დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.12.2025
საქმის ნომერი
2კ-131-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802225011993476

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№131I-25 ქ. თბილისი

უ–ი ჰ., 131I-25 26 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ჰ. უ–ის (H. U.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ლ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჰ. უ–ის (H. U.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. ჰ. უ–ის (H. U.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის 2025 წლის 20 ნოემბრის შუამდგომლობის თანახმად, მისი ექსტრადიცია მოთხოვნილია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლთან ერთობლიობაში 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „ჯ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

1.2. 2025 წლის 14 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანტალიის მე-4 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მაგისტრატმა სასამართლომ გამოსცა ჰ. უ–ის (H. U.) დაკავების ბრძანებები ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით;

1.3. 2025 წლის 27 ივნისიდან ჰ. უ–ი (H. U.) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ჰ. უ–ის (H. U.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2025 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. უ–ი (H. U.);

2.2. 2025 წლის 21 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ჰ. უ–ს (H. U.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2.3. 2025 წლის 20 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ჰ. უ–ის (H. U.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

2.4. ამჟამად ჰ. უ–ი (H. U.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

2024 წლის 15 აპრილს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. ა–ში, ჰ. უ–მა (H. U.), თანამზრახველებთან ერთად, წარსულში წარმოშობილი მტრობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით, იარაღის მუქარით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ფ. ერბს და ფიზიკურად გაუსწორდა მას. ბრალდებულებმა მსხვერპლს, წაართვეს მობილური ტელეფონი და ნაღდი ფული, რის შემდეგაც ფ. ე–ი წაიყვანეს პარკში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს მას. გასროლის შედეგად, აღნიშნული პირი ადგილზე გარდაიცვალა.

4. 2025 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მერი გურჩიანმა, რომელმაც ითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ჰ. უ–ის (H. U.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანტალიის მე-4 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის ჰ. უ–ის დაკავების ბრძანებებში მითითებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის – მერი გურჩიანის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. უ–ის (H. U.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანტალიის მე-4 სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის ჰ. უ–ის დაკავების ბრძანებებში მითითებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. უ–ის (H. U.) ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. ლ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ჰ. უ–ის (H. U.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. დაცვის მხარე უთითებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ჰ. უ–ის (H. U.) განმარტებით თურქეთის რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ჰ. უ–ის (H. U.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რათა დაცული იყოს ფუნდამენტური სიცოცხლის უფლება;

6.2. ბრალდების მხარეს არ ჰქონდა სრულყოფილად გამოკვლეული ყველა გარემოება და შუამდგომლობა ძირითადად დასაბუთებული იყო აბსტრაქტული მსჯელობებით.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ჰ. უ–ის (H. U.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).

2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები და „ექსტრადიციის შესახებ“ კონვენციით დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. უ–ი (H. U.) ექსტრადიციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს 2025 წლის 19 ოქტომბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ჰ. უ–ის (H. U.) მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, ჰ. უ–ის (H. U.) მიერ ჩადენილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან თორმეტ წლამდე ვადით და 149-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“, „ჯ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე.

5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა თხუთმეტიდან ოც წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე ვადით.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სსკ-ის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ჰ. უ–ს (H. U.) განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ჰ. უ–ისათვის (H. U.) ბრალადშერაცხული ქმედება განხორციელდა 2024 წელს, ხოლო მის მიმართ დაკავების ბრძანება გამოცემულია 2025 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჰ. უ–ისათვის (H. U.) ბრალადწარდგენილი ქმედებებისათვის თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა იწურება 2039 და 2054 წელს. შესაბამისად, იგი გასული არ არის.

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ჰ. უ–ის (H. U.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ჰ. უ–ის (H. U.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. გარდა ამისა, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. მოცემულ შემთხვევაში:

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული წერილით დასტურდება, რომ ჰ. უ–ი (H. U.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ჰ. უ–ი (H. U.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჰ. უ–მა (H. U.) მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით. 2025 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ დგინდება ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა (კერძოდ, არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო) და ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 (პოლიტიკური დანაშაული) და მე-4 (სამხედრო დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლობის რომელიმე საფუძველი (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება/ინფორმაცია არ წარმოუდგენია არც კასატორს).

10. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ჰ. უ–ის (H. U.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით, არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე.

11. დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ჰ. უ–ი (H. U.) რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მტკიცება თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. უ–ის (H. U.) ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის შესახებ არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია, რაც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ჰ. უ–ის (H. U.) უფლებების დარღვევის ან/და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე. სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ ზოგადი ხასიათის განცხადებები ექსტრადიციის შემთხვევაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის შესახებ არ არის საკმარისი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობისთვის.

12. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

14. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის მიზეზად არ უთითებს თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. უ–ის (H. U.) მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ჰ. უ–ის (H. U.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. უ–ის (H. U.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).

15. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, par. 86 ECtHR, 07/07/1989).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ჰ. უ–ის (H. U.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ლ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე