დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.12.2025
საქმის ნომერი
2კ-125-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№125I-25 თბილისი

ა-რი ი. ე., 125I-25 8 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ე. ა-ის (Y. E. A.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2010 წლის 1 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს #2009/55-2010/132 განაჩენით, ი. ე. ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე, 29-ე და 53-ე მუხლებთან ერთობლივად, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს 1-ელი სისხლის სამართლის პალატის #2011/5636-2013/6130 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 12 ნოემბერს.

2. 2013 წლის 4 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ჰორასნის საქალაქო სისხლის სამართლის #2012/224-2013/235 განაჩენით ი. ე. ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86/2-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-3 სისხლის სამართლის პალატის #2015/34201-2016/14369 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 21 ივნისს.

3. 2014 წლის 7 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის დახურული სამშვიდობო სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს #2013/990-2014/196 განაჩენით, ი. ე. ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 456-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 თვისა და 20 დღის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014

წლის 24 მარტს.

4. 2016 წლის 21 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის მძიმე სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს #2015/308-2016/24 განაჩენით ი. ე. ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 29-ე, 53-ე და 58-ე მუხლებთან ერთობლივად, 82-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს 1-ელი სისხლის სამართლის პალატის #2016/1665-2016/2270 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 2 მაისს.

5. 2018 წლის 29 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის მე-2 სასამართლოს #2018/26-2018/184 განაჩენით, ი. ე. ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 58-ე მუხლებთან ერთობლიობაში, 234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 10 სექტემბერს.

6. 2025 წლის 8 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო 1-ელი აღმასრულებელი სასამართლოს #2025/2946-2025/2956 გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული სასჯელები და ი. ე. ა-რს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 29 წლით, 6 თვითა და 35 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. ე. ა-რმა 9 წლის, 6 თვისა და 17 დღის შემდეგ შესაძლოა, მოიპოვოს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება.

7. 2025 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ერზურუმის მთავარმა საჯარო პროკურატურამ გასცა ი. ე. ა-ის დაპატიმრების ბრძანება, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით;

8. 2025 წლის 3 მარტიდან ი. ე. ა-რი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

9. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი. ე. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2010 წლის 1 ივლისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 23 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი. ე. ა-რმა, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სცადა დაზარალებულის მკვლელობა, კერძოდ, სახრახნისის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, რითიც ამ უკანასკნელს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები.

2013 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 16 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი. ე. ა-რმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს.

2014 წლის 7 მარტის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2003 წლის 24 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი. ე. ა-რმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახრახნისის გამოყენებით, ჯანმრთელობა დაუზიანა დაზარალებულს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვა 4 დღის ვადით.

2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 14 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი. ე. ა-რმა სცემა მამამისი. მიღებული დაზიანებების შედეგად მსხვერპლი გარდაიცვალა.

2018 წლის 29 მაისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 5 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ი. ე. ა-რმა, ძალის გამოყენებით, სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან დაზარალებულს.

10. ზემოთაღწერილი ქმედებები ისჯება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი მსჯავრდებულია. ამასთან, ი. ე. ა-რს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნის ვადით.

11. 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. ე. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

12. 2025 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ე. ა-რი. იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ი. ე. ა-რს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

13. 2025 წლის 4 სექტემბერს, 13 ოქტომბერსა და 31 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა, შესაბამისად, 2025 წლის 17 სექტემბერს, 30 ოქტომბერს და 7 ნოემბერს.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ი. ე. ა-რის/აღაბირის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 15 თებერვლამდე.

15. ამჟამად ი. ე. ა-რი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

16. 2025 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა მეგი გურჩიანმა და ითხოვა ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო 1-ელი აღმასრულებელი სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის #2025/2946-2025/2956 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული, თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის დახურული სამშვიდობო სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის #2013/990-2014/196 განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 456-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელისა; ასევე – ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 456-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის დახურული სამშვიდობო სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის #2013/990-2014/196 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო 1-ელი აღმასრულებელი სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის #2025/2946-2025/2956 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული: თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის დახურული სამშვიდობო სისხლის სამართლის 1-ლი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის #2013/990-2014/196 განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 456-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძალადობა), გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელისა; დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის დახურული სამშვიდობო სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის #2013/990-2014/196 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 456-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ე. ა-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ის შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, არსებობს სიცოცხლის უფლებისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.

19. პროკურორმა მეგი გურჩიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ი. ე. ა-რი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 15 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება გარემოებები, რომ ი. ე. ა-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ი. ე. ა-რი დაექვემდებარება წამებას, დევნას ან არაადამიანურ მოპყრობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ი. ე. ა-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება, ექსტრადიციასდაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის არსებობის შესახებ.

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) № 46827/99 and № 46951/99, § 73, 04.02.2005, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (იხ., Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v. Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

8. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ი. ე. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ი. ე. ა-ის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. მოსამართლემ დამატებით დამაზუსტებელ კითხვებზე ვერ მიიღო კონკრეტული პასუხები. ექსტრადიციასდაქვემდებარებულმა პირმა მხოლოდ მიუთითა, რომ, ზოგადად, „ბევრი მტერი ჰყავს“. სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ აბსტრაქტული განცხადებები იმის თაბაზე, რომ ექსტრადიციას მოჰყვება ექსტრადიციასდაქვემდებარებული პირის სიცოცხლის ხელყოფა, არ ქმნის ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას. ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ, ი. ე. ა-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.

10. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია იმის თაობაზე, რომ ი. ე. ა-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ი. ე. ა-ის უფლებები სრულად იქნება დაცული.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v. Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი. ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR). აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თურქეთის რესპუბლიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილეა და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია (Koktysh v. Ukraine, no. 43707/07, ECHR, 63). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ვარაუდისათვის, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ი. ე. ა-რი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი და საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მის არსს ანადგურებს.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიც ცხადყოფს, რომ ი. ე. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ამასთან, ი. ე. ა-რს მიცემული აქვს თავდაცვითი ჩვენება ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების თაობაზე, ასევე, იგი, თავისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად, ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ი. ე. ა-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

14. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ი. ე. ა-რი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 6 აგვისტოს ი. ე. ა-რს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება N- პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაჰბარდა 2025 წლის 8 აგვისტოს. აღნიშნული გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა 1-თვიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, ი. ე. ა-რი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში. ამრიგად, არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ი. ე. ა-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები აწარმოებდნენ საქმეს ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ი. ე. ა-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის პრინციპები.

17. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო, ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

18. ი. ე. ა-ის მიერ ჩადენილი და მოცემულ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, შემდეგი მუხლებით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ი“ პუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრულია თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), რისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრულია ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), რისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის „კ“ პუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის ზომად განსაზღვრულია თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრულია შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

19. ამრიგად, ი. ე. ა-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ი. ე. ა-რს მოსახდელი აქვს სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, 4 თვეზე მეტი ხნის ვადით.

20. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

21. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენებით დადგენილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა: 6 წელში – ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, 10 წელში – მძიმე დანაშაულისათვის და 15 წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. რაც შეეხება მსჯავრდებას დანაშაულისათვის, რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, იმავე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 2 წელში – მითითებული კატეგორიის დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

22. ზემოაღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული ექსტრადიციის ქვემდებარე, შუამდგომლობის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 პარაგრაფებში მითითებულ განაჩენებთან მიმართებით, ვინაიდან 2025 წელს შეიკრიბა მოცემული განაჩენებით დადგენილი სასჯელები და იმავე წელს გამოიცა დაპატიმრების ბრძანება, აღნიშნული განაჩენებით დადგენილი სასჯელების აღსრულების მიზნით. შესაბამისად განაჩენების აღსრულების ხანდაზმულობის 6, 10 და 15-წლიანი ვადა ამოწურული არ არის და შეჩერებულია. ასევე აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და გადის 2044 წლის 21 აგვისტოს.

23. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გასულია მოცემული შუამდგომლობის მე-9 პარაგრაფში მითითებულ, 2014 წლის 7 მარტის განაჩენის ფარგლებში დადგენილი დანაშაულისათვის (ძალადობა), ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2003 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო განაჩენის აღსრულება არ იყო დაწყებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადის გასვლამდე. ამასთან, მოცემულ საქმეში არ გამოკვეთილა ხანდაზმულობის ვადის დინების შემაჩერებელი გარემოება, სულ მცირე, 2005 წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ე. ა-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, ძალადობისთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. ამდენად, ა. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

25. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად, შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში იქცეს.

26. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ი. ე. ა-რს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად. ამასთან, მისი ექსტრადიცია მოითხოვება კანონიერ ძალაში შესული სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაულებისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 29 წლით, 15 თვითა და 35 დღით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

27. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის საქალაქო 1-ელი აღმასრულებელი სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის #2025/2946-2025/2956 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული, თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის დახურული სამშვიდობო სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის #2013/990-2014/196 განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 456-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძალადობა), გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელისა, ხოლო დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ე. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 456-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძალადობა) თურქეთის რესპუბლიკის ერზურუმის დახურული სამშვიდობო სისხლის სამართლის 1-ელი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის #2013/990-2014/196 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ე. ა-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე