საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.02.2026
საქმის ნომერი
2კ-910აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100125011501144

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე N910აპ-25 16 თებერველი, 2026 წელი

გ–ა ნ., №910აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. გ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 349-ე მუხლით (საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. 2025 წლის 8 აპრილის სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით მიწვეულ იქნა ნ. გ–ა, რომელსაც გაეგზავნა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შედგენილი შესაბამისი დოკუმენტი. მასვე, განემარტა კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულების მე-2 მუხლის თანახმად დადგენილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობისა და გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობილი იყო ნ. გ–ასთვის, იგი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც გამოიწვია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენით, ნ. გ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ. ჩ–მა და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 29 სექტემბერს, მსჯავრდებულ ნ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ. ჩ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ნ. გ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან ნ. გ–ას მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, აღნიშნულის დასტურია ის ფაქტი, რომ საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით გასამართლების პრეცენდენტები მანამდე არ ყოფილა. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რის გამოც, ნ. გ–ას მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის წარმოების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დასაჩვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საფუძვლებს. კერძოდ, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, დაცვის მხარეს ნ. გ–ას მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია დაუსაბუთებლად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

5.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. გ–ას მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 2025 წლის 1 აპრილის დადგენილებებით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის №16 სხდომის ოქმით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 17 თებერვლის №21/12 გადაწყვეტილებით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებით, ნ. გ–ასთვის გაგზავნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის 2025 წლის 2 აპრილის მიმართვით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლის ნ. ჭ–ის, ახსნა-განმარტებისათვის მოსაწვევ პირთან სატელეფონო კავშირის შესახებ 2025 წლის 08 აპრილის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და აპლიკაცია „........ს“ მიმოწერების ამსახველი ე.წ. „სქრინშოტებით“, საფელდეგერო მარშუტებიდან პაკეტების დაბრუნების მიზეზის შესახებ ცნობებით, საინფორმაციო პორტალების და ვებ. გვერდების 2025 წლის 14 აპრილის დათვალიერების ოქმით, 2025 წლის 14 აპრილის ნ. გ–ას სოციალური ქსელის „.........“-ის დათვალიერების ოქმით, საქართველოს პარლამენტიდან პროკურატურისთვის გადაგზავნილ მეხსირების ბარათზე ჩაწერილი ვიდეოჩანაწერით და 2025 წლის 16 აპრილის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, მოწმეების – ნ. ჭ–ის, დ. ხ–ისა და მ. ყ–ს ჩვენებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ნ. გ–ას მიერ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა.

5.5. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მსჯელობას იქონიებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ ნორმათა შორის კონკურენციაზე და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოადგენენ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

5.6. მართალია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლით (1995 წლის 7 მარტის კანონი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოგვიანებით მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (1999 წლის 22 ივლისის კანონი) – ქმედება დანაშაულად გამოცხადდა.

5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტებიდან რომელი უნდა იქნეს გამოყენებული. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტების იერარქიის გათვალისწინებითა და ორაგანული კანონის იმპერატიული დანაწესით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო გვიან გამოცემულ საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს.

5.8. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

5.9. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ნორმათა კოლიზიის შემთხვევაშიც კი, სამართლის ნორმათა სისტემური განმარტების თანახმად, „თუ კოლიზიური ნორმები სპეციალურია და ამავე დროს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, მაშინ გვიან გამოცემულ ნორმას უპირატესობა ენიჭება ადრე გამოცემული ნორმის მიმართ: Lex posterior derogate legi priori. გვიან გამოცემული სამართლის ნორმა უფრო ზუსტად ასახავს კანონმდებლის ნებას. კანონი ჩვეულებრივ, პირდაპირ უთითებს მანამდე მოქმედი ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. თუ მსგავსი მითითითება კანონის ტექსტში უშუალოდ არ გვხვდება მაშინ მოქმედებს წესი – Lex posterior derogate legi priori“ (იხ. სამართლის თეორია. გ.ხუბუა, თავი XVIII, სამართლის ნორმათა განმარტება).

5.10. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ განსახილველი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს იხილავს ნ. გ–ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების გზით. საკასაციო საჩივარში ნახსენები არცერთი პირი არ წარმოადგენს პროცესის მონაწილეს ან/და რომელიმე მხარეს და მათი საჯაროდ გაკეთებული განმარტებები, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, გავლენას ვერ იქონიებს სასამართლოს მიერ მისაღებ ან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან პოლიტიკური და სასამართლო პროცესები ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება.

5.11. მოცემულ საკითხზე მსჯელობისასას, საკასაციო პალატა იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი ბრალდებულს არ ანიჭებს იმუნიტეტს სისხლისსამართლებრივ პროცესებთან და დაკავებასთან მიმართებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Lutsenko v. Ukraine, 6492/11, §106).

5.12. კასატორს სადავო გარემოებად მიაჩნია ნ. გ–ას 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 აპრილის მიმართვით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლის ნ. ჭ–ის, ახსნა- განმარტებისათვის მოსაწვევ პირთან სატელეფონო კავშირის შესახებ 2025 წლის 08 აპრილის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და აპლიკაცია „.........ს“ მიმოწერების ამსახველი ე.წ. „სქრინშოტებით“, 2025 წლის 14 აპრილის სოციალური ქსელის „........“-ის ნ. გ–ას გვერდის დათვალიერების ოქმით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ნ. გ–ასათვის ცნობილი იყო 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ მისი დაბარების თაობაზე და იგი არ გამოცხადდა სხდომაზე, შესაბამისად, არ შეასრულა კომისიის კანონიერი მოთხოვნა.

5.13. რაც შეეხება კასატორის მითითებას ნ. გ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის დაუსაბუთებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა, მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 300-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

5.14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს დანიშნული სასჯელის დაუსაბუთებლობაზე, ვალდებულია, წარმოადგინოს აღნიშნულის თაობაზე არგუმენტირებული მსჯელობა, რაც წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ იკვეთება. შესაბამისად, ვერც აღნიშნული საკითხი გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე