საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100123007730494
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №920აპ-25 ქ. თბილისი
ჯ–ე ლ., 920აპ-25 9 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ის, ასევე მსჯავრდებულ დ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. ლ. ჯ–ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 18 მაისს, ღამის საათებში, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ–ში ს–ეს დასახლებაში მდებარე გ. ბ–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ა. ბ–მა, შურისძიების მოტივით, თანნაქონი მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის გამოყენებით, გ. ა–ის მოკვლისა და განსაკუთრებული ფიზიკური ტანჯვის გამოწვევის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, გ. ა–ს თავის, კისრის, გულმკერდის და წელის მიდამოებში, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხისა და მსუბუქი ხარისხის 19 ჭრილობა, რამაც გამოიწვია ფილტვის ქსოვილის, დიაფრაგმის, პლევრის, პერიტონეუმის ფურცლების, კუნთების, მარცხენა საუღლე ვენისა და რბილი ქსოვილების დაზიანება და იგი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულის თვითმხილველი გახდა ლ. ჯ–ე, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა ა. ბ–ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ.
1.2. დ. მ–ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 18 მაისს, ღამის საათებში, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ–ში ს–ეს დასახლებაში მდებარე გ. ბ–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ა. ბ–მა, შურისძიების მოტივით, თანნაქონი მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის გამოყენებით, გ. ა–ის მოკვლისა და განსაკუთრებული ფიზიკური ტანჯვის გამოწვევის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, გ. ა–ს თავის, კისრის, გულმკერდისა და წელის მიდამოებში, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და მსუბუქი ხარისხის 19 ჭრილობა, რამაც გამოიწვია ფილტვის ქსოვილის, დიაფრაგმის, პლევრის, პერიტონეუმის ფურცლების, კუნთების, მარცხენა საუღლე ვენისა და რბილი ქსოვილების დაზიანება და იგი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულის თვითმხილველი გახდა დ. მ–ე, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა ა. ბ–ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ.
1.3. ა. ა–ს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 18 მაისს, ღამის საათებში, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ–ში ს–ეს დასახლებაში მდებარე გ. ბ–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ–მა, შურისძიების მოტივით, თანნაქონი მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის გამოყენებით, გ. ა–ის მოკვლისა და განსაკუთრებული ფიზიკური ტანჯვის გამოწვევის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, თავის, კისრის, გულმკერდისა და წელის მიდამოებში, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და მსუბუქი ხარისხის 19 ჭრილობა მიაყენა გ. ა–ს, რამაც გამოიწვია ფილტვის ქსოვილის, დიაფრაგმის, პლევრის, პერიტონეუმის ფურცლების, კუნთების, მარცხენა საუღლე ვენისა და რბილი ქსოვილების დაზიანება და გ. ა–ი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულის თვითმხილველი გახდა ა. ა–ი, რომელმაც ა. ბ–თან ერთად, მის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოვლენისათვის ხელის შეშლის მიზნით, 2023 წლის 19 მაისს, დილის საათებში, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან, „ლექსუსის“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით .......), რომელსაც მართავდა ა. ბ–ი, წაიღო და ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას მიწაში დამარხა გ. ა–ის გვამი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენით:
2.1. ლ. ჯ–ე, − დაბადებული 2003 წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ლ. ჯ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
ლ. ჯ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 26 მაისიდან.
2.2. დ. მ–ე, − დაბადებული 2003 წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
დ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
დ. მ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 26 მაისიდან.
2.3. ა. ა–ი, − დაბადებული 2003 წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
ა. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 26 მაისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
ü აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენის ცვლილება, კერძოდ, დ. მ–ის, ლ. ჯ–ისა და ა. ა–ისათვის სასჯელის სახედ და ზომად მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის შეფარდება.
ü მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ü მსჯავრდებულ დ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ü მსჯავრდებულ ა. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − ნ. დ–ემ და ი. ა–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ა–ისათვის სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ–მა, ასევე – მსჯავრდებულმა დ. მ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–ემ.
ü მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ–მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ ძირითად გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია იმ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ლ. ჯ–ის ბრალეულობას; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ ა. ა–ის ჩვენებას, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია; დ. მ–ის მიმართ უკანონოდ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება – ფარული ჩაწერა, მოწმის სახით გამოკითხვამდე; დანაშაულის შეუტყობინებლობის დასადასტურებლად, აუცილებელია, რომ ა. ბ–ი დამნაშავედ ცნობილიყო განზრახ მკვლელობისთვის, თუმცა მის მიმართ განაჩენი დღემდე არ გამოტანილა; კასატორს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად მკაცრი.
ü მსჯავრდებულმა დ. მ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ ემყარება უტყუარ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას; ამასთან, განაჩენი არის ზედმეტად მკაცრი, უსამართლო და არაკანონიერი, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია უმკაცრესი სასჯელი, ისე რომ არ არის გათვალისწინებული მისი პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება; ამასთან, სასჯელის ზომა გაცილებით აღემატება ანალოგიური ბრალდებით გამოყოფილ საქმეზე გ. და დ. ბ–ების მიმართ შეფარდებულ სასჯელებს; გარდა ამისა, ა. ბ–ის მიმართ წარმოებულ ძირითად საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი დღემდე არ არის გამოტანილი.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორები არ არიან არასრულწლოვნები.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ის, ასევე მსჯავრდებულ დ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ლ. ჯ–ისა და დ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოტივებს, რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული, სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა.
10. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ა–ე ა–ის ჩვენებაზე, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მნიშვნელოვან წყაროზე, მაგრამ უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს ლ. ჯ–ისა და დ. მ–ის მსჯავრდება მხოლოდ ა. ა–ის ჩვენებას ემყარება. სააპელაციო პალატამ პირველ რიგში შეამოწმა მისი ნაამბობის სანდოობა, დამაჯერებლობა და თანმიმდევრულობა შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
11. აღნიშნული საკითხის შეფასებისას, სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა ა. ა–ის როლი, რომ იგი იყო არა მხოლოდ დანაშაულის შემთხვევითი შემსწრე, არამედ – მოვლენების ჯაჭვში აქტიურად ჩართული პირი – ბ–დან ლ–ში ჩასვლიდან დაწყებული, გარდაცვლილის ცხედრის დამარხვით დასრულებული. იგი უშუალოდ შეესწრო თუ როგორ და რა ვითარებაში მოკლა ა. ბ–მა გ. ა–ი. დანაშაულს ა. ა–თან ერთად, ასევე შეესწრნენ − ლ. ჯ–ე და დ. მ–ეც.
12. სააპელაციო პალატამ ასევე შეაფასა, ხომ არ არსებობდა ა. ა–ის მხრიდან ფაქტების დამახინჯების რაიმე მოტივი ან პირადი დაინტერესება. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ა. ა–ის ჩვენება შეიცავდა მისთვის არასასარგებლო, თვითინკრიმინაციულ ინფორმაციასაც, ხოლო დაცვის მხარეს არ წარუდგენია ისეთი არგუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც გააჩენდა საფუძვლიან ეჭვს მისი ჩვენების სანდოობასა და უტყუარობასთან მიმართებით.
13. ჩვენების სანდოობის შეფასებისას, სააპელაციო პალატამ მიუთითა ემოციურ კომპონენტზეც, კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ა. ა–ის რეაქციებსა და ემოციებზე, პროცესში მონაწილე პირების მიერ მისი ქცევის აღწერაზე. აღნიშნული გარემოებები პალატამ განიხილა, როგორც დამატებითი ინდიკატორი იმისა, რომ მისი ნაამბობი არ იყო ხელოვნური და არადამაჯერებელი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ა. ა–ის ჩვენება არის თანმიმდევრული, კონკრეტული, დეტალური და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთთავსებადი; შესაბამისად, მისი საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
14. უშუალოდ კონფლიქტის დაწყების მომენტში ა. ა–ის ჩვენების თანახმად, დგინდება შემდეგი: ა. ა–ი ლ. ჯ–ესა და დ. მ–ესთან ერთად, სიგარეტის მოსაწევად სახლის ეზოში იმყოფებოდა. ამ დროს დაინახეს, რომ ა. ბ–ი და გ. ა–ი ხელიხელგადახვეულები მიდიოდნენ სახლიდან ცოტა მოშორებით, ბაღჩისკენ. დ. მ–ემ უთხრა, რომ გაჰყოლოდა მათ, რამე რომ არ მომხდარიყო. იგი გაჰყვა. უცებ გაიგონა ყვირილის ხმა: − ,,კაი ბ.., გაჩერდიო“ და გაიქცა იმ მიმართულებით. როდესაც ყვირილის ადგილზე მივიდა, დაინახა, რომ გ. ა–ი იწვა იქვე, ნაკადულში, მას ზემოდან აჯდა ა. ბ–ი და ურტყამდა მარჯვენა ხელს. მივიდა ბ–თან, დაუჭირა ხელი და უყვიროდა, რომ გაჩერებულიყო. ა–ი ამ დროს არ მოძრაობდა. ა–ეს ეგონა, რომ ბ–ი ა–ს მხოლოდ ხელს ურტყამდა, ამიტომ უკვირდა, თუ რატომ არ მოძრაობდა იგი. ცდილობდა ბ–ის შეჩერებას. მის ყვირილზე ბ–ი დაჟინებით პასუხობდა: „გამიშვი და გაჩერდიო“. ამ დროს ბ–ს ,,სახე ჰქონდა წაშლილი“, რის გამოც, შეეშინდა მისი, ვინაიდან ,,ასეთ” ბ–ს არ იცნობდა. ამიტომ, ხელი გაუშვა მას, ხოლო ბ–მა კვლავ გააგრძელა ა–ისთვის დარტყმების მიყენება. ა. ა–ის ჩვენებით დადგენილია ისიც, რომ დანაშაულებრივ შემთხვევას ასევე შეესწრნენ მოწმეები − დ. მ–ე და ლ. ჯ–ეც; კერძოდ, ისინი დანაშაულის ადგილზე მივიდნენ ა. ბ–ის მიერ გ. ა–ისათვის დარტყმების მიყენების მომენტში. ლ. ჯ–ემ მისვლისთანავე ხელების დადებით სცადა ბ–ის შეჩერება. ა. ბ–მა მოიშორა ხელები. ამ დროს ბ–მა ხელები მიიტანა გ. ა–ის მუცელთან და დაინახა, რომ მას ეჭირა დანა, რამაც შოკში ჩააგდო იქ მყოფი ბიჭები. ლ–ს აუტყდა ტირილი, ბ–ი კი კვლავ დანას ურტყამდა ა–ს. ადგილზე მყოფი ბიჭები კი, ვერაფერს აკეთებდნენ და გაშეშებულები უყურებდნენ მათ. მცირე ხნის შემდეგ ა. ბ–ი წამოდგა, დავითს და შემდეგ ა–საც უთხრა, რომ სახლში ასულიყვნენ. ა. ა–ს ასევე უთხრა, რომ დაეწყნარებინა ბ–ის ბებია და მისთვის ეთქვა, რომ თითქოს ა–ი ტაქსით გაუშვეს სახლში. სახლში შესვლამდე ა. ა–მა დაინახა, რომ ხელები, შარვალი და ფეხსაცმელი სისხლით ჰქონდა დასვრილი, მიხვდა, რომ ა–ის სისხლი მიესხმებოდა, შევიდა აბაზანაში და დაიბანა ხელები, გაწმინდა ფეხსაცმელიც. შემდეგ ა. ბ–ის ბებიას უთხრა, რომ ა–ი სახლში წავიდა ტაქსით, რაც მან დაიჯერა. დ. მ–ე, ლ. ჯ–ე და ა. ა–ი შემდეგ ერთად იყვნენ ოთახში. სამივენი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, არ იცოდნენ რა ექნათ. ისინი ეძებდნენ გამოსავალს და შეთანხმდნენ, რომ როდესაც ა. ბ–ი მივიდოდა მათთან ოთახში, ის დარეკავდა ან რაღაცას იზამდა. ა. ბ–ი მათთან ოთახში არ მივიდა, ის შევიდა ე. დ–ის ოთახში. დ. მ–ე, ლ. ჯ–ე და ა. ა–ი ერთმანეთში ამბობდნენ, რომ რადგან ა. ბ–მა ასე სასტიკად მოკლა ა–ი, იგივე შეიძლებოდა მათაც დამართნოდათ. 2 საათის შემდეგ ბიჭებთან მივიდა ა. ბ–ი. მას ჰკითხეს თუ რა უნდა ექნათ. მან უპასუხა, რომ არავისთან არაფერი ეთქვათ, ის ელაპარაკა ა–ის დედას და უთხრა, რომ გ– გაუშვა წითელი ტაქსით. ბ–მა ბიჭებს უთხრა, რომ მათაც იგივე ეთქვათ პოლიციისთვის. ამ დროს ა. ა–მა, დ. მ–ემ და ლ. ჯ–ემ შეამჩნიეს, რომ ა. ბ–ს ორი თითი ჰქონდა გადასერილი. ამ საუბრის დროს, დაახლოებით შუადღის საათებში, სახლში ავტომანქანით მივიდა ა. ბ–ის მამა – გ. ბ–ი. ბიჭები ჩავიდნენ ქვევით, გ–მ უთხრათ, რომ იგი აპირებდა ქალაქში წასვლას და წაყვანა მათაც შესთავაზა.
15. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აგრეთვე მიანიჭა საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებს. უპირველესად, ხაზგასასმელია ა. ა–ის მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმენტი, სადაც მან ადგილზე დეტალურად მიუთითა და განმარტა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, თავდაპირველად მან მიუთითა გ. ბ–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის უკან, დაახლოებით, სამოცი მეტრით დაშორებულ ადგილზე, სადაც დაინახა, თუ როგორ ურტყამდა ა. ბ–ი თვის არეში დანას გ. ა–ს. შემდეგ ა–ის მითითებითვე, გაემართნენ სოფელ აჭყვისთავისაკენ. ა. ა–მა იქ მიუთითა მოფარებულ, ბალახით დაფარულ, ხეებითა და შეფოთლილი ხე-მცენარეებით მოცულ ადგილზე, სადაც დამარხული იყო გ. ა–ის გვამი. მითითებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა და შედეგების კანონიერება, დადასტურებულია როგორც მისი ჩამტარებელი, ისე − მონაწილე პირების მიერ.
16. აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი, ისევე როგორც – დ. მ–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ვინაიდან მითითებული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, მოხდა ვითარების აღდგენა, რა დროსაც ბრალდებულებმა გამომძიებლებს უჩვენეს დანაშაულის ადგილი, მიუთითეს იმ გარემოებებზე, სად და რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა. ა. ა–ის შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, დამატებით აღმოჩენილ იქნა გ. ა–ის გვამი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული საგამოძიებო მოქმედებები, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ.-15 განაჩენი), ფასდება როგორც, დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე პირდაპირი მტკიცებულებები.
17. ამასთან, ა. ა–ის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები სრულად თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, აგრეთვე – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით დადგენილ გარემოებებთან.
18. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობა განპირობებული იყო გ. ბ–ის მიერ მსჯავრდებულებზე ზეწოლის შედეგად. თუმცა ზემოაღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა დანაშაულის შეუტყობინებლობის საფუძვლიან მიზეზად, შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ბ–ის მიერ დანაშაულის ჩადენიდან გ. ბ–ის სახლში მისვლამდე, გავიდა საკმაოდ დიდი დრო, კერძოდ, იგი მეორე დღეს, შუადღის საათებში მივიდა სახლში. უტყუარად დადგენილია ის ფაქტიც, რომ დ. მ–ე, ლ. ჯ–ე და ა. ა–ი, ა. ბ–ის თანდასწრების გარეშეც, ხანგრძლივი პერიოდი (დაახლოებით ორი საათი) იყვნენ ოთახში მარტო. მითითებული დროის ინტერვალებში, ცალსახად დასტურდება, რომ ლ. ჯ–ე და დ. მ–ე არ იყვნენ ობიექტურად შეზღუდულნი, მომხდარის შესახებ თუნდაც ტელეფონის საშუალებით შეეტყობინებინათ პოლიციისათვის, მით უფრო, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ა. ბ–ი მათთან ერთად ოთახში, უწყვეტად არ იმყოფებოდა, ხოლო გ. ბ–ი კი სულაც მეორე დღეს მივიდა სახლში. ამ დროის განმავლობაში, მსჯავრდებულებს ჰქონდათ როგორც სახლიდან წასვლის, ისე – დანაშაულის პოლიციისათვის ტელეფონის საშუალებით შეტყობინების სრული შესაძლებლობა. ამდენად, გ. ბ–ის მხრიდან ზეწოლისა, თუ ა. ბ–ის შიშის ფაქტორი, ვერ ფარავს დროის იმ ხანგრძლივ მონაკვეთებს, როდესაც მოწმეებს დანაშაულის შეტყობინებისთვის რეალურად ჰქონდათ არჩევანი და ობიექტური შესაძლებლობაც. ამრიგად, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის გამორიცხვა შეტყობინების შეუძლებლობის საფუძვლით, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის კიდევ ერთ არგუმენტს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკვლელობის საქმეზე, ა. ბ–ის მიმართ საბოლოო განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, რადგან შეუტყობინებლობის ობიექტური მხარე დამოკიდებულია არა სხვა საქმეზე საბოლოო განაჩენის არსებობაზე, არამედ იმ გარემოებაზე, რომ არსებობს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტი, რომელზეც პირს გააჩნდა ინფორმაცია და ამავე დროს – შეტყობინების შესაძლებლობა. მოცემულ საქმეში, მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის გამოყენებით გ. ა–ისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხისა და მსუბუქი ხარისხის მრავალი ჭრილობის მიყენებისა და მათ შედეგად, მისი ადგილზე გარდაცვალების, ისევე როგორც – დ. მ–ისა და ლ. ჯ–ის მიერ შემთხვევის შესწრების ფაქტი, უტყუარად დადგენილია. მსჯავრდებულების ქმედებების შემდგომი სამართლებრივი შეფასებაც, სწორედ აღნიშნულ ფაქტებზეა აგებული.
21. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს (საქართველოს შსს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ........ რაიონული სამმართველოს განყოფილების თანამშრომლის მიერ დ. მ–ესა და ა. ა–თან გასაუბრების ფარულ ჩანაწერს), აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების გაზიარების გარეშეც, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებენ დ. მ–ისა და ლ. ჯ–ის ბრალეულობას.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
23. საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების ლ. ჯ–ისა და დ. მ–ისათვის განსაზღვრული სასჯელების შემსუბუქების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულებს შეუფარდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
24. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
27. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულების ლ. ჯ–ისა და დ. მ–ის ქმედება მოიცავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მკვლელობის) შესახებ სარწმუნო ინფორმაციის განზრახ არმიწოდებას სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რაც თავისი ბუნებით, პირდაპირ აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესს, აფერხებს დანაშაულის დროულ გამოვლენას, ამცირებს გამოძიების ეფექტიანობას, ზრდის ახალი დანაშაულის რისკების წარმოშობის საფრთხეს და საზოგადოებაში აძლიერებს დაუსჯელობის განცდას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელია და ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
28. საკასაციო სასამართლო, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს – ლ. ჯ–ესა და დ. მ–ეს განუსაზღვრეს სამართლიანი სასჯელები.
29. ამასთან, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი არ გულისხმობს სხვადასხვა, თუ იმავე კვალიფიკაციის, ან სხვა ბრალდების (თუნდაც გამოყოფილ) საქმეზე, დანაშაულში განსხვავებული როლისა და ფაქტობრივი წვლილის მქონე პირებისთვის, ავტომატურად იდენტური ან ერთმანეთთან გათანაბრებული სასჯელების განსაზღვრას. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს როგორც სასჯელის სამართლიანობა და პროპორციულობა, ისე – მისი ინდივიდუალიზაცია კონკრეტული პირის ქმედებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელთა განსხვავებული სახეების/ზომების გამოყენება, თავისთავად არ ადასტურებს მის უსამართლობას.
30. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
32. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ის, ასევე მსჯავრდებულ დ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. ქოჩიაშვილი