საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№816აპ-25 თბილისი
წ. დ., 816აპ-25 9 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ დ. წ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. წ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვისათვის, მაშინ, როდესაც ეს ნივთი მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა.
2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
· დ. წ–ი დაჰპირდა ი. ს–ას, რომ დაეხმარებოდა ყ–ს მუნიციპალიტეტის ...... მდებარე მიწის ნაკვეთის შეძენასა და შემდგომ – ბიზნესსაქმიანობაში. მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით, 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ....ს ფედერაციის მოქალაქე ი. ს–ამ სს „... ბანკში“ გახსნილ დ. წ–ის ანგარიშზე ჩარიცხა თავისი ოჯახის კუთვნილი თანხა – 38 630 აშშ დოლარი (რაც, შესაბამისი დროის გაცვლის კურსით, შეესაბამება 94 347,4 ლარს). მიუხედავად ამისა, დ. წ–მა არ შეასრულა თავისი პირობა, არ აყიდინა მიწის ნაკვეთი ი. ს–ას და თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, ი. ს–ას კუთვნილი ზემოხსენებული დიდი ოდენობით თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილის განაჩენით დ. წ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; დ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. წ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით დაუფლება მოტყუებით (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· დ. წ–მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა თავისი ნაცნობის – ი. ს–ას – კუთვნილ ფულად თანხას. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დ. წ–ი დაჰპირდა ი. ს–ას, რომ, თითქოსდა, დაეხმარებოდა ყ–ს მუნიციპალიტეტის ...... ბიზნესსაქმიანობისათვის მიწის ნაკვეთის შეძენაში და 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში ს/ს „.... ბანკში“ გახსნილ თავის პირად ანგარიშზე .... ფედერაციის მოქალაქე ი. ს–ას მოტყუებით ჩაარიცხინა დიდი ოდენობით თანხა – 38 630 აშშ დოლარი (შესაბამისი დროის კურსის მიხედვით, შეადგენდა 94 347,4 ლარს), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი გიორგი კრავეიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ივლისის განაჩენის შეცვლას, დ. წ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. თ–ე კი – დ. წ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. დაცვის მხარე შესაგებლით ასევე ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი (მაგ., იხ. სუსგ: №758აპ-23, №11აპ-24, №339აპ-15). ამასთან, მხარეებმა ვერ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
10. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრები განიხილება საჩივრებისა და შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარე სადავოდ ხდის მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციასა და დანიშნულ სასჯელს, დაცვის მხარე კი ითხოვს დ. წ–ის უდანაშაულოდ ცნობას. შესაბამისად, პალატის მსჯელობის საგანია, მსჯავრდებულმა მითვისება ჩაიდინა თუ თაღლითობა ან ჩაიდინა თუ არა საერთოდ დანაშაული.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს მხარეთა საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, ქვედა ინსტანციის სასამართლომ სწორად გადააკვალიფიცირა დ. წ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და საფუძვლიანად დაასაბუთა მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი თაღლითობის ელემენტების არსებობა.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისების დროს დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს, ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში, ხოლო მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. ამდენად, თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში, ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას – პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ის გარემოებაც, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
13. დამდგარი შედეგის მიხედვით თაღლითობა და მითვისება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თაღლითობა არის სხვისი საკუთრების უფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მიმართული იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით, თაღლითობა წარმოადგენს სხვისი ნივთის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მიღებას, ჩადენილს მოტყუებით. სწორედ მოტყუება არის თაღლითობის მთავარი ნიშანი. დანაშაული ჩადენილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც უკვე მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრის ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება და არ აქვს მნიშვნელობა, შეძლო თუ არა დამნაშავემ თავისი საბოლოო მიზნის მიღწევა, ანუ ნივთისა და ქონების მისაკუთრება. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს ან მის კანონიერ მფლობელს, მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას.
14. ზოგადად, თაღლითობის თავისებურება სწორედ მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვის დანაშაულის ჩადენის ფიზიკური ხერხია დამახასიათებელი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს ან კიდევ გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. თაღლითობა, მითვისებისაგან განსხვავებით, გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებას. მითვისების დროსაც ადგილი აქვს მოტყუებას, მაგრამ ამ დროს მთავარია დადგინდეს, ბრალდებულს რა დროს წარმოეშვა განზრახვა – ფულადი თანხის გადაცემამდე თუ მას შემდეგ. ამდენად, მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს ნივთის (ქონების) დაუფლებას.
15. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (ბრალდებულ დ. წ–ის, დაზარალებულ ი. ს–ას, მოწმეების: დ. ქ–ს, ო. ქ–ს, ნ. პ–ს და სხვათა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით (თანდართული მასალებით), დათვალიერების ოქმებით, დ. წ–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ფულადი თანხების ბრუნვით 2018 წლის 16 ივნისიდან 2019 წლის 23 მაისის ჩათვლით პერიოდში, თემატური რევიზიის აქტით, შპს „ა–დან“ (ა.....ი) გამოთხოვილი ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ბაზა „Taxinfo-ს“ დათვალიერებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის დოკუმენტაციით, აუდიოჩანაწერებით, ექსპერტიზების დასკვნებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით) უტყუარადაა დადგენილი, რომ დ. წ–მა ისარგებლა ი. ს–ასთან მეგობრობით და მოატყუა, რომ ყ–ს მუნიციპალიტეტში აყიდინებდა მიწის ნაკვეთს, მეტი დამაჯერებლობისათვის აჩვენა მიწის ნაკვეთიც, რომელიც, თითქოსდა, იყიდებოდა და სწორედ ამ მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდა, ასევე, მოატყუა, რომ დაეხმარებოდა ბიზნესის აწყობაში. მან დაზარალებულის ნდობა ბოროტად გამოიყენა და, როგორც კი დაზარალებულმა მას გადასცა ფულადი თანხა, მაშინვე დაიწყო თაღლითური განზრახვის აღსრულება და დაზარალებულის კუთვნილი თანხის პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, დ. წ–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, და დაასკვნა, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ. წ–მა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და არ არსებობს მისი სსკ-ის 182-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის ან საერთოდ გამართლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
17. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასჯელის მიზნებზე, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
19. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
20. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
21. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. წ–ს, მისი პიროვნული მახასიათებლებისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელი – ჯარიმა, რომელიც, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ბრალდების მხარემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.
22. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
23. ბრალდების მხარე საჩივრის ერთ-ერთ არგუმენტად უთითებს იმასაც, რომ მსჯავრდებულს დღემდე არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და ბოდიშიც არ მოუხდია. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულთან მიმართებით პრეტენზიის ქონის თაობაზე, არ წარმოადგენს სასჯელის დამძიმების წინაპირობას, რამდენადაც გამოყენებული სასჯელის გამკაცრება მოცემულ შემთხვევაში არ უკავშირდება დაზარალებულის რეპარაციისა და რესტიტუციის ინტერესს, სცილდება სასჯელის მიზნებს და სისხლის სამართალწარმოებას აქცევს დამნაშავისათვის სამაგიეროს მიზღვის ინსტრუმენტად“ (იხ. 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება საქმეზე – №1098აპ-22). შესაბამისად, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის შერიგება მსჯავრდებულის მიმართ ერთგვარი შემამსუბუქებელი ფაქტორია, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს. იგი სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა – ზიანის აუნაზღაურებლობა – არ შეიძლება, გათვალისწინებული იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს, როგორც დამამძიმებელი გარემოება და მსჯავრდებულთა მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრების საფუძველი (მაგალითისთვის, იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: N295აპ-22, N354აპ-22, №449აპ-22, №500აპ-22, №36აპ-24).
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა სააპელაციო საჩივრებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რომლის გამეორება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
25. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ დ. წ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე