საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124008670531
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1142აპ-25 ქ. თბილისი
წ. ი. 1142აპ-25 14 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. წ–ას, – პირადი ნომერი .........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2022 წლის 2 აგვისტოს, შპს „კ... კ...ის“ დირექტორმა ლ. ნ–მ, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის მიზნით, კომპანიის ანგარიშიდან ი. წ–ას ჩაურიცხა 3 801 ლარი. ი. წ–ამ უზრუნველყო შესაბამისი სამუშაოებისთვის საჭირო ელექტროსადენების მიწოდება შპს „კ... კ...ისთვის“, თუმცა მას კამერები არ დაუმონტაჟებია. ჩარიცხული თანხის ნაწილი კი, რაც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და პირადი შეხედულებისამებრ განკარგა. ი. წ–ას ქმედებით, შპს „კ…. კ–ს“ მიადგა – 3 801 ლარის –მნიშვნელოვანი ზიანი.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ი. წ–ამ ჩაიდინა – მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით ი. წ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 3 000 ლარი;
2.1. ი. წ–ას საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო მიქავამ. აპელანტმა მოითხოვა ი. წ–ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო მიქავამ. კასატორი ითხოვს ი. წ–ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით“( Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.
8.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება და არა – ი. წ–ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
9. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლობის მქონე, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას და სასჯელის სახედ ი. წ–ას განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ – ჯარიმა.
11. მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – ჯარიმა – განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
12. კასატორი, სასჯელის დამძიმების დასაბუთებისათვის უთითებს ი. წ–ას პიროვნულ მახასიათებლებზე და დაზარალებულის მიერ პრეტენზიის არსებობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამკაცრებისთვის მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელზე მითითება დაუსაბუთებელია (კასატორი არ უთითებს რას გულისხმობს), ხოლო დაზარალებულის მხრიდან პრეტენზიის არსებობასთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის/სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09, 2022 წლის 2 მაისის №295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის №354აპ-22, ასევე – 2014 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 განაჩენი). „დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“ (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინებები).
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პატიმრობის ultima racio ხასიათის გათვალისწინებით, ,,ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
14. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).
14.1. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
15. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სანქციას.
16. შესაბამისად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, - არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე, ი. წ–ას მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე