საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 180100124010705870
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1020აპ-25 17 მარტი, 2026 წელი
ს–ი ზ., №1020აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ს–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის ზაფხულის პერიოდში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში (სადგომში) ყოფნის დროს, 2023 წლის 24 იანვრის და 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ. ს–მა, სრულიად უმიზეზოდ, წინასწარი შეცნობით თავის არასრულწლოვან შვილს - მ. ჩ–ს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც არასრულწლოვანმა მ. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში (სადგომში) ყოფნის დროს, 2023 წლის 24 იანვრის და 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ. ს–მა, გაბრაზებულმა, თუ როგორ გაუბედა მას შენიშვნის მიცემა მეუღლემ - ი. ჩ–მა, მუსიკის ჩართვასთან დაკავშირებით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის - მ. ჩ–ის თანდასწრებით, თავის მეუღლეს ხელებით ჯერ თმაში მოქაჩა, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც ი. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო არასრულწლოვან მ. ჩ–ს მიადგა მორალური ზიანი.
1.4. 2024 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში (სადგომში) ყოფნის დროს, 2023 წლის 24 იანვრის და 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ. ს–მა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს - მ. ჩ–ს, ხოლო შემდეგ მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც არასრულწლოვანმა მ. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენით, ზ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.
2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. ს–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 6 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ზ. ს–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად ზ. ს–ს მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით, დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით. ასევე, ბრალდების მხარის პოზიციით, ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების შემადგენლობისთვის აუცილებელია დაზარალებულის მიერ განცდილი ტკივილის რეალურობის დადგენა და სწორედ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები პირდაპირი მტკიცებულებების რიცხვს მიეკუთვნება, ვინაიდან, მათ შემთხვევიდან მალევე ნახეს დაზარალებულები და მოისმინეს მომხდართან დაკავშირებით თუ რას განიცდიდნენ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ. ხსენებული, კი საკმარისია ზ. ს–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ს–ს გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა – ი.ჩ–მა და არასრულწლოვანმა მ. ჩ–მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადეს მეუღლის და მამის – ზ. ს–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ზ. ს–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა.
5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ გამომძიებლების: შ. მ–ს, შ. რ–ს, თ. მ–ს, მ. გ–ს, დეტექტივ გ. ბ–ს, ასევე, მოწმეების: ქ. კ–სა და მ. კ–ს ჩვენებებზე და მიაჩნია, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვერ გამოდგება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად, ვინაიდან ეს პირები არ არიან ფაქტების უშუალო შემსწრენი, ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულებისგან და შესაბამისად წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ. ს–ის მხრიდან დაზარალებულებზე ძალადობასა და შედეგად ტკივილის განცდის ფაქტს წარმოდგენილი არ არის. ხოლო, რაც შეეხება თ. მ–სა და ქ. კ–ს ჩვენებების ნაწილს, სადაც აღწერენ არასრულწლოვანი დაზარალებულის მდგომარეობას, ასევე, შ. მ–ს ჩვენების ნაწილს, სადაც მითითებულია რომ დაზარალებულს თვალის არეში აღენიშნება სილურჯე, აღნიშნული არ არის საკმარისი დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დასადგენად. რაც შეეხება ექსპერტ-კრიმინალიტების: ზ. ნ–სა და ვ. შ–ს ჩვენებებს – ისინი ძალადობრივი ფაქტის თვითმხილველები არ არიან და ინფორმაციას ფლობენ გამოძიების ეტაპზე მათთვის პროცესის მონაწილეების ნაამბობიდან. შესაბამისად, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ. ს–ს მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ შემაკავებელი ორდერი დაუდოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
5.7. ხოლო რაც შეეხება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს აღნიშნული ჩატარდა დაზარალებულებისგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს/არც უარყვეს საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, ხსენებული ოქმები ზ. ს–ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზ. ს–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე