საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.11.2025
საქმის ნომერი
2კ-536აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100124008673215

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №536აპ-25 6 ნოემბერი, 2025 წელი

დ. გ., №536აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენზე, მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბარბარა ჩხეიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ბ–ე (პირადი ნომერი: .........) და გ. დ–ი (პირადი ნომერი: ……..) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 11 ოქტომბერს, ტ–ს ა– ა–ს –ს ..-ე კვარტალში, გ. დ–მა, ი. ბ–თან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად, ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ გაჩეხა 9 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე, რითაც მათ გარემოს მიაყენეს 1905,2 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.

2.2. გორის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. დ–ის მიმართ არ დადასტურდა მის მიერ, ბრალად შერაცხილი დანაშაულის სხვა პირებთან ერთად ჩადენა. ამდენად, გ. დ–ს ბრალდების შინაარსიდან ამოერიცხა მითითება ბრალად შერაცხილი დანაშაულის ი. ბ–თან და სხვა დაუდგენელ პირთან ერთად თანაამსრულებლობით ჩადენის შესახებ. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნა სასჯელი.

2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენით, ი. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

გ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ. დ–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2023 წლის 21 დეკემბრიდან 2023 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით), შეუმცირდა 200 ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5800 ლარი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა საქმიანობის უფლების (ხე-ტყის ჭრასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება) ჩამორთმევა 2 წლით.

გ. დ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა გ. დ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უზრუნველსაყოფად, 7000 ლარის ფარგლებში, დაყადაღებული, რ. ბ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 653,00 კვ.მ. მდებარე: გ–ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ა–ი, საკადასტრო კოდი 66.60.15.169.

2.4. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ბარბარა ჩხეიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. ბ–ისა და გ. დ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებებით და მათთვის მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრა.

2.5. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. რ–მა, რომელმაც მოითხოვა გ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენით, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბარბარა ჩხეიძისა და მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი ი. ბ–ისა და გ. დ–ის მიმართ დარჩა უცვლელი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხეების უკანონოდ მოჭრის პროცესში გ. დ–ს თან ახლდა კიდევ ორი პირი, რომელთა ვინაობაც დაუდგენელია. ასევე დაუდგენელია აცნობიერებდნენ თუ არა ეს პირები იმ ფაქტს, რომ დავითაშვილი ხე-ტყეს უკანონოდ მოიპოვებდა ან/და რომელი მათგანი და რა ფორმით ეხმარებოდა მას.

3.2. 2025 წლის 20 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. რ–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობა, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 და მე-8 პუნქტების გაუქმება და ავტომობილ „ზილის“ მესაკუთრისთვის დაბრუნება.

3.3. 2025 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბარბარე ჩხეიძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. ბ–ისა და გ. დ–ის წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი, ი. ბ–ის გამართლების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარის პოზიციით, წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, ი. ბ–ისა და გ. დ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ: 2024 წლის 27 იანვრის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, მოწმეების – დ. ლ–ს, მ. შ–ს, დ. გ–სა და გ. ბ–ს მიერ მიცემული ჩვენებებით, ასევე დ. გ–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და დ. გ–სა და ვ.ჯ–ს მონაწილეობით შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით უტყუარადაა დადასტურებული ი. ბ–ისა და გ. დ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. მოწმე ვ. ჯ–ის, ასევე ექსპერტ ვ. მ–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მოჭრილი ხეებიდან ცხრა ხე იყო ახალი მოჭრილი, ხოლო ავტომანქანის ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ს. ჟ–ისა და მ. ტ-ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ ....“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ....., ამოღებული იქნა ი. ბ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან. ავტომობილის ამოღებაში მონაწილეობდა ი. ბ–ე, რომლებმაც განზრახ დააზიანა ავტომობილი, რათა პოლიციელებს არ ჰქონოდათ ავტომობილის ამოღების საშუალება. მ. ტ-მ დამატებით მიუთითა, რომ ამოღებისას ავტომანქანა იყო ახალი შეღებილი, მასვე დახსნილი ჰქონდა სანომრე ნიშნები. ავტომანქანის გადაღებვის ფაქტი დასტურდება ასევე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითაც. ბრალდების მხარემ, ასევე მიუთითა დაცვის მხარის მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი შეფასებით არაერთგვაროვანია. ასევე, მთელ რიგ შემთხვევებში ამ პირების მონაყოლი არადამაჯერებელია და ცალსახად უთითებს მათ სურვილზე შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო.

4.2. კასატორის, დაცვის მხარის პოზიციით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივ ანალიზს. სასამართლოებმა მტკიცებულებები სარწმუნოობის, უტყუარობის და დამაჯერებლობის თვალსაზრისით სწორად არ შეაფასეს და ვარაუდებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება. გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნეს ერთადერთი მოწმის დ. გ–ის პირდაპირ ჩვენებაზე და წერილობით მტკიცებულებებზე, თუმცა გასაჩივრებული განაჩენით სათანადოდ არ შეფასებულა წარმოდგენილ მტკიცებულებებში არსებული ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დ. გ–ის ჩვენება. იგი არადამაჯერებელია და არშეესაბამება სხვა მტკიცებულებებს, ასევე წინააღმდეგობრივია მის მიერ სასამართლოსა და გამოძიებაში მიცემული ჩვენებები. ამასთან, წერილობითი მტკიცებულებების ნაწილით დასტურდება, რომ ადგილზე ნანახი იქნა მოჭრილი ხის 29 ჯირკი და 6 ხე, ხოლო ნაწილით 29 ჯირკის და 16 ძირის ხის ან მორის არსებობა დასტურდება, რაც არსებითი წინააღმდეგობაა და გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი ალოგიკურია, კერძოდ: სასამართლომ დაადგინა, რომ გ. დ–მა დანაშაული ჩაიდინა მარტომ. ამასთან ერთად, სასამართლომ გ. დ–ის მიერ ჩადენილად მიიჩნია ისეთი ფაქტები, რისი განხორციელებაც ერთ ადამიანის მიერ შეუძლებელია. ერთი ადამიანი დამოუკიდებლად ვერ მოჭრის 9 ძირ დიდი ზომის ხეს, ვერ გაასუფთავებს მათ ტოტებისაგან და ვერ დაამზადებს მათგან მორებს. მით უმეტეს, დროის მოკლე პერიოდში - რამდენიმე საათში. დაცვის მხარის მითითებით, გასაჩივრებული განაჩენი, ასევე დაუსაბუთებელია გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონების აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, რამდენადაც სასამართლოს არ უმსჯელია რის საფუძველზე დაადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა გირაოს პირობების დარღვევის ფაქტი. ასევე არასწორია გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების -„ზ-“ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით ......., ბედის გადაწყვეტის შესახებ. დაცვის მხარე დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენს ი. ბ–ის გამართლების ნაწილში და ითხოვა ამ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება კასატორთა მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მათ მიერ წარმოდგენილი საჩივრები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

5.3. საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. ბ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.

5.4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: 2024 წლის 27 იანვრის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმზე, ამოღების ოქმზე, მოწმეების – დ. ლ–ს, მ. შ–ს, დ. გ–ის, გ. ბ–ს, ვ. ჯ–ისა და ვ. მ–ის ჩვენებაზე, ასევე დ. გ–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და დ. გ–ის და ვ. ჯ–ის მონაწილეობით შედგენილ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით, იმის დადგენა, რომ ი. ბ–ემ გ. დ–თან და დაუდგენელ პირთან ერთად, 2023 წლის 11 ოქტომბერს, ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ გაჩეხა 9 ძირი წიწვოვანი ხე – შეუძლებელია. აღნიშნული მტკიცებულებები მიემართება გ. დ–ის მსჯავრდებას. ი. ბ–ის ნაწილში საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამოღების ოქმისგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა ი. ბ–ის მონაწილეობას განსახილველ დანაშაულში. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. დ–ი, დაუდგენელ ორ პირთან ერთად, ტყეში ი. ბ–ს მფლობელობაში არსებული სატვირთო ავტომანქანით გადაადგილდებოდა, საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა მისი დამნაშავედ ცნობისათვის, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე კი, აღნიშნული არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის ი. ბ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით გამართლების შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

5.5. რაც შეეხება, გ. დ–ის მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ უტყუარად იქნა დადასტურებული მის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა. საგულისხმოა, ფაქტის თვითმხილველი მოწმის – დ. გ–ის ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე პირადად დაინახა, როგორ მოჭრა გ. დ–მა 9 ძირი ხე. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ ტყეში, მოწმეებმა ვიდეოჩანაწერით დააფიქსირეს სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც სწორედ გ. დ–ი იჯდა. დ. გ–ის ჩვენებით, ასევე დადასტურებულია, რომ მოწმემ შემთხვევის ადგილზე, გ. დ–თან ერთად, მისთვის უცნობი ორი პიროვნებაც დაინახა, რომლებიც მოშორებით იდგნენ და მონაწილეობას არ იღებდნენ ხეების მოჭრაში. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან წამოვიდა და თანამშრომლების ძებნა დაიწყო, რათა მომხდარის შესახებ შეეტყობინებინა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ეძებდა. როდესაც თანამშრომლები ნახა, მათთან, ასევე მივიდა დ. ლ–ე. მათ გადაწყვიტეს ერთად მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ამ დროს ზემოაღნიშნულმა პირებმა ისინი დაინახეს, ავტომანქანა დაძრეს და მათ გვერდზე ჩაუარეს. ავტომანქანაში მარჯვენა მხარეს გ. დ–ი იჯდა, უკან ძარაზე ერთი ადამიანი იდგა, საჭესთან ვინ იჯდა, არ დაუნახავს. ამის შემდეგ, ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და ნახეს, რომ თექვსმეტი ცალი მრგვალი მორი იყო მოჭრილი. დ. გ–ის განმარტებით, ავტომანქანა, რომელმაც მათ გვერდით ჩაუარა, იყო ის ავტომანქანა, რომელიც ფოტოხაფანგმა დააფიქსირა. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადასტურებული მოწმეების – დ. ლ–ს, მ. შ–სა და გ. ბ–ს ჩვენებებით. ასევე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის ზიანის გაანგარიშების დამადასტურებელი დოკუმენტით, დადასტურებულია, რომ გ. დ–ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია 1905,2 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

5.6. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც დადასტურებულად მიიჩნია გ. დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ის გარემოებები, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ი. ბ–ის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორებმა საკასაციო საჩივრებში წარმოადგინეს არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივრებში მიუთითებდნენ.

5.7. რაც შეეეხება, დაცვის მხარის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განაჩენის შეცვლას გირაოს და ნივთმტკიცების ნაწილში – საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გირაოს და ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტის ნაწილში გამოტანილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით, შესაბამისად, კანონიერია და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი ვერ გახდება.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. დ–თან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, გ. დ–ის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დაზარალებულის პოზიცია და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. დ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში გ. დ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამასთან, მართალია გ. დ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა საკასაციო სასამართლო ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. რ–ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბარბარა ჩხეიძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე