საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1043აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100124010120558

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1043აპ-25 ქ. თბილისი

მ–ი ი., 1043აპ-25 16 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. მ–ს, – დაბადებულს 19.., – ბრალად დაედო: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. შპს „ა....“ (ს/ნ .......) რეგისტრირებულია 2017 წლის 2 თებერვალს, დღგ-ს გადამხდელია 2019 წლის 14 ივნისიდან და მისი იურიდიული მისამართია – ქ. თ–ი, დ–ს რაიონი, ს–ს ქ. №... ორგანიზაციის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია – მ. ჯ.

1.2. შპს „ა....-ში“ 2023 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით, დისტრიბუტორად დასაქმებული იყო ი. მ–ი.

1.3. კომპანიას კუთვნილი, იმპორტირებული რძის ფხვნილი დასაწყობებული ჰქონდა ქ. მ–თან, ჯ–ს დასახლებაში მდებარე შპს „ე......++.-ს“ კუთვნილ საწყობში, საიდანაც ი. მ–ს, როგორც დისტრიბუტორს, გაჰქონდა პროდუქცია ან/და გადასცემდა სხვადასხვა პირებს, ხოლო მიღებული ფულადი თანხა შეჰქონდა ორგანიზაციის ან/და დირექტორის ანგარიშზე.

1.4. 2023 წლის მარტის ბოლოდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით, ი. მ–მა გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა და ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით დაეუფლა ორგანიზაციის კუთვნილ – 25კგ-იან 729 ტომარა რძის ფხვნილს, გაასხვისა სხვდასხვა პირებზე და ფულადი თანხა პირადი მიზნებისთვის გამოყენა, რითაც შპს „ა....ს“ მიაყენა – 160380 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. ი. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით ი. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, ი. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაუქმდა. ი. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ჩამოერთვა საზოგადეობაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება – 2 წლით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ა. ბ–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი მსჯავრდება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა ვარაუდებს და საქმეში გამოკვეთილი ყველა გონივრული ეჭვი მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა. პირველი ინსტანციის სასამართლომ, უშუალოდ მოუსმინა, როგორც მსჯავრდებულ ი. მ–ს, ასევე – „დაზარალებულსა“ და მის პარტნიორს, ადვოკატსა და მეგობარს – რ. ს–ს, შინაგანი რწმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ი. მ–ი უნდა გამართლებულიყო, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტულებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი დაწია ვარაუდამდე, რაც – დაუშვებელია. ზემოსენებული სამი მოწმიდან, ორი – მათ შორის, „დაზარალებულის“ სხვა სავარაუდო მსხვერპლი, მისივე პარტნიორი და მეგობარი – რ. ს–ი, ი. მ–ის სასარგებლო ჩვენებას იძლევა. ასევე, „დაზარალებულის“ ადვოკატმა – ლ. ს–მ დაწერა გულწრფელი განცხადება/მოსაზრება და ისაუბრა „დაზარალებულის“ უკანონო ქმედებებსა და ი. მ–ის უდანაშაულობაზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ი. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია ეჭვების საფუძველზე, რაც არღვევს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულ ი. მ–ს უკანონოდ დასდო მსჯავრი, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების – ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: დაზარალებულ მ. ჯ–ს ჩევენება – რომ მსჯავრდებულის ქმედებაში დაეჭვდა, როდესაც კომპანიის სადისტრიობუციო მანქანა დაჯარიმდა არასამუშაო დროს მოძრაობის გამო, ხოლო საწყობში მისულს, ნახევარი პროდუქცია ადგილზე აღარ დახვდა. მისი კომპანიის დისტრიბუტორმა – ი. მ–მა, რომელსაც ჰქონდა წვდომა დაცულ საწყობში განთავსებულ შპს „ა....ის“ კუთვნილ პროდუქციასთან, გაასხვისა 729 ტომარა რძის ფხვნილი, ხოლო მისი ღირებულება – 160380 ლარი, მიითვისა – თანხვდენილია მოწმე ანა მურაჩაშვილი-ონიანის ჩვენებასთან, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა შპს „ა....ს“ და დაადასტურა, რომ 2023 წლის მაისში მიმართა ამ კომპანიის დირექტორმა – მ. ჯ–მა, წარუდგინა ჯარიმის ქვითარი და გამოირკვა, რომ ი. მ–ისთვის სადისტრიბუციოდ გადაცემული ავტომანქანა იყო დაჯარიმებული არასამუშაო საათებში, მაშინ, როდესაც, ხსენებულ დღეს, ზედნადებითაც არ ფიქსირდებოდა საწყობიდან ტვირთის გატანა. თავის მხრივ, ი. მ–მა განმარტა, რომ კლიენტი გვიან გამოჩნდა და ვერ მოასწრო დირექტორის საქმის კურსში ჩაყენება. გადამოწმების შედეგად, საწყობიდან გატანილი და ზედნადებში ასახული საქონლის რაოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა, რაზეც ი. მ–მა ასევე აღნიშნა, რომ შემსყიდველი ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციას თავის ჟურნალში აღრიცხავდა, თუმცა ეს ჩანაწერები ვერ წარადგინა; მეტად ყურადსაღებია ასევე მოწმე გვანცა შუკაკიძის ჩვენებაც, რომელიც სადავო პერიოდში საბუღალტრო მომსახურებას უწევდა შპს ,,ა....ს’’ და რომლის თქმით, როდესაც საწყობიდან პროდუქცია გაჰქონდა ი. მ–ს, ყიდდა ფიზიკურ პირებზე და, მიუხედავად არაერთგზის მითითებისა, რომ ამ შემთხვევაშიც უნდა ამოერტყა ჩეკი, ამბობდა, რომ კლიენტები, რომლებიც, მისი თქმით, ჰყავდა აღრიცხული, ფულს მოგვიანებით მიტანდნენ. ი. მ–მა, მოთხოვნის მიუხედავად, არ გადასცათ იმ კლიენტების სია, რომლებსაც ჰქონდათ კომპანიის დავალიანება. ამავე მოწმემ დაადასტურა, რომ ი. მ–ის არყოფნის დროს, მხოლოდ ორჯერ გაიტანეს პროდუქცია საწყობიდან და ორივე შემთხვევა შეთანხმებული იყო მსჯავრდებულთან; იგივე დადგინდა მოწმეების სახით დაკითხული თ. ჯ–სა და რ. მ–ს ჩვენებებით, რომლებმაც მიუთითეს, რომ ი. მ–ის არყოფნისას მხოლოდ ორჯერ გაიტანეს საწყობიდან რძის ფხვნილი, თუმცა მსჯავრდებულს გაფრთხილებული ჰყავდა დარაჯი, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში პროდუქციას იძენდნენ ი. მ–ისაგან, რომელიც პირადად ატანდათ საწყობიდან რძის ფხვნილს და ანგარიშსწორებასაც მასთან ახდენდნენ; თემატური რევიზიის აქტით დადგინდა, რომ 1 ტომარა (25 კგ-იანი) რძის ფხვნილის სარეალიზაციო ფასი შეადგენდა – 220 ლარს, შესაბამისად, 729 ტომარა (25 კგ-იანი) რძის ფხვნილის სარეალიზაციო ღირებულება იქნეოდა – 160 380 ლარი; საბუღალტრო ჩანაწერებისა და საბაჟო დოკუმენტების მიხედვით 1 ტომარა (25 კგ-იანი) რძის ფენილის თვითღირებულება შეადგენდა – 167,86 ლარს, შესაბამისად, 729 ტომარა (25 კგ-იანი) რძის ფხვნილის თვითღირებულება იქნებოდა – 122371,50 ლარი; 729 ტომარა რძის ფხვნილის (1 ცალი 25 კგ-იანი ტომრის სარეალიზაციო ფასი შეადგენდა – 220 ლარს) რეალიზაციის შედეგად შპს „ა....ს“ უნდა მიეღო 160380 ლარის შემოსავალი; 01.03.2023-01.07.2023 პერიოდში, შპს „ა....ის“ სს „თი ბი სი ბანკის“ ანგარიშზე მ. ჯ–ს მიერ დამფუძნებლის შენატანის დანიშნულებით შეტანილია – 43455 ლარი, ასევე – სხვადასხვა საწარმოების მიერ საქონლის ღირებულების სახით ჩარიცხულია – 80370 ლარი. 01.03.2023-01.07.2023წ პერიოდში მ. ჯ. ხ–ს ანგარიშებზე საქონლის საფასურის სახით თანხის შეტანა არ ფიქსირდება; 01.03.2023-01.07.2023 პერიოდში, მ. ჯ–ს სს „.....ბანკის“ ანგარიშზე ტერმინალის საშუალებით ჩარიცხული თანხა შეადგენს – 32310 ლარს; 01.03.2023-01.07.2023 პერიოდში, შპს „ა....ის“ ანგარიშებზე, ტერმინალის საშუალებით, თანხების ჩარიცხვა არ ფიქსირდება. ქ. მ–თან, ჯ–ს დასახლებაში მდებარე შპს ე................-ს“ კუთვნილ საწყობიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ცხადყოფს, მაშინ, როდესაც ი. მ–ს დირექტორის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, მ. ჯ–ს მითითების შესაბამისად, არ უნდა გაეტანა საწყობიდან პროდუქცია, მსჯავრდებული მაინც ყიდდა კომპანიის კუთვნილ საქონელს, ხოლო ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ გასხვისებული საქონლის ღირებულებისთვის განკუთვნილი თანხა არ ჩარიცხულა მ. ჯ–ს ან/და შპს „ა....ის“ ანგარიშებზე. ამდენად, ი. მ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის – კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი