დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.12.2025
საქმის ნომერი
2კ-128-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225011965641

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№128I-25 18 დეკემბერი, 2025 წელი

რ. მ., №128I-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. (M.) რ–ს (R.) ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. რ–ს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. 2025 წლის 20 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულია მ. რ–ს დაკავების ორდერი, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) აბზაცებით (პროფესიული და ბანდისმიერი თაღლითობა), 25-ე მუხლის (2) აბზაცით და 53-ე მუხლით (დანაშაულთა ერთობლიობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

1.2. 2025 წლის 18 ივნისიდან მ. რ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. მ. რ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2025 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. რ..

2.2. 2025 წლის 15 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. რ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.3. 2025 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა მ. რ–ს ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალა.

2.4. ამჟამად მ. რ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.5. 2025 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და ითხოვა მ. რ–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2025 წლის 20 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულ მ. რ–ს დაკავების ორდერში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) აბზაცებით (პროფესიული და ბანდისმიერი თაღლითობა), 25-ე მუხლის (2) აბზაცით და 53-ე მუხლით (დანაშაულთა ერთობლიობა).

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. რ–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2025 წლის 20 მაისის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულ მ. რ–ს დაკავების ორდერში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) აბზაცებით (პროფესიული და ბანდისმიერი თაღლითობა), 25-ე მუხლის (2) აბზაცით და 53-ე მუხლით (დანაშაულთა ერთობლიობა).

2.7. 2025 წლის 11 დეკემბერს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. რ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ს–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ მართალია მ. რ. პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის განხილვისას დაეთანხმა ექსტრადიციის საკითხს, თუმცა მოგვიანებით, მან შეცვალა პოზიცია. დაცვის მხარის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მ. რ. დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას. ამასთან, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიიციისადმი დაქვემდებარებულ პირს მიღებული ან მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი. მ. რ–ს კი, უკვე მიმართული აქვს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მ. რ. არ უნდა იქნეს ექსტრადირებული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვასაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება და მიუთითა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა მ. რ–ს ექსტარდიიცის შემთხვევაში მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკს. ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს, შესაბამისად, მოქმედებს კოპენჰაგენის კრიტერიუმები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. რ. 2025 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მ. რ–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა მ. რ–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

ბრალდებული მ. რ. 2024 წლის 22 აპრილიდან 14 ივნისამდე მუშაობდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქოლცენტრში, „.......“-ში, რომელიც ყალბ ონლაინ–ვაჭრობის პლატფორმებს — A...... და F...... — იყენებდა მოქალაქეების მოსატყუებლად. ამ პერიოდში ბრალდებული მოქმედებდა ყალბი სახელით – მ. ვ. დ. ვ.“ და ტელეფონითა და ელფოსტით უკავშირდებოდა გ–ს მოქალაქეებს. იგი მათ აჯერებდა, თითქოს ჩარიცხული თანხებით ხდებოდა ინვესტირება ფინანსურ ბაზრებზე და შეიძლებოდა მაღალი მოგების მიღება. 2024 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 14 ივნისამდე პერიოდში მან მოატყუა ვ. რ., თითქოს მის კუთვნილ თანხას დააბანდებდა ონლაინ–ვაჭრობის პლატფორმა — A...... -ზე და მისგან სხვადასხვა დროს დაეუფლა 15000 ევროს, 17000 ევროს, 6000 ევროს, 20000 ევროს და 13000 ევროს. მ. რ–მ ასევე მოატყუა მ. პ–ი და მ. დ–ი, თითქოს მათ კუთვნილ თანხას დააბანდებდა ონლაინ–ვაჭრობის პლატფორმა F.......-ს მეშვეობით და მათგან სხვადასხვა დროს დაეუფლა 10000 ევროს, 10000 ევროს, 2500 ევროს და 2500 ევროს. ჯამში მ. რ. თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 96000 ევროს. ამ პერიოდში არც ერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა, პლატფორმებზე ნაჩვენები „ვაჭრობა“ იყო კომპიუტერული სიმულაცია; ბრალდებული მიზანმიმართულად აყალბებდა ბალანსებს და „მოგებებს“; დაზარალებულებს არწმუნებდა, რომ მეტი თანხის ჩარიცხვა აუცილებელი იყო; დაბოლოს, მათ აცნობებდა, თითქოს ინვესტიცია წამგებიანი აღმოჩნდა, რათა თანხის დაბრუნება ვერ მოეთხოვათ.

7. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) აბზაცებით (პროფესიული და ბანდისმიერი თაღლითობა), 25-ე მუხლის (2) აბზაცით და 53-ე მუხლით (დანაშაულთა ერთობლიობა). აღნიშნული დანაშაულისთვის დადგენილი სასჯელის სახე და ზომაა თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.

8. საქართველოს კანონმდებლობით კი, თითოეული მათგანი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. ამდენად, მ. რ–ს მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

9. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.

10. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია, ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელის მოხდისგან.

11. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მ. რ. ბრალდებულია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით.

12. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

13. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

14. ამასთან, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში ვერ მოიძია მ. რ–ს მიმართ დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია. გასათვალისწინებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (amayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“

17. წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემების თანახმად, მ. რ. არ არის საქართველოს მოქალაქე, არ ითვლება, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან მიღებული მასალით მ. რ. არ არის თავშესაფრის მაძიებელი.

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მ. რ–ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებებსა და მის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

20. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მ. რ–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

21. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

22. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

23. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. (M.) რ–ს (R.) ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე