საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.02.2026
საქმის ნომერი
2კ-895აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №895აპ-25 19 თებერვალი, 2026 წელი

ბ. ი., №895აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ბ-ეს - ბრალად ედებოდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ი. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 20 ივნისს, დაახლოებით, 10:40 საათზე, თ-ში, წ-ის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ი. ბ-ემ ერთხელ სახეში ხელი დაარტყა თ. გ-ს, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენით, ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 850 ლარის ოდენობით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარის ოდენობით. ი. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

2.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატმა – ნ. გ-მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 აგვისტოს განაჩენით, მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ-ის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატი – ნ. გ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა; მოწინააღმდეგე მხარესთან დაპირისპირებისას ი. ბ-ე მოქმედებდა თავდაცვის მიზნით.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, მიიღოს ი. ბ-ის მიმართ რაიმე არასასიკეთო გადაწყვეტილება, თანახმად, ამავე კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

4.3. ამგვარად, სასამართლო იმსჯელებს კასატორის მოთხოვნაზე, შეაფასებს საქმის მტკიცებულებებს და განსაზღვრავს, რამდენად საკმარისია მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ასევე, განიხილავს საკითხს, იმყოფებოდა თუ არა ი. ბ-ე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების – თ. გ-ის, ჯ. გურულის და გ. გ-ის – ჩვენებით დასტურდება, რომ 2022 წლის 20 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე, ისინი იმყოფებოდნენ თ-ში, წ-ის ქუჩაზე, სადაც თ. გ-მა დაინახა ი. ბ-ე და სახელით მიმართა. პირველმა სწორედ ი. ბ-ემ დაარტყა. თ. გ-მა საპასუხოდ დარტყმით უპასუხა. ამას მოჰყვა ორმხრივი დაპირისპირება, რაც მალევე შეწყდა. ჩხუბში არ ჩარეულან ჯ. და გ. გ-ები. სამივე მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო ი. ბ-ე.

4.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება პირდაპირი მტკიცებულებაა, ვინაიდან ჯ. და გ. გ-ები იყვნენ სადავო ფაქტის თვითმხილველები, ხოლო თ. გ-ი – უშუალოდ დაზარალებული. საგულისხმოა, რომ, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიერ არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებდა დასახელებულ პირთა მიკერძოებულობაზე ან ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ი. ბ-ის მიმართ, რაც მისთვის დანაშაულის დაბრალების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება არის სარწმუნო, ობიექტური და საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო ი. ბ-ე.

4.6. თ. გ-ის სხეულზე დაზიანებათა არსებობას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის - დასკვნა, რომლის თანახმად, 21.06.2022წ. 15:04-15:14სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით, თ. გ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში და შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღს – 20.06.2022წელს.

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს მტკიცებულებათა არარსებობის შესახებ და მის მოსაზრებას, თითქოს შემთხვევის დღეს თ. გ-ი თავს დაესხა ი. ბ-ეს. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ყველა მოწმემ, მსჯავრდებულის გარდა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო თავად ი. ბ-ე. აღნიშნული გარემოება ცალსახად გამორიცხავს მისი ქმედების შეფასებას აუცილებელი მოგერიების კონტექსტში და ამყარებს დასკვნას, რომ ი. ბ-ე თავდაცვის სურვილით არ მოქმედებდა.

4.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების, ისე – სასჯელის სახისა და ზომის შერჩევის ნაწილში სწორი და კანონიერია. რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიულ დათქმას, რომ „ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ... ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).“ მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარეს ზედა ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო/საკასაციო საჩივარი აღნიშნული მოთხოვნით არ წარუდგენია.

4.10. ასეთ მოცემულობაში სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ, თუ საქმე განიხილება მხოლოდ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა. შესაბამისად, მიუხედავად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესისა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, რაიმე ფორმით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა.

4.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე