დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.01.2026
საქმის ნომერი
2კ-2-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225012045456

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2I-26 26 იანვარი, 2026 წელი

ვ. დ., 2I-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ვ-ს – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. გ-ს, საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ვ-ს, – დაბადებულის ..., – მიმართ ... რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით, დ. ვ-ს ბრალი ედება ლიეტუვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის 1-ელი ნაწილის მე-12 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ფლობა, გასაღება, გადაზიდვა) შესაძლო ჩადენაში და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულია პატიმრობა.

1.2. 2025 წლის 28 თებერვლიდან დ. ვ. იძებნება ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით.

2. ლიეტუვის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2.1. 2021 წლის თებერვალში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, დ. ვ-მ მონაწილეობა მიიღო დიდი რაოდენობით – 75,209.6 გრამი – ნარკოტიკული ნივთიერების – კანაფის ფისის შეძენაში და ჯერ ესპანეთის სამეფოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ხოლო შემდგომ – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან შვედეთის სამეფოში გადაზიდვაში.

3. დ. ვ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

3.1. 2025 წლის 18 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ვ..

3.2. 2025 წლის 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დ. ვ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

3.3. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დ. ვ-ს ექსტრადიციის თაობაზე ლიეტუვის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

3.4. 2025 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დ. ვ-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 18 მარტამდე.

3.5. ამჟამად, დ. ვ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, დასაშვებად ყოფილიყო ცნობილი დ. ვ-ს ლიეტუვის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებაში მითითებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორცილების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი დ. ვ-ს ლიეტუვის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებაში მითითებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორცილების მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 იანვრის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ვ-ს – ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ა. გ-მ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებასა და დ. ვ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საექსტრადიციო საქმის მასალები, კერძოდ, 2025 წლის 23 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტი არ არის სრულყოფილად ნათარგმნი და, შესაბამისად, დაცვის მხარისათვის გაურკვეველია მისი შინაარსი; დ. ვ-ს ექსტრადიციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტი – ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განჩინება – არაავთენტურია და საეჭვოა მისი წარმომავლობა, რადგან არ აქვს მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი; დ. ვ-ს მიმართ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოშიც მიმდინარეობდა გამოძიება, რაც გამოკვეთს მის მიმართ პარალელური წარმოების შესაძლებლობას და გამორიცხავს ექსტრადიციას; დაცვის მხარემ მიმართა მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის თხოვნით, რომლის უარი გასაჩივრებულია სასამართლოში; ამასთან, მართალია ლიეტუვის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის გარანტიები, თუმცა ისინი არ გამორიცხავს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას, რაზეც თავად დ. ვ. მიუთითებს.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ვ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. გ-ს – საკასაციო საჩივრის განხილვამდე, მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული დამატებითი მტკიცებულებები, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ნანიკო ზაზუნაშვილმა, სასამართლოსთვის წარდგენილი პოზიციით, ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო დაცვის მხარეს დამატებითი პოზიცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში დ. ვ-ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. Non bis in idem – პრინციპის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რაზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციის შესახებ კონვენციისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ: იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი; იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთათვისაც მოთხოვნილია დ. ვ-ს ლიეტუვის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში და, შესაბამისად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ შეიძლება აწარმოებდნენ ან საქართველოს სასამართლოებს გამოტანილი ჰქონდეთ განჩენები ამ დანაშაულებთან მიმართებით. გამომდინარე აქედან, დ. ვ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem პრინციპის დარღვევის შესაძლებლობა.

5. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო საქმის მასალებში სრულად არის წარმოდგენილი ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის დაპატიმრების განჩინება, დ. ვ-ს მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომლის ნამდვილობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით, არ დადგენილა, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს: საექსტრადიციო საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციით სავალდებულო ყველა დოკუმენტი ნათარგმნია სამართალწარმოების – ქართულ – ენაზე და გადაცემული აქვს დაცვის მხარეს.

6. კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, რომ საქართველოში თავშესაფრის ძიების კვალდაკვალ, დ. ვ-ს ლიეტუვის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა დაუშვებელია, აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში ზოგადად არის მითითებულია დ. ვ-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო საფრთხეზე, მაგრამ გაცხადებულის არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ლიეტუვის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს დ. ვ-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე.

8. იმავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ლიეტუვის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები. კერძოდ, კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამასთან, საფრანგეთის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, საფრანგეთის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დ. ვ-ს ლიეტუვის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებაში მითითებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორცილების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ვ-ს – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. გ-ს, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე