამართლებულის მონაწილეობას ბრალადწარდგენილ დანაშაულში. ცალკე აღებული, დაზარალებულის მიერ ექსპერტიზის დროს ექსპერტისთვის განმარტებული გარემოებები, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად.
5.11. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც, ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.
5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ჯ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე