საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.11.2025
საქმის ნომერი
2კ-564აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124009450564

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №564აპ-25 თბილისი

ს. ი., 564აპ-25 13 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ი. ს– (პირადი №…….), დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 29 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ი. ს–მ ჩაიდინა ხულიგნობა, ე. ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 29 აპრილს, დაახლოებით, 15:20 საათიდან 15:40 საათამდე შუალედში, თ–ში, ……. გამზირზე, ზ. ბ–ის მიერ მართული, „სეტრას“ მარკის ავტობუსით (სახელმწიფო ნომრით – ………) საავტომობილო გზაზე გადაადგილდებოდნენ თ–ში, რ–ს გამზირზე პოლიტიკური პარტია „……….ის“ დაგეგმილ აქციაზე …..დან მომავალი მოქალაქეები, რა დროსაც თ–ში, ………..ის გამზირზევე არსებულ ……….ის სამინისტროსთან ავტობუსს სიგნალებით მარცხენა მხრიდან ამოუდგა იმავე მიმართულებით მოძრავი ი. ს– მის მიერვე მართული, „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით – …….) და ავტობუსის მგზავრებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვინაიდან ისინი მიდიოდნენ აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალჯერ მოუწოდეს, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და თავი დაენებებინა მათთვის, იგი აგრძელებდა საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას და აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას „სეტრას“ მარკის ავტობუსში მყოფი მგზავრების მისამართით. აღნიშნულის შემდეგ, როდესაც მიუახლოვდნენ შპს „სან „…….ის“ ბენზინგასამართ სადგურს („გ–ს“), ი. ს–მ გააჩერა ავტომობილი და საბარგულიდან გადმოიღო ნაჯახი, რომლითაც მივიდა ავტობუსის კართან და დაუწყო ფეხების დარტყმა, კარების გაღების შემდეგ კი თანნაქონი ნაჯახის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ავტობუსში მყოფ ყველა მგზავრს, რითაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, მოიქნია თანნაქონი ნაჯახი და დაარტყა ავტობუსის შიგნით, მოპირკეთებულ ნაწილს. ავტობუსის მძღოლი იძულებული გახდა, შეეწყვიტა მოძრაობა და გაჩერებულიყო, ი. ს–სგან მომავალი საფრთხის ინტენსიურობისა და საშიშროების გამო. მის მიმართ კვლავ გრძელდებოდა მოწოდება, შეეწყვიტა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები, მიუხედავად აღნიშნულისა, ი. ს. დაბრუნდა ავტომანქანასთან, საბარგულიდან აიღო გელალომი და თავის არეში მოუქნია ავტობუსიდან ჩამოსულ მგზავრს – ნ. ვ–ს, რომელმაც დაზიანება მიიღო თავის არეში.

· ი. ს–ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კერძოდ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით – ნაჯახითა და გელალომით, ასევე, მგზავრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ნ. ვ–სთვის თავში გელალომის ჩარტყმით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რის შედეგადაც, მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში შეჩერდა მოძრაობა, ვეღარ აგრძელებდნენ გზას „სეტრას“ მარკის ავტობუსში მყოფი მგზავრები, ასევე, უფუნქციო გახდა შპს „………ის“ ბენზინგასამართი სადგური („….ი“).

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი ლ. ჯ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ს–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ადვოკატის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე. დაზარალებულების: ნ. ვ–ს, მ. მ–ს, ზ. ბ–ის, შ. ჯ–სა და ვ. ჭ–ს, მოწმეების – ნ. ზ–ს, გ. ბ–ს, მ. ხ–ს, გ. მ–ს ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ავტობუსისა და შპს „…….დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმებით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით, სასამართლო-სამედიცინო და სტაცინარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზების დასკვნებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

8. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არგუმენტებს და მიუთითებს, რომ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და მათში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევამდე ისინი ბრალდებულს არ იცნობდნენ. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის დროსაც არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მიანიშნებდა მათი მხრიდან ი. ს–სთვის დანაშაულის დაბრალების ინტერესს. მეტიც, დაზარალებულებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულის მიმართ დააფიქსირეს შემწყნარებლური პოზიცია, რაც ნამდვილად არ მიანიშნებს მათი მხრიდან ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე.

9. დაზარალებულთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2024 წლის 29 აპრილს, შუადღის საათებში, ავტობუსით გადაადგილდებოდნენ თ–ში, ……ის გამზირზე. ი. ს. ავტობუსის მგზავრების მიმართ გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას და მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ავტობუსის მგზავრების მხრიდან ი. ს–ს და მისი ოჯახის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ბრალდებულს სთხოვდნენ დამშვიდებას.

10. გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით დადასტურდა დაზარალებულთა ჩვენებები, რომ ი. ს–მ გაუსწრო, სწრაფი სვლით გზა გადაუჭრა ავტობუსს და გააჩერა ავტომანქანა, რომლის საბარგულიდან გადმოიღო ნაჯახი, ნელი სვლით მიმავალ ავტობუსთან მივიდა და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი, ავტობუსის კარის გაღების შემდეგ კი ნაჯახით დააზიანა ავტობუსის ინვენტარი, აგინა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ავტობუსის მგზავრებს. ნაჯახით შეიარაღებული პირის თავდასხმის შემდეგ ავტობუსის მგზავრებმა სცადეს სიტუაციის განეიტრალება, რის შემდეგაც, ი. ს. დაბრუნდა ავტომანქანასთან და საბარგულიდან გადმოიღო გელალომი, რომლის გამოყენებით მომხდარი დაპირისპირებისას დაზიანება მიაყენა ავტობუსის მგზავრ ნ. ვ–ს. ი. ს–ს ქმედებით ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეფერხდა მოძრაობა, ავტობუსებისა და ავტომანქანების მგზავრები ვეღარ აგრძელებდნენ მოძრაობას, ასევე შეფერხდა ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირებაც.

11. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ცხადია, რომ ბრალდებულის მიზანს წარმოადგენდა ძალადობით და ძალადობის მუქარით უხეშად დაეღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოეხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. დანაშაულებრივ განზრახვაზე პირდაპირ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ბრალდებულს თავისუფლად შეეძლო გზის გაგრძელება. ამის მიუხედავად, მან სწრაფი სვლით შეიცვალა მოძრაობის ზოლი, გააჩერა ავტომანქანა და, ნაჯახით შეიარაღებულმა, ძალადობით და ძალადობის მუქარით, გამოხატა საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობა. მის მიერ განხორციელებული ქმედებები – ნაჯახით შეიარაღებულმა ი. ს–მ დაზიანება მიაყენა ნელი სვლით მოძრავ ავტობუსს, შემდეგ ავარდა ავტობუსში, დაემუქრა და აგინა მის მგზავრებს, უწოდა „სამშობლოს მოღალატეები“, უმისამართოდ იქნევდა რაღაც საგანს – პირდაპირ მიუთითებს მის დანაშაულებრივ განზრახვაზე – დაერღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი აგრესია მიმართული იყო ავტობუსში მყოფი მგზავრებისა და მძღოლის მიმართ. ი. ს–ს ყოველი ქმედება და სიტყვა გამიზნული იყო, რათა ავტობუსში მყოფ პირებს გასჩენოდათ შიში. როგორც დაზარალებულებმა და მოწმეებმა სასამართლოში განმარტეს, კონფლიქტისას დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც, მოქალაქეები შეწუხდნენ და გარკვეული დროის განმავლობაში …….ს გამზირზე შეფერხდა მოძრაობა.

12. არაერთი მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულის უკმაყოფილება სწორედ პარტია „……….ის“ მხარდამჭერების დანახვამ გამოიწვია, რასაც თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს. სწორედ ამ მიზეზით გადმოვიდა იგი ავტომანქანიდან, მოიმარჯვა ნაჯახი და აგრესიულად იქნევდა, ასევე ფეხს ურტყამდა ……….ის გამზირზე, ავტომობილების სიმრავლის გამო, ისედაც ნელი სვლით მოძრავ ავტობუსს. მგზავრების მხრიდან დროშის ტარისა თუ სხვა ნივთების გამოყენება მიმართული იყო მხოლოდ ი. ს–ს აგრესიის საპირისპიროდ, რომელმაც დააზიანა ავტობუსის შიდა ინვენტარი. დაცვის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ი. ს–მ ავტომანქანიდან ნაჯახი გადმოიღო ავტობუსის მგზავრების შესაშინებლად, დამაჯერებლობასაა მოკლებული, ხოლო მისი ქმედებით არ იკვეთება სხვა პირადი მოტივი, რაც გამორიცხავდა ი. ს–ს მხრიდან ხულიგნობის ჩადენას.

13. ამდენად, სახეზეა ი. ს–ს ქმედების ობიექტური შემადგენლობის დადასტურებისათვის აუცილებელი დანაშაულის შემდეგი ნიშნები: ა) პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი (შედეგი); ბ) ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და გ) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

14. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ი. ს. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნო. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც კასატორს მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.

15. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი ნამდვილად მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ (Suominen v. Finland), 37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ, ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

16. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე