საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.11.2025
საქმის ნომერი
2კ-668აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010100122005614496

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №668აპ-25 11 ნოემბერი, 2025 წელი

დ. გ., №668აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. დ–ეს (დაბადებულს 19.., პირადი №..........) ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი);

1.1.2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი);

1.2. გ. დ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2021 წლის მაისში, ბ–ში, ს–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში ყოფნისას, გ. დ–ემ, სახის არეში ხელის დარტყმით და თავის არეში ხატის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – მ. რ–ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2.2. 2021 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ბ–ში, ს–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში ყოფნისას, გ. დ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის, თავისა და მუცლის არეში ხელების მრავალჯერადი დარტყმებითა და ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – მ. რ–ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2.3. 2021 წლის 30 დეკემბერს, ბ–ში, ს–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში ყოფნისას, გ. დ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – მ. რ–ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2.4. 2022 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ბ–ში, ს–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში ყოფნისას, გ. დ–ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და ზურგის არეში ხელების მრავალჯერადი დარტყმებითა და ფეხის არეში ფეხების მრავალჯერადი დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – მ. რ–ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117–ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, გ. დ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა გ. დ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თორნიკე გოგეშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. დ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ასევე – მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, გ. დ–ის ადვოკატებმა – ნ. დ–ემ და ი. ა–ემ – შესაგებლით მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენით, აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – თორნიკე გოგეშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. დ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ასევე – მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე გ. დ–ის მეუღლემ, დაზარალებულმა – მ. რ–ამ – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – გ. დ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებულის მშობლები და და. აღნიშნული მოწმეები ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებიან. დაზარალებულის მშობლებს გ. დ–ის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მეორე შვილმა – ს. რ–მ. თავის მხრივ, ს. რ–მ სასამართლოს განუცხადა, რომ მისი ვარაუდით, ყელზე არსებული დაზიანება დას გ. დ–მ მიაყენა, ვინაიდან მათ შორის კონფლიქტი არსებობდა და შემთხვევის დროს სახლში სხვა არ იმყოფებოდა.

4.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, რამდენადაც აღნიშნული მოწმეები დანაშაულის უშუალო თვითმხილველები არ არიან, მათი ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება და ეფუძნება მხოლოდ სავარაუდო, სუბიექტურ შეფასებებს. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მიხედვით, ისინი ირიბ მტკიცებულებად განიხილება. ამგვარი მტკიცებულებების გამოყენება, პირის ბრალეულობის საკითხზე მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გამო, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.6. მართალია, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია მ. რ–ს სახესა და სხეულზე დაზიანებების არსებობა, თუმცა არსებული მტკიცებულებები არ იძლევა უტყუარ საფუძველს დასკვნისთვის, რომ აღნიშნული დაზიანებები მას გ. დ–მ მიაყენა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი და მის საფუძველზე შედგენილი ოქმი, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ ჩაითვლება გ. დ–ის ბრალეულობის უტყუარ დასტურად.

4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს დანაშაულის ჩადენისას პირის ბრალეულობა. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41-43).

4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოს შეუძლია დაეთანხმოს ქვედა ინსტანციის დასაბუთებას მისი განმეორების გარეშე, რაც არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენი გ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე