საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.01.2026
საქმის ნომერი
2კ-812აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №812აპ-25 29 იანვარი, 2026 წელი

ი. რ., №812აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ი-ს - ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

1.2. რ. ი-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2023 წლის აპრილში, დაახლოებით, 18:00 საათზე, მ-ში, - ქუჩის №--ის მისაღებ ოთახში, უმიზეზოდ გაბრაზებულმა რ. ი-მა გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში ორსულ მეუღლეს – რ. გ-ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. 2023 წლის აპრილში, დაახლოებით, 18:00 საათზე, მ-ში, - ქუჩის №--ის მისაღებ ოთახში, რ. ი-ი ორსულ მეუღლეს – რ. გ-ას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ იგი მომხდარი ძალადობის შესახებ განაცხადებდა. აღნიშნული მუქარა რ. გ-ამ რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით, რ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

· საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით –საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით;

· საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ი-ს სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 საათით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 285 საათით.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი მექვაბიძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. ი-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, ხოლო მსჯავრდებულის დამცველმა, ომარ მურადასილოვმა – რ. ი-ის უდანაშაულოდ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენით:

3.1.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

3.1.2. მსჯავრდებულ რ. ი-ის ადვოკატის, ო. მ-ის, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

3.1.3. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი და, მის ნაცვლად, დადგა გამამართლებელი განაჩენი;

3.1.4. რ. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი – გიორგი მექვაბიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს რ. ი-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, რ. ი-ის ადვოკატმა – ო. მ-მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ი-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში სადავო არ არის, რომ რ. გ-ა 2023 წლის აპრილში იყო ორსულად და, რომ მან, 2023 წლის 16 ოქტომბერს, სამშობიაროდან გაწერის დღეს, ექიმს აცნობა მეუღლის – რ. ი-ის – მიერ წარსულში განხორციელებული ძალადობის შესახებ, თუმცა, აღნიშნული შემთხვევა ექვსი თვის წინ მომხდარ ფაქტს ეხებოდა და, შესაბამისად, დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი ხილული ნიშნები არ აღენიშნებოდა.

4.4. ბრალდების მხარემ რ. ი-ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად წარადგინა „ჯ. ჰ-ის“ ექიმის – რ. უ-ის – გამოკითხვის ოქმი (აღნიშნულმა პირმა მ-ის სამმართველოს აცნობა რ. გ-ას მიმართ მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ), თუმცა, რამდენადაც აღნიშნული მოწმე ძალადობის უშუალო შემსწრე არ არის და მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გადმოსცემს, აღნიშნული მტკიცებულება ირიბია. შესაბამისად, მისი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.5. საგულისხმოა, რომ რ. ი-მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო, დაცვის მხარის მოწმემ, რ. ი-ის დედამ – გ. ი-ამ – აღნიშნა, რომ მიუხედავად რ. გ-ასთან თანაცხოვრებისა, თავად არ შესწრებია რ. ი-ის და რ. გ-ას კონფლიქტს.

4.6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის გარდა, არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მოწმე, რომელიც 2023 წლის აპრილში რ. გ-ას ემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებდა, ან იმავე პერიოდში რ. ი-ის მხრიდან განხორციელებულ მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას დაადასტურებდა. ამგვარი მოცემულობა ვერ უზრუნველყოფს იმ სტანდარტს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არის საჭირო – „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41-43).

4.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენი რ. ი-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე