საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1108აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1108აპ-25 თბილისი

ტ–ე კ., 1108აპ-25 25 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ტ–ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2025 წლის 31 იანვარს ქ. ბ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში მდებარე კაფე-ბარ „ა–ს“ მიმდებარედ, კ. ტ–ემ თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – დ. ბ–ს – ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, დ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2025 წლის 31 იანვარს ქ. ბ-ში, გ-ას ქუჩის N--ში მდებარე კაფე-ბარ „ა–ს“ მიმდებარედ, კ. ტ–ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – დ. ბ–ს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2025 წლის 31 იანვარს ქ. ბ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში მდებარე კაფე-ბარ „ა–ს“ მიმდებარედ, კ. ტ–ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ნ. ქ–ს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით კ. ტ–ე ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულ კ. ტ–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანა როყვა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, კ. ტ–ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა კ. ტ–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20 №746აპ-19, №674აპ-20, N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდებოდა კ. ტ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა – დ. ბ–მა (ბრალდებულის მეუღლემ) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. თავად ბრალდებულმა კ. ტ–ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ.

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა, ისევე, როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარა, შედეგიანი დელიქტია და მათი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, ხოლო მუქარის შემთხვევაში – დაზარალებულმა უნდა განიცადოს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ტ–ის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო, დაზარალებულმა დ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მისი ჩვენების გარეშე რთულია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდეს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტი. იგივე უნდა ითქვას მუქარის შედეგად გამოწვეულ შიშზე, რომელიც უტყუარად დადასტურდებოდა მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებით.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი კ. ტ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ: შეტყობინების რეგისტრაციის ბარათი, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი შეიცავს დაზარალებულ დ. ბ–ის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას. იმ ვითარებაში კი, როდესაც არ გვაქვს დ. ბ–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ მოწმდება ირიბ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან – დაზარალებულთან. 2025 წლის 31 იანვრის №...... შემაკავებელი ორდერისა და თანდართული ოქმის გაცემის საფუძველი გახდა დაზარალებულ დ. ბ–ის განმარტება, რომელმაც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და, შესაბამისად, არ დაადასტურა თავისი განმარტების სისწორე. შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი კი, შეუძლებელია, სასამართლომ საკმარისად მიიჩნიოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საყურადღებოა ისიც, რომ შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით არ დგინდება დანაშაულებრივი ქმედებები. მათში მითითებული გარემოებები არ არის წარმოდგენილი დადასტურებელი ფაქტის სახით (იხ. სუსგ N1203აპ-22, 23.02.2023წ.). გარდა ამისა, შეტყობინების რეგისტრაციის ბარათი და შემაკავებელი ორდერი ვერ შეიძენს ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებით მნიშვნელობას, როდესაც ობიექტურად აღქმადი ტესტითაც ვერ ფასდება ის – ადგილი ჰქონდა თუ არა დანაშაულებრივ მუქარას, ფიზიკურ ძალადობას და ეს მუქარა დაზარალებულმა აღიქვა თუ არა რეალურად, გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ანდა ფიზიკურად იძალადეს თუ არა მასზე და რა ვითარებაში (სუსგ: №746აპ-19, №674აპ-20, N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).

12. ამდენად, პირდაპირი მტკიცებულების სახით განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია

მხოლოდ ნ. ქ–ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან დ. ბ–ის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ასევე ქვის თავში ჩარტყმით

მუქარაზე მისი და დ. ბაბუნაშვილის მისამართით, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისთვის. ამასთან, ბრალდების მხარე კ. ტ–ეს ედავება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დანაშაულთა ჩადენას, სადაც, დიდი ალბათობით, განთავსებული იქნებოდა ვიდეოკამერები, გამოძების მიერ კი არ არის მოპოვებული შესაბამისი მტკიცებულებები და არც მოწმის სახით არის გამოკითხული ვინმე, დაზარალებულთა გარდა.

13. ამრიგად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები, დაზარალებულის ჩვენების გარეშე (რომელიც სასამართლოსთვის დასაყრდენია), ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს იმის დასადგენად, რომ კ. ტ–ემ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებები.

14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ. ტ–ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ ვლინდება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

16. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე