საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №959აპ-25 12 თებერვალი, 2026 წელი
გ. ე., №959აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. გ–ს - ბრალად ედებოდა:
1.1.1. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). ე. გ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის მარტში, საღამოს საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა რა, რომ მისი ნებართვის გარეშე დაძინების უფლება არ ჰქონდა, ე. გ–მა, ერთხელ, მარჯვენა გაშლილი ხელის სახის მარცხენა არეში დარტყმისა და თმის მოქაჩვით, ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი ორსული მეუღლის – ზ. ნ–ას – მიმართ. ე. გ–ის ქმედების შედეგად, ზ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე. გ–ი, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის აგვისტომდე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე მათ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლის – ზ. ნ–ას – მიმართ. 2023 წლის აპრილში, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა რა, რომ მშობლებთან წასვლის უფლება არ ჰქონდა, ე. გ–მა, მარჯვენა მუშტის თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი ორსული მეუღლის – ზ. ნ–ას – მიმართ. ე. გ–ის ქმედების შედეგად, ზ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.1.2. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). ე. გ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის თებერვალში, საღამოს საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა რა, რომ კითხვის დასმის უფლება არ ჰქონდა და მისი მოვალეობა მხოლოდ ბავშვის მოვლა იყო, ე. გ–მა, ყელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი მეუღლის – ზ. ნ–ას – მიმართ. ე. გ–ის ქმედების შედეგად, ზ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2024 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა რა, რომ სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე წასვლის უფლება არ ჰქონდა, თავდაპირველად ორივე მკლავზე, შემდეგ, ყელზე ხელების მოჭერით, ბოლოს კი – დანის სროლისა და მარცხენა ხელის გულზე გარტყმით, ე. გ–მა ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი მეუღლის – ზ. ნ–ას – მიმართ. ე. გ–ის ქმედების შედეგად, ზ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.3. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი). ე. გ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის დეკემბერში, დღისით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ე. გ–ი მიიჩნევდა, რომ სახლიდან წასვლის უფლება არ ჰქონდა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან მეუღლეს – ზ. ნ–ას. კერძოდ, უთხრა, რომ, თუ სახლიდან წავიდოდა, მოკლავდა მასაც და მის ძმებსაც. ე. გ–ის აღნიშნული მუქარა ზ. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2024 წლის თებერვალში, საღამოს საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა რა, რომ კითხვის დასმის უფლება არ ჰქონდა და მისი მოვალეობა მხოლოდ ბავშვის მოვლა იყო, ე. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან მეუღლეს – ზ. ნ–ას. კერძოდ, უთხრა, რომ, თუ ძალადობის შესახებ ვინმეს ეტყოდა, მოკლავდა მას და მის ძმებს. ე. გ–ის აღნიშნული მუქარა ზ. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2024 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა რა, რომ სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე წასვლის უფლება არ ჰქონდა, ე. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან მეუღლეს – ზ. ნ–ას. კერძოდ, ესროლა დანა და უთხრა, რომ მოკლავდა. ე. გ–ის აღნიშნული მუქარა ზ. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.1.4. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ე. გ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის აგვისტოში, დღისით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა რა, რომ საჭმლის მომზადება მხოლოდ ცოლის მოვალეობა იყო, თმის მოქაჩვისა და ხელის მარჯვენა ხელის არეში დარტყმით, ე. გ–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ზ. ნ–ას – მიმართ. ე. გ–ის ქმედების შედეგად, ზ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.5. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. ე. გ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის სექტემბერში, დღისით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ე. გ–ი, ორჯერ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ზ. ნ–ას. კერძოდ, უთხრა, რომ, თუ სხვა მამაკაცთან ექნებოდა ურთიერთობა, მოკლავდა მას და, ან მიწის იქნებოდა, ან მისი. ე. გ–ის აღნიშნული მუქარა ზ. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.1.6. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც, პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით. ე. გ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
ე. გ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, 2024 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 13 დეკემბრამდე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, სხვადასხვა დროს, მის სახლთან, სისტემატურად უკანონო თვალთვალით, მუქარითა და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ყოველდღიურად, ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ყოფილ მეუღლესთან – ზ. ნ–ასთან. კერძოდ, მიდიოდა მის სახლთან, აიძულებდა მასთან საუბარს, უკრძალავდა სხვასთან ურთიერთობას, ყოველდღიურად ხვდებოდა სახლის კართან და ყვიროდა მის სახელს. ე. გ–ის ქმედებით, ზ. ნ–ამ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და იძულებული გახდა, ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეეცვალა, რაც გამოიხატა მასწავლებლებთან წასვლისა და მარტო გარეთ გასვლისგან თავის შეკავებით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენით:
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის მარტის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის აპრილის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 20 მაისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 20 მაისის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
· ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ე. გ–ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. გ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი – სალომე ქემაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. გ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის ე. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ე. გ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ თითოეულ დანაშაულთან მიმართებით, ე. გ–ისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (ე. გ–ი ნასამართლობის არმქონეა) და მსჯავრდებულს თითოეული დანაშაულისთვის, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ჩაუთვალა პირობითად, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დათქმის შესაბამისად, კანონიერად გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ე. გ–ისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
4.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.8. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე