საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.02.2026
საქმის ნომერი
2კ-929აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №929აპ-25 თბილისი

ბ–ე პ., 929აპ-25 10 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 აპრილის განაჩენით პ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2025 წლის 17 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ბ–ემ ჩაიდინა დაზარალებულისადმი მიმართვა და მისი დაყოლიება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან მიცემული ჩვენების შეცვლისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 17 და 31 ივლისს, ამავე წლის 16 სექტემბერს N.. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ბრალდებულმა პ. ბ–ემ, მეუღლეს – ლ. ბ–ეს, რომელიც სისხლის სამართლის --- საქმეზე (სადაც პ. ბ–ეს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით) ცნობილი იყო დაზარალებულად, გაუგზავნა მუქარისა და სხვადასხვა გზით დაყოლიების შემცველი არაერთი წერილი, რომლებშიც ლ. ბ–ისაგან ითხოვდა მის დანდობას, პატიებასა და საქმიდან „წამლების თემის გაქრობას“. აღნიშნულით პ. ბ–ე ცდილობდა ლ. ბ–ის დაყოლიებას, უარი ეთქვა ჩვენების მიცემაზე ან შეეცვალა ჩვენება.

4. მსჯავრდებულ პ. ბ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ყ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და პ. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას განაჩენის უკანონობის შესახებ, რადგან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ ლ. ბ–ის ჩვენება, მოწმე ნათია ბუწურაძის გამოკითხვის ოქმი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-პენიტენციური დაწესებულების 2024 წლის 2 ოქტომბრის წერილი, ამოღების ოქმი, პ. ბ–ის წერილები, კალიგრაფიული ექსპერტიზის 2024 წლის 2 ოქტომბრის -- დასკვნა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პ. ბ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. დაზარალებულმა ლ. ბ–ემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პ. ბ–ე მისი მეუღლეა, მათ ჰყავთ სამი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი – აუტისტური სპექტრის მქონეა. პ. ბ–ე პასუხისგებაში მისცეს მის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. როდესაც პ. ბ–ე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, 2024 წლის 17 სექტემბერს მას დაურეკა კურიერმა და უთხრა, რომ ციხიდან წერილები ჰქონდა გადასაცემი. წერილებში პ. ბ–ე მას სთხოვდა, შეეცვალა ჩვენება ან უარი ეთქვა ჩვენების მიცემაზე; მასვე უნდა „გაექრო საქმიდან წამლები“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც მას, ასევე – მის ძმას და მშობლებს – მოკლავდა. მეუღლის წერილებმა მასში გამოიწვია შიში და განიცადა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი.

8. ნ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მამა, პ. ბ–ე, დაკავებულია დედის – ლ. ბ–ის – მიმართ ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტზე. 2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, იმყოფებოდა სასწავლებელში, შუადღის პერიოდში დაუკავშირდა დედა, რომელმაც ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ იყო შეშინებული, რადგან მიუვიდა პ. ბ–ის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილები. დედის თქმით, წერილები იყო მუქარისშემცველი შინაარსისა. სახლში დაბრუნების შემდეგ დედა ისევ იყო შეშინებული და აჩვენა პ. ბ–ის მიერ გამოგზავნილი წერილები, რომლებიც წაიკითხა; ახსოვს მათი შინაარსი – წერილების ნაწილი იყო მუქარისშემცველი, ეწერა: „არ იცი ესეთი საქმეები როგორ მთავრდება, ტელევიზორში მაინც არ გაქვთ ნანახი ოჯახური ძალადობის საქმეები როგორ მთავრდება“; „საბოლოოდ ხომ მაინც გამოვალ, ორმოცი დღე გინახულებთ და მერე წავალ“-ო. აგრეთვე, წერილებში ეწერა, თითქოს ლ. ბ–ის ჩვენება და საქმე, რომლის გამოც იყო დაკავებული, იყო ლ. ბ–ის ბრალი. ერთ-ერთ წერილში ეწერა, თუ ჩვენებას არ მისცემდნენ და ის და დედა დაწერდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ, მაგ შემთხვევაში, შეიძლება გადარჩენილიყვნენ. აღნიშნული შინაარსი მეორდებოდა რამდენიმე წერილში.

9. ამოღების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა ნ. გ–მ 2024 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ………ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ლ. ბ–ისგან ამოიღო პ. ბ–ის მიერ პენიტენციური დაწესებულებიდან გაგზავნილი წერილები (ხუთი წერილი), რომელთა სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პ. ბ–ე დაზარალებულზე ახორციელებს ზეწოლას, მოუწოდებს, მის მიმართ მიმდინარე საქმეზე არ მისცეს ჩვენება და დაინდოს, კერძოდ: „...ეხლა სხვა გზა არ დამიტოვე, მეც მოვყვები და ესეთი საქმეები როგორ მთავრდება ყოველდღე გადის ტელევიზორში და ეს იციან მაგათმა, მაგრამ კიდიხართ, გვიან მიხვდები, გვიან ვინ დაგეხმარება, ყველას დაავიწყდები, განსაკუთრებით შენ ძმას“; „...გადაიფიქრე და რაც მე გითხარი ის მოიფიქრე, შენებს ნუ გადამკიდებ, კიდევ ერთხელ გეუბნები“; „...გავიგე შენებთან გარიგება დადე ეხლა პროკურორ გამომძიებლებთან ასე თუ გაგრძელდა კარგად არ დამთავრდება ჩემთვის და მერე საფიქრალი ბევრი მექნება და მოვიფიქრებ რამეს ჩემი მტანჯველებისთვის 100 მაგად უარესს...“; „შენ ძმაზე ძაან გაბრაზებული ვარ და ვნახოთ შენ როგორ მომექცევი იქნებ გადამირჩე“; „...მოდი აზრზე, თქვენი ტარება არ მინდოდა სასამართლოზე არც ეხლა მინდა რო ყველამ გაიგოს შენზე, დაფიქრდი წამლების თემა გააქრე, დაურეკე ჩემ ადვოკატს და გეტყვის როგორ მოიქცე, შენზე რო არ იმოქმედოს ცუდათ, უთხარი მის ამოღება მინდა და როგორ მოვიქცეო და გეტყვის, ლ–ა ესე აღარ გააგრძელო...“; „...გელოდები ამ კვირაში გამაგებინე რას აპირებ, ადვოკატს უთხარი და შემოვა ჩემთან და მეტყვის შეეცადე გამიგო. მეც მინდა რამე კარგი გავიგო. ან ისე ან ასე მაინც გამაგებინე, შენი იმედი მაქ იცოდე. არ გამწირო დაფიქრდი რას აკეთებ ბავშვების მამა ვარ“; „...შენ არაფერი გააკეთო ჩემს წინააღმდეგ....“; „..გთხოვ სანამ დაგვიანდა, ძაან ცოტა დროა დარჩენილი. ვნახოთ აბა რას იზავ, როგორ მოიქცევი რით დაამტკიცებ შენ ბოლო სიტყვებს. გამწირავ შეგნებულად თუ დადგები ჩემ გვერდით ცხოვრებაში“; „...მოდი სასამართლოზე და იქ დავამთავროთ ყველაფერი და თუ ესე მოიქცევი დოდოს უთხარი“; „....იფიქრე, იფიქრე და დაწერე რაც მინდა, მაინც არავინ გამომიშვებს, უბრალოდ ცოტას მომცემენ...“; ,,...თვალებზე ბინდი აქვთ გადაკრული. მეც გადავიკრავ ამ წლების მანძილზე და ვნახოთ რანაირად დასრულდება საბოლოოდ“.

10. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 2 ოქტომბრის კალიგრაფიული ექსპერტიზის N…….. დასკვნის თანახმად, თაბახის ფურცლის ფრაგმენტებზე არსებული ხელნაწერი ტექსტები შესრულებულია პ. ბ–ის მიერ.

11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს პ. ბ–ის მიერ მეუღლეზე – ლ. ბ–ეზე – ზემოქმედების ფაქტს. სასამართლოს დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მათ სრულად შეესაბამება და თანხვდება N.. დაწესებულებიდან პ. ბ–ის მიერ მეუღლისთვის გაგზავნილ წერილებში ასახული გარემოებები და დაცვის მხარესაც არ წარმოუდგენია არგუმენტი რომელიმე მათგანის ჩვენების გაუზიარებლობის დასასაბუთებლად. შესაბამისად, მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის მოთხოვნას პ. ბ–ის გამართლებასთან დაკავშირებით, რადგან მისი ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც, სააპელაციო სასამართლომ პ. ბ–ე დამნაშავედ ცნო ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

14. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მსჯავრდებულის დამცველის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ პ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№929აპ-25 20 თებერვალი, 2026 წელი

ბ. პ., 929აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2026 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ პ. ბ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ პ. ბ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების გამოტანის თარიღად მითითებულია: „10 თებერვალი, 2025 წელი“, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და განჩინების გამოტანის თარიღად მიეთითოს „10 თებერვალი, 2026 წელი“.

აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განჩინების გაუქმებას ან შეცვლას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების გამოტანის თარიღად, „10 თებერვალი, 2025 წელი-ს“ ნაცვლად მიეთითოს „10 თებერვალი, 2026 წელი“;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№929აპ-25 20 თებერვალი, 2026 წელი

ბ. პ., 929აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2026 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ პ. ბ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ პ. ბ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების გამოტანის თარიღად მითითებულია: „10 თებერვალი, 2025 წელი“, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და განჩინების გამოტანის თარიღად მიეთითოს „10 თებერვალი, 2026 წელი“.

აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განჩინების გაუქმებას ან შეცვლას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების გამოტანის თარიღად, „10 თებერვალი, 2025 წელი-ს“ ნაცვლად მიეთითოს „10 თებერვალი, 2026 წელი“;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე