საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100122006028792
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№846აპ-25 ქ. თბილისი
ადეიშვილი მზია, 846აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მზია ადეიშვილს, – დაბადებულს 1962 წლის 21 ივლისს, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის იანვარსა და მარტში, ქუთაისში, დავითაშვილის ქუჩის №7-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მზია ადეიშვილმა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დედას – გულნარა ადეიშვილს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, საკვების მიცემისას გამოწვეული გაღიზიანების გამო, ლოგინად ჩავარდნილს, ხელი დაარტყა თავში, რის შედეგადაც გულნარა ადეიშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2022 წლის 1 აპრილს, ქუთაისში, დავითაშვილის ქუჩის №7-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მზია ადეიშვილმა თავის 8 თვის შვილს – იოანე ბაქრაძეს, მოჰქაჩა თმა, რის გამოც, ბავშვმა განიცადა ტკივილი და დაიწყო ტირილი.
1.3. 2022 წლის 3 აპრილს, ქუთაისში, დავითაშვილის ქუჩის №7-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მზია ადეიშვილმა, მეუღლეს – აბესალომ ბაქრაძეს, ხელი დაარტყა და ჩამოკაწრა სახე, რის შედეგადაც აბესალომ ბაქრაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის 3 აპრილს, ქუთაისში, დავითაშვილის ქუჩის №7-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მზია ადეიშვილი, თავის მეუღლეს – აბესალომ ბაქრაძეს, დაემუქრა, რომ კრიმინალებს მოაკვლევინებდა, რის გამოც, აბესალომ ბაქრაძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2022 წლის 4 აპრილს, მზია ადეიშვილის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა აბესალომ ბაქრაძესთან კომუნიკაცია. 2022 წლის 7 აპრილს, მზია ადეიშვილმა, ვლადიმერ ადეიშვილის სახელზე რეგისტრირებული აპლიკაცია „მესენჯერის“ გამოყენებით, დაურეკა აბესალომ ბაქრაძეს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
1.6. 2022 წლის 3 აპრილს, ქუთაისში, დავითაშვილის ქუჩის №7-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მზია ადეიშვილმა, ბავშვის ძიძას – ეკა კაპანაძეს, ნიკაპში ჩაარტყა ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც, ეკა კაპანაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.7. 2022 წლის 2 მაისს, ქუთაისში, ვ. კუპრაძის ქუჩის №11-ში მდებარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, მზია ადეიშვილი მოწმე ეკა კაპანაძეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, ეკა კაპანაძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.8. 2022 წლის 5 აპრილს, ქუთაისში, დავითაშვილის ქუჩის №7-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მზია ადეიშვილმა, ოჯახის დამხმარეს – თინა კუჭავას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დანით გამოასალმებდა სიცოცხლეს, რის გამოც, თინა კუჭავას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.9. 2022 წლის 10 აპრილამდე, ქ. წყალტუბოში ყოფნისას, ოჯახის დამხმარეს – თინა კუჭავას, მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მზია ადეიშვილი, რომელიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო 10 აპრილს – მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინება: ,,მელოდე შენთან“, რის გამოც, თინა კუჭავას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მზია ადეიშვილს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (3 ეპიზოდი).
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენით მზია ადეიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გულნარა ადეიშვილისა და იოანე ბაქრაძის ეპიზოდებსა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (თინა კუჭავას მიმართ ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ აბესალომ ბაქრაძის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ აბესალომ ბაქრაძის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ ეკა კაპანაძის ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ ეკა კაპანაძის ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ქეთევან უზნაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, მზია ადეიშვილის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ქეთევან უზნაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, მზია ადეიშვილის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ – უკანონოა, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების – თინა კუჭავას, აბესალომ ბაქრაძისა და ეკა კაპანაძის ჩვენებებითა და თინა კუჭავასათვის გაგზავნილი შეტყობინებით, უტყუარად დასტურდება მზია ადეიშვილის მიერ, როგორც თავისი ოჯახის წევრების – გულნარა ადეიშვილისა და იოანე ბაქრაძის, ასევე – თინა კუჭავას მიმართ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მეორე მხრივ, კასატორი მიიჩნევს, რომ მზია ადეიშვილის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნულ მახასიათებლებს. სასამართლოს არ შეუფასებია, რამდენად იმსახურებდა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩამდენი – მზია ადეიშვილი, ყველაზე მსუბუქ სასჯელს და, რამდენად რისკისშემცველი შესაძლოა, იყოს დაზარალებულთათვის მისი თავისუფლებაში ყოფნა. მით უფრო, გასათვალისწინებელია დაზარალებულების პოზიცია – აბესალომ ბაქრაძე, თინა კუჭავა და ეკა კაპანაძე უკმაყოფილონი არიან გამოტანილი განაჩენით და ითხოვენ მზია ადეიშვილისათვის სასჯელის გამკაცრებას.
7. მსჯავრდებული მზია ადეიშვილი წარმოდგენილი საკასაო შესაგებლით არ დაეთანხმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარს.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, იმავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა მზია ადეიშვილის მიერ აბესალომ ბაქრაძისა და ეკა კაპანაძის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა, ისევე, როგორც – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა გულნარა ადეიშვილსა და იოანე ბაქრაძეზე ფიზიკური ძალადობის, ხოლო თინა კუჭავას მიმართ მუქარის ფაქტები. კერძოდ:
11. შეზღუდული შესაძლებლობების დედასა და მცირეწლოვან შვილზე შესაძლო ძალადობის ბრალდებებთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულების –აბესალომ ბაქრაძისა და ეკა კაპანაძის ჩვენებები, ბრალდებების ამ ნაწილში – ირიბია და შეუძლებელია, საფუძვლად დაედოს განაჩენს, ხოლო დაზარალებულ თინა კუჭავას მონათხრობი, გულნარა ადეიშვილზე ძალადობასთან დაკავშირებით, ზოგადია, მაშინ, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე მზია ადეიშვილს ედავებოდა კონკრეტულად – 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის იანვარსა და მარტში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი დედის ფიზიკურ შეურაცხყოფას; ბავშვზე ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით კი, დაზარალებულების – ეკა პანანაძისა და თინა კუჭავას ჩვენებები, დანაშაულის შესაძლო თარიღთან მიმართებით, ეწინააღმდეგება, როგორც ერთმანეთს, ასევე – დაზარალებულ აბესალომ ბაქრაძის მონათხრობს; თინა კუჭავას მიმართ სიცოცხლის მოსპობის შესაძლო მუქარასთან მიმართებით, ყურადსაღებია, რომ მზია ადეიშვილის მიერ დაზარალებულისათვის მიწერილი შეტყობინება: ,,მელოდე შენთან“, თავისი შინაარსით, არ იძლევა იმის ერთმნიშვნელოვნად მტკიცების საფუძველს, რომ მზია ადეიშვილი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თინა კუჭავას. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, ბრალდებების ამ ნაწილში, ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა, მზია ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სამხილების შეფასების დროს დაუდასტურებელი ეჭვები კი, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
12. კასატორის მიერ ასევე სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
13. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მზია ადეიშვილს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა – განუსაზღვრა და არა – ყველაზე მსუბუქი, როგორც ამას კასატორი ამტკიცებს თავის საკასაციო საჩივარში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს იმ დანაშაულებს, რომელთათვისაც განესაზღვრა პირობითი სასჯელი; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილელობა, არ არის გამოკვეთილი, გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – მზია ადეიშვილისათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი, რაზეც ასევე აპელირებს კასატორი, სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე