საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.12.2025
საქმის ნომერი
2კ-595აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100122005519374

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №595აპ-25 ქ. თბილისი

ჯ-ძე ა, 595აპ-25 3 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ჯ-ს, - დაბადებულს .. წლის .. იანვარს, - ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწია; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ა. ჯ-მ, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში, ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე გაჩერებული ო. ქ-ის კუთვნილ „პეჟოს“ მარკის (სახ.№....) ავტომობილზე ქვის გამოყენებით დააზიანა და გაანადგურა სხვადასხვა დეტალი, რითაც დაზარალებულს მიადგა 1530 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ა. ჯ-ძე, სანადირო თოფის დემონსტრირებით, თ. ქ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ა. ჯ-ძე, სანადირო თოფის დემონსტრირებით, თ. ქ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ა. ჯ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. ა. ჯ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში (ზონა - ქ-ი 20, სექტორი - სოფელი ქ-თი 40, კვარტალი - 04, ნაკვეთი - 097, საკადასტრო კოდი - N...) ნ. ჯ-ისა (პ/ნ: ...) და შ. ჯ-ის (პ/ნ: ....) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 3000 ლარის ღირებულების წილს.

2.3. გამართლებულ ა. ჯ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენის გაუქმება, ა. ჯ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ ა. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. ჯ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

7. განსახილველ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულებმა - თ. და თ. ქ-მა, მართალია, ჩვენება მისცეს სასამართლოში და აღწერეს ა. ჯ-ის ქმედებები, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ დაზარალებულების მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ არის გამყარებული და მეტიც, არსებითად ეწინააღმდეგება საქმის სხვა გარემოებებს. დაზარალებულების - თ. და თ. ქ-ის ჩვენებების გარდა, სხვა რაიმე პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა ა. ჯ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე, საქმეში არ მოიპოვება.

8. ამასთან, სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. ამავე დროს, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე