საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124010707812
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1061აპ-25 1 აპრილი, 2026 წელი
ვ–ე ბ., №1061აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ვ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ბ. ვ–ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული, სროლისათვის ვარგისი და ქარხნული წესით დამზადებული, მაკაროვის კონსტრუქციის, 9 მმ. კალიბრის №...... პისტოლეტი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 2024 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23:15 საათზე, თ–ი, .....ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.
1.3. 2024 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 18:55 საათზე, თ–ში, –ს გამზირი №..-ში, ბ. ვ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს, ნ. მ–ეს, კერძოდ, სატელეფონო კომუნიკაციის დროს უთხრა მას, რომ მოკლავდა და ყელს გამოსჭრიდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. მ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2024 წლის 18 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ–ში, .....ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, ბ. ვ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქარა ყოფილ მეუღლეს, ნ. მ–ეს, კერძოდ, უთხრა მას, რომ გადააგდებდა აივნიდან და მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. მ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2024 წლის 18 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ–ში, .....ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, ბ. ვ–ემ არასრულწლოვანი შვილის, გ. ვ–ის თანდასწრებით იძალადა ყოფილი მეუღლის, ნ. მ–ის მიმართ, კერძოდ მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა სახეზე. აღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. მ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.6. 2024 წლის 28 ივნისს, საღამოს საათებში, თ–ში, თ–ი, .....ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, ბ. ვ–ემ არასრულწლოვანი შვილის, გ. ვ–ის თანდასწრებით, იძალადა ყოფილი მეუღლის, ნ. მ–ის მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა სახეზე. აღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. მ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.7. 2024 წლის 6 მაისს, დაახლოებით 06:00 საათზე, თ–ში, .....ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, ბ. ვ–ემ იძალადა ყოფილი მეუღლის, ნ. მ–ის მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა სახეში, რის შემდეგაც იმავე ხელით ძლიერად მოუჭირა მარჯვენა ხელზე და გადაუტრიალა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. მ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა ბ. ვ–ის მიერ 2024 წლის 6 მაისს, ყოფილი მეუღლის, ნ. მ–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, ბ. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 6 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
ბ. ვ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ვ–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ და მოითხოვა ბ. ვ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 24 ნოემბერს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ბ. ვ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 6 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 6 მაისის ეპიზოდი) ბ. ვ–ის გამართლების ნაწილში უკანონოა. ბრალდების შესახებ დადგენილებაში დანაშაულის ჩადენის დღედ 2023 წლის 6 მაისის ნაცვლად 2024 წლის 6 მაისის მითითება არის ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა. ამასთან, დაზარალებულმა ნ. მ–ემ და მოწმე მ. ე–მა ჩვენებაში სწორად მიუთითეს 2023 წელი. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულების ხასიათის გათვალისწინებით ბ. ვ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ბ. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
5.3. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
5.5. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №230აპ-13 განაჩენი).
5.6. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც ბრალდების მხარე ბ. ვ–ეს, სხვა ქმედებებთან ერთად, ედავება ყოფილი მეუღლის – ნ. მ–ის მიმართ 2024 წლის 6 მაისს ფიზიკურ ძალადობას, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში 2024 წლის ნაცვლად 2023 წლის მითითება ვერ ჩაითვლება ტექნიკური ხასიათის შეცდომად, რადგან მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, შეეძლო ბრალის დაზუსტება, რაც არ მომხდარა.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას, რომ „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, აგრეთვე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ „შეჯიბრებითობის პრინციპი ... არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე; „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება).
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ბ. ვ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, ბ. ვ–ის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ვ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე