საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100124009900898
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №639აპ-25 თბილისი
მ. გ., 639აპ-25 19 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განაჩენით გ. მ–ის (პირადი №.....), დაბადებულის 1... წელს, ნასამართლობის არმქონის, ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილზე; გ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ–ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგით:
· 2018 წლის 14 ივლისს, 12:50 საათზე, კ–ს რაიონის ტერიტორიაზე, დ–ს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა „BMW-ს“ მძღოლმა გ. მ–ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნები და ხელშემშლელი გარემოების გარეშე გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ავტომობილის მგზავრმა – ნ. ბ–ემ, რომელიც გარდაიცვალა 2019 წლის 4 აპრილს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ გ. მ–ეს სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 24 იანვრიდან.
4. კასატორი – მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენის გაუქმებას, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, გ. მ–ისათვის სასჯელის ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი შორენა მგალობლიშვილი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. მსჯავრდებულ გ. მ–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებით, მოწმეების – ნ. ბ–ის, ლ. გ–ს, ვ. გ–ს, ს. ლ–სა და ს. გ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 28 იანვრის სასამართლო-სამედიცინო და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ასევე – სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2024 წლის 26 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ გ. ც–ს ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებსაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
8. მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატი კ. კ–ე ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, გ. მ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას, რაც ჩაეთვლება პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
11. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ასეთი შეთანხმება კი მხარეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.
12. საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს გ. მ–ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ გ. მ–ისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
13. სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა დიდი ნაწილის უდავოდ ცნობით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) გარემოებები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. მ–ეს განუსაზღვრა სამართლიანი, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით დაწესებული მინიმალური სასჯელი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და შემდეგ – მისი პირობითად ჩათვლა, საპროცესო შეთანხმების არარსებობის პირობებში, სამართლებრივად შეუძლებელია.
14. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ გ. მ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე