ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მეხუთე სექციის
გადაწყვეტილება
საქმეზე „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივრები № 21447/11 და № 35839/11)
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი (სისხლის სამართლის) • სამართლიანი განხილვა • მომჩივნების მსჯავრდების სავარაუდო არასაკმარისი დასაბუთება • ცალსახა პასუხი არ არის საჭირო იმ არგუმენტებისთვის, რომლებიც არასაკმარისად სადავოა ან დასაბუთებულია იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ეროვნული სასამართლოების დასკვნები და არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი (სისხლის სამართლის) და მე-6 მუხლის მე-3(c) პუნქტი • სამართლიანი განხილვა • სამართლებრივი დახმარება პირის მიერ არჩეული დამცველის მიერ • მომჩივნის ინფორმირების გარეშე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნაცვლად, სავალდებულო წესით ადვოკატის არამოტივირებული დანიშვნა • კონტაქტის არარსებობა მომჩივანსა და სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატს შორის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების დროს • დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლებაზე უარის თქმა გადამეტებულად ფორმალური საფუძვლით, მომჩივნის არგუმენტების განხილვის გარეშე
სტრასბურგი
2020 წლის 27 თებერვალი
საბოლოო გახდა
07/09/2020
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,
გაბრიელე კუჩკო-შტადლმაიერი,
ანდრე პოტოკი,
იონკო გროზევი,
მარტინშ მიტსი,
ლეტიფ ჰუსეინოვი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და კლაუდია ვერსტერდიკი, სექციის განმწესრიგებელი,
2020 წლის 4 თებერვლის დახურული თათბირის შემდეგ
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო ორი საჩივარი (№21447/11 და 35839/11), საქართველოს მოქალაქეების, ბ-ნ ზურაბ ლობჟანიძისა („პირველი მომჩივანი“) და ქ-ნ ფატი ფერაძის („მეორე მომჩივანი“) მიერ, შესაბამისად, 2011 წლის 29 მარტსა და 2011 წლის 6 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად.
2. მომჩივნებს წარმოადგენდა ბ-ნი ე. ლორენცი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს ციურიხში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მისი წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
3. კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლზე დაყრდნობით მომჩივნები ამტკიცებდნენ, კერძოდ, რომ ეროვნული სასამართლოების სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და მათი მსჯავრდებები არ იყო განჭვრეტადი. პირველი მომჩივანი, ასევე, ჩიოდა, რომ (i) მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა და (ii) მას უარი ეთქვა თავის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით დაცვის უფლებაზე სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპზე და მან შემდგომ ვერ ისარგებლა თავისი მსჯავრდების გასაჩივრების უფლებით, რითაც დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(c) პუნქტები და მე-7 ოქმის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი.
4. 2017 წლის 13 დეკემბერს მთავრობას ეცნობა ამ საჩივრების შესახებ და №21447/11 და №35839/11 საჩივრების დანარჩენი ნაწილი მიუღებლად იქნა ცნობილი სასამართლოს რეგლამენტის 54-ე წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ფაქტები
I, საქმის გარემოებები
5. პირველი და მეორე მომჩივნები დაიბადნენ, შესაბამისად, 1964 და 1950 წლებში და ცხოვრობენ ჰორგენში (შვეიცარია), შესაბამისად, 2003 და 2009 წლებიდან. პირველი მომჩივანი არის მეორე მომჩივნის სიძე.
A. სისხლის სამართლის საქმისწარმოება მომჩივანთა წინააღმდეგ
6. 2000-2004 წლებში პირველი მომჩივანი იყო საქართველოში ოქროსა და სპილენძის მოპოვებით დაკავებული ორი კომპანიის – სს „მადნეულისა“ და შპს „კვარციტის“ – დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
1.სისხლის სამართლის საქმისწარმოების პირველი ეტაპი
7. 2004 წლის 3 თებერვალს პირველ მომჩივანს დაუსწრებლად ბრალი დაედო გადასახადისთვის თავის არიდებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, შპს კვარციტში (ოქროს მოპოვების უფლების მქონე კომპანია) თავის სამსახურებრივ მმართველობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვა პირის მოგების მიღების მიზნით – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
8. 2004 წლის 4 თებერვლის ბრძანებით კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ გასცა პირველი მომჩივნის დაკავების განკარგულება. ის გამოცხადდა მართლმსაჯულებისგან მიმალვაში მყოფ პირად და მისი სახელი და გვარი შეიყვანეს ძებნილ პირთა ნუსხაში.
9. 2004 წლის 16 აპრილს პირველ მომჩივანს განმეორებით დაედო ბრალი დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებაში, სს „მადნეულში“ (სპილენძის მოპოვების უფლების მქონე კომპანია) თავის საქმიანობასთან დაკავშირებით.
10. 2004 წლის 19 თებერვალს ტელეკომპანია „მზის“ კორესპონდენტმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბ-მა ზ.ჟ.-მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სს მადნეულში არსებული ფინანსური სქემა უნდა შესწავლილიყო და რომ მან გააფრთხილა პირველი მომჩივანი, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მას შვეიცარიაშიც მისწვდებოდნენ (იქ, სადაც პირველი მომჩივანი იმ დროისთვის ცხოვრობდა). იმავე დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა მოიყვანა ბ-ნ ზ.ჟ.-ს შემდეგი ციტატა:
„მადნეული ბინძურ ხელებში აღარ დარჩება. წინა ხელმძღვანელობის პირობებში საწარმო განზრახ გააკოტრეს“.
11. ტელეკომპანია „იმედზე“ საუბრისას ბ-მა ზ.ჟ.-მ განაცხადა:
„ლობჟანიძე იმყოფება შვეიცარიაში და ის ფიქრობს, რომ ქართული მართლმსაჯულება შვეიცარიაში მას ვერ მისწვდება. ჩვენ ამ ნაძირლების საქმიანობას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ეს ადამიანები ამ ყველაფერს მხოლოდ წარსულში კი არ აკეთებდნენ, ისინი ახლაც ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მადნეულში დარჩნენ და თავიანთი ადრინდელი საქმიანობა განაგრძონ. ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც თავის ხელს ჩაყოფს სახელმწიფო საწარმოში, ამ ხელს დაკარგავს“.
12. 2004 წლის 20 თებერვალს მასმედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანია „მზემ“ გააშუქა, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ბ-მა მ. ს.-მ. განაცხადა:
„რა ხდება მადნეულში? მადნეული არის სახელმწიფო საწარმო, [რომელიც მოიპოვებს] ოქროს. ის ეკუთვნის თითოეულ ქართველს. ... შემდეგ, ლობჟანიძის მსგავსი კაცი [ინიშნება] და 40 მილიონი დოლარი [იმ ფულიდან, რომელიც ოქროს ექსპორტიდან იქნა მიღებული] მოპარულია ...“
13. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, 2004 წლის 15 მაისს რაიონულმა სასამართლომ გამოსცა ბრძანება იმ უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ (მათ შორის, სოფელ კვარიათში მდებარე სახლისა – იხილეთ პარაგრაფი 16 ქვემოთ) „რომელიც დარეგისტრირებული იყო ზურაბ ლობჟანიძის სიდედრის [მეორე მომჩივნის] სახელზე, თუმცა, დე ფაქტო ის ეკუთვნოდა [იყო ფაქტობრივ მფლობელობაში]” პირველ მომჩივანს, რათა უზრუნველეყო შესაძლო სამოქალაქო სარჩელი და ფულადი სანქციები პირველი მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების ფარგლებში. ქონება, თუმცა ის ოფიციალურად მეორე მომჩივნის სახელზე იყო რეგისტრირებული, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკუთვნოდა პირველ მომჩივანს, რომელსაც შეეძლო აერჩია, რომ საკუთრების უფლება მის საკუთარ სახელზე არ დარეგისტრირებულიყო, ამ ქონების დამალვის და, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი ნებისმიერი შესაძლო სანქციისგან დაცვის მიზნით. ამდენად, მოცემული ქონება დაილუქა. 2005 წლის 26 სექტემბერს ვინმე ბ-მა მ.ყ.-მ, რომელიც მოქმედებდა წარმომადგენლის (იმავე წარმომადგენლის, რომლითაც ერთ-ერთი მომჩივანი) მეშვეობით და ამტკიცებდა, რომ სოფელ კვარიათში მდებარე სახლი 2004 წლის 26 აპრილიდან მას ეკუთვნოდა, მიმართა მთავარ პროკურატურას ამ სახლთან დაკავშირებით ყადაღის შესახებ ბრძანების მოსახსნელად. ამაზე პროკურორმა უპასუხა, რომ აღნიშნული სახლის გაყიდვას მთავარი პროკურატურა მიიჩნევდა პირველი მომჩივნის მცდელობად, თავი აერიდებინა პოტენციური ზიანის ანაზღაურებისთვის. 2006 წლის თებერვალში მეორე მომჩივანმა და ნ.ყ.-მ (მ.ყ.-ს ნათესავმა) დაიწყეს სასამართლო საქმისწარმოება, ყადაღის შესახებ დროებითი განკარგულების მოხსნის მოთხოვნით. მ.ყ.-ს სააპელაციო საჩივარი ეხებოდა კვარიათში მდებარე სახლს, ხოლო მეორე მომჩივანმა და ნ.ყ.-მ საჩივარი შეიტანეს სხვა ქონებასთან დაკავშირებით. 2008 წლის 31 იანვარს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიამ მ.ყ., როგორც მოსარჩელე, ჩაანაცვლა საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ მ.ყ. აღარ იყო რეგისტრირებული კვარიათში მდებარე სახლის მფლობელად (იხილეთ პარაგრაფი 17 ქვემოთ). 2008 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაადგინა, რომ ის არ იყო უფლებამოსილი, ratione materiae გათვალისწინებით, ემსჯელა საკითხზე და მხარეებს თავიანთი განცხადებების სათანადო პლატფორმაზე შეტანისკენ მიუთითა. ეს გადაწყვეტილება დაექვემდებარა გასაჩივრებას. გაურკვეველია, მისდიეს თუ არა მხარეებმა ამოღების შესახებ დროებით განკარგულებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას.
14. როგორც საქმეში არსებული მასალიდან ჩანს, 2017 წლის 16 ივნისს სხვადასხვა პროცედურული გადაწყვეტილებების შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირველ მომჩივანს მსჯავრი დასდო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (იხილეთ პარაგრაფი 7 ზემოთ). მისი სასჯელი, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, 2012 წლის ამნისტიის აქტით შემსუბუქდა. სახელმწიფოს, ასევე მისი ყოფილი დამსაქმებლის, შეტანილი სამოქალაქო სარჩელები უცვლელად იქნა დატოვებული, შესაბამისად, 1,700,000 აშშ დოლარისა და 7,000,000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩლის მიერ გასაჩივრების შემდეგ, 2018 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მომჩივნის მსჯავრდება და შესაბამისი სამოქალაქო სარჩელები. მომჩივანმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საქმეში არსებული მასალა არ შეიცავს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმისწარმოების ამ ეტაპის საბოლოო შედეგის შესახებ.
2. სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპი
15. 2009 წლის 22 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით (იხილეთ პარაგრაფი 44 ქვემოთ), მომჩივნების მიერ ნასყიდობის იმ ფიქტიური ხელშეკრულების სავარაუდო შექმნის გამო, რომელიც მცდარად ადასტურებდა საკუთრების უფლებას სხვა პირთან დაკავშირებით, იმ ფაქტის დასამალად, რომ პირველი მომჩივანი კვლავ ინარჩუნებდა საკუთრების უფლებას. შსს-ს 2009 წლის 25 მაისის შიდა მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია მიუთითებდა იმაზე, რომ პირველმა მომჩივანმა, თავისი ქონების შესაძლო კონფისკაციისთვის თავის არიდების მიზნით, ის მეორე მომჩივნის მეშვეობით ფიქტიურად მიჰყიდა მესამე პირს.
16. 2009 წლის 25 ივნისს პირველ მომჩივანს სისხლის სამართლის კოდექსის („სსკ“) 210-ე მუხლით (იხილეთ პარაგრაფი 44 ქვემოთ) ბრალი დაედო თავისი სიდედრისა (მეორე მომჩივანი) და მ.ყ.-ს წაქეზებაში, რომ მოემზადებინათ და გამოეყენებინათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი. მეორე მომჩივანს ბრალი დაედო აღნიშნული დოკუმენტის მომზადებასა და გამოყენებაში. დოკუმენტის მიხედვით, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ბრალდებები, პირველმა მომჩივანმა 1998-სა და 2001 წლებს შორის პერიოდში საქართველოში, შავი ზღვის სამხრეთით მდებარე კურორტ კვარიათში ააშენა ორსართულიანი სახლი („სახლი“). ქონების (სახლი და მიწის ნაკვეთი) სამართლებრივი გზით შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის გათვალისწინებით, პირველმა მომჩივანმა ქონება მეორე მომჩივნის სახელზე დაარეგისტრირა. ქონების წარმოშობის შემდგომი დამალვის მიზნით, 2003 წლის ნოემბერში პირველმა მომჩივანმა გადაწყვიტა მოეწყო მესამე მხარისთვის ქონების ფიქტიური მიყიდვა. ამ მიზნით, მომჩივანმა წააქეზა მეორე მომჩივანი და მ.ყ., მოცემულ ქონებაზე მ.ყ.-ს საკუთრების უფლების დამადასტურებელი ფსევდოდოკუმენტის მომზადებასა და გამოყენებაში. 2004 წლის 26 აპრილს უძრავი ქონების შეძენის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც შეიცავდა მცდარ მონაცემებს, დადეს ბ-მა ი.პ.-მ და ნ.ყ.-მ (მეორე მომჩივნისა და მ.ყ.-ს ნათესავები) – რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც მათი წარმომადგენლები – რაც დაარეგისტრირა ნოტარიუსმა. სახლი და მასთან არსებული 3160 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, ბრალდებების მიხედვით, ფიქტიურად გაიყიდა 200000 ლარად (დაახლოებით 82660 ევრო) და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საკუთრებაზე უფლება.
17. საჯარო რეესტრის ჩანაწერი სახლთან და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც სახლი მდებარეობდა, მიუთითებდა იმაზე, რომ მოცემული ქონება დარეგისტრირებული იქნა მ.ყ.-ს საკუთრებაში 2004 წლის 26 აპრილს. რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის იმ ნაწილში, რომელიც ეხება მფლობელს და რომლის სათაურია „უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტი“, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2004 წლის 26 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება. იმავე ჩანაწერის შესაბამისად, 2007 წლის 10 ივლისს ქონება დარეგისტრირდა შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, საკუთრებაში, 2007 წლის 18 ივნისით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
18. 2009 წლის 10 ივლისს ორ მომჩივანზე ძებნა გამოცხადდა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის ფარგლებში.
19. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმისწარმოების მსვლელობისას მომჩივნების ადვოკატმა მოითხოვა, რომ მოწმეებად გამოეძახებინათ: (i) ის ნოტარიუსი, რომელმაც დაარეგისტრირა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, (ii) ქონების ახალი მფლობელი და (iii) ამ უკანასკნელის წარმომადგენელი (რომელმაც მისი სახელით მოაწერა ხელი ხელშეკრულებას). მოთხოვნას, როგორც დაუსაბუთებელს, უარი ეთქვა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის განცხადებით, ამ პირების მისამართები უცნობი იყო და ასევე, არ იყო ცნობილი, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი საქართველოში.
20. 2010 წლის 6 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალებს დაურთო სავარაუდოდ შვეიცარიაში მცხოვრები მ.ყ.-სგან ფოსტით მიღებული წერილი. მ.ყ.-მ განაცხადა, რომ მას სახლი მეორე მომჩივნისგან ჰქონდა შეძენილი, მაგრამ იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო თავისი, როგორც მფლობელის, უფლებების განხორციელება იმ მიზეზით, რომ სახლი პოლიციის მიერ იყო დალუქული, და იმ ფაქტის გამო, რომ მეზობელმა მას არ მისცა სახლზე ზიარი წვდომით სარგებლობის უფლება, მან დაიწყო სასამართლო საქმისწარმოება ლუქის მოხსნის შესახებ ბრძანების მოთხოვნით. ამ საქმისწარმოებას უარი ეთქვა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მან ვერ შეძლო სახლთან დაკავშირებით თავისი უფლებების განხორციელება, მხარეებმა „გააუქმეს ნასყიდობის ხელშეკრულება“.
21. პირველი ინსტანციის სასამართლომ რამდენიმე მოსმენა გამართა, მათ შორის, 2010 წლის 1-ლ და 6 ივლისს, როცა მან მოისმინა რამდენიმე მოწმის განცხადებები და მტკიცებულებად მიიღო რამდენიმე მათგანი. სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი მტკიცებულებები:
(i) ქმრისა და ცოლის – ზ.პ.-სა და გ.პ.-ს განცხადებები – რომლებიც უვლიდნენ სახლს 2000-2009 წლებს შორის პერიოდში. ორი მოწმე ამტკიცებდა, რომ სახლი მომჩივნებს ეკუთვნოდა, მაგრამ მათ ასევე აღნიშნეს, რომ მათ ყური მოჰკრეს ჭორს, რომ სახლი მ.ყ.-ს მიჰყიდეს. ზ.პ.-მ დაადასტურა, რომ პირველი მომჩივანი მათ მომსახურების საფასურს უხდიდა იმ დრომდე, ვიდრე ის საქართველოს დატოვებდა. ამ თარიღის შემდეგ, მათი მომსახურებების საფასურს მეორე მომჩივანი იხდიდა. ზ.პ.-მ აღნიშნა, რომ მათან თავი სახლის ახალ მფლობელად არავის განუცხადებია. მან ასევე დაადასტურა, რომ ერთხელ მ.ყ.-ს ცოლმა და ცოლისდამ სცადეს სახლში შესვლა, მაგრამ მეზობელმა, რომელიც სარგებლობდა სახლში საზიარო შესასვლელით, უარი უთხრა შეშვებაზე. მან არ იცოდა, თუ ვის რანგში ცდილობდნენ ისინი საკუთრებაში შესვლას. ზ.პ.-მ განაცხადა, რომ სახლი, გარდა მისი ოთახისა, პოლიციას ჰქონდა 2003 თუ 2004 წლიდან დალუქული, თუმცა, მას ლუქი პოლიციამ 2009 წელს მოხსნა. გ.პ.-მ განაცხადა, რომ ის ელექტროენერგიის გადასახადებს მეორე მომჩივნის სახელით იხდიდა და მეორე მომჩივნისგან იღებდა ხელფასს 2008 წლის ბოლომდე. გ.პ.-მ ასევე განაცხადა, რომ 2009 წლის ერთ დაუზუსტებელ დღეს პოლიციელები შევიდნენ სახლში და მას უთხრეს, რომ პირველი მომჩივნისგან სახლის კონფისკაცია ხდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ თარიღის შემდეგ სახლში სარემონტო სამუშაოებს უცნობი პირები ატარებდნენ და მან გაიგო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი ზაფხულის შვებულება თავის ოჯახთან ერთად იქ გაატარა.
(ii) მეზობელი სასტუმროს მფლობელის განცხადება, რომელიც მიუთითებდა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პირველ მომჩივანთან. შსს-ს წარმომადგენლების სახლში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, მან ამ სახლის სათადარიგო გასაღები გ.პ.-სგან მიიღო. მან აღნიშნა, რომ გაიგო ჭორი, რომ სახლი ვიღაც ფეხბურთელს მიჰყიდეს, თუმცა, მას საკუთრებაში შესული არავინ უნახავს.
(iii) რამდენიმე მოწმის განცხადებები, მათ შორის, მომჩივნების ნათესავებისა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირველმა მომჩივანმა ააშენა სახლი და რომ სახლს ის და მისი ოჯახი ფლობდა.
(iv) მიწის წინა მფლობელების გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირველმა მომჩივანმა შეიძინა ეს მიწა, ის მეორე მომჩივნის სახელზე დაარეგისტრირა და მასზე სახლი ააშენა. ერთ-ერთმა მოწმემ, ბ-მა ი.ვ.-მ განაცხადა, რომ მან 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი მიჰყიდა პირველ მომჩივანს, ამასთან, ამ უკანასკნელმა შემდგომში მისგან მიითვისა (თანხის გადაუხდელად) დამატებით 400 კვადრატული მეტრი ფართობი. სახლი დაილუქა, ხოლო ზ.პ. და მისი ოჯახის წევრები (იხილეთ პარაგრაფი (i)ზემოთ) მას უვლიდნენ მანამ, სანამ ზემოაღნიშნული შსს-ს თანამდებობის პირები 2009 წელს სახლში შევიდოდნენ. ი.ვ.-მ თავის წინასასამართლო განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ის მომჩივნები იყვნენ, რომლებმაც გასაყიდ სახლზე ჭორები გაავრცელეს. საქმის სასამართლოში განხილვის დროს მან აღნიშნა, რომ არსებობდა გარკვეული ეჭვები, სახლის რომელიღაც ფეხბურთელისთვის მიყიდვის შესახებ. ადვოკატის შეკითხვაზე, ნახა თუ არა მან ფეხბურთელის ცოლი (ტ.ბ) ან ცოლისდა (ლ.ბ.), ი.ვ.-მ განაცხადა, რომ მან თვალი მოჰკრა ლ.ბ.-ს, რომელიც სახლში მივიდა დასვენების დღეების გასატარებლად, ხოლო სხვა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია. ი.ვ.-მ გაიმეორა, რომ მას არ შეეძლო იმის თქმა, გაიყიდა თუ არა სახლი. ი.ვ.-მ განაცხადა, რომ შსს თუ პოლიცია სახლში გასულ ზაფხულს შევიდა და ავეჯი გადაყარა. ისმოდა სარემონტო სამუშაოების ხმები.
(v) იმ პოლიციელის განცხადება, რომელმაც შენიშნა, რომ პირველმა მომჩივანმა ქონება მეორე მომჩივნის სახელზე დაარეგისტრირა, მისი წყაროს დაფარვის მიზნით. მან აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მიღებული იქნა, როგორც „ოპერატიული ინფორმაცია” („ოპერატიული ინფორმაცია” – ანუ ინფორმაცია, მიღებული ანონიმური წყაროდან) და წყარო კონფიდენციალური იყო.
(vi) პირველი მომჩივნის პირადი მცველის და პირველი მომჩივნის ნათესავის განცხადებები იმის შესახებ, რომ 2006-2008 წლებში მეორე მომჩივანმა მათ რამდენჯერმე მისცა ფული გ.პ.-ს (იხილეთ პარაგრაფი (i)ზემოთ) საბანკო ანგარიშზე გადასარიცხად.
(vii) ი.პ.-ს წინასასამართლო განცხადება – მეორე მომჩივნის ნათესავი, რომელმაც დაადასტურა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება მეორე მომჩივნის სახელით. მან განაცხადა, მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების კონკრეტული პირობები, მაგრამ, მას უბრალოდ მოაწერა ხელი. ი.პ.-მ დაადასტურა, რომ ამ თარიღის შემდეგ მეორე მომჩივანმა მას რამდენჯერმე მისცა ფული გ.პ.-ს (პირი, რომელიც სახლს უვლიდა) საბანკო ანგარიშზე გადასარიცხად (იხილეთ პუნქტი (i)ზემოთ).
(viii) გ.პ.-ს საბანკო ანგარიშის ამონაწერები (რომლებიც ადასტურებდა, რომ შესაბამისმა მოწმეებმა მას რამდენიმეჯერ გადაურიცხეს ფული ქონების სავარაუდო გაყიდვის შემდეგ სხვადასხვა თარიღებში) და საგადასახადო დავალებები, რომლებიც გ.პ.-მ განახორციელა სახლის ელექტროენერგიის ქვითრებთან დაკავშირებით.
(ix) ი.მ.-ს წინასასამართლო განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ი.მ. პირველ მომჩივანს შეხვდა შვეიცარიაში 2007 წელს. ი.მ.-ს თანახმად, პირველმა მომჩივანმა მიიღო რჩევა იმას შესახებ, თუ როგორ გაეყიდა „თავისი სახლი, რეგისტრირებული მ.ყ.-ს სახელზე“, შვეიცარიული კომპანიისთვის. ი.მ.-მ მას უთხრა, რომ შვეიცარიულ კომპანიას არ ექნებოდა პირდაპირი შესყიდვის უფლება, თუმცა, საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეძლებდა სახლის ყიდვას და შემდეგ შვეიცარიული კომპანია შეძლებდა ამ ქართული კომპანიის შეძენას და ფაქტობრივად გახდებოდა ქონების მფლობელი. მოწმის ჩვენებით, პირველმა მომჩივანმა ამ რჩევით ისარგებლა. კერძოდ, მან ი.მ.-ს მიანიჭა შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლად მოქმედების უფლებამოსილება, რომლის სახელითაც მან „სიმბოლურ ფასად“ შეიძინა შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის“ (საქართველოში რეგისტრირებული კომპანია) აქციების 100%. დამატებით, ი.მ.-მ აღნიშნა, რომ „2007 წლის ივნისში [დაიდო] ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იყო, რომ მან, მოქმედებდა რა, როგორც შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის“ წარმომადგენელი, სახლი შეიძინა მ.ყ.-ს წარმომადგენლისგან. ამ გარიგების შემდეგ, ზურაბ ლობჟანიძის სახლი, მდებარე სოფელ კვარიათში, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის საკუთრება.“
(x) სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება.
(xi) სხვა მტკიცებულებები ხელშეკრულების დადებისა და ქონების რეგისტრაციის ფორმალობების შესახებ.
22. 2010 წლის 8 ივლისს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ (დაუსწრებლად) მსჯავრი დასდო მომჩივნებს, როგორც ბრალდებულებს (იხილეთ პარაგრაფი 16 ზემოთ). სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების წინააღმდეგ ბრალდებები დაადასტურა წარდგენილმა მტკიცებულებებმა, და აღწერა მოწმეების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები (იხილეთ პარაგრაფი 21ზემოთ). მომჩივნებიდან თითოეულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
23. 2010 წლის 6 აგვისტოს მომჩივნებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მომჩივნების თქმით, მათი სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენდა იმ დანაშაულს, რომლისთვისაც მათ შეიძლება მსჯავრი დასდებოდათ, რადგან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება თავისთავად არ წარმოადგენდა „დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს სსკ-ს 210-ე მუხლით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას. თუნდაც იმის ვარაუდით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა ასეთ დოკუმენტს, ის გაყალბდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაყალბდებოდა მასზე არსებული რომელიმე ხელმოწერა ან სანოტარო ბეჭედი, ან ხელშეკრულების რაიმე სხვა მნიშვნელოვანი ელემენტი. ამ კავშირით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულება არ დადებულება იმ მიზნით, რომლისთვისაც ის იყო განკუთვნილი, ანუ ქონების გასაყიდად, ის უნდა გამოცხადებულიყო ბათილად და არარად სამოქალაქო სამართალწარმოების გზით. გარდა ამისა, მათ, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადეს, რომ პირველი მომჩივნის მიერ სახლის შეძენის თავდაპირველი უკანონობა არასდროს დამტკიცებულა. მომჩივნებმა დამატებით განაცხადეს, რომ მათი მსჯავრდება ემყარებოდა ანონიმურ წყაროს. გარდა ამისა, არც მ.ყ. და არც მისი ნათესავები არ დაკითხულან ხელშეკრულების ფიქტიურ ხასიათთან დაკავშირებით. ვინაიდან ქონება მისი გაყიდვიდან მალე დაილუქა, მყიდველმა ვერ შეძლო მის მიმართ განეხორციელებინა თავისი საკუთრების უფლება, როგორც ეს დაადასტურა მისმა წერილმა, რომლის ადრესატი იყო ქვედა ინსტანციის სასამართლო. ზოგიერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ მათ დაინახეს, რომ მ.ყ.-ს ოჯახს სახლში შესვლაში ხელი შეუშალეს. ამ გარემოებებში მეორე მომჩივანი ვალდებული იყო, გაეგრძელებინა სახლის შენახვა იმ დრომდე, ვიდრე ახალი მფლობელი შეძლებდა სახლის თავის საკუთრებაში მიღებას. საბოლოოდ, მ.ყ.-მ თავისი ფული უკან დაიბრუნა. ბოლოს, მომჩივნების თქმით, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყება და მსჯავრდება გამოწვეული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი ინტერესებით, რომელიც გადავიდა სახლში იმ დროს, როცა მათ წინააღმდეგ საქმისწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, და არა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებით.
24. 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნების ადვოკატების მონაწილეობით ზეპირი მოსმენის შემდეგ სრულად უცვლელად დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუთითა რა მოწმეთა ჩვენებებზე და საქმის მასალაში არსებულ სხვა მტკიცებულებაზე (იხილეთ პარაგრაფი 21 ზემოთ), სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტთან და კანონთან დაკავშირებით იყო სწორი, და რომ „მტკიცებულებების კუმულატიურმა ანალიზმა და შეფასებამ“ დაადასტურა, რომ მომჩივნების ქმედებებს მიეცა „სწორი სამართლებრივი კლასიფიკაცია“. კერძოდ, ის დაეყრდნო სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებას, მათ შორის, ზ.პ.-ს, გ.პ.-ს და მომჩივნების ნათესავების ჩვენებებს, რომელთა თანახმადაც სახლი ყოველთვის რჩებოდა პირველი მომჩივნის დე ფაქტო საკუთრებაში, და მისი ოჯახი იხდიდა სახლის მოვლა-პატრონობის მომსახურების საფასურს (მაგალითად, დაცვისა და დასუფთავების მომსახურებებისთვის) მეორე მომჩივანსა და მ.ყ.-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ ასევე მოახდინა რწმუნებულის მიცემული წინასასამართლო განცხადების ნაწილების აღდგენა, რომელმაც დაადასტურა პირველ მომჩივანთან ერთად იმ გზების განხილვის ფაქტი, რომლებითაც მას შეეძლო „მ.ყ.-ს სახელზე რეგისტრირებული“ ქონების შვეიცარიული კომპანიისთვის მიყიდვა (იხილეთ პარაგრაფის 21-ის ქვეპუნქტი (ix)ზემოთ). სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალაში არსებული ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით დაასკვნა, რომ „პირველი ინსტანციის სასამართლოს [არ] განუხილავს საქმე [იმ ფორმით], რომ ასეთ სამართლებრივ ან პროცედურულ დარღვევებს შეიძლებოდა არსებითი ზემოქმედება მოეხდინა საქმის შედეგზე“.
25. 2011 წლის 21 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარყო მომჩივნების წარდგენილი საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე, როგორც დაუშვებელი. მან მოახდინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულების რეპროდუცირება, აღიარა რა, რომ „საქმე არ [იყო] მნიშვნელოვანი კანონისა და თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკის შემუშავებისთვის, [გასაჩივრებული] გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან ამ საკითხებში და სააპელაციო სასამართლოს არ დაუშვია რაიმე ისეთი მნიშნელოვანი პროცედურული შეცდომა მისი შესწავლის დროს, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის შედეგზე“. დამატებით, უზენაესმა სასამართლომ უპასუხა მომჩივნების არგუმენტს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ მათი საჩივარი ამასთან დაკავშირებით არ საჭიროებს დამატებით შესწავლას იმ ფაქტის გამო, რომ კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა უკვე არსებობდა მოცემული დებულების მსგავსი საკითხების მიმართ გამოყენებასთან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 51 ქვემოთ), და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასახავდა ამ პრაქტიკას.
3.სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპი
26. როგორც საქმის მასალიდან ჩანს, 2010 წლის 6 ივლისს პირველი მომჩივანი ტელეფონით დაუკავშირდა დ.მ.-ს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც იმ დროს განიხილავდა მომჩივნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეს სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის ფარგლებში. დ.მ.-მ შეწყვიტა საუბარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აცნობა მომხდარის შესახებ.
27. 2010 წლის 8 ივლისს პირველი მომჩივნის ნაცნობმა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა ორი მომჩივნის დაწერილი წერილის ასლი, რომლის ადრესატი იყო დ.მ. წერილს ხელს აწერდნენ მომჩივნები და მოცემული იყო მათი მისამართი შვეიცარიაში. სხვა საკითხებთან ერთად წერილში მოყვანილი იყო მომჩივნების არგუმენტი, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება მათ წინააღმდეგ იყო გაყალბებული იმ მიზნით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ხელში ჩაეგდო ზღვის პირას მდებარე სახლი. მომჩივნებმა მოსამართლეს ბრალი დასდეს მიკერძოებულობაში და სიმართლის დადგენისთვის ხელის შეშლაში და მას უთხრეს, რომ „დადგება დრო, როცა თქვენ [დ.მ.] ციხეში ბევრი წლის გატარება მოგიწევთ ... თქვენი უკანონო ქმედებებისა და უსამართლობებისთვის...“
28. 2010 წლის 8 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პირველი მომჩივნის წინააღმდეგ იმ ეჭვის საფუძველზე, რომ ის უხეშად ჩაერია სასამართლოს საქმიანობაში, სამართალწარმოების ადმინისტრირებაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით (სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევა) („სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპი“).
29. პროცედურის შესახებ გამომძიებლის მიერ 2010 წლის 8 სექტემბერს გაკეთებულ შენიშვნაში აღნიშნულია შემდეგი:
„... დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე მე დავუკავშირდი [პირველი მომჩივნის] ადვოკატს, ი.ა.-ს, რომ მისთვის მეკითხა [პირველი მომჩივნის] ნათესავების საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მათ დაენიშნათ ადვოკატი [სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპის ფარგლებში]. ი.ა.-მ მითხრა, რომ ზურაბ ლობჟანიძეს საქართველოში ნათესავები არ ჰყავდა. შემდგომში, დაახლოებით 13:53 საათზე, ზურაბ ლობჟანიძე დამიკავშირდა მე და მკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ მე ვაპირებდი მისთვის ბრალის წაყენებას. ზურაბ ლობჟანიძემ მიპასუხა, რომ რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში მე მის ადვოკატს, ი.ა.-ს უნდა დავკავშირებოდი და ტელეფონი გათიშა“.
30. 2010 წლის 9 სექტემბერს გამომძიებელმა დაუნიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით პირველ მომჩივანს იმ მოტივით, რომ პირველი მომჩივანი თავს არიდებდა მართლმსაჯულებას და მას საქართველოში არ ჰყავდა ნათესავები, რომლებიც ადვოკატს მისი სახელით დანიშნავდნენ.
31. 2010 წლის 9 სექტემბერს დოკუმენტს, რომელიც შეიცავდა ბრალდებებს, ხელი მოაწერა სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა. ბრალდებების მიხედვით, 2010 წლის 6 ივლისს პირველი მომჩივანი ტელეფონით დაუკავშირდა დ.მ.-ს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც იმ დროს განიხილავდა მომჩივნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეს სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის ფარგლებში. „მოსამართლისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმის შემდეგ“, ნათქვამი იყო ბრალდებაში, „პირველი მომჩივანი შეეცადა უხეშად ჩარეულიყო სასამართლოს შესაბამის საქმიანობაში.“ დ.მ.-მ დაუყოვნებლივ შეწყვიტა საუბარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აცნობა მომხდარის შესახებ. გარდა ამისა, 2010 წლის 8 ივლისს პირველმა მომჩივანმა წერილით მიმართა მოსამართლეს (იხილეთ პუნქტები 26-27 ზემოთ) და სცადა მასზე ზემოქმედება მოეხდინა.
32. 2010 წლის 30 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც სხდომა გამართა განსხვავებული შემადგენლობით, პირველ მომჩივანს მსჯავრი დასდო და ის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო სამართალწარმოების ადმინისტრირებაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევაში და მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს თანახმად, პირველი მომჩივნის ზემოქმედებას ჰქონდა ისეთი ფორმა, რომ მან სცადა ზემოქმედება მოეხდინა მოსამართლე დ.მ.-ზე, რათა მას გადაწყვეტილება მომჩივნების სასარგებლოდ გამოეტანა. სხვა საკითხებთან ერთად სასამართლომ ასევე აღნიშნა შვეიცარიის ის ტელეფონის ნომერი, რომლითაც პირველი მომჩივანი დაუკავშირდა მოსამართლეს. არ ჩანს, რომ გადაწყვეტილება მომჩივანს ოფიციალურად გადაეცა.
33. 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 2010 წლის 30 ოქტომბერს ამოიწურა.
34. 2010 წლის 4 ნოემბერს პირველმა მომჩივანმა თავის ადვოკატებს, პ.კ.-ს და კ.ბ.-ს მისცა მინდობილობა, რომელიც მათ ანიჭებდა უფლებამოსილებას, ერთობლივად ან ცალ-ცალკე: (i) წარმოედგინათ და დაეცვათ მისი ინტერესები საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულებაში, (ii) წარმოედგინათ და დაეცვათ მისი ინტერესები საერთო იურისდიქციის ნებისმიერი ინსტანციის სასამართლო დაწესებულებაში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში; და (iii) „ესარგებლათ მოდავე მხარისთვის, მოპასუხისთვის, მესამე მხარისთვის, მსხვერპლისთვის, ბრალდებულისთვის, გასამართლებულისთვის და გამართლებული [პირისთვის] კანონით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, საქმის [განხილვაში] მონაწილეობისა [და] სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების, ვერდიქტის [ან] დადგენილების გასაჩივრების [უფლებამოსილებით]“. ადვოკატებს უნდა ესარგებლათ „ყველა სხვა უფლებით“, რომელიც არ იყო ზუსტად განსაზღვრული, მაგრამ იყო აუცილებელი მინდობილობით მათი ვალდებულებების შესასრულებლად.
35. 2010 წლის 26 ნოემბერს მომჩივნის მიერ დანიშნული ორი ახალი ადვოკატიდან ერთ-ერთმა, მოქმედებდა რა 2010 წლის 4 ნოემბრით დათარიღებული მინდობილობით, წარადგინა განცხადება გასაჩივრების უფლებაზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დაუსწრებლად მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ადვოკატმა განაცხადა, რომ პირველ მომჩივანს, როგორც სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის მონაწილე მხარეს, უფლება ჰქონდა საქმესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა, მათ შორის, მოცემული მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით თავის ეჭვებზე. მან მოითხოვა სასამართლოს მიერ ამოწურული ვადის განახლება და პირველი მომჩივნის საჩივრის არსებითი მხარის განხილვა, რადგან მის მიერ არგასაჩივრება ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თარიღიდან ერთი თვის ვადაში უნდა ჩათვლილიყო საპატიოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირველ მომჩივანს საპატიო მიზეზი ჰქონდა ვადაში არგასაჩივრებისთვის. კონკრეტულად, არც მომჩივანს, არც მის ადვოკატს და არც მის ნათესავებს არ შეატყობინეს მოცემული სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ და ამ მიზეზით მოხდა საჩივრის ვადების დარღვევით წარდგენა. გარდა ამისა, სამართალწარმოების შესახებ მომჩივნისთვის სათანადოდ შეუტყობინებლობა არ იყო საპატიო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის შვეიცარიის მისამართი და ტელეფონის ნომერი შესაბამისი ორგანოებისთვის ცნობილი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ინფორმაცია ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი, არ არსებობდა ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნის საჭიროება. გარდა ამისა, მომჩივნისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების შეუტყობინებლობის გარდა, სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა განსაზღვრულ ვადაში არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს მსჯავრი დაედო. მხოლოდ 2010 წლის 2 ნოემბერს ზეპირად შეატყობინა სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა მომჩივნის ადვოკატს 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმისწარმოება ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის აშკარა უგულებელყოფით და კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და 3(a), (b) და (c) პუნქტების დარღვევით, რომლებიც ამართლებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას.
36. 2010 წლის 26 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრების უფლებაზე განცხადება წერილობითი პროცედურით განუხილველი დატოვა. მან აღნიშნა, რომ პირველმა მომჩივანმა საჩივარი 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ შეიტანა განსაზღვრულ ვადაში, ერთ თვეში. იმის გამო, რომ პირველი მომჩივანი ძებნილი იყო, მისი ინტერესები დაიცვა სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა, რომელსაც გადაეცა გადაწყვეტილება. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთს (ვადის აღდგენის სასარგებლოდ მტკიცება) აკისრებდა იმ მხარეს, რომელმაც დაარღვია მოცემული ვადა. ვინაიდან კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული, თუ რა გარემოებები შეიძლებოდა ყოფილიყო ესენი, სასამართლოებზე იყო დამოკიდებული ამ საკითხების გადაწყვეტა თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე. სასამართლომ, დამატებითი დეტალების მოხსენიების გარეშე დაადგინა, რომ პირველმა მომჩივანმა ვერ მოახერხა ამ ტვირთის აღება იმ დამაჯერებელი მტკიცებულების წარდგენით, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მას ობიექტურად ხელი შეეშალა გასაჩივრებაში.
37. 2010 წლის 3 დეკემბერს პირველი მომჩივნის ერთ-ერთმა ადვოკატმა (იხილეთ პარაგრაფი 34 ზემოთ) შეიტანა სარჩელი და გაიმეორა ადრე დაყენებული არგუმენტები (იხილეთ პარაგრაფი 35 ზემოთ).
38. 2010 წლის 21 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადვოკატი არ იყო უფლებამოსილი, შეეტანა საჩივარი. მან მოიშველია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის მე-4 ნაწილი („ სსკ“ – იხილეთ პარაგრაფი 50ქვემოთ). აღნიშნა რა, რომ საქმის ხელახლა განხილვის ერთ-ერთი პირობა იყო დაუსწრებლად მსჯავრდებული პირის სურვილი, მისი არყოფნაში გასაჩივრებისა, სასამართლომ განაცხადა, რომ მის წინაშე წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მომჩივნის მხრიდან რაიმე სურვილი სააპელაციო საჩივრის მის არყოფნაში განხილვისა არ დადასტურებულა. ამრიგად, მან დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ის საერთოდ არ უნდა განეხილა. სააპელაციო სასამართლომ, ამგვარად, საბოლოო გადაწყვეტილებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება (იხილეთ პარაგრაფი 36ზემოთ) და საჩივარი განუხილველი დატოვა.
39. 2010 წლის 30 დეკემბერს მომჩივნის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა კერძო საკასაციო საჩივარი, რომლის ადრესატი იყო უზენაესი სასამართლო, რომელშიც მოყვანილი იყო სსსკ-ს 518-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც ადვოკატს ან წარმომადგენელს შეეძლო საჩივრის შეტანა მსჯავრდებული პირის სახელით, ამ პირის თანხმობით. ადვოკატი ამტკიცებდა, რომ საჩივარზე დართული მინდობილობით ის უფლებამოსილი იყო წარმოედგინა მომჩივანი. მან დასძინა, რომ ამ დოკუმენტის მეშვეობით, მომჩივანმა თავის ადვოკატს მისცა თავისი ცალსახა თანხმობა, რომ მას გაესაჩივრებინა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.
40. 2011 წლის 5 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოხელემ მომჩივნის ადვოკატს დაუბრუნა კერძო საკასაციო საჩივარი იმ მიზეზით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება იყო საბოლოო და ვერ გასაჩივრდებოდა.
B.შემდგომი მოვლენები
41. მომჩივნების მიერ სასამართლოში წარდგენილი მასალიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 17 თებერვალს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დამნაშავედ სცნეს (მის მიერ კვარიათში მდებარე სახლით სარგებლობასთან და გარემონტებასთან დაკავშირებით), თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ქონების ხელშეუხებლობის დარღვევაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მინისტრი მაშინ გადავიდა სახლში, როცა ორი მომჩივნის წინააღმდეგ სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს სახლი საკუთრებაში არ გადასცემია სახელმწიფოს მომჩივნების მსჯავრდების შედეგად, რადგან ამ ქონების კონფისკაციის საკითხი არ ყოფილა ორი მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახლი რეგისტრირებული იყო შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის“ საკუთრებად, მინისტრს არ ჰქონდა არნიშნული სახლით რაიმე სახით სარგებლობის უფლება. მსჯავრდება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ, შესაბამისად, 2014 წლის 21 ოქტომბერს და 2015 წლის 18 ივნისს.
42. 2014 წლის 26 მარტს უზენაესმა სასამართლომ პირველ მომჩივანთან დაკავშირებით გამოიყენა ამნისტიის აქტი იმდენად, რამდენადაც საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპს და დაადგინა, რომ ის „უნდა გათავისუფლებულიყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის 2010 წლის 30 სექტემბერს დაკისრებული სასჯელისგან...“ სასამართლომ ასევე გაანახევრა პირველი მომჩივნის სასჯელი, გამოტანილი სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპაზე. შესაბამისად, მას მთლიანობაში უნდა მოეხადა თავისუფლების აღკვეთის სამი წელი და ექვსი თვე.
43. 2016 წლის 12 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მეორე მომჩივნის მსჯავრდებასთან მიმართებით გამოიყენა ამნისტიის აქტი. აქტი ითვალისწინებდა ამნისტიას გარკვეული დანაშაულებისთვის, მათ შორის, იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მეორე მომჩივანი იყო მსჯავრდებული, აღნიშნული მსჯავრდებული პირის ასაკის საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მომჩივანს შეუსრულდა 65 წელი, სასამართლომ ის გაათავისუფლა იმ სასჯელის მოხდისგან, რომელიც მას დაეკისრა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპზე.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
44. სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მიხედვით, იმ სახით, რომლითაც ის ფორმულირებული იყო მასალების მომზადების დროს: „ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან იმ დოკუმენტის, რომელიც ადასტურებს საკუთრების უფლებას და რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, მომზადება, გაყიდვა ან გამოყენება“ წარმოადგენდა დანაშაულს, რომელიც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი შრომით მაქსიმუმ ორი წლის ვადით, ან თავისუფლების შეზღუდვით მაქსიმუმ სამი წლის ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით, ან მაქსიმუმ შვიდი წლის ვადით, თუ ის ჩადენილია ერთ ჯერზე მეტად ან ჯგუფის მიერ.
45. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის („სსსკ“) 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეასბამისად, იმ სახით, რომლითაც ის ფორმულირებული იყო მასალების მომზადების დროს, თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, „მას ან მის ახლო ნათესავს“ ეძლეოდა შესაძლებლობა, 48 საათში დაენიშნა დამცველი. თუ ისინი ადვოკატს ამ ვადაში არ დანიშნავდნენ, ადვოკატი სავალდებულო წესით უნდა დანიშნულიყო.
46. სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებდა გასული ვადის განახლების შესაძლებლობას საპატიო მიზეზის საფუძველზე. 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ ნებისმიერი საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვადა დაარღვია.
47. სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო საერთო წესით, ერთჯერადად, ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება ჰქონდა აღედგინა გაშვებული ვადა და არსებითად განეხილა საქმე საჩივრის საფუძველზე.
48. სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოების მიერ მოწმეთა ჩვენების შესწავლა შეიძლება მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ მოწმე „გარდაიცვალა ან ცხოვრობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ან [მისი] ადგილსამყოფელი უცნობი [იყო]“.
49. სსსკ-ის 518-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამცველს ან წარმომადგენელს შეეძლო საჩივრის შეტანა მსჯავრდებულის თანხმობით.
50. სსსკ-ის 523-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება ჰქონდა, განაჩენი გაესაჩივრებინა 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვდა სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
51. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (N 482აპ-16) და 2017 წლის 4 ოქტომბრის (N 257აპ-17) გადაწყვეტილებები ეხებოდა, მათ შორის, სსკ-ს 210-ე მუხლთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრებს და მათ, როგორც ყველაზე ბოლო ინსტანციებმა, დაადასტურეს, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება მიჩნეული იქნა გაყალბებულ დოკუმენტად მოცემული დებულების მნიშვნელობით.
სამართალი
I. საჩივრების გაერთიანება
52. საჩივრების საგნის მსგავსების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მათი ერთობლივად განხილვა ერთი გადაწყვეტილების ფარგლებში.
II. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
53. კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, მომჩივნებმა გაასაჩივრეს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არასაკმარისად დაასაბუთეს თავიანთი მსჯავრდებები სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის ფარგლებში. პირველი მომჩივანი, ასევე, ჩიოდა იმ სავარაუდო წინასასამართლო განცხადებების გამო, რომლებიც მასთან მიმართებით გააკეთეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პირველ ეტაპთან დაკავშირებით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით. კონვენციის მე-6 მუხლში, იმ ნაწილში, რომელიც ეხება განსახილველ საკითხს, ნათქვამია შემდეგი:
„1. ყოველი ადამიანი... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ...
2. ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად...“
A.მისაღებობა
1.მხარეთა არგუმენტები
(a) მთავრობა
54. რაც შეეხება პირველი მომჩივნის საჩივარს კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მთავრობამ განაცხადა, რომ პირველმა მომჩივანმა ვერ ამოწურა სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებები ამასთან დაკავშირებით. ისინი მიუთითებდნენ უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა, რომ „პირი უფლებამოსილია სასამართლოში მოითხოვოს ისეთი ინფორმაციის უკან გამოთხოვა, რომელიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას“), იმის მტკიცებით, რომ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება ხელმისაწვდომი და ქმედითი იყო უდანაშაულობის პრეზუმფციის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.
55. გარდა ამისა, მთავრობამ სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპთან დაკავშირებით მეორე მომჩივნის საჩივართან მიმართებით განაცხადა, რომ მეორე მომჩივნის სარჩელი გაბათილდა ამნისტიის აქტის გამოყენების შედეგად და ნასამართლეობა გაქარწყლდა. კონვენციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მეორე მომჩივნის საჩივარი (i) ან უნდა ამოირიცხოს სასამართლოს საქმეების ნუსხიდან იმ მიზეზით, რომ საკითხი მოგვარდა, ან (ii) გამოცხადდეს მიუღებლად, რადგან ის რაიმე მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ აღმოჩენილა.
(b)მომჩივნები
56. პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მოხსენიებული სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება მოცემულ მომენტში იყო მიუწვდომელი და ძალადაკარგული, და რომ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება არსებობდა ეროვნულ დონეზე იმ საჩივრებისთვის, რომლებიც უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის სავარაუდო დარღვევებს.
57. მეორე მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი სასჯელის გაუქმებით მისი მსჯავრდება არ გაუქმებულა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, შიდა სასამართლოს დასკვნები, ამნისტიის აქტის შესაბამისად, ვერ დაედებოდა საფუძვლად მომჩივნის საქმის სასამართლოში ხელახლა განსახილვას. მან ასევე აღნიშნა, რომ მან საქართველო დატოვა, რათა თავი აერიდებინა დაკავებისთვის იმის გამო, რასაც ის მცდარ მსჯავრდებად მიიჩნევდა, და რომ ამ პერიოდში, მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები; მის პირად გარემოებებზე, ამგვარად, დიდი გავლენა მოახდინა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპმა. შესაბამისად, საკითხი გადაჭრილად ვერ ჩაითვლებოდა. საჩივარი მიუღებელი არც იმ მიზეზით არ იყო, რომ მომჩივანი სავარაუდოდ არ ყოფილა არახელსაყრელ მდგომარეობაში, არამედ იმიტომ, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი არ გაუქმებულა, ხოლო მომჩივანი ჯერ კიდევ შეიძლება მიჩნეულიყო დამნაშავედ, თუმცა, მას სასჯელი არ მოუხდია, რამაც მას დიდი პრობლემები შეუქმნა.
2. სასამართლოს შეფასება
(a) პირველი მომჩივნის საჩივარი მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმისწარმოების პირველ ეტაპთან დაკავშირებით
58. სასამართლომ ცნობად მიიღო მთავრობის ის არგუმენტი, რომ პირველმა მომჩივანმა ვერ მიმართა სავარაუდოდ ეფექტურ სასამართლო დაცვის იმ სამოქალაქო-სამართლებრივ საშუალებას, რომელიც მის განკარგულებაში იყო მის საჩივართან დაკავშირებით კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. თუმცა, სასამართლოს არ ესაჭიროება ამ საკითხის განხილვა. უდავოა, რომ პირველმა მომჩივანმა ვერ მოახერხა საკითხის დაყენება ხელისუფლების ეროვნული ორგანოების წინაშე. თუმცა, თუ ვივარაუდებთ, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა შესაბამის ან ქმედით სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ აღძრული საჩივარი სასამართლოში შევიდა 2011 წლის 29 მარტს, მაშინ, როცა ის შემთხვევა, რომელზეც საჩივარშია საუბარი, მოხდა 2004 წლის 19 და 20 თებერვალს (იხილეთ პარაგრაფები 10-12ზემოთ).
59. ამდენად, ეს საჩივარი შეტანილი იქნა ვადის დარღვევით და ის უნდა უარყოფილი იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
(b) მომჩივნების საჩივრები მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპთან დაკავშირებით
60. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის პროტესტი სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის კონტექსტში წარმოიშვა მეორე მომჩივანთან დაკავშირებით.
61. სასამართლო ეთანხმება მეორე მომჩივანს იმაში, რომ სასჯელის უბრალოდ გაუქმება არ ნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივარი შიდა დონეზე მოგვარდა. რაც შეეხება მთავრობის პოზიციას მნიშვნელოვანი არახელსაყრელი მდგომარეობის არარსებობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(b) პუნქტში მოცემული მისაღებობის კრიტერიუმი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომჩივანი არ აღმოჩენილა მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში და იმ პირობით, თუ იმავე დებულებაში მოცემული სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ ორი დათქმა სრულდება (იხილეთ საქმე Giuran v. Romania, N 24360/04, § 24, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 (ამონარიდები)). ამასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება, რომ მეორე მომჩივანი აღმოჩნდა რაიმე მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ მასზე დაკისრებული სასჯელი გაუქმდა, მისი გამამტყუნებელი განაჩენი არ გაუქმებულა, რამაც პოტენციურად ხელი შეუწყო იმ სტიგმის შენარჩუნებას, რომელიც დამნაშავედ ცნობას შეიძლება ახლდეს თან (შედარებისთვის იხილეთ საქმე Kerman v. Turkey (dec.), N 35132/05, §§ 100-106, 22 ნოემბერი 2016).
(c) დასკვნა მისაღებობასთან დაკავშირებით
62. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები მათი მსჯავრდებების სავარაუდოდ არასაკმარის დასაბუთებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის ფარგლებში არ არის აშკარად უსაფუძვლო კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობით. დამატებით, ის აღნიშნავს, რომ ისინი არაა მიუღებელი რაიმე სხვა მიზეზით. ამიტომ, ისინი მიუღებლად უნდა გამოცხადდეს.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
63. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მათ მსჯავრი დასდეს კვარიათში მდებარე სახლთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაყალბებაში, მათი რაიმე არგუმენტის განხილვის გარეშე, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე მათი უფლების დარღვევით. სხვა საკითხებთან ერთად მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ: (i) არცერთ მტკიცებულებას არ დაუდასტურებია, რომ ქონება უკანონო გზით იქნა მიღებული; (ii) მსჯავრდება დაეფუძნა ანონიმური მოწმის განცხადებას; (iii) შინაგან საქმეთა მინისტრი სახლში სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებისას გადავიდა; (iv) ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა იმის გამო, რომ მყიდველმა, როგორც მფლობელმა, ვერ განახორციელა თავისი უფლებები; და (v) მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ იყო განჭვრეტადი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და პრაქტიკით.
64. მთავრობამ განაცხადა, რომ მტკიცებულების დასაშვებობისა და შეფასების საკითხები უნდა: (i) დაერეგულირებინა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და (ii) შეეფასებინა ეროვნულ სასამართლოებს. გარდა ამისა, სასამართლოს პრეცედენტული‑სამართალი ეროვნული სასამართლოებისგან არ მოითხოვდა მათ წინაშე დაყენებული თითოეული და ყველა არგუმენტის განხილვას. შესაბამისი გადაწყვეტილებები, მთავრობის განცხადებით, იყო სათანადოდ დასაბუთებული და დაფუძნებული მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. ამ მხრივ, არ წამოჭრილა თვითნებობის ან უმართებულობის საკითხი. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ, არ დარღვეულა.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
65. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ეროვნულ სასამართლოებს ავალდებულებს საკმარისად მკაფიოდ მიუთითონ ის მიზეზები, რომლებზეც ისინი აფუძნებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, საქმე Taxquet v. Belgium [GC], N 926/05, § 91, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2010 წელი და საქმე Nikolay Genov v. Bulgaria, N 7202/09, § 27, 2017 წლის 13 ივლისი). ამ ვალდებულების გამოყენების მასშტაბი შეიძლება იცვლებოდეს მოცემული გადაწყვეტილების ხასიათის შესაბამისად და უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემობების კონტექსტში (იხილეთ საქმე Ruiz Torija v. Spain, 1994 წლის 9 დეკემბერი, § 29, სერია A N 303‑A; საქმე García Ruiz v. Spain [GC], N 30544/96, § 26, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1999‑I; და საქმე Moreira Ferreira v. Portugal (no.2) [GC] (N 19867/12, § 84, 2017 წლის 11 ივლისი).
66. მომჩივნის მიერ წამოყენებულ თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის მოთხოვნის გარეშე (იხილეთ საქმე Fomin v. Moldova, N 36755/06, § 31, 2011 წლის 11 ოქტომბერი) ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო საქმისწარმოების მხარეები შეიძლება მოელოდნენ კონკრეტული და ცალსახა პასუხის მიღებას არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია ამ საქმისწარმოების შედეგისთვის (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, საქმე Moreira Ferreira, ზემოთ ციტირებული, § 84; საქმე Tchankotadze v. Georgia, N 15256/05, § 103, 2016 წლის 21 ივნისი ; და საქმე Deryan v. Turkey, N 41721/04, § 33, 2015 წლის 21 ივლისი). გადაწყვეტილებიდან მკაფიო უნდა იყოს, რომ საქმის პირველხარისხოვანი საკითხები გადაჭრილი იქნა (იხილეთ საქმე Boldea v. Romania, N 19997/02, § 30, 2007 წლის 15 თებერვალი და საქმე Uche v. Switzerland, N 12211/09, § 37, 2018 წლის 17 აპრილი).
(b) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
67. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნების მსჯავრდება ეხებოდა იმ ყალბი დოკუმენტის მომზადებასა და გამოყენებას, რომელიც ადასტურებდა ქონებრივ უფლებებს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის შესაბამისად (იხილეთ პარაგრაფი 44ზემოთ). ის ემყარებოდა მოწმეთა განცხადებების ერთობლიობას (მათ შორის, მომჩივნების ნათესავებისა და პირველი მომჩივნის ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს) და სხვა მტკიცებულებებს (იხილეთ 21 ზემოთ), რომლებიც მიუთითებს მომჩივნების „დე ფაქტო საკუთრებას” („რეალური საკუთრების უფლება”) სახლზე, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკით, რომელიც შეეხებოდა ზემოთ ციტირებული სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებას, ეროვნული სასამართლოები ვალდებული იყვნენ კონკრეტული და ცალსახა პასუხი გაეცათ მხოლოდ იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტი იქნებოდა საქმისწარმოების შედეგისთვის. ამასთან დაკავშირებით, სხვა არგუმენტებს შორის, მომჩივნები დავობდნენ: (i) იმ მტკიცებულების სავარაუდო არარსებობაზე, რომ ქონების შეძენა მოხდა უკანონო გზებით; (ii) იმ ბრალდების წყაროს ანონიმურობაზე, რომ პირველმა მომჩივანმა ქონება უკანონოდ შეიძინა; და (iii) ფაქტზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ სახლში გადავიდა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების დროს. თუმცა, ამ არგუმენტებს ეროვნულმა სასამართლოებმა არ გასცეს ცალსახა პასუხი, მათ კავშირი არ ჰქონდათ იმის განსაზღვრასთან, მოამზადეს და გამოიყენეს თუ არა მომჩივნებმა უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება სსკ-ს 210-ე მუხლის მნიშვნელობით. სასამართლო ცნობად იღებს რა, მინისტრის შემდგომ მსჯავრდებას, მის მიერ კვარიათში მდებარე სახლის დაკავებასა და რემონტთან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 41 ზემოთ), მას მხედველობიდან არ რჩება ის ფაქტი, რომ მინისტრის მსჯავრდება ეხებოდა სხვა დანაშაულს, რაც დადგინდა მხოლოდ მომჩივნების წინააღმდეგ სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, და მას რაიმე პირდაპირი ზემოქმედება არ ჰქონდა მომჩივნებისთვის დაბრალებულ თაღლითობის დანაშაულზე.
68. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების წარდგინებები ეროვნული სასამართლოების წინაშე საქმის მასალაში მ.ყ.-ს წერილის არსებობის შესახებ, რომელიც განმარტავს, რომ ხელშეკრულება იყო ნამდვილი, მაგრამ ის საბოლოოდ გაუქმდა მის მიერ საკუთრების უფლებების განხორციელების უუნარობის გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფი 20 ზემოთ), რამაც მეორე მომჩივანს უბიძგა განეგრძო ქონების მოვლა-პატრონობა, თეორიულად, შეიძლება არსებითი ყოფილიყო ამ სასამართლოებში საქმისწარმოებისთვის. თუმცა, არც ეს არგუმენტები და არც შესაბამის გადაწყვეტილებებში ცალსახა პასუხის არარსებობა აბსტრაქტულად არ უნდა შეფასდეს. კერძოდ, ისეთ საქმეში, როგორიც წინამდებარე საქმეა, სადაც ეროვნული სასამართლოების მიღებული გადაწყვეტილებები ემყარება, სხვა საკითხებთან ერთად, მრავალი მოწმისგან მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სავარაუდოდ არასაკმარის დასაბუთებასთან დაკავშირებული არგუმენტები გარკვეული სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული.
69. ამ კონტექსტში, იმის განსაზღვრისას, მომჩივნების არგუმენტები მოითხოვდა თუ არა ცალსახა პასუხს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის, იყო თუ არა ისინი საკმარისად კარგად დასაბუთებული, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული სასამართლოების მიგნებები და საქმის მასალაში უკვე არსებული მტკიცებულებები. ამასთან დაკავშირებით, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და მყიდველის გადახდილი ფულადი თანხა უკან დაბრუნდა, რადგან მ.ყ.-მ ვერ შეძლო განეხორციელებინა თავისი უფლებები, როგორც მფლობელისა. ეს გაუქმება, განმცხადებებლის თქმით, იყო იმის მტკიცებულება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ იყო ფიქტიური, და რომ მომჩივნებს უნდა უზრუნველეყოთ სახლის მოვლა-პატრონობა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი მტკიცებას საჭიროებდა, მომჩივნებს შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენიათ (როგორიცაა, მაგალითად, ქვითარი ან საგადახდო დავალება) თავიანთი სარჩელის დასასაბუთებლად. თუმცა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების პირველ ეტაპთან დაკავშირებული საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მ.ყ.-მ დაიწყო სამართალწარმოება ქონების დაყადაღების შესახებ წინასწარი ბრძანების გაუქმების მიზნით (იხილეთ პარაგრაფი 13 ზემოთ), გაურკვეველი რჩება ის, თუ რამდენად მიაქციეს მომჩივნებმა ეროვნული სასამართლოების ყურადღება ამ ფაქტისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი საქმისწარმოების ინსტიტუტი თავისთავად ეჭვქვეშ არ აყენებს ეროვნული სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ფიქტიური იყო. დაბოლოს, მომჩივნების შესაბამისი საჩივარი, რომ მ.ყ. არ დაკითხულა, როგორც ჩანს, არ უკავშირდება სასამართლოების კომპეტენციას, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნების მოთხოვნას მ.ყ.-ს დაკითხვის შესახებ არ ახლდა თან მისი საკონტაქტო ინფორმაცია, და მოგვიანებით გაირკვა, რომ ის საქართველოში არ ცხოვრობდა (შეადარეთ პარაგრაფები 19-20და 48 ზემოთ). გარდა ამისა, რადგან მ.ყ.-ს წერილი დაემატა საქმის მასალას, მ.ყ.-სეული ვერსია მოვლენებისა ეროვნული სასამართლოებისთვის ცნობილი იყო და მომჩივნებს არ დაუსაბუთებიათ, თუ რა ახალი ინფორმაცია შეეძლო მოწმეს წარედგინა ეროვნული სასამართლოებისთვის (იხილეთ საქმე Murtazaliyeva v. Russia [GC], N 36658/05, § 158, 2018 წლის 18 დეკემბერი). ამ გარემოებებში და საქმის მასალებში არსებული მოწმეთა მტკიცებულებების გათვალისწინებით (რომლის აღდგენაც სააპელაციო სასამართლოს შეეძლო თავის გადაწყვეტილებაში) მომჩივნების პრეტენზიებზე პასუხი, თუნდაც მხოლოდ ირიბად (იხილეთ საქმე Sawoniuk v. the United Kingdom (dec.), N 63716/00, 2001 წლის 29 მაისი), ფაქტობრივად გათვალისწინებული იყო შესაბამის გადაწყვეტილებაში.
70. იმასთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა ეროვნული სასამართლოები ვალდებულნი, ცალსახა პასუხი გაეცათ მომჩივნების არგუმენტისთვის მათი მსჯავრდების განჭვრეტადობასთან დაკავშირებით, სასამართლო განიხილავს, რამდენად იყო ეს არგუმენტი საკმარისად დამტკიცებადი. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ მის ამოცანას არ წარმოადგენს, მან ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოები ფაქტებისა და მათი სამართლებრივი კლასიფიკაციის შეფასებასთან დაკავშრებით, იმ პირობით, რომ ისინი ემყარება მტკიცებულების გონივრულ შეფასებას (იხილეთ საქმე Rohlena v. the Czech Republic [GC], N 59552/08, § 51, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2015 წელი და საქმე Berardi and Mularoni v. San Marino, N 24705/16 და N 24818/16, § 43, 2019 წლის 10 იანვარი). ამ კონტექსტში, ეხება რა მომჩივნების იმ არგუმენტს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა „საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს“, სასამართლომ, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ სახლზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერი ცალსახად ახდენდა სადავო ხელშეკრულების კლასიფიცირებას, როგორც მოცემულ ქონებაზე „უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტისა“ (იხილეთ პარაგრაფი 17ზემოთ). რაც შეეხება გაყალბების განმარტებას, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გაყალბების კონკრეტული განმარტება სსკ-ს 210-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც გამოყენებული იქნა მოცემულ საქმეში, იმ დროისთვის იყო კარგად დამკვიდრებული ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში (იხილეთ პარაგრაფები 25და 51ზემოთ) და ვერ ახდენს მის, როგორც აშკარად უმართებულოს, კლასიფიცირებას. გარდა ამისა, სასამართლო ცნობად იღებს იმ ფაქტს, რომ უზენაესმა სასამართლომ არ უპასუხა მომჩივნებს ამ კონკრეტულ არგუმენტთან დაკავშირებით, აღნიშნა რა, კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის არსებობა სსკ-ს 210-ე მუხლის მსგავსი საქმეების მიმართ გამოყენებასთან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 25ზემოთ).
71. ზემოაღნიშნულის კონტექსტში და მტკიცებულებათა ერთობლიობის გათვალისწინებით, რომლებიც უკავშირდება მომჩივნებს, მათი საჩივრები რეალურად ნიშნავდა იმ წონის ეჭვქვეშ დაყენებას, რომელიც ეროვნულმა სასამართლოებმა მიანიჭეს კონკრეტულ მტკიცებულებებს, ასევე თავიანთ დასკვნებს ფაქტების შესახებ და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას – იმ საკითხებს, რომლებიც არ არის სასამართლოს განსახილველი (იხილეთ, მაგალითად, საქმე Moreira Ferreira, ზემოთ ციტირებული, § 83 (b) და საქმე Ilgar Mammadov v. Azerbaijan (N2), N 919/15, § 205, 2017 წლის 16 ნოემბერი; ასევე, შეადარეთ საქმე Rostomashvili v. Georgia, N 13185/07, § 59, 2018 წლის 8 ნოემბერი).
72. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
III. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(c) პუნქტების სავარაუდო დარღვევა
73. პირველი მომჩივანი ჩიოდა მასზედ, რომ, რამდენადაც საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპს, ხელისუფლების ორგანოებმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს, მისთვის ეცნობებინათ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების შესახებ, და არ მისცეს მას შესაძლებლობა, ესარგებლა თავისი არჩეული ადვოკატის დახმარებით, რომ დაეკითხა მოწმეები და შეესწავლა სხვა მტკიცებულები. გარდა ამისა, მისი სასამართლოზე წვდომის უფლება და მისი მსჯავრდების გასაჩივრების უფლება დაირღვა ეროვნული სასამართლოების უარის შედეგად, რომ დაეშვათ ვადების დარღვევით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. ის ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და 3 (a), (b) და (c) პუნქტებს და კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს. სასამართლო, წარმოადგენს რა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი სამართლებრივი შეფასების მთავარ ორგანოს (იხილეთ საქმე Molla Sali v. Greece [GC], N 20452/14, § 85, 2018 წლის 19 დეკემბერი, დამატებითი მითითებებით), მიიჩნევს, რომ პირველი მომჩივნის საჩივარი არსებითად ეხება სამართლებრივი დახმარების „არჩევანზე უარს“ და აქედან გამომდინარე, საბოლოო შედეგებს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპის სამართლიანობაზე. ამიტომ, სასამართლო მომჩივნის საჩივარს განიხილავს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 (c) პუნქტების შესაბამისად. მოცემული დებულების იმ ნაწილში, რომელიც ეხება განსახილველ საკითხს, ნათქვამია შემდეგი:
„1. ყოველი ადამიანი... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ...
2. ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
(a) მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;
...
(c) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
(d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხინოს მისი ბრალდების მოწმები, და, გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში...“
A. მისაღებობა
1. მხარეთა არგუმენტები
74. მთავრობამ განაცხადა, რომ პირველი მომჩივნის საჩივარი უნდა ამოირიცხოს სასამართლოს საქმეთა ნუსხიდან. კერძოდ, არ არსებობდა სადავო გადაწყვეტილების აღსრულების რისკი, გაუქმდა სადავო გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელი და ნასამართლობა გაქარწყლდა. მთავრობის აზრით, ეს წარმოადგენდა საკმარის ანაზღაურებას კონვენციის მე-6 მუხლის ნებისმიერი დარღვევისთვის და საკითხი გადაწყდა კონვენციის 37-ე მუხლის 1(b) პუნქტის მიზნებისთვის. ალტერნატიულად, საჩივარი მიუღებლად უნდა გამოცხადებულიყო, რადგან პირველი მომჩივანი არ აღმოჩენილა მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში.
75. პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მოხსენიებული მოვლენები ვერ ჩაითვლებოდა საკითხის გადაწყვეტად. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მისი სასჯელი ამნისტიის აქტით გაუქმდა, მისი გამამტყუნებელი განაჩენი არ გაუქმებულა და ის არ გამართლებულა. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავისი უფლებების სავარაუდო დარღვევის შედეგად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მან დაკარგა სამსახური და მოუწია ქვეყნიდან გაქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანმა განაცხადა, რომ ადამიანთა უფლებების დაცვა საჭიროებდა მისი საჩივრის მისაღებად გამოცხადებას და მისი არსებითი მხარეების შესწავლას. გარდა ამისა, საჩივარი მიუღებლად ვერ გამოცხადდებოდა, რადგან ის ეხებოდა სასამართლოზე წვდომის უფლებას და უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განხილვის უფლებას.
2. სასამართლოს შეფასება
76. როგორც უკვე აღნიშნა სასამართლომ, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(b) პუნქტში მოცემული მისაღებობის კრიტერიუმი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა მომჩივანი არ აღმოჩნდა საკმარისად არახელსაყრელ მდგომარეობაში და იმ პირობით, თუ სრულდება იმავე დებულებაში არსებული ორი დათქმა სამართლებრივი დაცვის შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 61 ზემოთ). ამ ფონზე და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ მეორე დათქმის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საქმე ეროვნულ სასამართლოს „სათანადოდ უნდა განეხილა“, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველმა განმცხადებელმა იჩივლა ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა წვდომა სასამართლოზე სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპთან დაკავშირებით, რის გამოც მან ვერ შეძლო გასაჩივრება ეროვნულ სასამართლოში მე-6 მუხლში მოცემული გარანტიების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
77. შესაბამისად, იმის განსაზღვრის საჭიროების გარეშე, აღმოჩნდა თუ არა პირველი მომჩივანი „მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში“ (იხილეთ საქმე Varadinov v. Bulgaria, №15347/08, § 25, 2017 წლის 5 ოქტომბერი), სასამართლო, ნებისმიერ შემთხვევაში, იძულებულია მივიდეს მთავრობის არგუმენტის უგულებელყოფამდე კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (b) პუნქტში მოცემული გარანტიების შესახებ მეორე დათქმის საფუძველზე.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
78. პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ მას სათანადოდ არ ეცნობა მის წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპის ფარგლებში. როცა პირველ მომჩივანს უთხრეს, რომ მალე მოხდებოდა სისხლისსამართლებრივი ბრალდებების წარდგენა, მან გამომძიებელი თავის ადვოკატთან გადაამისამართა. თუმცა, მომჩივნის მიერ არჩეულ ადვოკატთან დაკავშირების ნაცვლად, გამომძიებელმა სავალდებულო წესით დანიშნა ადვოკატი, სსსკ-ს 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით. ეს დანიშვნა მოხდა დაუყოვნებლივ და არა კანონით გათვალისწინებული ორმოცდარვა საათის გასვლის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების მისაღებად რაიმე სერიოზული მიზეზი არ არსებობდა. გარდა ამისა, სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატსა და მომჩივანს შორის არ ყოფილა არანაირი კონტაქტი და უფრო მეტიც, შესაბამისმა ადვოკატმა მომჩივნის მსჯავრდება არ გაასაჩივრა. დაბოლოს, ეროვნულმა სასამართლოებმა, სათანადო დასაბუთების გარეშე, უარი უთხრეს მომჩივანს მისთვის მსჯავრის დაუსწრებლად დადების წინააღმდეგ ვადების დარღვევით წარდგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე. ამ უარმა, მომჩივნის თქმით, მისი არჩეული ადვოკატის მიერ მისი დაცვის უფლების ადრეულ ეტაპზე დარღვევის გათვალისწინებით, გაანადგურა მისი მსჯავრდების გასაჩივრების უფლების მთავარი არსი.
79. მთავრობამ განაცხადა, რომ პირველ მომჩივანს გამომძიებელმა აცნობა მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წამოყენების შესახებ, თუმცა, თავისი არჩეული ადვოკატის დასანიშნად რაიმე ძალისხმევის გამოჩენის გარეშე, მან უარი თქვა თავის უფლებებზე ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზეზით, მის დასაცავად დაინიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით. ეს ადვოკატი სრულად მონაწილეობდა მომჩივნის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესში. რაც შეეხება მომჩივნის განცხადებებს, მის მიერ მისი მსჯავრდების გასაჩივრების უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, მთავრობამ განაცხადა, რომ ის არ გამოცხადებულა საგამოძიებო ორგანოებში, მის მიმართ რამდენიმე ასეთი მოთხოვნის მიუხედავად და რომ ძებნილად გამოცხადების შემდეგ, თავად არის დამნაშავე, რომ არ დაუკავშირდა თავის ადვოკატს, რომ მისთვის საჩივრის შეტანის უფლებამოსილება მიენიჭებინა. რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების უარს მომჩივნის დაუსწრებლად მსჯავრდების გასაჩივრებაზე, მთავრობამ მოიშველია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მომჩივანმა ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები, რაც უკავშირდებოდა მის დაუსწრებლად საჩივრის განხილვის შესახებ ნების გამოხატვას.
2.სასამართლოს შეფასება
80. იმის მიუხედავად, რომ არ არის აბსოლუტური, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის უფლება, ადვოკატის მიერ ეფექტიან დაცვაზე, რომლის მინიჭებაც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ოფიციალურად, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს (იხილეთ საქმე Ibrahim and Others v. the United Kingdom [GC], nos. 50541/08 და 3 სხვა, § 255, 13 სექტემბერი 2016; საქმე Simeonovi v. Bulgaria [GC], N 21980/04, § 112, 2017 წლის 12 მაისი; და საქმე Beuze v. Belgium [GC], N71409/10, § 123, 2018 წლის 9 ნოემბერი). სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირი არ კარგავს ამ უფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ ის სასამართლოს სხდომას არ ესწრება. სისხლის სამართლის სისტემის სამართლიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბრალდებულის სათანადოდ დაცვას ორივე, როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციაში (იხილეთ საქმე Sejdovic v. Italy [GC], N 56581/00, § 91, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2006‑II, შემდგომი მითითებებით).
81. რაც შეეხება იურიდიული წარმომადგენლობის არჩევას, შესაბამისი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Dvorski v. Croatia ([GC], N 25703/11, §§ 81-82, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2015) შემდეგნაირად (მითითებები გამოტოვებულია):
„... იმ საქმეებისგან განსხვავებით, რომლებიც მოიცავს [ადვოკატთან] წვდომაზე უარს, „შესაბამისი და საკმარისი“ მიზეზების უფრო მსუბუქი მოთხოვნა გამოყენებულ იქნა ისეთ სიტუაციებში, სადაც დგება „არჩევაზე უარის“ ნაკლებად სერიოზული საკითხი. ამ შემთხვევებში, სასამართლოს ამოცანა იქნება იმის შეფასება, მთლიანად საქმისწარმოების კონტექსტში მოხდა თუ არა „უარყოფითი ზემოქმედება“ დაცვის უფლებებზე იმ მასშტაბით, რომ მათ საერთო სამართლიანობას საფრთხე შეექმნა.
... სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს იმის შეფასება, იქნა თუ არა თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებების კონტექსტში ნაჩვენები, რომ არსებობდა მოპასუხის მიერ იურიდიული წარმომადგენლობის არჩევასთან დაკავშირებით მოპასუხის სურვილის უგულებელყოფის ან მისთვის ხელის შეშლის შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები. ამ მიზეზების არარსებობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა განაგრძოს სისხლის სამართლის საქმისწარმოების საერთო სამართლიანობის შეფასება. თავისი შეფასების გაკეთებისას სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის, სამართალწარმოებების ხასიათი და გარკვეული პროფესიული მოთხოვნების გამოყენება; ადვოკატის დანიშვნასთან და ამის გასაჩივრების შესაძლებლობების არსებობასთან დაკავშირებული გარემოებები; ადვოკატის დახმარების ეფექტურობა; დაცული იქნა თუ არა ბრალდებულის პრივილეგია საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის წინააღმდეგ; ბრალდებულის ასაკი; და ბრალდებულის მიერ შესაბამის დროს გაკეთებული ნებისმიერი განცხადების პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენება. გარდა ამისა, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ კონვენციის მიზანია იმ უფლებების გარანტირება, რომლებიც პრაქტიკული და ეფექტურია, და არა – თეორიული და ილუზიური და რომ კონვენციის უფლებების განსაზღვრისას ხშირად უნდა მოხდეს იმ საკითხების შესწავლა, რაც ზედაპირს მიღმაა, და კონცენტრაცია გაკეთდეს რეალურ სიტუაციაზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულს იურიდიული წარმომადგენლობა არ ჰყავდა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულისთვის მიცემული მტკიცებულების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენებისა და ამ მტკიცებულების გამოყენებისთვის შეწინააღმდეგების შესაძლებლობა, იმის მიუხედავად, იმყოფება თუ არა ბრალდებული პატიმრობაში; წარმოადგენდა თუ არა ეს განცხადებები იმ მნიშვნელოვან ელემენტს, რომელსაც დაემყარა მსჯავრდება და რამდენად ძლიერია საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულები“.
82. კონვენციის მე-6 მუხლის არც ხასიათი და არც შინაარსი არ უშლის ხელს პირს, ცხადად ან არაცხადად, თავისი საკუთარი თავისუფალი ნებით, უარი თქვას სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფის გარანტიებზე. თუმცა, კონვენციის მიზნებისთვის ქმედითი რომ იყოს,უნდა დადგინდეს, რომ ეს უარი არის არაორაზროვანი და მას თან უნდა ახლდეს მისი მნიშვნელობის პროპორციული მინიმალური გარანტიები. არაა აუცილებელი, რომ უარი იყოს ცხადი, მაგრამ ის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და წარმოადგენდეს უფლებაზე გამიზნულ და გონივრულ უარს. იქამდე, სანამ, შეიძლება ითქვას, რომ ბრალდებულმა მინიშნებით, თავისი ქმედებით, უარი თქვა მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, ნაჩვენები უნდა იყოს, რომ მას შეეძლო გონივრულ ფარგლებში გაეთვალისწინებინა თავისი მოქმედების შედეგები. უფრო მეტიც, უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს (იხილეთ საქმე Simeonovi, ზემოთ ციტირებული, § 115 და საქმე Murtazaliyeva, ზემოთ ციტირებული, § 117).
83. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში საკითხი არ არის იმის შესახებ, სასამართლო პროცესი ბრალდებულის არყოფნისას იყო თუ არა შეთავსებადი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3(c) პუნქტებთან ან სასამართლოზე წვდომის უფლებასთან მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადგან მომჩივანი არსებითად ჩივის არა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაზე, რაც მას, ფაქტობრივად, არც სურდა, არამედ (i) იმ ფაქტზე, რომ მას არ მიეცა თავისი ინტერესების თავისი არჩეული ადვოკატის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა, და (ii) ეროვნული სასამართლოების სავარაუდოდ არასაკმარისად დასაბუთებული უარის შესახებ, მისი დაუსწრებლად მსჯავრდების გასაჩივრების უფლებაზე.
84. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმისწარმოებების მესამე ეტაპის დაწყების მომენტისთვის პირველი მომჩივანი უკვე იყო ძებნილად გამოცხადებული მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების პირველი და მესამე ეტაპების ფარგლებში (იხილეთ პარაგრაფები 8და 18ზემოთ). ამ კონტექსტში, შიდა კანონმდებლობამ უზრუნველყო პირის არჩეული სამართლებრივი დახმარების მეშვეობით საკუთარი თავის დაცვის უფლება – ის უფლება, რომელიც მომჩივანმა განახორციელა სამართალწარმოებების პირველ ორ ეტაპზე – თუნდაც მაშინ, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის ორგანოებში გამოცხადებას თავს არიდებდა. ასეთ შემთხვევებში ეჭვმიტანილი პირისთვის ან ბრალდებულისთვის, ან მისი ახლო ნათესავებისთვის უნდა მიეცათ ორმოცდარვა საათი ადვოკატის დასანიშნად; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატს სავალდებულო წესით დანიშნავდა საგამოძიებო ორგანო (იხილეთ პარაგრაფი 45ზემოთ).
85. ამ ფონზე, გამომძიებელი, რომელიც აპირებდა ბრალის წაყენებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპის ფარგლებში, დაუკავშირდა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის ფარგლებში არსებულ მომჩივნის ადვოკატს, რათა გაეგო მომჩივნის ნათესავების საკონტაქტო ინფორმაცია, თუმცა, როგორც ჩანს, მომჩივნის ადგილსამყოფელი გამომძიებლისთვის ცნობილი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ წერილში, რომელსაც ემყარებოდა ბრალდებები, მოცემული იყო პირველი მომჩივნის შვეიცარიის მისამართი (იხილეთ პარაგრაფი 27 ზემოთ) და ის ტელეფონის ნომერი, რომლითაც პირველმა მომჩივანმა მოსამართლეს დაურეკა, დადგენილი იყო (იხილეთ პარაგრაფი 32 ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, გამომძიებლის მიერ პროცედურის შესახებ მომზადებული ჩანაწერიდან (იხილეთ პარაგრაფი 29 ზემოთ), ადვოკატთან ამ კონტაქტიდან მოკლე დროში, მომჩივანმა თავად დაურეკა გამომძიებელს, რათა გაეგო, თუ რა ხდებოდა. ჩანაწერის ტექსტში არაა განმარტებული, მიეწოდა თუ არა მომჩივანს დეტალური ინფორმაცია ბრალდებებთან დაკავშირებით, გარდა იმის აღნიშვნისა, რომ ის ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ გამომძიებელი „აპირებდა ბრალის წაყენებას მის წინააღმდეგ“ (იხილეთ პარაგრაფი 29ზემოთ). მაშინაც კი, თუ სასამართლო დაეთანხმდებოდა იმას, რომ მომჩივანს ოფიციალურად და სათანადოდ აცნობეს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ მოცემული სატელეფონო საუბრის მეშვეობით (იხილეთ საქმე Sejdovic, ზემოთ ციტირებული, § 99, დამატებითი მითითებებით), სასამართლომ უნდა შეაფასოს, თქვა თუ არა მომჩივანმა ცალსახად უარი თავის დაცვის უფლებაზე, თავისი არჩეული ადვოკატის დახმარების მეშვეობით.
86. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამომძიებლის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში აღნიშნულია, რომ პირველმა მომჩივანმა მას მიუთითა, დაკავშირებოდა მის ადვოკატს, რომელიც დაინიშნა სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპის ფარგლებში (იხილეთ პარაგრაფი 29ზემოთ). ძნელად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს შეადგენს გააზრებულ და გონივრულ უარს მის უფლებაზე (შემოთავაზებულს ეროვნული კანონმდებლობით), რომელიც უკავშირდება მისი ინტერესების დაცვას თავის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ. თუმცა, მომჩივნის ადვოკატთან დაკავშირების რაიმე მცდელობის გარეშე (რომლის საკონტაქტო ინფორმაცია გამომძიებელს უნდა ჰქონოდა, ვინაიდან მათ უფრო ადრე კონტაქტი ჰქონდათ – იხილეთ პარაგრაფი 85 ზემოთ) და თავისი გადაწყვეტილების რაიმე მიზეზის უზრუნველყოფის გარეშე, გამომძიებელი შეუდგა ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნის პროცედურას.
87. თავისი სამართლებრივი წარმომადგენლობის არჩევასთან დაკავშირებით მოპასუხის სურვილის უგულებელყოფის ან შეფერხების შესაბამისი და საკმარისი საფუძვლების არარსებობისას სასამართლო, ამდენად, მთლიანად საქმისწარმოების კონტექსტში შეაფასებს, მოახდინა თუ არა დაცვის მხარის უფლებებზე „უარყოფითი გავლენა“ ადვოკატთან დაკავშირებით „არჩევაზე უარმა“ ისეთი მასშტაბით, რომ ამან მათ საერთო სამართლიანობას საფრთხე შეუქმნა (იხილეთ საქმე Dvorski, ზემოთ ციტირებული, §§ 81-82). ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო მომჩივნის ადგილსამყოფელი, მათ მისთვის არ უცნობებიათ ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნის შესახებ, რომელიც მათ დაუნიშნეს თავისი არჩეული ადვოკატის ნაცვლად. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნის საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოში მომდევნო სასამართლო წარმოებების დროს არ დამდგარა. არც ის ჩანს, რომ მომჩივნისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ამოწურვამდე შეეტყობინებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი მსჯავრდების შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 35 ზემოთ, in fine).
88. ამ კონტექსტში სასამართლო არ დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომ მომჩივნის ვალდებულება იყო კონტაქტის დამყარება სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატთან, რომლის ვინაობა, ან თუნდაც, რომლის დანიშვნის ფაქტიც კი, მისთვის უცნობი იყო. ასეთ გარემოებებში მომჩივანი ვერ მისცემდა სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატს თავისი მსჯავრდების წინააღმდეგ სააპელაციო სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ეს იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული (იხილეთ პარაგრაფი 49 ზემოთ).
89. გარდა ამისა, მომჩივანსა და სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატს შორის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების განმავლობაში კონტაქტის უდავო არარსებობის ფაქტისა და ამის შედეგად სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატის მიერ მომჩივნის თანხმობის გარეშე სააპელაციო საჩივრის შეტანის უუნარობის გათვალისწინებით, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების უფლება შეიძლება მხოლოდ განხორციელებულიყო მაშინ, როგორც ამას მომჩივანი ეროვნულ სასამართლოებს უმტკიცებდა, როცა მომჩივნისთვის ცნობილი გახდა მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ. თუმცა, იმ ეროვნულ სასამართლოებს, რომლებმაც განიხილეს მომჩივნის განცხადება ერთთვიანი ვადის მიღმა გასაჩივრების უფლებაზე, არ განუხილავთ მისი ის არგუმენტები, რომლებიც ეხებოდა ან ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნასთან დაკავშირებულ სავარაუდოდ უკანონო გარემოებებს, ან ამის შედეგად წარმოქმნილ უუნარობას განსაზღვრულ ვადაში გაესაჩივრებინა მისი მსჯავრდება (იხილეთ პარაგრაფები 36 და 38 ზემოთ).
90. რაც უფრო მნიშვნელოვანია, როცა სააპელაციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებაში უარყო მომჩივნის სააპელაციო საჩივარი, ამავე სააპელაციო სასამართლოს ერთადერთი მიგნება იყო ის, რომ მისთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტები არ ადასტურებდა მომჩივნის სურვილს, სააპელაციო საჩივარი განხილულიყო მისი არყოფნისას, როგორც ამას მოითხოვდა შესაბამისი სამართლებრივი დებულება გასაჩივრების პროცედურის შესახებ, დაუსწრებელი მსჯავრდებების შესახებ (იხილეთ პარაგრაფები 38და 50ზემოთ). თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ კანონში არაა კონკრეტულად მითითებული, თუ როგორ უნდა იყოს გამოიხატული ეს სურვილი. ამრიგად, მომჩივნის მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გაგების შემდეგ გაცემული ფართო მინდობილობის არსებობის გათვალისწინების გარეშე, რომელიც მის ადვოკატს ანიჭებდა მისი სახელით ეროვნულ სასამართლოებში საჩივრის შეტანის უფლებას (იხილეთ პარაგრაფი 34 ზემოთ), ასეთი უარი წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმის არასაკმარისად დასაბუთებულ და ზედმეტად ფორმალისტურ გამოყენებას.
91. ზემოაღნიშნული მოსაზრებები სასამართლოსთვის საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ იმ გარემოებებმა, რომლებშიც ადვოკატი (განსხვავებით ერთ-ერთი მომჩივნის არჩეული ადვოკატისგან) სავალდებულო წესით დაინიშნა და ეროვნული სასამართლოების ზედმეტად ფორმალურ საფუძველზე დაფუძნებულმა უარმა (და მომჩივნის მთავარი არგუმენტების განხილვის გარეშე), ვადის გასვლის შემდეგ გასაჩივრების თაობაზე, წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში გამოიწვია მომჩივნის უუნარობა, მიეღწია თავისი მსჯავრდების არსებითი განხილვისთვის, სამართლიანი სასამართლოს გარანტიების დარღვევით.
ამიტომ, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3(c) პუნქტები.
IV. კონვენციის 7-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
92. მომჩივნებმა იჩივლეს, რომ მათი მსჯავრდება არ იყო განჭვრეტადი და რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ამასთან დაკავშირებით არ განიხილეს მათი არგუმენტები. ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-7 მუხლს.
93. მთავრობამ ეს არგუმენტი გაასაჩივრა.
94. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი ზემოთ განხილული საჩივრის მსგავსია. გაითვალისწინა რა, მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებული სასამართლო დასკვნა მომჩივნების იმ არგუმენტებთან მიმართებით, რომლებიც შეეხებოდა მათი მსჯავრდების განჭვრეტადობას (იხილეთ პარაგრაფები 70-72ზემოთ), სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მათი საჩივრის ცალკე განხილვის საჭიროება კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად.
V. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
95. კონვენციის 41-ე მუხლში ნათქვამია:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
A. ზიანი
96. პირველმა მომჩივანმა მოითხოვა 1,356,134 აშშ დოლარი (USD ‑ დაახლოებით 929,114 ევრო (EUR)) და 45,736 შვეიცარული ფრანკი (CHF – დაახლოებით 37,390 ევრო) მატერიალური ზიანისთვის და მორალური ზიანისთვის ორივე მომჩივნიდან თითოეულმა მოითხოვა 100,000 ევრო.
97. მთავრობამ გაასაჩივრა მოთხოვნები მატერიალური ზიანისთვის, როგორც დავის საგანთან კავშირის არმქონე, და მოთხოვნები მორალური ზიანისთვის, როგორც უმართებულო.
98. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; ამიტომ, ის უარყოფს ამ მოთხოვნას. გარდა ამისა, რადგან მეორე მომჩივანთან დაკავშირებით კონვენციის დარღვევა არ გამოვლენილა, მის სარჩელთან დაკავშირებით არ არსებობს გადაწყვეტილების გამოტანის არანაირი აუცილებლობა. ამის საპირისპიროდ, სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე ეტაპზე პირველი მომჩივნის უფლებების დარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებით და სამართლიანობის საფუძველზე გაკეთებული შეფასებით, 41-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო პირველ მომჩივანს მიაკუთვნებს 3,600 ევროს მორალური ზიანისთვის.
B. ხარჯები და დანახარჯები
99. მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ პრეტენზია ამ ნაწილში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის მათთვის ამ საფუძველით რაიმე თანხის მიკუთვნების აუცილებლობა.
C. საურავი
100. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
ამ მოტივით სასამართლო ერთხმად:
1.იღებს გადაწყვეტილებას გააერთიანოს საჩივრები.
2. აცხადებს: (i) ორი მომჩივნის საჩივარს დასაბუთებულ გადაწყეტილებასთან დაკავშირებით კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე ეტაპთან მიმართებით და (ii) პირველი მომჩივნის საჩივარს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3(c) პუნქტების შესაბამისად, თავისი არჩეული ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით მისაღებად, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილებს – მიუღებლად;
3. ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ორ მომჩივანთან დაკავშირებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებასთან მიმართებით, სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეორე საქმეზე
4. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3(c) პუნქტები პირველი მომჩივნის საჩივრებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმისწარმოების მესამე საქმეზე
5. ადგენს, რომ არ არსებობს საჩივრის კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად განხილვის საჭიროება;
6. ადგენს,
7. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილების ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობა მხარეებს 2020 წლის 27 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
|
კლაუდია ვესტერდიკი სექციის განმწესრიგებელი |
სიოფრა ო’ლირი თავმჯდომარე |