დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.04.2026
საქმის ნომერი
2კ-11-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190141126012414772

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №111-26 ქ. თბილისი

ნ. ე., 111-26 3 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით ე. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი − 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი − 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა − 10 000 (ათი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. 2022 წლის 18 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარდგინებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსმა ავთანდილ კენჭაძემ მსჯავრდებულ ე. ნ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით ე. ნ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი − 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ე. ნ. მსჯავრდებულის სახით დაკავებულ იქნა 2026 წლის 20 თებერვალს.

5. 2026 წლის 5 მარტს დაცვის მხარემ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს – 2023 წლის 3 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და 2018 წლის 25 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვების თაობაზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 9 მარტის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

7. 2026 წლის 11 მარტს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების გავრცელების თაობაზე შუამდგომლობით მიმართეს, მსჯავრდებულ ე. ნ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: მ. ლ-მა და ლ. დ-მ.

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. ლ-სა და ლ. დ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მა. საჩივრის ავტორი მოითხოვს ე. ნ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა. ხოლო, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4. წარმოდგენილი საქმის მასალებით, დგინდება, რომ ე. ნ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება მათ შორის, იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით. გარდა ამისა, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ასევე არ ვრცელდება მითითებულ დანაშაულზე.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე