საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100123008205131
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1097აპ-25 ქ. თბილისი
ფ-ი ვ, 1097აპ-25 29 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 აპრილის განაჩენით:
1.1. ვ. ფ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
1.2. ვ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იმავე წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით და საბოლოოდ, სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
1.3. ვ. ფ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ფ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30 საათიდან 12:00 საათამდე შუალედში, გ-ის რაიონის სოფელ მ-ოში მდებარე ჯ. მ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ამავე ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავისას, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ჯ. მ-ასა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვ. ფ-ს, რა დროსაც ვ. ფ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჯ. მ-ას, კერძოდ, უყვიროდა, რომ მოკლავდა, რის შემდეგაც შეეცადა ნაკვეთების გამყოფ ღობეზე ჯ. მ-ას სიახლოვეს გადასვლას; აღნიშნული კი შეწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მითითებული ფაქტის მობილური ტელეფონით გადაღება დააპირა ჯ. მ-ას შვილიშვილმა. ვ. ფ-ის მუქარა ჯ. მ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ვ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ჭ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ვ. ფ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ. ფ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ფ-ს მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ დაზარალებულ ჯ. მ-ას ჩვენების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ერთმნიშვნელოვნად მიუთითა შემთხვევის დღეს მის მიმართ ჩადენილი მუქარისა და შედეგად შიშის განცდის თაობაზე. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მასა და მეზობელ ვ. ფ-ს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა სასამართლომ მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. აღნიშნულის შემდგომ ვ. ფ-ი სულ ემუქრებოდა, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და ჩამოახრჩობდა. ვ. ფ-ი მოკვლით დაემუქრა, მისკენ გაიწია და უთხრა, რომ მოკლავდა, რისიც ძალიან შეეშინდა და დაუძახა შვილიშვილს - ე. გ-ას. შიშის გამო, ხუთი თვეა, სიძის სახლში ცხოვრობს და სოფელში ვერ ჩადის.
8. დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმე ე. გ-ას ჩვენებასთან, რომლის განმარტებით, იმყოფებოდა ბებიასთან - ჯ. მ-ან, რადგან ბებია შეშინებული იყო. შემთხვევის დროს, ხმაურზე გავიდა გარეთ და ნახა, რომ ვ. ფ-ი შეურაცხყოფას აყენებდა მის ბებიას და ემუქრებოდა, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, რადგან მიწა წაართვა. ვ-ი იწევდა მათკენ, რომ ფიზიკურადაც ეძალადა ბებიამისზე. როგორც მოწმემ აღნიშნა, მომხდარის შემდეგ ბებია იყო ძალიან ცუდად და მასთან გადავიდა თ-ში.
9. საგულისხმოა მოწმე თ. ხ-ის ჩვენება, რომელმაც შემთხვევის შემდგომ გამოკითხა დაზარალებული ჯ. მ-ა. მოწმემ განმარტა, რომ ჯ. მ-ა გამოკითხვის მიმდინარეობისას იყო აღელვებული.
10. ის გარემოება, რომ დაზარალებულ ჯ. მ-ასა და მსჯავრდებულ ვ. ფ-ის ოჯახებს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა იყო რეალური, დასტურდება როგორც თავად ვ. ფ-ის, ასევე მისი დედის - ხ. მ-ას ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უშუალოდ თავად დაზარალებულს ან/და მის შვილიშვილს, რომელიც შეესწრო ვ. ფ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის. მომხდარის თაობაზე შეატყობინა ხ. მ-ამ (შეცდომით მითითებულია ხ-ა ე-ა). მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ, დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ჯ. მ-ა და მისი შვილიშვილი - ე. გ-ა, რომლებმაც ამხილეს ვ. ფ-ი მუქარის ჩადენაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა სწორედ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ჯ. მ-ამ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, ჯ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვ. ფ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ჯ. მ-ას. პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით, ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლომ დავა ჯ. მ-ას სასარგებლოდ გადაწყვიტა, ხანდაზმულ ასაკში მყოფ დაზარალებულს არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა ცრუდ ემხილებინა მის მეზობლად მცხოვრები, საკუთარ შვილიშვილზე ასაკით უმცროსი - ვ. ფ-ი.
11. რაც შეეხება ადვოკატ ჯ. ჭ-ის აპელირებას ვიდეო სამეთვალყურეო კამერებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად აღნიშნავს, რომ როგორც დაზარალებულმა ჯ. მ-ამ, ასევე მოწმე ე. გ-ამ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებისას აღნიშნეს, რომ შემთხვევის დროს სახლში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები არ ჰქონდათ და ისინი დამონტაჟდა შემთხვევის შემდგომ. მათი განმარტებების სარწმუნოობაში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე - მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ვ. ფ-ის მიერ მუქარის ჩადენისა და, შედეგად, შიშის განცდის ფაქტი.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე