საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100124009105323
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №55აპ-26 2 აპრილი, 2026 წელი
მ–ა მ., №55აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. მ–ა (დაბადებული: ......წ.) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
მ. მ–ამ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 266,918 გრამ ნარკოტიკულ საშუალება – „მეთადონს“ (მარილი), საიდანაც 260,077 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (მარილი) ამოღებულ იქნა 2024 წლის 8 მარტს, ქ. ბ–ში, ........ ქუჩა N..-ში მდებარე „.... ....ის“ „ა“ ბლოკის 43-ე სართულზე არსებულ N..-ში მდებარე მ. მ–ას საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ხოლო 6,841 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (მარილი) ამოღებულ იქნა 2024 წლის 9 მარტს ხ–ს მუნიცეპალიტეტის სოფელ ... სხვადასხვა ადგილიდან.
მ. მ–ამ, დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, 2024 წლის 8 მარტს, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ი, სხვადასხვა ადგილზე განათავსა 6,841 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (მარილი). სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ დროულად გატარებული ღონისძიების შედეგად, მ. მ–ამ ვერ მოახერხა დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოიღეს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:
მ. მ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ. მ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. მ–ას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ–ამ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 260,077 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი), რომელიც ამოღებულ იქნა 2024 წლის 8 მარტს, ქ. ბ–ში, .... ქუჩის №..ში მდებარე „.... ....ის“ „ა“ ბლოკის 43–ე სართულზე არსებულ, მ. მ–ას საცხოვრებელ, N60 ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ და მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – შ. ხ–ამ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. მ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე, სამართლიანი, კანონიერი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. მ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აგრეთვე მოითხოვა ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ და მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – შ. ხ–მ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. მ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე, სამართლიანი, კანონიერი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. მ–ას უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების – თარჯიმნის გაფრთხილების ოქმის, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკისა და ბინის ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებების, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმების, მათი შედეგების, ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობებისა და განჩინებების, პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების, მიმართვის წერილებისა და ბიოლოგიური/ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებების, მომართვის წერილისა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის, აგრეთვე, მოწმეთა ჩვენებების – დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით (ი. ხ–ს ინფორმაციული პატაკი, პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის ამასახველი ვიდეომასალა, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, პირად ჩხრეკასა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებები, ქ. ბ–ში, ს–ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია და რ. ბ–ს ჩვენება, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, მსჯავრდებულის მობილურ ტელეფონში არსებული ფოტოსურათები) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. მ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. პროკურორის განმარტებით, მობილურ ტელეფონში არსებულ ფოტოსურათებში ჩანს, მათ შორის, ის ადგილები, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო რამდენიმე ფოტოში ის ფეხსაცმელიცაა დაფიქსირებული, რომელიც მსჯავრდებულს ეცვა პირადი ჩხრეკის დროს. პროკურორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. მ–ას სახლიდან ამოღებული ძაფის ხვიის ფერი და რეზინის ერთჯერადი ხელთათმანების გადანაჭრები ზემოაღნიშნული ადგილებიდან ამოღებული რეზინის შენაფუთებისა და ძაფის იდენტურია.
4.2. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან მ. მ–ას მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის, საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის მოთხოვნებს; პირველი ინსტანციის სასამართლოში, ყველა ეტაპზე უხეშად და დისკრიმინაციულად დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები, სასამართლომ მხოლოდ ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა; გამამატყუნებელი განაჩენი დააფუძნა საეჭვო ხასიათის მტკიცებულებებს; მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე მოითხოვა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობა, მოსამართლემ თავი აარიდა დაკისრებულ მოვალეობას და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ მსჯავრდებულმა პირადი ჩხრეკისას მოითხოვა ადვოკატი, რაზეც უარი ეთქვა, გამომძიებელმა არ შესთავაზა ადვოკატის მოწვევა; პირადი ჩხრეკის დაწყებიდან ბინის ჩხრეკის დასრულებამდე მსჯავრდებული იყო დაკავებული და მიმოსვლის თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული; პირადი ჩხრეკის მიმდინარეობა სრულად არ გადაიღეს (დადგენილების გაცნობა, დალუქვის პროცესი, უფლებების განმარტება). კასატორის მტკიცებით, შპს „მ–დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ გამომძიებლები პირადი ჩხრეკის დაწყებამდე იმყოფებოდნენ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე; ბრალდების მხარემ პირად ჩხრეკაში მონაწილე არც ერთ მოწმეს არ წარუდგინა ვიდეოჩანაწერი; ბრალდებული დააკავეს პირადი ჩხრეკის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რამდენჯერმე უკანონოდ გაჩხრიკეს, შემდეგ, გამომძიებლის მონაწილეობით გაჩხრიკეს და დაკავებული მიიყვანეს ბინის ჩხრეკის ადგილას, ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი შეავსეს დაკავების ოქმი, თითქოს, ბინის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ამასთან, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე ბრალდებულს არ გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ; ოქმში მითითებული პირების გარდა, ჩხრეკას ესწრებოდა სხვა პირებიც; გამომძიებლებმა არ გადაიღეს ბინის ჩხრეკის მიმდინარეობა, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ამ საგამოძიებო მოქმედების კანონიერების, ოქმში მითითებული ინფორმაციისა და შედეგების მიმართ; საცხოვრებელ ბინასთან შეხება სხვა პირებსაც ჰქონდათ და მ. მ–ას არ ჰქონდა ყველა გასაღები; არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას შეხება ჰქონდა ბინიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან, ასევე არ დასტურდება მისი შემხებლობა სხვადასხვა ლოკაციიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან. ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რადგან კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევითაა მოპოვებული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ს) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მ. მ–ას, ერთი მხრივ, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების სისწორე.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მ. მ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარე მ. მ–ას მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად მოიხმობს ქ. ბ–ში, ს–ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას, რ. ბ–ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა ოპერატიული ინფორმაციის მიღება, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმსა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებას, რომლითაც დადასტურდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი კრისტალური ფხვნილი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, ასევე, მ. მ–ას მობილურ ტელეფონში არსებულ ფოტოსურათებს.
5.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მართალია, დასტურდება კონკრეტული ლოკაციებიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება, თუმცა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების მ. მ–ასადმი კუთვნილება და მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების კონკრეტულ ადგილებზე გასაღების მიზნით განთავსება. რაც შეეხება მ. მ–ას მობილურ ტელეფონში არსებულ ფოტოსურათებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე ვერ დგინდება ხსენებულ ფოტოებზე ასახული ადგილმდებარეობებისა და ამოღებული ნარკოტიკების ადგილმდებარეობების თანხვედრა. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ბინის ჩხრეკის ოქმში ასახული, კონკრეტულ ადგილებში ნარკოტიკული საშუალებების განთავსების თაობაზე მ. მ–ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაუზიარებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულმა სრულად უარყო მითითებული გარემოება, ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც, არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. მ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (მ. მ–ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების – გ. ზ–ს, გ. კ–სა და მ. ბ–ს, ექსპერტ-კრიმინალისტ ე. ჯ–ს, თარჯიმან თ. დ–ს, ჩხრეკის მომდინარეობისას დამსწრე ნეიტრალური პირის – ლ. ბ–სა და ბინის მესაკუთრის – ლ. მ–ის ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ შ. მ–ას ჩვენება), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას. შესაბამისად, ადვოკატის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობისა და ბინიდან ამოღებულ ნარკოტიკთან შემხებლობის არქონის შესახებ, საფუძველს მოკლებულია.
5.6. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს რიგ პროცედურულ დარღვევებზე, რომელთა შესახებ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა გასაჩივრებულ განაჩენში და დაცვის მხარის არგუმენტებს დასაბუთებული პასუხები გასცა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მათ შორის, გ. ზ–ის, კ. მ–ს, დ. ტ–ს, თ. დ–ს, გ. კ–ს, მ. ბ–ს, ლ. მ–ის ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი) დასტურდება, რომ მ. მ–ას, თარჯიმნის მეშვეობით, განემარტა შეჩერების მიზეზი, უფლებები და გაეცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის/ბინის ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ეთხოვა, წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთები/ნივთიერებები. რაც შეეხება ჩხრეკის დროს ადვოკატის დასწრებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჩხრეკა წარიმართა გადაუდებელი აუცილებლობით, რაც, მოცემულ ვითარებაში, გამორიცხავდა დაყოვნებისა და ადვოკატის მოწვევის შესაძლებლობას, მით უფრო, რომ სამართალწარმოების ხსენებულ ეტაპზე მ. მ–ას ბრალდებულის სტატუსი არ გააჩნდა.
5.7. რაც შეეხება ადვოკატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ თითქოს, პირადი ჩხრეკის დაწყებიდან ბინის ჩხრეკის დასრულებამდე ბრალდებული იყო დაკავებული და მიმოსვლის თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული, ასევე, თითქოს, იგი დააკავეს პირადი ჩხრეკის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გამომძიებლები პირადი ჩხრეკის დაწყებამდე იმყოფებოდნენ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე უკანონოდ, ხოლო შემდეგ – გამომძიებლის მონაწილეობით გაჩხრიკეს და დაკავებული მიიყვანეს ბინის ჩხრეკის ადგილას, დაკავების ოქმი კი ჩხრეკის დასრულების შემდეგ შეავსეს – საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით და წარმოადგენს დაუდასტურებელ ვერსიას. საპირისპირო დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებით, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. კერძოდ, ექსპერტ კრიმინალისტმა ემზარ ჯაფარიძემ განმარტა, რომ ბინის ჩხრეკისას მ. მ–ა დაკავებული არ იყო და ფეხით გადაადგილდებოდა. ბინის მესაკუთრე ლ. მ–ემაც დაადასტურა, რომ ბრალდებულს ბორკილი არ ედო. ასევე, გამომძიებლებმა კატეგორიულად უარყვეს ბრალდებულის მიმართ ჩხრეკის ორჯერ ჩატარება და პირადი ჩხრეკის ადგილას რამდენიმე საათით ადრე ყოფნა. ხსენებული არც დაცვის მხარის მიერ მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რადგან დადგენილი არ არის მომსახურე ანძების დაფარვის ზუსტი არეალი (ფარავენ თუ არა ისინი სხვა ადგილმდებარეობასაც). გარდა ამისა, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გამომძიებლებმა არ გადაიღეს ბინის ჩხრეკის მიმდინარეობა, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბინის ჩხრეკას ესწრებოდა ნეიტრალური მოწმე – ლ. ბ–ე, რომელმაც დაადასტურა ბინის ჩხრეკის შედეგები. დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის ზოგიერთ ისეთ გარემოებას, რომელსაც შემხებლობა არ აქვს უშუალოდ მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთან და მიემართება ბრალდების იმ ეპიზოდს, რომლისთვისაც ბრალდებული გამართლდა.
5.8. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ბრალდების მხარის მიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას კანონის არსებით დარღვევას. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია რიგი მტკიცებულებების გაუზიარებლობის (ადვოკატის განმარტებით, დაუშვებლად ცნობის) შესახებ, საფუძველს მოკლებულია. ამ თვალსაზრისით, კასატორის მსჯელობა არ ეფუძნება რაიმე ხელშესახებ, ობიექტურად არსებულ გარემოებებს, დაცვის მხარე ავითარებს ვერსიას, რომელიც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები – ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–ას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე