საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1008აპ-25 16 მარტი, 2026 წელი
ქ–ე თ., №1008აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ქ–ეს ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. თ. ქ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2019 წლის 18 აგვისტოს, ღამის საათებში, თ–ში, .... გამზირი №..-ის მიმდებარედ, თ. ქ–ემ, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, მ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენით, თ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ თ. ქ–ემ სცემა მ. ს–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ირაკლი ყვავაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თ. ქ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ირაკლი ყვავაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ქ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. სასამართლოს შეფასებით, თ. ქ–ისა და მ. ს–ის დაპირისპირება დადასტურებულია საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, თავად თ. ქ–ის ჩვენებით. განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხია, ჰქონდა თუ არა ჯგუფურ ძალადობას ადგილი თ. ქ–ის მხრიდან მ. ს–ის მიმართ.
4.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა დაზარალებულ მ. ს–ის გამოკითხვის ოქმი და დაიკითხა მისი უფლებამონაცვლე ნ. ს–ი. გარდა ამისა, სასამართლოში ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ექსპერტმა და გამოკვლეულ იქნა მის მიერ გაცემული დასკვნა. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს არსებითად ეწინააღმდეგება. კერძოდ, დაზარალებულმა მ. ს–მა გამოკითხვის ოქმში და მისმა დედამ სასამართლოში დაკითხვისას, განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს თავდამსხმელ თ. ქ–ეს თან ახლდა სამი მამაკაცი. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, დაზარალებულმა ექსპერტიზის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ მას თავს დაესხა და დაზიანება მიაყენა მისთვის უცნობმა 4-5 პირმა (ექსპერტის წინაშე მას თ. ქ–ე არ უხსენებია), თუმცა ვერ დააზუსტა რაოდენობა. გარდა ამისა, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ დაკითხვისას დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვაზე განმარტა, რომ მის შვილს ურტყამდა ოთხი პირი, თუმცა თ. ქ–ის ქმედებები მას არ დაუნახავს.
4.5. საგულისხმოა სასამართლოში დაკითხული სხვა მოწმეების – მაია და ნინო კაციტაძეებისა და თ. ქ–ის – ჩვენებებიც. აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ თ. ქ–ეს მ. ს–ზე არ უძალადია. ამასთან, განმარტეს, რომ თ. ქ–ე შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების პირობებში, შეუძლებელია, უტყუარად დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დაპირისპირებაში მონაწილე პირთა რაოდენობა.
4.6. გარდა ამისა, წინააღმდეგობრივია კონფლიქტის თარიღიც. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმსა და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ დანაშაული მოხდა 2019 წლის 18 აგვისტოს, მაშინ, როდესაც დაზარალებულმა პირადი შემოწმებისას, სამედიცინო ექსპერტს განუცხადა, რომ მასზე იძალადეს 2019 წლის 16 აგვისტოს. სამედიცინო ექსპერტმა კი დაადგინა, რომ დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა 2019 წლის 16 აგვისტოს. ამრიგად, სასამართლოსთვის ასევე დაუდგენელი რჩება, როდის და რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა მ. ს–მა სხეულზე დაზიანებები.
4.7. განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას სასამართლოში დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლებიც, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის ადგილზე მათი მისვლის მომენტში კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო, სადავო საკითხთან მიმართებით, მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა შემთხვევის ადგილზე მოქალაქეთა ყოფნა. ინციდენტი მოხდა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, რაც ქმნიდა შესაძლებლობას, დამატებით მოპოვებულიყო ნეიტრალური მტკიცებულებები თვითმხილველთა ჩვენებებისა და ვიდეოჩანაწერების სახით. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს დაეხმარებოდა დანაშაულის ჩადენის დროის, მხარეთა დაპირისპირების დეტალებისა და დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ავტორის დადგენაში. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც თ. ქ–ისთვის წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას დაადასტურებდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საკმარისი იქნებოდა თ. ქ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი თ. ქ–ის ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების შესახებ. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე