დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020142224702031096
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №25აგ-25 ქ. თბილისი
კ. კ. 25აგ-25 14 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. კ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 1000 ლარი;
1.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2023 წლის 16 მაისიდან, 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით) კ. კ–ეს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 700 ლარი.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ: 2023 წლის 16 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ს–ში, ფ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ყოფილი საკონდიტროს შენობაში, კ. კ–ემ, მათ შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის გამო წარმოშობილი ურთიერთშეკამათების დროს, ფიზიკურად იძალადა თავისი ძმის მეუღლის – ხ. ქ–ის – მიმართ. კერძოდ, ფეხი ძლიერად დაარტყა გულ-მკერდის არეში, რის შემდეგაც ხ. ქ–ე დაეცა იატაკზე მდებარე გაზის მცირე ზომის გამათბობელზე და მის გვერდით მდებარე აგურზე. კ. კ–ის ძალადობრივი ქმედებებით ხ. ქ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი კ. კ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. მ–ის – საკასაციო საჩივარი.
5. 2024 წლის 6 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ჭ–მა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი) განაჩენის გადასინჯვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ჭ–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, კ. კ–ის მიმართ, დაშვებული იქნა განსახილველად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. ჭ–ის – შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა;
7.1. კ. კ–ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ჭ–მა. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და კ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაცვის მხარე საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით ითხოვს მსჯავრდებულ კ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას იმ საფუძვლით, რომ კ. კ–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოწმეებმა – ი. ბ–მ და მ. ბ–მ განმარტეს, რომ მათ არ დაუნახავთ იძალადა თუ არა კ. კ–ემ ხ. ქ–ის მიმართ, ხოლო მოგვიანებით, მათ შორის, ა. კ–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოკითხვისას, განმარტეს, რომ 2023 წლის 16 მაისს კ. კ–ეს ხელი არ დაურტყამს ხ. ქ–ისათვის. შესაბამისად, განსახილველ საქმეში ახალ ფაქტს/მტკიცებულებას წარმოადგენს მოწმეების – ი. ბ–ის და მ. ბ–ის ჩვენებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კ. კ–ეს ხელი არ დაურტყამს ხ. ქ–ისათვის.
2.1. დაცვის მხარე ასევე უთითებს ვიდეოჩანაწერზე, როგორც ახლა მტკიცებულებაზე, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებით ადასტურებს კ. კ–ის უდანაშაულობას.
3. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. ასევე – საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. სამართლებრივი სტაბილურობის და განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლის/ების შემთხვევაში. კანონმდებლობა ამ ნაწილში სასამართლოს არ ანიჭებს უფლებას გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას.
3.1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას სასამართლო ამოწმებს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ასევე – მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით – განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაში მითითებული კონკრეტული საფუძვლის არსს, ხასიათს, მის de iure მიმართებას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულ კონკრეტულ წინაპირობებთან (იმისდამიუხედავად, თუ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის რომელი ქვეპუნქტით ითხოვს მხარე განაჩენის გადასინჯვას).
3.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვას, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, – განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
4.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით შეფასებული იქნა სადავო მოწმეების – ი. ბ–ის და მ. ბ–ის ჩვენებები. კერძოდ, განაჩენის სამოტივაციო ნაწილის თანახმად, – ,,მართალია მოწმეები ი. ბ–ე და მ. ბ–ე არ ადასტურებენ კ. კ–ის მიერ ხ. ქ–ისათვის გულმკერდის არეში ფეხის დარტყმას, თუმცა თავადვე აღნიშნავენ, რომ თავიდანვე ხ–ას წაქცევის მომენტი არ დაუნახავთ, არ დაუნახავთ ვის ან რის გამო წაიქცა ხ–ა (წაქცევის მიზეზზე გამოთქვეს მხოლოდ ვარაუდი), მათ დაინახეს უკვე ხ–ას ძირს დაცემის მომენტი”.
4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული მოტივაცია და, იმავდროულად, განმარტა, რომ: ,,თავად ხ. ქ–ის დაცემის მიზეზთან დაკავშირებით აბსოლუტურად თანხვედრილ ჩვენებებს იძლევიან დაზარალებული და მოწმე ა. კ–ე; ხ. ქ–ე და ა. კ–ე კატეგორიულად განმარტავენ და ადასტურებენ, რომ როდესაც ოთახში მყოფი ხ. ქ–ე დაიხარა იატაკიდან ტელეფონის ასაღებად, მის წინ სავარძელში მჯდომმა კ. კ–ემ მას ფეხი დაარტყა გულ-მკერდის არეში, რის გამოც ხ. ქ–ე გადავარდა უკან და ზურგით დაეცა ოთახში არსებულ გაზის მცირე ზომის გამათბობელსა და აგურზე, რის გამოც, როგორც ფეხის დარტყმით, ასევე დაცემით ხ. ქ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შეძლო კ. კ–ემ ტელეფონის დაუფლება და გავიდა ოთახიდან”.
4.3. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინების თანახმად: ,,საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ხ. ქ–ისა და ა. კ–ის ჩვენებების სისწორეში“.
4.4. ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ), სასამართლოებმა იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც რელევანტურობის და დასაშვეობის, ასევე უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. იმავდროულად, სასამართლოებმა მიუთითეს, რომ სადავო მოწმეების ჩვენებები ატარებდა ვარაუდის ხასიათს (დავის საგანთან მიმართებით), შესაბამისად, მათი ჩვენებები (ამ ნაწილში) არ დაედო საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობოდა ხ. ქ–ისა და ა. კ–ის პირდაპირი ხასიათის, მამხილებელ ჩვენებებს. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინების თანახმად: ,,საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ხ. ქ–ისა და ა. კ–ის ჩვენებების სისწორეში“.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული მოწმეთა ჩვენებები არ იყო კ. კ–ის მსჯავრდების საფუძველი და მსჯავრდება ემყარებოდა სხვა პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს, – კასატორის მიერ სადავო მოწმეების – მ. ბ–ისა და ი. ბ–ის – საჩივარში მითითებული ჩვენებები არ წარმოადგენს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023წლის 9 ოქტომბრის განაჩენის (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი) გადასინჯვის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოწმეების – მ. ბ–ისა და ი. ბ–ის ჩვენებები ვერ გახდება კ. კ–ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმების საფუძველი (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდება, აღნიშნულ სადავო მოწმეთა მიერ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი).
6. დაცვის მხარე ახალი ფაქტად/მტკიცებულებად განიხილავს ასევე იმ გარემოებას, რომ ა. კ–ემ მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აღიარა დანაშაული და უდავოდ გახადა მტკიცებულელები, მათ შორის, მოწმეების – ი. ბ–ისა და მ. ბ–ის გამოკითხვის ოქმები (რომელთა თანახმადაც, აღნიშნულმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ კ. კ–ეს ხელი არ დაურტყამს ხ. ქ–ისათვის), რაც ადასტურებს, რომ იგი დაეთანხმა გამოკითხვის ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. კ–ის მიერ მის მიმართ წარმოებული საქმის ფარგლებში დანაშაულის აღიარება და, მათ შორის, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და ამით გამოკითხვის ოქმების შინაარსის დადასტურება, არ გამორიცხავს კ. კ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას. მით უფრო, იმ პირებებში, როდესაც განსახილველ საქმეზე (კ. კ–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე) ი. ბ–ისა და მ. ბ–ის გამოკითხვის ოქმების სადავოდ ცნობილი ნაწილი (კ. კ–ის მიერ ხ. ქ–ის მიმართ ძალადობა) არ იყო ა. კ–ის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განსახილველი საკითხი.
7. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ დაუშვებლად ცნო) განაჩენის გადასინჯვის საფუძველია ვიდეოჩანაწერები, როგორც ახალი მტკიცებულება, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება – ვიდეოჩანაწერი – საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას არ შეიცავს, მათ შორის, არ არის დაფიქსირებული ხ. ქ–ის წაქცევა, ვინაიდან ვიდეოჩანაწერი წყდება მას შემდეგ, რაც ა. კ–ე ხელს ურტყამს მობილურ ტელეფონს.
7.1. იმავდროულად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში მითითებულია, რომ ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2023 წლის 16 ივნისის ოქმის თანახმად, დათვალიერდა კ. კ–ის კუთვნილი „SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ამოღებულ იქნა 2023 წლის 16 მაისს კ. კ–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს. ტელეფონში ნანახი 2 ვიდეოჩანაწერში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ფოტო/ვიდეომასალა ნანახი ვერ იქნა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
9. საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე