საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.01.2026
საქმის ნომერი
2კ-704აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100124009033208

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №704აპ-25 თბილისი ფ-ძე გ, 704აპ-25 20 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ფ-ს ბრალად დაედო:

გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

2. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 16 მაისს, დილით, ბ-ში, ხ-ის დასახლებაში, ნ. ჯ-ის ქუჩის №...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ფ-მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლისა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, არასრულწლოვანი შვილის – ს. ფ-ის – თანდასწრებით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ხელებისა და ფეხების დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს მ. კ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

2022 წლის 16 მაისს, დილით, ბ-ში, ხ-ის დასახლებაში, ნ. ჯ-ის ქუჩის №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ფ-ძე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლისა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს – მეუღლეს მ. კ-ს, კერძოდ, ხელი მოუჭირა კისერზე და უთხრა, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში;

2023 წლის 3 მარტს, საღამოს, ბ-ში, ხ-ის დასახლებაში, ნ. ჯ-ის ქუჩის №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ფ-მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლისა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, არასრულწლოვანი შვილების: ს. ფ-ისა და დ. ფ-ის თანდასწრებით, გაშლილი ხელის ერთხელ დარტყმით სახის არეში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს, მ. კ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

2023 წლის 3 მარტიდან 4 მარტამდე, ბ-ში, ხ-ის დასახლებაში, ნ. ჯ-ის ქუჩის №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ფ-მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე მობილური ტელეფონი წაართვა და საძინებელში ჩაკეტა მეუღლე, მ. კ-ძე, რომელიც აიძულა, არ გამოსულიყო ოთახიდან და არ დაჰკავშირებოდა სხვა პირებს, ხოლო 2023 წლის 4 მარტს დაუბრუნა ტელეფონი, აიძულა, დაერეკა დედამისთან და ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებენ გ. ფ-ის მიერ დანაშაულების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას, ასევე არ დასტურდება მისი მხრიდან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ძალადობა (ორი ეპიზოდი), შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ფ-მ ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

გ. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულიდან (2022 წლის 16 მაისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე;

გ. ფ-ძე, დაბადებული ... წლის .... იანვარს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 16 მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით;

გ. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულიდან (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე;

გ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით;

გ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით;

გ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ფ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ვახტანგ სამადალაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ვახტანგ სამადალაშვილი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, გ. ფ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა საქმეში გენდერული ნიშნის არსებობის ფაქტი და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ნიშანი, რის გამოც, ისინი გ. ფ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამორიცხა. არასრულწლოვანთა თანდასწრება დაადასტურა თავად დაზარალებულმა, თუმცა არასრულწლოვნები ვინაიდან მამასთან იზრდებიან, განმარტეს, რომ მსგავსი ფაქტები არ ახსოვთ. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებებიდან. იგი ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს ბრალადწარდგენილ ქმედებებში გ. ფ-ის სრულად დამნაშავედ ცნობას და მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ გაუსაჩივრებია; შესაბამისად, საკასაციო პალატა შეაფასებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივაციასა და არგუმენტებს.

10. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად დაზარალებულ მ. კ-ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების – ი. კ-ის, შ. ც-ის, მ. ს-ის, ნ. გ-ის გამოკითხვის ოქმებით, გ. ფ-ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და საქმის სხვა მასალათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება გ. ფ-ის მიერ ოჯახის წევრის – მეუღლის – მიმართ ძალადობის ორი ეპიზოდი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რასაც, როგორც უკვე აღინიშნა, არც მხარეები ხდიან სადავოდ.

11. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ. ფ-მ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ორივე ეპიზოდი ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე ბრალადწარდგენილი ქმედებები მან ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შესაბამისად, მას სასჯელიც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები გ. ფ-ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენისა და გ. ფ-ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის დასადასტურებლად.

13. მართალია, თავად დაზარალებულმა მ. კ-მ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები: ს. და დ. ფ-ბი, თუმცა არასრულწლოვნებს აღნიშნული ფაქტი შესაბამისი ორგანოსათვის არ დაუდასტურებიათ, ხოლო სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, საქმეში არ წარმოდგენილა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადააკვალიფიცირა გ. ფ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან (ორი ეპიზოდი) ამავე მუხლის პირველ ნაწილზე (ორი ეპიზოდი).

14. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ დანაშაულთა ერთობლიობით, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი ქმედებების, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის გათვალისწინებით, გ. ფ-ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა. პროკურორს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის გარემოებაზე, რომელიც, შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი გამხდარიყო.

15. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე