საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124010611798
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №919აპ-25 9 თებერვალი, 2026 წელი
ჯ–ი ბ., №919აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჯ–ი ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. მ–ისა და ს. ა–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ჯ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით (2025 წლის 4 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით (გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის იანვრიდან - 2024 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, ბ. ჯ–ი გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან კ. ა–ე იყო ტრანსგენდერი ქალი და არ სურდა მასთან ურთიერთობის გამჟღავნება, ასევე, ქალისადმი სტერეოტიპული და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მიაჩნდა, რომ კ. ა–ეს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვისა და სხვა პირებთან ურთიერთობის უფლება, სისტემატურად სცემდა კ. ა–ეს, კერძოდ, ხელებს ურტყამდა სახის, თავის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რამაც კ. ა–ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
1.3. 2024 წლის 18 სექტემბერს, 19:00 საათიდან - 20:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თ–ში, ა–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, ბ. ჯ–მა, გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან კ. ა–ე იყო ტრანსგენდერი ქალი და არ სურდა მასთან ურთიერთობის გამჟღავნება, ასევე, ქალისადმი სტერეოტიპული და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მიაჩნდა, რომ კ. ა–ეს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვისა და სხვა პირებთან ურთიერთობის უფლება, განსაკუთრებული სისასტიკით, დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში (გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ხერხემალზე, წელზე, შუბლ-საფეთქლის მიდამოზე, ლოყაზე, თავში, მარჯვენა და მარცხენა მხარზე, მარჯვენა მტევნის თითზე) სიცოცხლისათვის სახიფათო ათეულობით ჭრილობა მიაყენა კ. ა–ეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განაჩენით, ბ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ბ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ. ჯ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით წარდგენილი ბრალდებით ბ. ჯ–ის უდანაშაულოდ ცნობა, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე დაკვალიფიცირება და ბ. ჯ–ისთვის სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა მინიმალური ვადით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 15 აგვისტოს, მსჯავრდებულ ბ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. მ–ემ და ს. ა–მა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით წარდგენილი ბრალდებით უდანაშაულოდ ცნობა, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა და მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ბ. ჯ–ის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ასევე უკანონოა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით ბ. ჯ–ის მსჯავრდება. ბ. ჯ–მა აღიარა მის მიერ განხორციელებული ქმედება, კ. ა–ის მკვლელობა, თუმცა რაც შეეხება ქმედების გენდერის ნიშნით ან განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენას, ასეთს ადგილი არ ჰქონია, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაცვის მხარის განმარტებით, მოწმეების ჩვენებებით და კ. ა–ესა და ბ. ჯ–ს შორის არსებული მიმოწერით არ დასტურდება გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენა, ასევე არ დგინდება დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენა, რადგან მკვლელობის განზრახვის რეალიზაციისას, მრავალი ჭრილობა ყოველთვის არ ნიშნავს განსაკუთრებულ სისასტიკეს. ასევე არ დასტურდება ბ. ჯ–ის მიერ კ. ა–ის სისტემატური ცემის ფაქტი. ამ ეპიზოდში მისი მსჯავრდება ემყარება ირიბ ჩვენებებს და დაზარალებულის მიერ სხვა პირებისათვის ნაამბობს. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციით, ბ. ჯ–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით წარდგენილი ბრალდებით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე. დაცვის მხარის პოზიციით, არ დადასტურებულა, რომ მიყენებული ჭრილობები დროში იმგვარად იყო გახანგრძლივებული, რომ კ. ა–ემ განიცადა ტანჯვა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბ. ჯ–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას უვადო თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას ყურადღება უნდა გაემახვილებინა მსჯავრდებულის პიროვნებაზე და იმ ფაქტზე, რომ ბ. ჯ–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ. ჯ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ ბ. ჯ–მა თავი დამნაშავედ ცნო კ. ა–ის მკვლელობაში. დაცვის მხარისთვის სადავოა ქმედების გენდერული დისკრიმინაციის მოტივითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენა და საქართველოს 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალიწინებული მსჯავრდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადრებას გაამახვილებს გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ ბ. ჯ–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე.
5.5. აღსანიშნავია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი).
5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის 2025 წლის 4 აპრილიდან მოქმედი რედაქცია, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ნაცვლად, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ცვლილება უმთავრესად ემსახურება ტერმინის „გენდერის“ შეცვლას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ კონსტიტუციური ტერმინით. შესაბამისად, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, ავტომატურად არ გამოიწვევს განაჩენების გადასინჯვას და სასჯელის შეცვლას, რადგან პირის მიერ ჩადენილი ქმედება და მისი მოტივი არა სიტყვასიტყვით, არამედ შინაარსობრივად უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N30აპ-25 გადაწყვეტილება).
5.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელია დადგინდეს, მკვლელობის მოტივი იყო თუ არა სწორედ მსხვერპლის გენდერული კუთვნილება და დანაშაულებრივი ქმედება განპირობებული იყო გენდერული სტერეოტიპების გავლენით თუ სხვა. გენდერული სტერეოტიპია ქალისა და მამაკაცის მსგავსი ქცევის რადიკალურად განსხვავებული შეფასება და არათანაზომიერად გაკიცხვა. სტერეოტიპული შეხედულებები გამოიხატება ძირითადად ამგვარ შეფასებებში: მაგალითად, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცი ქალს მიიჩნევს საკუთრებად, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქალს უფლება არ აქვს მამაკაცის ნებართვის ან თანხმობის გარეშე გავიდეს სახლიდან, კონტაქტი დაამყაროს ნათესავებთან, მეგობრებთან, ისარგებლოს ტელეფონით თუ სოციალური ქსელით, აირჩიოს მეგობრები, მიიღოს განათლება, დაეუფლოს გარკვეულ პროფესიას, დაიწყოს მუშაობა და ა.შ.
5.8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებითა და კ. ა–ესა და ბ. ჯ–ს შორის, ასევე კ. ა–ესა და თავის მეგობრებს შორის არსებული მიმოწერებით ნათლად იკვეთება, თუ როგორ ცდილობდა მსჯავრდებული დაემცირებინა კ. ა–ე, მოწმეთა ნაწილი აღნიშნავდა რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, სილურჯეები, რომელიც ბ. ჯ–მა მიაყენა, კერძოდ: კ. ა–ის მეზობლების/მეგობრების – მ. ხ–ს, მ. მ–ს, დ. კ–სა და ნ. ა–ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ბ. ჯ–ი და კ. ა–ე ხშირად კამათობდნენ და არაერთხელ უკითხავთ კ–სთვის დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, ასევე თავად უნახავთ, კ. ა–ის სხეულზე, მათ შორის სახეზე, კისრის არეში, ხელზე არსებული დალურჯებები, რაც გარდაცვლილის განმარტებით, სწორედ მსჯავრდებულ ბ. ჯ–ის მიერ იყო მიყენებული; ბ. ჯ–ის დამამცირებელი მოქმედებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები ერთიანობაში კ. ა–ეს ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა, იგი განიცდიდა ტანჯვას, რასაც ამჩნევდნენ მისი ახლობლები და გარშემომყოფები. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, მათ შორის ოჯახის წევრების – გ. ს–ს და ა. ა–ს, ასევე მეგობრების – ნ. ა–ის, თ. გ–ის, ა.ს–ე-პ–ს, დ. კ–ს, მ. მ–ს, მ. ხ–სა და გ. ც–ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ბ. ჯ–თან ურთიერთობის დროს კ. ა–ის ქმედებები შეიცვალა, იგი გახდა მეტად დისტანცირებული, ხშირად ვერ პასუხობდა მეგობრების ზარებს, ასევე, ვერ ელაპარაკებოდა მათ, მაშინ, როდესაც მასთან ერთად ბექა იყო. კ. ა–ე ბ. ჯ–ის თანხმობის გარეშე ვერ გადიოდა სახლიდან. ამასთან, მტკიცებულებებით, მათ შორის კ. ა–ისა და ბ. ჯ–ის დედის მიმოწერებით, დადასტურებულია, რომ ბ. ჯ–ს არ სურდა, რომ მის ოჯახს, სანათესაოსა და მეგობრებს სცოდნოდათ მისი და ტრანსგენდერი ქალის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ასევე იკვეთება, რომ ბ. ჯ–ს გავლენა ჰქონდა კ. ა–ეზე, დაზარალებული ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ საბოლოოდ არ გამოსდიოდა, რადგან მსჯავრდებული ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა მასზე. სისხლის სამართლის საქმეში ბ. ჯ–სა და გ. ლ–ს საუბრის აუდიოჩანაწერით და ბ. ჯ–თან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით მოპოვებული მასალებით, დადგინდა, არამარტო ბ. ჯ–ის მიერ კ. ა–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, არამედ ის გარემოებაც, რომ ბ. ჯ–ი ცდილობდა უპირატესობის დემონსტრირებას და კ. ა–ის დამცირებას. ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, სადაც ბ. ჯ–ი აღნიშნავს, რომ კ. ა–ეს ვერ აპატია უპატივცემულობა, მისთვის იგი იყო სრულფასოვანი ქალი, ქალს, კი რომელთანაც ორი წელი გაატარა, მისი კაცობისათვის, ღირსებისათვის პატივი უნდა ეცა და დაშორებიდან მეორე დღეს არ უნდა დაეწყო გულაობა – დასტურდება, რომ ბ. ჯ–ი კ. ა–ეს, რადგან იყო ქალი არ აღიქვამდა თანასწორად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა გენდერული ნიშნით მკვლელობის ჩადენას არ უნდა იქნეს გაზიარებული.
5.9. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განზრახ მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა განსაკუთრებული სისასტიკით. ამ ნიშანის დასადასტურებლად აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს ორი კრიტერიუმი: ობიექტური და სუბიექტური. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ დამნაშავის მიერ გამოყენებული ხერხი/საშუალება ობიექტურად იწვევდეს ძლიერ ტანჯვას და აღმატებულ ხარისხში აჰყავდეს ის. სუბიექტური კრიტერიუმი კი, გულისხმობს იმას, რომ დამნაშავემ შეგნებულად შეარჩიოს ისეთი ხერხი/საშუალება, რომელიც განსაკუთრებულ ტანჯვას გამოიწვევს მსხვერპლში. ქმედების კვალიფიკაციისთვის საჭიროა, მკვლელის განზრახვაც მოიცავდეს ტანჯვას და ობიექტურად ასეთი შედეგიც დადგეს. ვინაიდან, განსაკუთრებული სისასტიკე იურიდიული ცნებაა, სასამართლომ თითოეული კონკრეტული შემთხვევა უნდა შეაფასოს ინდივიდუალურად.
5.10. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 16 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №............ დასკვნასა და ექსპერტ ქ. ბ–ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, კ. ა–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობებიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული სისხლნაკლებობა. კ. ა–ეს გვამზე აღინიშნებოდა სხვადასხვა ზომის მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი და ნაკვეთი ჭრილობა (სულ 28 ჭრილობა) და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოებზე, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია, საიდანაც 4 არის სიცოცხლისათვის სახიფათო.
5.11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაპყრო ყურადღება, როგორც დაზიანებათა სიმრავლეს (28 ჭრილობა), ასევე სიცოცხლისდროინდელ დაზიანებებს, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთში მსჯავრდებულის მრავლობით მოქმედებას ადასტურებს მსხვერპლის მიმართ და მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ბ. ჯ–ის მოქმედებებს, კერძოდ: ხელის თხოვნის ფაქტსა და ერთობლივი ფოტოს დადების ნებართვას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ჯ–ი არათუ დანაშაულის განხორციელების მომენტში აცნობიერებდა თავისი ქმედების ძირითად შედეგს – მსხვერპლის სიკვდილს, არამედ, ამ შედეგის დადგომამდე ჭრილობების მიყენებით გამოწვეულ მსხვერპლის ტანჯვას გარკვეული დროის მანძილზე და იმისათვის, რათა განზრახვა სისრულეში მოეყვანა და მსხვერპლს სახლში შეეშვა დაზარალებულის დამოკიდებულება და გრძნობები გამოიყენა და დაარწმუნა, რომ მის ცოლად მოყვანას გეგმავდა. საგულისხმოა, რომ კ. ა–ისათვის მიყენებული ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მსხვერპლს დაზიანებები მიყენებული აქვს სახის არეში, ასევე ორივე ხელზე, რაც ნათლად მიუთითებს, რომ იგი ხელის აფარებით ცდილობდა თავდაცვას. ამასთან, არაერთი დარტყმის შემდეგ, დანა ჩარჩენილი იყო დაზარალებულის კისერში, რაც შემთხვევის ადგილზე მისულმა მეზობლებმა დაინახეს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ კვალიფიკაციას, რამდენადაც სახეზე გვაქვს დანით მიყენებული სიცოცხლისდროინდელი 28 ჭრილობა - თავის, სახის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, ასევე მკვლელობამდე განხორციელებული ქმედებათა ერთობლიობა, დანის შეძენა, ცრუ დაპირება და სახლში მოტყუებით შესვლა, რაც სუბიექტური თუ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს, როგორც განსაკუთრებული სისასტიკე.
5.12. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად ობიექტური დამკვირვებლისათვის აშკარა და ნათელია ის გარემოებები, რომ ბ. ჯ–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერია და, ამ მხრივ საკასაციო საჩივრის დაშვების რაიმე საფუძველი, არ იკვეთება.
5.13. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით ბ. ჯ–ის მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ მართალია დაზარალებული გარდაცვლილია და შეუძლებელია სუბიექტური კრიტერიუმით დადგინდეს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქმედებების შედეგად განცდილი ტანჯვა, თუმცა ობიექტური კრიტერიუმით აღნიშნული დადასტურებულ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ისევე როგორც სისტემატური ცემის ფაქტები. ამ მხრივ საგულისხმოა, თავად ბ. ჯ–ის მიერ გ. ლ-ს გაგზავნილი შეტყობინება, სადაც იგი ადასტურებს კ. ა–ის ცემის ფაქტებს, როდესაც აბრაზებს. ასევე, ყურადსაღებია კ. ა–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლითაც დგინდება, რომ ტელეფონში ინახებოდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაღებულია კ. ა–ის სახლში. კერძოდ, კ. ა–ე ბ. ჯ–ს ეუბნება „გადი ჩემი სახლიდან, გადი! წადი ჩემი სახლიდან, ნუ ძალადობ“. „წადი, ხო იძალადე ჩემზე, კასტეტით ხო მცემდი?!“ (ბ. ჯ–ი ცდილობს ხელიდან წაართვას მობილური ტელეფონი) მიმოწერებში კ. ა–ე წერს ბ. ჯ–ს: „შენ ჩემზე ძალადობ ფსიქოლოგიურად და მოგყავარ ამ ზომამდე“. „ეე ნ......ო ამხსენი .. ბლოკი. სანამ გაგბერე რტყმაში. ხვალ მართლა შეიძლება წავიდე წ–ში. მოგკლავ ისე გცემ“; კ. ა–ისა და ბ. ჯ–ს შორის არსებული მომოწერით დგინდება, რომ 2024 წლის 7 აპრილს კ. ა–ე მსჯავრდებულს მიმართავს: „მიღალატე, მცემე და ღალატი 5 თვის მერე მითხარი და ეგ აღიარება კი არა მანიპულირება იყო ჩემზე“. რაზეც ბ. ჯ–ი პასუხობს: ... „ე გოგო აბა ჩემმა ქალმა იაროს სახელოსნოებში და იმებში, ეგრე არ მოსულა“. „ცხვირს გაიტეხავ გინდა?“. ... : „ხელჩაქნეული ბიჭისგან ის ხელის დარტყმა არ უნდა გწყენოდა“. ხოლო კ. ა–ისა და ნ. ლ–ს მიმოწერით დგინდება, რომ კ. ა–ე ნ. ლ–ს უგზავნის საკუთარ ფოტოს. ფოტოზე კისრისა და ყელის არეში აღენიშნება სიწითლე. ნ. ლ–ს შეკითხვაზე, თუ რას აპირებს ბ–ა? ჭკვიანად არის? კ. ა–ე პასუხობს, რომ ის ითხოვს პატიებას. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სანდოობის და დამაჯერებლობის მეტ ხარისხს სძენს მოწმეების – მ. ხ–ს, მ. მ–ს, დ. კ–სა და ნ. ა–ის გამოკითხვის ოქმებს, რომლებშიც საუბარია დაზარალებულის მიერ მათთვის ნაამბობზე, ბ. ჯ–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან მიმართებით. აღნიშნული ასევე განამტკიცებს სხვა მოწმეების ჩვენებებს, რომლებსაც არაერთხელ გაუგიათ კ. ა–ის სახლიდან ჩხუბის ხმა და დაზარალებული უნახავთ დალურჯებული. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა, როგორც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა, ისე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულის შემადგენლობის თითოეული ელემენტი.
5.14. საკასაციო პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს ერთობლივად და არა განყენებულად, შესაბამისად ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით მსჯავრდებისათვის. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და თვლის, რომ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დადგინდა თითოეული მნიშვნელოვანი გარემოება, რომლითაც ფაქტების განვითარების ლოგიკური ჯაჭვი და მიმდინარეობა არ დაკარგულა.
5.15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბ. ჯ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. მ–ისა და ს. ა–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე