საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100124010120213
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №890აპ-25 თბილისი კ-ა კ, 890აპ-25 23 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მირანდა მუმლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენით:
კ. კ-ა, დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ერთიანი დენადი ქმედება), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ერთიანი განგრძობადი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, კერძოდ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ, კერძოდ, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით, კ. კ-ას განესაზღვრა – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა, 4951,7 ლარი – და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა, 4951,7 ლარი.
კ. კ-ას სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 16 აგვისტოდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კ. კ-ას 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო ,,საბიუჯეტო” დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. გასაჩივრებული განაჩენით კ. კ-ას მსჯავრად დაედო:
· ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის;
· ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება;
· საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
3. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა კ. კ-მ, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და 2024 წლის 16 აგვისტომდე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რითაც კ. კ-მ ჩაიდინა ერთიანი დენადი ქმედება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის;
კ. კ-მ 2024 წლის 12 ივნისს – 0,00335 გრამი, 2024 წლის 17 ივნისს – 0,00376 გრამი, 2024 წლის 20 ივნისს – 0,00335 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ უკანონოდ გაასაღა ბ. ბ-ზე, რითაც კ. კ-მ ჩაიდინა ერთიანი განგრძობადი ქმედება – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება;
კ. კ-ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2024 წლის 16 აგვისტომდე ზ-ში, ჯ-ის ქუჩის №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა სროლისათვის ვარგის, 1908 წლის ნიმუშის 7,62X54 მმ კალიბრიან სამხედრო არასპეციალური დანიშნულების 1 ვაზნას, რომელიც განკუთვნილია 7,62 მმ-კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით შეიცვალა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენი:
კ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, კ. კ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 13 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 4951,7 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. კ-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 13 წლით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 4951,7 ლარი.
კ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2024 წლის 16 აგვისტოდან.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
4.1. კასატორმა – პროკურორმა მირანდა მუმლაძემ – მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კ. კ-ის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენით დადგენილი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, საბოლოოდ, მსჯავრდებულისათვის – 18 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულმა ნარკოტიკული საშუალება გაასაღა დროის მოკლე პერიოდში დიდი ინტენსივობით, კერძოდ, სამჯერ. ყველა ქმედება შეეხება ერთ ნარკოტიკულ საშუალებას, დაახლოებით, ერთსა და იმავე ოდენობას. სასამართლო სხდომის ოქმში ჩანს მსჯავრდებულის ნიჰილისტური დამოკიდებულება საქმისადმი და მისი აღიარების სიცარიელე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ ბრალდების მხარე და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ამდენად, საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეში შეაფასებს კ. კ-ას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სამართლიანობას.
8. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიხედვითაც: „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7); ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-13).
9. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულთა ჩადენის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით (2024 წლის 12 ივნისიდან ამავე წლის 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი):
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება – თავისუფლების აღკვეთით, ხუთიდან რვა წლამდე ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება – თავისუფლების აღკვეთით, ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლი მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება – თავისუფლების აღკვეთით, სამიდან ექვს წლამდე ვადით;
10. ამდენად, კ. კ-ას ყველა ჩადენილ ქმედებაზე დანიშნული აქვს მინიმალურ ზღვარზე მეტი ოდენობის სასჯელი, ხოლო ჩადენილთაგან ყველაზე მძიმე მუხლით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი მე-4 ნაწილით, მას დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა – 13 წლით, მაშინ როდესაც აღნიშნული მუხლის სანქცია თავისუფლების აღკვეთის სახის მინიმუმად განსაზღვრავს 10 წელს, ხოლო მაქსიმუმად – 15 წელს. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები უკვე ასახულია კ. კ-ას მიმართ დანიშნულ საბოლოო სასჯელში, ხოლო ბრალდების მხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რის საფუძველზე არის შესაძლებელი სამართლიანად ჩაითვალოს კ. კ-იას მიმართ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომის ან/და სასჯელთა შეკრების პრინციპის განსაზღვრა. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის არაერთგზობის ნაწილში (ესე იგი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი) საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: ,,ცალკე აღებული არაერთგზისობა, როგორც დამამძიმებელი გარემოება, ისედაც ახდენს გავლენას საბოლოოდ დასანიშნ სასჯელზე... და რეციდივის წესის დამატებით გამოყენება უკვე გაუმართლებლად ამძიმებს პირის მდგომარეობას“ (იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №1259აპ-23 გადაწყვეტილება).
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კ. კ-იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე, მეოთხე ნაწილებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით სასჯელები განსაზღვრული აქვს მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების სრულად გათვალისწინებით; ამასთან, ზემოხსნებული მუხლებით დანიშნული სასჯელის ზომიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის დარღვეული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული რეციდივის წესი.
12. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მირანდა მუმლაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე