საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1048აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100125011479989

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1048აპ-25 17 მარტი, 2026 წელი

ჭ–ა ი., №1048აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის ლევან ფიფიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ჭ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 22 ივლისს, წ–ხა, სოფელ ჯ–ში ს–ს ქუჩა N....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ი. ჭ–ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჯ. კ–აზე გაბრაზებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ი. ჭ–ას მიერ მეუღლის - ჯ. კ–ას მიმართ მესაკუთრულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგად ჯ. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის 8 ნოემბერს, წ–ხა, სოფელ ჯ–ში ს–ს ქუჩა N....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ი. ჭ–ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჯ. კ–აზე გაბრაზებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ი. ჭ–ას მიერ მეუღლის - ჯ. კ–ას მიმართ მესაკუთრულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში, მათი არასრულწლოვანი შვილის 22.06.2018წ. დაბადებული ნია ჭკადუას თანდასწრებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაზე ძლიერად, რის შედეგად ჯ. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2022 წლის ზამთრის პერიოდში, ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია, მ–ს რაიონის სოფელ ხ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ჭ–ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჯ. კ–აზე გაბრაზებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ი. ჭ–ას მიერ მეუღლის - ჯ. კ–ას მიმართ მესაკუთრულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა, რაც ჯ. კ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2023 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია, წ–ა სოფელ ჯ–ში ს–ს ქუჩა N....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი. ჭ–ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჯ. კ–აზე გაბრაზებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ი. ჭ–ას მიერ მეუღლის - ჯ. კ–ას მიმართ მესაკუთრულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა, რაც ჯ. კ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2025 წლის 26 მარტს, წ–ხა, სოფელ ჯ–ში ს–ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ი. ჭ–ამ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჯ. კ–აზე გაბრაზებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ი. ჭ–ას მიერ მეუღლის - ჯ. კ–ას მიმართ მესაკუთრულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა, რაც ჯ. კ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.7. 2025 წლის 06 აპრილს, ზ–ში, ჭ–ს ქუჩაზე ყოფნის დროს ი. ჭ–ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჯ. კ–აზე გაბრაზებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ი. ჭ–ას მიერ მეუღლის - ჯ. კ–ას მიმართ მესაკუთრულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში, დაუკავშირდა აპლიკაცია მესენჯერზე, რა დროსაც უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგად ჯ. კ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, ი. ჭ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. ჭ–ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 4 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილემ ლევან ფიფიამ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ი. ჭ–ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები ადატურებენ ი. ჭ–ას მიერ ჩადენილ ქმედებებს. კერძოდ: დაზარალებულის შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. ჭ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ი. ჭ–ას მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. რაც შეეხება ბ. ქ–ას გამოკითხვის ოქმს, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმე ოჯახში ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს თავად დაზარალებულების მონათხრობიდან. შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად ი. ჭ–ას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულების მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.8. რაც შეეხება, შეტყობინების რეგისტრაციის ბარათის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, შემაკავებელ ორდერისა და ორდერის ოქმის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მათში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედებების კონკრეტულ აღწერილობას, შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის ლევან ფიფიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე