საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1025აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100123007830569

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1025აპ-25 ქ. თბილისი

ბ-ი გ, 1025აპ-25 6 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 22 მაისს, საღამოს საათებში, ს-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე ს. ვ-ისა და მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ბ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს, ს. ვ-ს, კერძოდ: ჯერ უჩქმიტა მარჯვენა ხელზე, ხოლო შემდეგ გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში, რის შედეგადაც დაეჯახა იქვე მდგარ მაგიდას. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ს. ვ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 23 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ს-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე ს. ვ-ისა და მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ბ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს, ს. ვ-ს, კერძოდ: ჯერ მარჯვენა ხელზე უჩქმიტა, ხოლო შემდეგ ოთხჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარჯვენა ფეხის საჯდომისა და თეძოს არეში, რის შედეგადაც ს. ვ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენით:

2.1. გ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 22 მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 23 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ. ბ-ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ბ-ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.

7. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გ. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2023 წლის 22 მაისის ეპიზოდი):

9.1. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გ. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 მაისის ეპიზოდი) ბრალდების ეპიზოდში გ. ბ-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა, არის დაზარალებული ს. ვ-ის ჩვენება, რომლის თანახმად, დედა ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. საუბარს რომ მორჩა, დედა გაღიზიანდა. მან (ს-მ) მიზეზი ჰკითხა, დედამ უპასუხა, შენი ნერვები არ მაქვსო და ხელი ჰკრა, ნეკნებით დაეჯახა მაგიდას, შემდეგ სილა გააწნა და ხელზე უჩქმიტა, რაზეც განიცადა ტკივილი და იტირა. აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა საცხოვრებელი სახლის ეზოში და არავინ შესწრებია. სახლში ამ დროს იმყოფებოდნენ მხოლოდ ბიცოლა და ბიძაშვილი, თუმცა ამ დროს ისინი იყვნენ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. მიჯახების შედეგად წელის არეში ემჩნეოდა სილურჯეები, რასაც გადაუღო სურათი.

9.2. რაც შეეხება დაზარალებულის მამის - ვ. ვ-ის ჩვენებას, როდესაც ს-ო სახლში მიიყვანა, ბავშვმა გაიხსენა, რომ წინა დღისითაც დედა მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა თ-ა ბებოს, რა დროსაც გ-ის ეცვა ზოლიანი მაისური და ს-მ უთხრა, ციხეში რომ ზიან, იმათ ჰგავხარო. ამის შემდეგ, როდესაც დაასრულა ტელეფონზე საუბარი, დედამ სცემა, „ბებიაშენის თანდასწრებით რატომ დამამცირეო“.

9.3. საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, მიიჩნევს, რომ მოწმე ვ. ვ-ის მიერ ბრალდების ამ ეპიზოდში მიწოდებული ინფორმაცია არის ირიბი, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება გ. ბ-ის მიერ ბრალადშერაცხილი კვალიფიკაციით დანაშაულის მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

10. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2023 წლის 22 მაისის ეპიზოდი):

10.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე ვ. ვ-ის ჩვენების გარდა, ბრალდების მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია გ. ბ-ის მიერ შვილის მიმართ 2023 წლის 22 მაისს ჩადენილი ძალადობის დამადასტურებელი სხვა პირდაპირი მტკიცებულება. მხოლოდ დაზარალებულ ს. ვ-ის ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გ. ბ-ის ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნით, დაზარალებულს არც ნეკნებისა და არც მარჯვენა ხელის არეში არ უფიქსირდება რაიმე დაზიანება. ამავე დასკვნით, აგრეთვე, არ დასტურდება წელის არეში სილურჯეების კვალი, რაც ეწინააღმდეგება დაზარალებულ ს. ვ-ის ჩვენებას, რომ მაგიდასთან მიჯახების შედეგად წელის არეში ემჩნეოდა სილურჯეები, რასაც გადაუღო სურათი.

11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2023 წლის 23 მაისის ეპიზოდი):

11.1. საკასაციო სასამართლო მიუთიუთებს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება დადასტურებულია დაზარალებულ ს. ვ-ის ჩვენებით, გამართლებულ გ. ბ-ის ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებითა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მტკიცების საგანთან მიმართებით დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება არაერთი მოწმის ჩვენებას; ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში ქმედების ჩადენის მომენტში გ. ბ-ი იმყოფებოდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების - მდგომარეობაში.

11.2. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დედის - გ. ბ-ის მიმართ ჯანმრთელობის ხელყოფას, ამასთან, ხელყოფა იყო იმწუთიერი, რელევანტური, რეალური და მართლსაწინააღმდეგო. გამართლებულ გ. ბ-ის ჩვენებით, მომხდარ ფაქტამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დედა-შვილს, „ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ“. 2023 წლის მაისში, მისი შვილი ს. ვ-ი იმყოფებოდა მამასთან, თ-ის რაიონის სოფელ ქვემო ხ-ში. მამის სახლიდან დაბრუნდა სოფელ ა-ში, სადაც მუდმივად იზრდებოდა მის მშობლებთან, თავად კი ქ. თ-ში მუშაობდა. ს-ოს სახლში დაბრუნების შემდეგ, დაურეკა დედამ - ლ. ბ-მა და უთხრა, რომ ბავშვი იყო განერვიულებული და იქცეოდა არაადეკვატურად, რის შემდეგაც წამოვიდა თ-ან იმ განზრახვით, რომ მეორე დღეს ს-ოს წაიყვანდა ნევროლოგთან. იმ ღამით ს-ო ჭირვეულობდა, იყო განერვიულებული და ჰქონდა უნებლიე შარდვა.

11.3. მომხდარ ფაქტამდე დედა-შვილს შორის საუკეთესო ურთიერთობას, 2023 წლის მაისში მამის ოჯახიდან დედის ოჯახში დაბრუნებული ს. ვ-ის გაღიზიანებას, აგრესიულობას, სკოლაში სიარულსა და სწავლაზე გულის აცრუებას ადასტურებენ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გ. ბ-ის ოჯახის წევრები, მეზობლები და ს. ვ-ის სკოლის მასწავლებლები. გ. ბ-ის ჩვენების თანახმად, მეორე დღეს, დღის საათებში, ს-ო მეგობარ გ. ჯ-ან ერთად თამაშობდა ეზოში, თავადაც იქვე იყო აივანზე. ს-ოს დაუძახა და უთხრა, რომ უნდა დაერეკა ექიმთან, რათა მომდევნო დღისთვის ჩაწერილიყო კონსულტაციაზე. ს-მ ექიმთან გაყოლაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ, მან (გ-იმ) უთხრა, თუ ექიმთან არ გაჰყვებოდა, წასულიყო თანაკლასელ გ. ვ-ან, გაერკვია, რა დავალებები მისცეს სკოლაში და მოემზადებინა გაკვეთილები. ს-ომ უპასუხა, „მე შენ რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არც ექიმი მიხსენო და არც სწავლაო“, თმებში ხელი ჩაავლო და მაგიდაზე დაარტყმევინა თავი. მაგიდასთან იდგა სკამი, ნაოპერაციები ყური სკამის კიდეს ჩამოარტყა, განიცადა საშინელი ტკივილი, ყვიროდა და ვერ აშვებინებდა ხელს. მის ყვირილზე მოცვივდნენ მეზობლები და ოჯახის წევრები. ხელის გაშვებისა და თავდაცვის მიზნით, ინსტინქტურად ხელი წამოარტყა საჯდომზე. დარტყმის მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ ს-ოს მისთვის ხელი გაეშვა, სხვა გზით ხელი ვერ გააშვებინა.

11.4. მოწმე ლ. ბ-ის ჩვენების თანახმად, 2023 წლის 23 მაისს, გ-ი და ს-ო ეზოში იყვნენ. ს-ო თამაშობდა გ. ჯ-ან ერთად. გ-ი ს-ოს ეუბნებოდა, რომ ექიმთან უნდა წაეყვანა, ს-ო უარზე იყო. მართალია, შვილსა და შვილიშვილს ვერ ხედავდა, მაგრამ გ-ისა და ს-ოს საუბარი ესმოდა. საუბარი უცებ გადაიზარდა ხმაურში, რის გამოც მობრუნდა მათკენ, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და დაინახა, რომ ს-ო გ-ის თმებში ექაჩებოდა ხელით და მაგიდაზე ორჯერ დაარტყმევინა თავი. გ-ზი ყვიროდა, ხმაურზე სხვებიც გაიქცნენ მათკენ. გ-ზი ხელს ვერ აშვებინებდა მის თმებზე ჩაფრენილ ს-ოს და ამ დროს მოარტყა ხელი საჯდომზე, მისთვის ხელი რომ გაეშვა. გ. ჯ-იც იქვე იდგა და გაკვირვებული უყურებდა მომხდარს. ს-ოს დედისთვის ხელი გააშვებინა მისმა (მოწმის) შვილმა, ა-ამ. შემდეგ თავადაც მივიდა ბავშვთან, ჩაისვა კალთაში და ცდილობდა მის დამშვიდებას. მოწმემ ასევე გაიხსენა, რომ ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, მასაც დააწიწკნა თმები ს-ომ, თან უთხრა: „მამამ მითხრა, ადამიანს ნასახი რომ არ დაეტყოს, თმები უნდა დააწიწკნოო“.

11.5. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - ა. ბ-მა, თ. გ-მა, ვ. გ-მა, გ. ჯ-მა.

11.6. მოწმე ნ. ო-ის ჩვენებით, ს-ო და მისი შვილი გ-ი სულ ერთად იყვნენ. მომხდარ ფაქტამდე, წინა დღეებში, ს-ო მამას ჰყავდა წაყვანილი. უკან რომ დაბრუნდა, მის ეზოში თამაშობდნენ. ს-ო არ იქცეოდა ისე, როგორც ყოველთვის. აგრესიული იყო. ჰკითხა კიდეც, ასე რატომ იქცეოდა, რაზეც ს-ომ უპასუხა, რომ თ-ნა ბებო ეუბნებოდა: „აქაური ბავშვები და უბანი დაევიწყებინა და ხ-ში მცხოვრებ ბავშვებთან ემეგობრა“. 2023 წლის 23 მაისს, მისი შვილი გ. ჯ-ი შევარდა ეზოში, შორიდანვე იძახდა, დედიი, ს-ომ თავისი დედა ცემა, თმებით დაითრია გ-ზი და მაგიდაზე არტყმევინა თავიო. შვილმა ეს რომ უთხრა, წავიდა გ-ს სახლში. გ-ის ფერი ჰქონდა დაკარგული, „ცუდ დღეში იყო“.

11.7. ამდენად, საკაასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ს-ო ვ-ან კონფლიქტის დროს გ. ბ-ი იმყოფებოდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ამ დროს დაზარალებულ ს. ვ-ან მიმართებით გამართლებულის ქმედებაში ადგილი არ ჰქონდა თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. შესაბამისად, გ. ბ-ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 23 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე